ევროკომისიის მიერ შემუშავებულ დოკუმენტში, რომელიც რადიო თავისუფლებამ წაიკითხა, განხილულია, თუ რა ნაბიჯები შეიძლება გადადგას ევროკავშირმა საქართველოში განვითარებული ბოლოდროინდელი მოვლენების პასუხად.
დოკუმენტი ევროკომისიამ და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების 27 მაისს გამართული შეხვედრის შემდეგ მოამზადეს.
დოკუმენტი ითვალისწინებს, ერთი მხრივ, მოკლევადიან ზომებს, ხოლო მეორე მხრივ, ნაბიჯებს, რაც იმ შემთხვევაში შეიძლება გადაიდგას, თუ მომავალში საქართველოში ვითარება უკეთესობისკენ არ შეიცვლება.
პირველ კატეგორიაში შედის ისეთი ზომები, რომლებიც როგორც ბრიუსელმა, ისე ევროკავშირის ცალკეულმა წევრმა სახელმწიფოებმა დაუყოვნებლივ შეიძლება მიიღონ.
მოკლევადიან ზომებს შორისაა:
- ევროკავშირისა და წევრი სახელმწიფოების მხრიდან უმაღლესი დონის ორმხრივი ვიზიტების, შეხვედრებისა და ღონისძიებების გაუქმება (პირველ ყოვლისა, ნაგულისხმევია შეხვედრები სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურებთან და მინისტრებთან)
- ისეთი ფინანსური დახმარების შეწყვეტა, რომლითაც პირდაპირ სარგებლობს ხელისუფლება და მათთვის განკუთვნილ სამომავლო ფინანსურ დახმარებაზე დისკუსიების შეწყვეტა
- ფინანსური დახმარების პორტფელის გადახედვა, რაც გულისხმობს სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერის გაძლიერებას (არ შეეხება რეგიონულ დახმარებას)
- ევროპის სამშვიდობო პოლიტიკის ფარგლებში თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის გამოყოფილი 30-მილიონევროიანი დახმარების გაყინვას
დოკუმენტის თანახმად, სიტუაციის შემდგომი გაუარესების შემთხვევაში, რაც შეიძლება გულისხმობდეს, ერთი მხრივ, “მშვიდობიან მომიტინგეებზე ძალადობას”, მეორე მხრივ კი, “მნიშვნელოვან დარღვევებს საარჩევნო პროცესში”, შეიძლება მიღებულ იქნეს უფრო მძიმე ზომები.
მათ შორისაა:
- წევრი სახელმწიფოებისათვის რეკომენდაციის გაცემა საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებისა და დიპლომატებისათვის უვიზო რეჟიმის დროებით შეწყვეტის შესახებ;
- შემზღუდავი ზომები (სანქციები) იმ ადამიანებისა და ორგანოების მიმართ, ვინც ჩართული იქნება ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევებში;
- პოლიტიკურ დონეზე საქართველოსთან დიალოგის შემდგომი შეჩერება;
- ფინანსური დახმარების შემდგომი გადახედვა, შემდგომი საბიუჯეტო დახმარების შეჩერება და სახსრების შემდგომი გადამისამართება;
- საერთო უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის ფარგლებში დახმარების შემდგომი შეჩერება.
სიტუაციის “მნიშვნელოვანი გაუარესების“ შემთხვევაში დოკუმენტი განიხილავს პოტენციურ ზომებს სავიზო ლიბერალიზაციისა და გაფართოების კუთხით.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ევროკავშირი სხვადასხვა ფორმატში განიხილავს იმ ნაბიჯებს, რაც შეიძლება გადაიდგას საქართველოს ევროინტეგრაციის თვალსაზრისით.
უვიზო რეჟიმის შეჩერება
ევროკომისია განიხილავს, რომ უკიდურეს შემთხვევაში, საქართველოს ცხრა თვით შეუჩეროს უვიზო მიმოსვლა.
რადიო თავისუფლების მიერ მოპოვებული დოკუმენტის თანახმად, ევროკომისია აცნობიერებს, რომ უვიზო მიმოსვლის შეჩერებას უარყოფითი შედეგი მოჰყვება საქართველოს მოსახლეობისთვის, რომელიც პროევროპული განწყობისაა. ამდენად, კომისიის აზრით, უმჯობესია ფოკუსირება ცალკეული პიროვნებებისთვის შენგენში შესვლის შეზღუდვაზე.
“შესაძლებელია განხილული იყოს ნაბიჯები სავიზო ლიბერალიზაციისა და გაფართოების პროცესთან დაკავშირებით, მაგრამ რამდენადაც მათ უარყოფით შედეგებს დიდწილად მოსახლეობა იგრძნობს, ისინი გამოყენებული უნდა იქნეს უკიდურეს შემთხვევაში და საჭიროებს ფრთხილ და ინტენსიურ კომუნიკაციას ქართველ ხალხთან, მათთვის იმის ახსნას, რომ ეს ზომები მთლიანად შეიძლება იყოს ანულირებული, რაც დამოკიდებულია ხელისუფლების ქმედებებზე“, - წერია დოკუმენტში.
ევროკომისია განიხილავს, რომ უვიზო რეჟიმის შეჩერების შესახებ შესაძლოა გამოცხადდეს შემოდგომაზე, ვიზების შეჩერების მექანიზმის მეშვიდე წლიური ანგარიშის წარდგენისას.
ანგარიშის წარდგენის თარიღი ჯერ დადგენილია არაა, თუმცა, როგორც წესი, ის ოქტომბერში ქვეყნდება. ამდენად, სავარაუდოა, რომ ევროკომისია ამ გადაწყვეტილებას საქართველოში საპარლამენტო არჩევნების ჩატარებამდე გამოაცხადებს.
არჩევნები და სამოქალაქო საზოგადოება
თავის მხრივ, დოკუმენტში ყურადღება გამახვილებულია საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზეც.
ევროკომისიის თანახმად, შემზღუდავი ზომების მიღება შესაძლებელია „არჩევნების გაყალბებისა და საარჩევნო პროცესისას სერიოზული დარღვევების შემთხვევაში“.
იქამდე კი ევროკავშირი გეგმავს:
- გააძლიეროს ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისია “მრავალი დამკვირვებლის” უზრუნველყოფით
- ამომრჩეველთა განათლებასა და წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგის პროექტების მხარდაჭერას “ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მედიის” მხარდაჭერით
- საერთაშორისო და ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების სადამკვირვებლო შესაძლებლობების მხარდაჭერის გაძლიერებით
დოკუმენტს, რომელშიც საქართველოს პარლამენტის მიერ ე.წ. უცხოეთის აგენტების კანონის, კიდევ რამდენიმე კანონის, მშვიდობიანი საპროტესტო აქციების მონაწილეთა წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯებისა და ქვეყანაში დემოკრატიული უკუსვლის შესაჩერებლად ზომებზეა საუბარი, ევროკომისია, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს მომდევნო შეხვედრაზე წარადგენს, რომელიც 24 ივნისს უნდა გაიმართოს.
3 ივნისს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ხელმოწერის შემდეგ, „საკანონმდებლო მაცნეს“ ვებსაიტზე გამოქვეყნდა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ სახელწოდების კანონი, რომელიც რუსული უცხოეთის აგენტების კანონმდებლობის მსგავსია.
საქართველოს პარლამენტმა „აგენტების კანონზე“ პრეზიდენტის ვეტო 28 მაისს დაძლია.
„არა რუსულ კანონს!“ - ამ მთავარი გზავნილით კანონს თითქმის ორი თვის განმავლობაში აპროტესტებდა ათობით ათასი მოქალაქე თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში. კანონის გაუქმებისკენ მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას საერთაშორისო პარტნიორები.
ფორუმი