საბჭოთა კავშირში მოქმედებდა ვ. ლენინის ე.წ. მონუმენტური პროპაგანდის საკავშირო გეგმა, რომლის მიზანი ხალხში რევოლუციური იდეების დანერგვა იყო. ამ გეგმის ფარგლებში, ქალაქებისა და რაიონული ცენტრების მთავარ მოედნებზე ძირითადად იდგმებოდა პროლეტარიატის ბელადების, ე.წ. გამოჩენილი რევოლუციონერების, სოციალისტური შრომისა და ბრძოლის გმირების ძეგლები.
თუმცა არსებობდა ცალკეული გამონაკლისებიც ისტორიული პირებისათვის. ერთ-ერთი ასეთი გამონაკლისია ერეკლე მეორის ძეგლი თელავში, რომელიც 1971 წლის აპრილში დაიდგა.
26 აგვისტოს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომის მიმდინარეობისას განაცხადა, რომ კახეთის გზატკეცილზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე დაიდგმება ერეკლე მეორის ძეგლი.
„ჩვენი ვალია, სათანადო პატივი მივაგოთ საქართველოს ისტორიას და ყველა იმ გმირს, რომელსაც განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის ჩვენი ქვეყნის წინაშე, რომელმაც განსაკუთრებული როლი შეასრულა საქართველოს ეროვნული და რელიგიური იდენტობის შენარჩუნების თვალსაზრისით. თქვენ იცით, რომ ჩვენი გმირი მეფე ერეკლე მეორე არის ამ თვალსაზრისით გამორჩეული. მისმა თავგანწირვამ და სიბრძნემ შეუნარჩუნა საქართველოს ქრისტიანული იდენტობა, რაც არის ჩვენი ევროპული იდენტობის განუყოფელი ნაწილი და ჩვენი ეროვნული გმირის, ერეკლე მეორისთვის პატივის მისაგებად კახეთის გზატკეცილზე, სადაც მერია ახორციელებს პარკის რეაბილიტაციის პროექტს, გადავწყვიტეთ, რომ აღიმართება ერეკლე მეორის ძეგლი, მერაბ მერაბიშვილის ესკიზის მიხედვით“, - თქვა ირაკლი კობახიძემ.
მოქანდაკე მერაბ მერაბიშვილია თელავში დადგმული ძეგლის ავტორიც, რომლის ნამუშევარი საზეიმო ვითარებაში გაიხსნა 1971 წლის 24 აპრილს. გახსნას არ დასწრებია საქართველოს მაშინდელი პირველი პირი, საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი, ვასილ მჟავანაძე, რომელიც იმ დღეებში მოსკოვში იმყოფებოდა და სკკპ XXIV ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას ხალხთა მეგობრობაზე, ძმობაზე, ინტერნაციონალიზმსა და ლენინის დაპირებულ მშვიდობაზე ლაპარაკობდა:
„თავის ერთ-ერთი წერილში [„აზერბაიჯანის, სომხეთის, საქართველოს, დაღესტნისა და მთიელთა რესპუბლიკის ამხანაგ-კომუნისტებს“] ლენინმა გამოთქვა იმედი, რომ საბჭოთა რესპუბლიკების მჭიდრო კავშირი „შექმნის ბურჟუაზიულ წყობილებაში შეუძლებელი მშვიდობიანობის ნიმუშს“. გავიდა 50 წელი და დღეს შეგვიძლია საჯაროდ განვაცხადოთ, რომ ეროვნული მშვიდობის ასეთი ნიმუში შეიქმნა ჩვენს ქვეყანაში და ეროვნული მშვიდობა სულ უფრო განმტკიცდება, გაიზრდება და განვითარდება“.
1971 წელს საქართველო ე.წ. გასაბჭოების 50 წლისთავს აღნიშნავდა. ერეკლეს ძეგლის გახსნის დღეს, 24 აპრილს, ამ მრგვალი თარიღიდან (1921 წლის 25 თებერვალი) სულ რაღაც ორი თვე იყო გასული. შესაბამისად, გახსნის საზეიმო ღონისძიებაზე ბევრი ილაპარაკეს რუსი და ქართველი ხალხების ძმობასა და მარადიულ კავშირზე, რომელსაც, სიტყვით გამომსვლელთა თქმით, საფუძველი ჩაუყარა ერეკლე მეორემ.
„თელავის ციხის კედლებთან აღიმართა ორი ერის - რუსი და ქართველი ერების მარადიული კავშირის ფუძემდებლის ერეკლე მეორის დიდებული მონუმენტი, - წერდა გაზეთი „კომუნისტი“ 1971 წლის 25 აპრილს, - XVIII საუკუნის დამლევს მის მიერ ხელმოწერილმა საქართველოს და რუსეთის კავშირის ხელშეკრულებამ დასაბამი მისცა დიად მეგობრობას, რომელმაც დროის ყოველგვარ მკაცრ გამოცდას გაუძლო და მშვიდობა და აყვავება მოუტანა პატარა ქვეყანას. ქართველი ხალხი დიდ პატივს სცემს თავის სახელოვან წინაპარს, რომლის სამშობლოა თელავი - ერეკლე მეორე ამ ქალაქში დაიბადა და გარდაიცვალა“.
„საკდესის“ კორესპონდენტმა ასე აღწერა ძეგლის გახსნა:
„დგება საზეიმო წუთი. მონუმენტიდან ნელა ჩამოცურდა თეთრი საბურველი და შეკრებილთ თვალწინ წარმოდგა ბრინჯაოს მხედარი. შემაღლებულ ადგილზე, ძველი თელავის ციხის ფონზე დადგმული თითქმის 8 მეტრიანი ბრინჯაოს ქანდაკება ასახავს ამხედრებულ მეფეს. მისი ფიგურა გამოხატავს სიდიადეს და სიბრძნეს, ხოლო წინ გაშვერილი მარჯვენა, რომელშიც დახრილი ხმალი უჭირავს, თითქოს სიცოცხლის, მშვიდობისა და მეგობრობისათვის მოუწოდებს. ქანდაკების ავტორია მ. მერაბიშვილი. ძეგლის საზეიმო გახსნას, რომელიც შაბათს, 24 აპრილს გაიმართა, ათასობით თელაველი დაესწრო. მათი სტუმრები იყვნენ რესპუბლიკის საზოგადოებრიობის, ქვეყნის სხვადასხვა ქალაქის შემოქმედებითი ინტელიგენციის წარმომადგენელნი“.
როგორც მაშინდელი გაზეთები წერდნენ, გაიმართა საზეიმო მიტინგი, რომელიც გახსნა პარტიის თელავის რაიკომის პირველმა მდივანმა ა. ბატიაშვილმა, მიტინგზე გამოსულმა საკავშირო სამხატვრო აკადემიის პრეზიდენტმა ნ. ტომსკიმ და საქართველოს მხატვართა კავშირის გამგეობის თავმჯდომარემ, საბჭოთა კავშირის სახალხო მხატვარმა უჩა ჯაფარიძემ კი „ილაპარაკეს ერეკლე მეორის ბრძნულ მოღვაწეობაზე მარადიული კავშირის განსამტკიცებლად, ქება შეასხეს ქართველი და რუსი ერების მარადიულ მეგობრობას, ბრძენი მეფისა და განთქმული მხედართმთავრისადმი მიძღვნილი ლექსი წაიკითხა პოეტმა ბ. ბერიაშვილმა“.
ერეკლე მეორის ძეგლის ფოტოები გამოაქვეყნეს საქართველოში გამომავალმა სხვა გამოცემებმაც, ჟურნალებმა „საბჭოთა ხელოვნებამ“ და „დროშამ“.
საზეიმო მიტინგზე ქართველი და რუსი ერების ურთიერთობაზე საუბრისას არავის გახსენებია ასპინძის ბრძოლა, რომლის მორიგი წლისთავი ძეგლის გახსნამდე ოთხი დღით ადრე, 20 აპრილს აღინიშნა და, რომელშიც რუსულმა რაზმმა ისე მუხანათურად მიატოვა ერეკლეს ლაშქარი გადამწყვეტი ბრძოლის წინ, რომ ქართულ ზეპირსიტყვიერებაში დღემდე უხვად მოიპოვება ამ საქციელის ამსახველი მასალა:
რუსის ჯარი შემწედ ჰყავდა,
სულ არ დაუჭირეს მხარი,
ისევ უკან მიდიოდნენ,
რაღაზედაც განაცხარი.
შუამავალთ ვერა ჰქმნეს რა,
სულ ვერ გარდიხადეს ვალი,
ტოტლებენმან უღალატა,
სხვას დაადვა თავის ბრალი,
ზარბაზნები არ ახმარა,
გაბრუნდა შურისგან მთვრალი,
მეფემ არაფრად ჩააგდო
იმისთანა წუწკი, მყრალი...
საბჭოთა პროპაგანდა (მისი როგორც რუსული, ასევე ქართული კომპონენტი) არაფერს ამბობდა გეორგიევსკის ტრაქტატის პირობების დარღვევასა და 1801 წლის ალექსანდრე პირველის მანიფესტის გამოცემაზე, რასაც საქართველოს სამეფოს გაუქმება და ანექსია მოჰყვა.
ოთხი წლის წინ, როცა ერეკლე მეორის 300 წლისთავი აღინიშნებოდა, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ქადაგიშვილი პირდაპირ წერდა რუსეთის მუხანათობაზე, რამაც მთელი ორი საუკუნით ამოაგდო საქართველო მსოფლიო ისტორიიდან.
„...ორად გაყოფილ საქართველოს ოსმალეთისა და სპარსეთის იმპერიები დამოუკიდებლობისა და ეროვნული იდენტობის საბოლოო მოსპობით ემუქრებოდნენ. სწორედ, ასეთ მნიშვნელოვან დროსა და სივრცეში, სამხედრო ხელოვნების უბადლო მცოდნე და დიდი სტრატეგი - ერეკლე მეფე იღებს უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებას, ქართველთა სამეფოს ბედი დაუკავშიროს იმ დროისთვის გეოპოლიტიკურად ერთადერთ ხელმისაწვდომ, შედარებით ევროპეიზირებულ ქვეყანას, მართლმადიდებლურ რუსეთს. შეთანხმების თანახმად, ქართლ-კახეთის სამეფო ინარჩუნებდა დამოუკიდებლობას და რუსეთის იმპერიასთან სამხედრო-პოლიტიკურ მოკავშირეობაში შედიოდა. რაც სამწუხაროდ, მოკლე ხანში მუხანათურად იქნა დარღვეული რუსეთის იმპერიის მიერ“, - გიორგი ქადაგიშვილი, ჟურნალი „ოლე“, მწერალთა ასოციაცია „ლიტერატურული კახეთის“ გამოცემა.
4 წლის შემდეგ საქართველოს ხელისუფლება საქართველოს გმირ და თავდადებულ მეფეზე საუბრისას არაფერს ამბობს რუსეთის ვერაგობაზე.
ასევე ნახეთ გეორგიევსკის „ლეღვის ფოთოლი“თელავში ერეკლეს ძეგლის გახსნისას, 53 წლის წინ ნათქვამი პროპაგანდისტული ტყუილი - „საქართველოს და რუსეთის კავშირის ხელშეკრულებამ დასაბამი მისცა დიად მეგობრობას, რომელმაც დროის ყოველგვარ მკაცრ გამოცდას გაუძლო და მშვიდობა და აყვავება მოუტანა პატარა ქვეყანას“ - დღესაც გასაფანტია.
ერეკლე მეორის მეორე ძეგლის დადგმისას ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ ეს არის ძეგლი მებრძოლი, თავდადებული მეფისა, რომელიც უსინდისოდ მოატყუა რუსეთმა.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.