Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასულიერო პირების და თეოლოგების ნაწილი საპატრიარქოს განცხადებას პასუხობს


საქართველოს საპატრიარქოს განცხადებას, რომელიც ქვეყანაშიახალი კორონავირუსის გავრცელებას ეხება, სასულიერო პირების და თეოლოგების ნაწილი განცხადებით ეხმაურება. როგორც საპატრიარქო აცხადებს, „ერთი ბარძიმიდან ზიარება მრევლის ქრისტესთან და ერთმანეთთან ერთობის და სიყვარულის უმაღლესი დადასტურებაა, ხოლო ვინც ამაზე ამბობს უარს, უარს ამბობს მაცხოვარზე!“

სასულიერო პირების და თეოლოგების ნაწილის საპასუხო განცხადებას სრულად გთავაზობთ:

„ჩვენ, მართლამდიდებელი ეკლესიის შვილები, შეძრწუნებულნი ვართ მიმდინარე მოვლენებით, რომელიც მსოფლიო პანდემიით არის გამოწვეული. უკვე ასობით ათასი ადამიანია დაავადებული, ხოლო ათობით ათასმა დატოვა წუთისოფელი. ადამიანური ეგოიზმის საცდურია, რომ რიცხვები, რომლებიც არ წყვეტენ ზრდას, მხოლოდ რიცხვებად აღვიქვათ და დავივიწყოთ, რომ მათ უკან ღმრთის უზენაესი ქმნილებები - კონკრეტული ადამიანები დგანან. ადამიანური ეგოიზმი, რომელსაც ალბანეთის ეკლესიის მთავარეპისკოპოსი ანასტასი ერესთა ერესს უწოდებს, არის ის კედელი, რომელიც ერთმანეთისგან ყოფს ქრისტეს წმინდა ეკლესიის სხეულთა ნაწილებს, რის გამოც თითქოს ერთ ასოს აღარ ესმის მეორის ტკივილი, მეორეს აღარ აინტერესებს მესამის ტრაგიკული ისტორია.

უკვე არაერთხელ ითქვა, კორონავირუსის დამახასიათბელი სივერაგე ისაა, რომ იგი სწრაფად ვრცელდება და მოსალოდნელია მილიონობით ადამინის დასნეულება. სამწუხაროდ, ამ მხრივ არც საქართველოა გამონაკლისი და რადგანაც მდგომარეობა დღითი-დღე რთულდება, საკუთარი რწმენა, ისევე როგორც წმინდა წერილი და ეკლესიის წმინდა გარდამოცემა, გვავალდებულებს, გამოვეხმაუროთ საპატრიარქოს ადმინისტრაციის 25.03.2020-ის განცხადებას.

რწმენა, რომელზეც განცხადებაშია საუბარი, ან აბსოლუტურია ან არ არის. თუ აბსოლუტურია, მაშინ არც ორ მეტრიანი დისტანციის დაცვა არის საჭირო, არც რისკ-ჯგუფებში შემავალი პირებისათვის სახლში დარჩენის მოწოდება. ის „ნახევარ-რწმენა“, რომელიც ამ თან „კი“-ში და თან „არა“-შია, არარსებულია, რადგან არც აბსოლუტურია და არც ჯანსაღი. ვისაც აბსოლუტური რწმენა აქვს, „გველებს აიყვანენ, და თუნდაც რაიმე სასიკვდილო შესვან, არ ავნებთ; ავადმყოფებს ხელებს დაასხამენ და განიკურნებიან“ (მკ. 16:18). აბსოლუტური რწმენა კი ჯანსაღია. ვისაც ჯანსაღი რწმენა აქვს, არ გამოსცდის უფალის ყოვლისშემძლეობას (მთ. 4:7), არ ეძიებს სასწაულს (მთ. 16:4), და საკუთარი რწმენის გამო, არ აგდებს მოყვასს განსაცდელსა და საცდურში (რომ. 14:13,22).

  1. ერთი ბარძიმიდან ზიარებას გულისხმობს ზიარების სამივე ტრადიციული ფორმა: კოვზითაც, ხელზე მიღებითაც და ჩალტობითაც. მაშასადამე, „ერთ ბარძიმზე უარის თქმის მოთხოვნა“ წმინდა წყლის ინტერპოლაციაა და ამჟღავნებს საკითხის მცდარად წარმოჩენის ტენდენციას. ამასთანავე, მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ერთი ბარძიმიდან ზიარება უპირველეს ყოვლისა მისტიური მნიშვნელობისაა, რადგანაც ის ქრისტეს გამომსყიდველობითი მსხვერპლისა და საიდუმლო სერობაზე კურთხეული სასმისის სახეა. რა თქმა უნდა „ერთი ბარძიმის“ ბუკვალური გაგებაც დაუშვებელია. მსოფლიოს ყველა ადგილას აღვლენილი წმინდა ევქარისტია იმ ერთი ბარძიმის თანაზიარია.
  2. თუ ტაძარში მსახურებებზე დასწრების შეზღუდვა „არის გაუმართლებელი და დანაშაული ღვთის წინაშე“, როგორც ეს განცხადებაშია ნათქვამი, ეს იმას ნიშნავს, რომ მსოფლიოში განფენილი მართლმადიდებელი ეკლესიის უდიდესი ნაწილი გაუმართლებელ დანაშაულს სჩადის, რაც მართლმადიდებელი ეკლესიის სხეულისადმი წაყენებული მწვავე ბრალდებაა.

იმედს გამოვთქვამთ, რომ მომავალში ასეთი განცხადებები, მათი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, მეტად თანამიმდევრული და საღმრთისმეტყველო თვალსაზრისით გამართული იქნება. ვლოცულობთ, რომ ყოვლადმოწყალე ღმერთმა დაგვიცვას „უქმობისა და მიმოწვლილველობისაგან, მთავრობისმოყვარებისა და ცუდად მეტყველებისაგან“ და მოგვმადლოს „სული სიწმიდისა, სიმდაბლისა, მოთმინებისა და სიყვარულისა“, რათა ერთობით ვადიდებეთ ღმერთსა, აწ და მარადის და უკუნისამდე, ამენ“.


სასულიერო პირები:

არქიმანდრიტი დემეტრე თეთრუაშვილი
იღუმენი ლუკა ფალავანდიშვილი
დეკანოზი ზაზა თევზაძე
დეკანოზი ლევან მათეშვილი
დეკანოზი ილია ჭიღლაძე
დეკანოზი ლევან ნაცვლიშვილი
დეკანოზი ალექსანდრე გიორგაძე
დეკანოზი გიორგი ჯულუხაძე
მღვდელ-მონაზონი ლეონიდე ებრალიძე
მღვდელ-მონაზონი ირინეოს შენგელია
მღვდელ-მონაზონი იერონიმე ქათამაძე
მღვდელი გიორგი ცქიტიშვილი
მღვდელი ალექსი აბულაშვილი
მღვდელი მირიან მესხაძე
მღვდელი გრიგოლ ჭეჟია
დიაკონი გიორგი ღიბრაძე
დიაკონი ირაკლი ჯინჯოლავა

თეოლოგები:
თამარა გრძელიძე
თამარ გოგუაძე
ლევან ბუკია
შოთა კინწურაშვილი
გიორგი გეგუჩაძე
გიორგი ხუბულური
მიქაელ ბაქრაძე
საბა კევლიშვილი
ეკა ჭყოიძე
ვლადიმერ წითლიძე
კახა კურტანიძე
ვლადიმერ ნარსია
გურამ ლურსმანაშვილი

„P.S. დანარჩენებისგან ველოდებით პასუხებს...“

საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის 20 მარტს სხდომაზე კორონავირუსის (COVID – 19) შესახებ მიიღო განჩინება, რომლის თანახმად, საერთო კოვზით ზიარებაზე უარის თქმა, როგორც ინფექციის გადამტან წყაროზე, ყოვლად მიუღებელია.

25 მარტის მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით კორონავირუსი 75 ადამიანს აქვს დადასტურებული, მათგან ათი გამოჯანმრთელებულია, ავსტრიის ორი მოქალაქე კი ქვეყნიდან გაემგზავრა. კარანტინის რეჟიმში კი ქვეყანაში 4055 ადამიანი იმყოფება; სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 252.

XS
SM
MD
LG