ამ სტატიაში წაიკითხავთ, რა ვიცით რეგისტრაციის წესზე რეესტრის გახსნიდან ერთი დღით ადრე.
რუსული სტილის კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ 3 ივნისს გამოქვეყნდა. რეგისტრაციის პროცესისთვის მოსამზადებელი 60-დღიანი ვადა სახელმწიფოს ხვალ, პირველ აგვისტოს ეწურება.
ეს ნიშნავს, რომ ყველა ის ორგანიზაცია, რომლებსაც ხელისუფლება უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლად მიიჩნევს, პირველი აგვისტოდან ვალდებული ხდება განცხადება მიიტანოს იუსტიციის სახლში, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სახელზე და „უცხოური აგენტების“ ბაზაში რეგისტრაცია ითხოვოს.
როგორია რეგისტრაციის პროცედურა?
ორგანიზაციებს, პირველი აგვისტოდან პირველ სექტემბრამდე, ერთი თვე აქვთ იმისთვის, რომ უცხოური ინტერესების გამტარებლის სტატუსით რეესტრში დარეგისტრირდნენ.
ერთთვიანი ვადის გასვლის შემდეგ, იუსტიციის სამინისტრო მონიტორინგს იწყებს. აღმოჩენილ და დაურეგისტრირებელ უცხოური ინტერესის გამტარებელს 25 000 ლარითაც დააჯარიმებს და უცხოური ინტერესების გამტარად მისი ნების მიუხედავად დაარეგისტრირებს.
მონიტორინგის წესი ჯერ უცნობია.
„მინისტრის ინსტრუქცია გამოქვეყნდება, სადაც დეტალებით, დანართების დონეზე იქნება წარმოდგენილი ყველა ინფორმაცია“, - თქვა მინისტრმა, თუმცა არ დაუზუსტებია როდის.
დაურეგისტრირებელი ორგანიზაციების შესახებ ინფორმაციის მოკვლევის დაწყება სახელმწიფოს კერძო განცხადების საფუძველზე დაყრდნობითაც შეუძლია.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ვალდებულია რეგისტრაციის მსურველს მიმართვიდან 2 სამუშაო დღეში მისცეს წვდომა ვებგვერდზე. მას კი 10 სამუშაო დღე აქვს განაცხადის შესავსებად და სავალდებულო ფინანსური დოკუმენტაციის ასატვირთად.
რეესტრის წარმოების წესებს, აგრეთვე განაცხადის ფორმას საქართველოს იუსტიციის მინისტრი ადგენს. ჯერჯერობით არც ეს ნორმატიული აქტებია გამოქვეყნებული და არც რეესტრია მზად. ეს დოკუმენტები „საკანონდებლო მაცნეზე“, სავარაუდოდ, ხვალ დილიდან გამოჩნდება.
„ჩვენთვის უცნობია, ეს იქნება ცალკე საიტი თუ საჯარო რეესტრის საიტზე გაჩნდება დამატებითი გრაფა, ამ ეტაპზე არანაირი ონლაინლინკი, რომელიც რეესტრზე გადაგიყვანთ, არ არსებობს“, - უთხრეს რადიო თავისუფლებას საჯარო რეესტრის ცხელ ხაზზე, რეესტრის გახსნიდან ერთი დღით ადრე.
ოპერატორმა დააზუსტა, რომ დაპირების მიუხედავად, საჯარო რეესტრის იურიდიული სამსახურიდან განაცხადის შაბლონები არ მიუღიათ.
„გვითხრეს, რომ რეგისტრაცია ერთი თვის განმავლობაშია შესაძლებელი, დღეს არსებული რეალობით, ხვალ რომ რომელიმე ორგანიზაციამ მოგვმართოს, მზა შაბლონებს ვერ მივაწოდებთ. დღის განმავლობაში დაგვირეკეთ, ჩვენც ველოდებით, დღესვე გვეცოდინება ყველაფერი თუ რამდენიმე დღეში, ამის ახლა თქმა მიჭირს“, - ამბობს ოპერატორი, რომელსაც ცხელი ხაზის ნომრით 31 ივლისს დღის პირველ საათზე დავუკავშირდით.
ორგანიზაცია ვალდებულია საფინანსო დეკლარაციაში დაწეროს:
- განაცხადის ავტორის საიდენტიფიკაციო მონაცემები;
- ორგანიზაციის ადგილსამყოფლის მისამართი;
- განაცხადის ავტორის ვებგვერდის მისამართი;
- წინა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული ნებისმიერი ფულადი თანხისა და ქონებრივი ღირებულების, სხვა სახის მატერიალური სიკეთის წყაროს, ოდენობისა და მიზნის შესახებ;
- წინა კალენდარული წლის განმავლობაში დახარჯული ნებისმიერი ფულადი თანხის ოდენობისა და მიზნის შესახებ;
- განაცხადის შევსების თარიღი.
კანონში წერია, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ უფლებამოსილმა პირმა 30 სამუშაო დღის განმავლობაში უნდა შეისწავლოს და გამოიკვლიოს წარდგენილი ინფორმაცია, დადებითი დასკვნის შემთხვევაში დაარეგისტრიროს „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ და აღრიცხოს ასეთი ორგანიზაციების რეესტრში.
ყველაზე გვიან, როდის დავინახავთ რეესტრის სიას?
დავუშვათ, რეესტრი მზადაა, განაცხადის ფორმაც არსებობს და პროცედურებიც დეტალურადაა გაწერილი, მაშინ ის ორგანიზაციები, რომლებიც პირველ აგვისტოსვე მიმართავენ საჯარო რეესტრს და რეგისტრაციას მოითხოვენ, უცხოური ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციების სიაში ყველაზე გვიან 12 სექტემბრიდან შეიძლება გამოჩნდნენ.
რეგისტრაცია სავალდებულო იქნება არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ონლაინმედიის დიდი ნაწილისთვის. მათ კანონი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლებად“ დაინახავს.
„უცხოური ძალა“ ოთხი კრიტერიუმით განისაზღვრა:
- უცხო სახელმწიფოს [მათ შორის, აშშ და ევროკავშირის წევრი ქვეყნები] ხელისუფლების შემადგენელი სუბიექტი;
- ადამიანი [ფიზიკური პირი], რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე;
- ორგანიზაცია [იურიდიული პირი], რომელიც არ არის დაფუძნებული საქართველოს კანონმდებლობით;
- ისეთი ორგანიზაციული წარმონაქმნი [ფონდი, ასოციაცია, კორპორაცია, კავშირი] ან გაერთიანება, რომელიც უცხო სახელმწიფოს სამართლის ან/და საერთაშორისო სამართლის საფუძველზეა დაფუძნებული.
„უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელია“ (რასაც აქამდე ხელისუფლება „უცხოეთის აგენტებს“ უწოდებდა) ის ორგანიზაცია, რომლის წლიური შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო „უცხოური ძალაა“.
ასევე ნახეთ „ოთხ წელიწადში ერთხელ სუსში მიბარებენ, ჩემპიონატივით“ - ივანიშვილის მკვლელობის მომზადების საქმევინ არის პასუხისმგებელი „აგენტების კანონის“ აღსრულებაზე?
ფინანსური დეკლარირების ახლად შექმნილი დეპარტამენტი, იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის 29 ივლისის ბრძანებით, საჯარო რეესტრის ბაზაზე პირველი აგვისტოდან დაიწყებს ფუნქციონირებას.
ფინანსური დეკლარირების დეპარტამენტის ერთეულებია:
- რეგისტრაციისა და
- დეკლარირების მონიტორინგის სამსახურები;
ფინანსური დეკლარირების დეპარტამენტის ფუნქციაა:
- აწარმოოს უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრი და გაასაჯაროოს ის;
- მხარი დაუჭიროს სამინისტროს უფლებამოსილ პირს მის საქმიანობაში;
- მოამზადოს კორესპონდენციები და პასუხი გასცეს მათ;
- შეიმუშაოს სტრუქტურული, საკადრო, ნორმატიული და ტექნიკური ხასიათის წინადადებები;
- მოამზადოს დეპარტამენტის საქმიანობის ანგარიში.
ვინ არის იუსტიციის მინისტრის უფლებამოსილი პირი?
იუსტიციის მინისტრის ამავე ბრძანებაში წერია, რომ სამინისტროს უფლებამოსილი პირი, სააგენტოს ფინანსური დეკლარირების დეპარტამენტის უფროსია.
იუსტიციის სამინისტროში არ პასუხობენ რადიო თავისუფლების კითხვას, ვინ დაიკავებს ფინანსური დეკლარირების დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას, რამხელა ბიუჯეტი ექნება დეპარტამენტს და რამდენი თანამშრომელი ეყოლება.
რადიო თავისუფლებამ ბუნდოვან თემებზე კითხვები მოამზადა და იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურს გაუგზავნა. პასუხების მიღების შემთხვევაში სტატია განახლდება.
„ქართულმა ოცნებამ“ ე.წ. აგენტების კანონზე პრეზიდენტის ვეტო 28 მაისს დაძლია. დოკუმენტს ხელი სალომე ზურაბიშვილის ნაცვლად, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა 3 ივნისს მოაწერა და გამოაქვეყნა კიდეც.
მმართველი პარტიის გადაწყვეტილებაზე გავლენა ვერც 50-დღიანმა უწყვეტმა პროტესტმა მოახდინა, ვერც პარტნიორი ქვეყნების კრიტიკამ და ვერც პირდაპირმა მითითებამ, რომ ამ კანონის მიღების შემთხვევაში ევროკავშირი საქართველოსთან, კანდიდატ ქვეყანასთან, მოლაპარაკებებს არ გახსნიდა, აშშ-სთან პარტნიორობა კი გადაიხედებოდა.
ასევე ნახეთ სანქციები და უვიზო მიმოსვლის შეჩერება - რას განიხილავს ევროკავშირი საქართველოში შექმნილი ვითარების საპასუხოდ? ასევე ნახეთ სანქციების პოლიტიკა და „ოცნების“ უარი აშშ-ის მიერ მიცემულ კიდევ ერთ შანსზეარასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი ე.წ. რუსული კანონის ლეგიტიმაციას არ აღიარებს და აგენტების რეესტრში რეგისტრაციაზე უარს ამბობს.
ამ კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში სამი სარჩელი შევიდა, პრეზიდენტისა და სამოქალაქო სექტორის შემდეგ, სასამართლოს ბოლოს ოპოზიციონერი დეპუტატების ჯგუფმა მიმართა.
ასევე ნახეთ 3+1 სარჩელი "აგენტების კანონის" წინააღმდეგ