ვაჟა ანანიძე ბათუმის საზღვაო აკადემიის ასოცირებული პროფესორი და ყოფილი ლექტორია. იგი ამბობს, რომ მან მაისში საზღვაო აკადემიის რექტორს, ხარისხის სამსახურის უფროსს და, ასევე, სხვა აკადემიურ პერსონალს, პლაგიატში დასდო ბრალი, რის გამოც ივნისში სამსახურიდან გაათავისუფლეს. გადაწყვეტილების გასაჩივრებას ბათუმის საქალაქო სასამართლოში აპირებს.
Your browser doesn’t support HTML5
სამსახურიდან გათავისუფლებული ლექტორი, უკვე მეექვსე დღეა, ბათუმის საზღვაო აკადემიის შენობასთან ტრანსპარანტით დგას, ყოველდღე სხვადასხვა გზავნილით. თუ მანამდე მოთხოვნა რექტორის სამეცნიერო ნაშრომის შესწავლა იყო, ახლა მას თანამდებობიდან გადადგომისკენ მოუწოდებს.
საქმე გვქონდა პლაგიატთან და უხარისხო შრომებთან, როდესაც შინაარსი სხვაა, სათაური სხვა და დასკვნაც სხვაა. ჩვენ თავაზიანად ვუხსნიდით, რომ ასეთი რამის გაკეთება არ შეიძლება, ისინი გულისწყრომას გამოხატავდნენ და, როგორც ჩანს, უკმაყოფილება დაუგროვდათ...ვაჟა ანანიძე
„ადამიანურად გირჩევთ, გადადექით დღის ბოლოს, რადგან ხვალ გვიანი იქნება“, - წერია ვაჟა ანანიძის საპროტესტო ტრანსპარანტზე. ამბობს, რომ საზღვაო აკადემიაში 13-წლიანი მუშაობისას არაერთხელ ამხილა საზღვაო აკადემიაში მიმდინარე პროცესი, მათ შორის - სამეცნიეროც:
„სამეცნიერო ხელმძღვანელად ჩემი დანიშვნის შემდეგ, 2017 წლიდან, საზღვაო აკადემიის კედლებში ძალიან ბევრ ადამიანს გამოვუმჟღავნეთ უხარისხო ნაშრომები, როცა სამეცნიერო კონფერენციის წინა პერიოდში ნაშრომებს გვიგზავნიდნენ. საქმე გვქონდა პლაგიატთან და უხარისხო შრომებთან, როდესაც შინაარსი სხვაა, სათაური სხვა და დასკვნაც სხვაა. ჩვენ თავაზიანად ვუხსნიდით, რომ ასეთი რამის გაკეთება არ შეიძლება, ისინი გულისწყრომას გამოხატავდნენ და, როგორც ჩანს, უკმაყოფილება დაუგროვდათ“.
ვაჟა ანანიძე ამბობს, რომ გასული წლის ბოლოს სამსახურში უთანხმოების მიზეზი რექტორის განზრახვა გახდა - დაჩქარებული წესით შემოეღო დოქტორანტურა ბათუმის საზღვაო აკადემიაში. ასოცირებული პროფესორი მიიჩნევს, რომ ამ საქმიანობისთვის ბათუმის საზღვაო აკადემიას მინიმუმ 15 მეცნიერისგან შემდგარი საბჭოს შექმნის ინტელექტუალური რესურსი არ გააჩნია:
„ვთხოვე, ეს არ გაეკეთებინა. ორი კვირის შემდეგ სენატმა, რომლის თავმჯდომარე თავადაა, გადაწყვეტილება მიიღო და მოსთხოვა ფაკულტეტის დეკანებს დაჩქარებული წესით შემოეღოთ დოქტორანტურა. ეს გააკეთა ისე, რომ სამეცნიერო სფეროში აკადემიის ხელმძღვანელს ეს ინფორმაცია არ ამცნო. საზღვაო აკადემიაში რექტორისა და სენატის გადაწყვეტილებების გასაჯაროება არ ხდება. ასე მოხდა ამ შემთხვევაში. ვუთხარი, რომ ეს გამოიწვევდა ბათუმში სარდაფებში დისერტაციების დამწერი ადამიანების გაჩენას და მარცხენა ფულის ტრიალს. პირდაპირ ვუთხარი, რომ თუ შექმნით კორუფციულ სტრუქტურას, ამის შესახებ ჩავაყენებ საქმის კურსში ყველა სახელმწიფო ორგანოს და ფართო საზოგადოებას“.
საზღვაო აკადემიის ყოფილი ლექტორი, ვაჟა ანანიძე, ამბობს, რომ სწორედ ამის შემდეგ დაიწყეს დევნა, აბსურდული ბრალდებები წარუდგინეს და 11 ივნისს აკადემიის დისციპლინურმა კომისიამ სხდომაზე მისი გათავისუფლების რეკომენდაციის გადაწყვეტილება მიიღო. ვაჟა ანანიძე თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. ერთ-ერთ არგუმენტად ის მოჰყავს, რომ მიმდინარე წლის დასაწყისში საზღვაო აკადემიაში სტუდენტების ონლაინ გამოკითხვაში ყველაზე მეტი ხმა მიიღო და სამ ლექტორს შორის პირველ ადგილას დასახელდა.
ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის რექტორი ირაკლი შარაბიძე პროფესორის ბრალდებებზე კომენტარს არ აკეთებს, კითხვებზე კი დღეს საზღვაო აკადემიის იურიდიული და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსმა რუსუდან ყიფიანმა გვიპასუხა. მან თქვა, რომ დისციპლინურმა კომისიამ ვაჟა ანანიძის გათავისუფლებასთან ერთად რექტორს რეკომენდაციით მიმართა, შეისწავლოს თავისივე სამეცნიერო ნაშრომი, პლაგიატში მხილების გამო. რაც შეეხება მიზეზებს, თუ რატომ გაათავისუფლეს სამსახურიდან აკადემიის ლექტორი ვაჟა ანანიძე, რუსუდან ყიფიანი უარს ამბობს ამ ინფორმაციის გაცემაზე:
ეს საქმე ნამდვილად ჰგავს შემთხვევას, როდესაც ადმინისტრაცია იყენებს მკაცრ ღონისძიებას, განთავისუფლებას, მაშინ, როდესაც დასაქმებული იწყებს კრიტიკულ საუბარს დამსაქმებლის საქმიანობის შესახებ. ერთიანობაში, ეს ქმნის სამართლებრივ შინაარსს, რომ დამსაქმებელმა არ გამოიყენა სწორად შრომის კოდექსი...თეონა ზაქარაშვილი
„ეს გადაწყვეტილება არანაირად არ უკავშირდება პლაგიატს ან სხვა ბრალდებებს, რომელსაც ბატონი ვაჟა აჟღერებს. მის წინააღმდეგ 8 აპრილს შემოვიდა პირველი განცხადება. იმის გამო, რომ საქმის წარმოება მოიცავს პერსონალურ მონაცემებს, თუ ამ ადამიანების თანხმობა არ გვექნება, უფლება არ გვაქვს გავასაჯაროოთ ის საფუძვლები, რომლის გამოც მისი გათავისუფლება მოხდა“, - ამბობს ბათუმის საზღვაო აკადემიის იურიდიული და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსი რუსუდან ყიფიანი.
ბათუმის საზღვაო აკადემიიდან პროფესორ ვაჟა ანანიძის გათავისუფლების ბრძანების სასამართლოში გასაჩივრებას აპირებს ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“. ორგანიზაციის იურისტის, თეონა ზაქარაშვილის, შეფასებით, ანანიძის გათავისუფლების ბრძანება დაუსაბუთებელია და მასში დისციპლინური გადაცდომა არ არის აღწერილი.
იურისტის განმარტებით, სარჩელში სამი მოთხოვნა იქნება: ვაჟა ანანიძის სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობა, შრომის ანაზღაურება და პოზიციაზე აღდგენა:
„საზღვაო აკადემიის კომისიამ მიიღო არასწორი გადაწყვეტილება. საქმის დისციპლინური წარმოება მიმდინარეობდა ხარვეზებით, განთავისუფლება კი არ არის დასაბუთებული და საერთოდაც არ უნდა ყოფილიყო გამოყენებული. ეს საქმე ნამდვილად ჰგავს შემთხვევას, როდესაც ადმინისტრაცია იყენებს მკაცრ ღონისძიებას, განთავისუფლებას, მაშინ, როდესაც დასაქმებული იწყებს კრიტიკულ საუბარს დამსაქმებლის საქმიანობის შესახებ. ერთიანობაში, ეს ქმნის სამართლებრივ შინაარსს, რომ დამსაქმებელმა არ გამოიყენა სწორად შრომის კოდექსი. სასამართლო კი ამას ყოველთვის აფასებს თანაზომიერების და პროპორციულობის ტესტით“, - ამბობს ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ იურისტი, თეონა ზაქარაშვილი.