ეს დღეები

ნანა ექვთიმიშვილი

ეს დღეები ერთმანეთს ჰგავს. ერთი მეორეში გადადის და თითქოს არცერთი დღე არ მთავრდება. ეს დღეები სიცივის გადალახვის დღეებია. უკვე ორი წყვილი ხელთათმანი დავკარგე და მესამე, რომელიც მეგობარმა მათხოვა, ჩანთაში მიდევს.

აღარ ვიცი, ამ დღეებში ადამიანებს რომ ვხვდები, რუსთაველზე, როგორ მივესალმო. „როგორ ხარ“-მა აზრი დაკარგა, მარტო „გამარჯობაც“ ცოტა არ იყოს ნელ-თბილია, პროტესტისთვის შეუფერებელი. უფრო გამამხნევებელ მისალმებას ვეძებთ, სხვადასხვა ფორმის, ჟღერადობის, ჟესტის.

ნაცნობებთან უბრალოდ ჩავლა არ გამოდის, თვალებით მოძებნი, ხელს აუწევ, აქ ვარ, ანიშნებ, მე შენ გხედავ, და ეს მახარებს. გამოდიხარ ერთი ჩვეულებრივი მოქალაქე გარეთ, იმ იმედით, რომ ბევრნი იქნებით და ყოველ ჯერზე ამაში დარწმუნება სულის საგზალს ჰგავს.

ისმის ყველაზე ხშირი კითხვა, „არის ხალხი?“

ხალხი არის, სულ არის. მაგრამ როგორ არის ხალხი, რას ფიქრობს, როგორ აფასებს საკუთარ ძალებს ეს მფეთქავი, უკონტროლო და მოუთოკავი ორგანიზმი, რომელიც ჩვენს მთავარ ძალად და იარაღად გადაიქცა ამ დღეებში? შიგადაშიგ ისმის შეძახილები, სწორედ რომ ამ ძალების გასაღვიძებლად, აქა-იქ წამოსროლილი „საქართველოს გაუმარჯოს“, რომელიც ვიღაც ჭკვიანს და ხუმარას „საქართველოს გაუმარ-თლოდ“ გადაუქცევია. ეს ხმები ერთი მხრივ ბრძოლისთვის მზადყოფნის ყიჟინაა, მეორე მხრივ, შეკავებული ტკივილის დროს უცაბედი ამოძახილი.

ეს დღეები, როცა რუსთაველის მეტროდან ან რესპუბლიკის მოედნიდან ქვემოთ დავიძვრები და გადაკეტილ რუსთაველს შევუერთდები, ხალხს ვუსმენ. ზოგი ქვემოთ ჩადის, ზოგიც ზემოთ ამოდის, რაღაც ახლად გაჩენილი მისამართებისკენ. გამოიკვეთა მოსაცდელი ადგილები, გასათბობი ადგილები, ტუალეტი, ყავა, პარკინგი.

სულ მოძრაობაა, ჩუმი მსვლელობა, თავისი რიტმით, კანონზომიერებით. ამ დინებას ძალაუნებურად ვუსმენ, და გასაკვირია, თუმცა იქნებ არც, რომ ამ საუბრებიდან გაქრა პირადი თემები, გაქრა დრო, ახალი წელი, გაქრა შვილები, ქმრები და ცოლები, მშობლები, მეგობრები, შეყვარებულები, გაქრა პროფესია... გაქრა გართობა, სტუდენტობა, გაქრა ცხოვრება, რაც კი იყო, ისეთიც კი, როგორიც იყო, ბევრი ნაკლით, მაგრამ მაინც გაქრა.

ამ რამდენიმე დღეში ამ მარშრუტის გავლისას ერთი და იგივე ფრაზები, ან ფრაზების ნაგლეჯები მესმის:

„ადვოკატმა რა თქვა?“

„ყელის ტკივილი ამ გაზის მერე ვერ გავიქრე...“

„ნასამართლობა ექნება?“

„ნახე, ის რო ამოიცნეს?“

„სად დააკავეს?“

„დააკავეს?“

„სცემეს?“

„როდის გადის ეს 12 დღე? არ გავიდა?“

„დროებით იზოლატორში დატოვეს…“

„გაიტაცეს…“

„ხალხი არის. ხალხი გამოდის მაინც“.

„პატიმრის ბარათი ავუღეთ და ჩავურიცხავთ ახლა...“

„კი, არის იქ მაღაზია და იყიდის იქ რამეს“.

„დედამისი? არა უშავს, ნორმალურად...“

„გავჩერდები ჯერ... პირველ სკოლასთან...“

„მარიოტის შესასვლელთან…“

„ცისფერ გალერეასთან…“

„ბესიკის ასახვევთან…“

„შუა ორ თეთრ ხაზზე ვიდგები პირდაპირ…“

„ავტობუსის გაჩერებასთან…“

„ოპერასთან…“

„კაფეში…“

„ჩაის რო არიგებენ, იქ…“

„ჭიჭინაძეზე არ დგანან…“

და ასე შემდეგ.

დეკემბრის ცივი დღეებია. ხელები წამდაუწუმ მეყინება.

ამ მთელ მიმოსვლებში არის პატარ-პატარა გამარჯვებები და უმისამართოდ გასროლილი ენერგიებიც, მაგრამ მაინც ვიცი, რომ არაფერია უმისამართო, და არც არაფერია ტყუილად გახარჯული.

ამ დღეებმა ბევრი გვასწავლა და შინაგანი დისციპლინისკენ გვიბიძგა:

ძილი - მხოლოდ იმიტომ, რომ გაიღვიძო და ისევ იქ დადგე.

მოსმენა - იმიტომ რომ გაიგო ის, რაც არ იცი.

ნდობა - იმიტომ რომ ყველამ ბუნებრივად მოიხსნა ბარიერები და წინასწარ განწყობები უცნობი ადამიანების მიმართ. პასუხისმგებლობა - იმიტომ რომ ხვდები, რომ შენი დასაცავია ნაცემი, დაკავებული და ციხეში ჩასმული მოქალაქე, შენი დასაცავია სახელმწიფო.

მოთმინება - იმიტომ რომ მოთმინების გარეშე ბრძოლას ვერ მოიგებ.

და ალბათ სიყვარულიც, რომელიც სადღაც მალულად ფეთქავს.

ადამიანები რაღაც კანონზომიერებით ხვდებიან ერთმანეთს, მერე შორდებიან, სადღაც ერთად დგანან, სადღაც ბევრ თანამოაზრეს იკრებენ, სადღაც ორ-ორი და სამ-სამი დადიან, ხანდახან მარტოც დგანან. ყველა მათგანი ეძებს გზებს, პასუხებს, ისახება მიზნები, იწერება მანიფესტები, გროვდება ხელმოწერები... ვიღაცას სჯერა რუსთაველზე დგომის, ვიღაცას სადღაც სხვაგან დგომა ურჩევნია, ვიღაცას სიარული ამხნევებს, ვიღაც ბედნიერია პატარა მიღწევებით, ვიღაც კი დიდი სურათის დანახვას და ამოხსნას ლამობს, შუბლშეჭმუხნილი და შეწუხებული დადის, თანამოაზრეებს ეძებს. ზოგი წუხს, რომ დგომით არაფერი გამოვა, ზოგი კი სწორედ დგომაში ავლენს თავის სიმტკიცეს.

ყველა ასეთი იდეით, აზრითა და მიზნით შეპყრობილი ადამიანი საოცარი სანახავია.

მელიქიშვილის პროტესტი, მაშინ დანთებული ცეცხლი, იქ გათენებული ღამეები იყო პირველი რეალური ფიზიკური წინააღმდეგობა გაყალბებული არჩევნების მერე, პირველი ცხადი პროტესტი - ეიფორია, თავგადასავალი. მაგრამ რაც უფრო მეტად ჩამოიწია პროტესტმა თავისუფლების მოედნისკენ, რაც უფრო მიუახლოვდა მთავრობის სასახლეს, მით უფრო და უფრო შეიცვალა. მით უფრო მეტად ვიგრძენით ჰაერში სისასტიკის სუნი, სისასტიკეში გამოვლენილი უკიდურესი სიხარბე და „რუსული“ სპეცსამსახურების აუტანელი, ფიზიკური სიახლოვე, ისეთი სიახლოვე, რომ სუნით გრძნობ მტრის პირისპირ დგომას.

როცა პირველად ხალხზე რობოკოპების იერიში ჰაერის ტალღად ჩემამდე მოვიდა, ყველაფერი მომენტალურად გაცამტვერდა. რაც უფრო მეტად გიახლოვდება რუსული ნიჩაბი, მით უფრო მეტად გრძნობ, თუ როგორი უინტერესო ხარ შენ მისთვის, შენი განცდები და მორალი, წარმოდგენა სამშობლოზე, შენი სიმართლე ან საერთოდ სამართალი.

ეს დღეები ცივი დღეებია. დეკემბრის ცივი დღეები.

ვცდილობ გავიაზრო, სად ვდგავართ და რამდენი შეიძლება კიდევ წინ იყოს.

ეს დღეები იტევს მეგობრების ან კოლეგების ცემებს, სასამართლოებს, განაჩენებს, წინასწარ პატიმრობაში დატოვების გადაწყვეტილებებს...

ყველაზე მეტად, ალბათ რაც შეუსაბამოა ჩვენს აქამდე ცხოვრებასთან, არის ის, რომ ამ დღეებში ესაუბრები ადამიანებს, რომლებსაც სახეზე ჯერ კიდევ ეტყობათ ცემის კვალი. უსმენ ამ ადამიანებს, უხერხულად აკვირდები მათ თვალებთან დარჩენილ სილურჯეს და გრძნობ, რომ ეს ტკივილი შენშიც იდღაბნება.

ეს დღეები გრძელდება... და გარდაიქმნება ჩვენს მოძრაობაში, სიარულში, აზვირთებულ მსვლელობებში, დგომასა და გაძლებაში - გახვალ რუსთაველზე, ხან მარტო, ხან შენიანებთან ერთად და სხეულის ყველა უჯრედით იგრძნობ, როცა ხალხში ჩაივლი, რომ ტკივილი მარტო შენში არ არის გადღაბნილი.

სანამ ტკივილს გრძნობ, ცოცხალი ხარ, სანამ ცოცხალი ხარ, პასუხისმგებლობა გეკისრება, სანამ პასუხისმგებლობა გეკისრება - არ დანებდები, თუ არ დანებდები - გაიმარჯვებ.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.​