26 აპრილს სომხეთში გამოსვლები გაგრძელდა. ერევანში იმყოფებიან რადიო თავისუფლების თბილისის ბიუროს კორესპონდენტები. მათი თქმით, რამდენიმე ათასი ადამიანი შეიკრიბა ე.წ. "ლამბადას ხიდთან", ცენტრიდან ათამდე კილომეტრის მოშორებით. 12 საათისთვის მათ ოპოზიციის ლიდერ, ნიკოლ ფაშინიანთან ერთად რესპუბლიკის მოედნისკენ მსვლელობა დაიწყეს. მსვლელობამდე აქტივისტებმა გადაკეტეს მიმდებარე ქუჩები და მანქანებს გასვლის საშუალებას არ აძლევდნენ. ერთადერთი, ვისაც ისინი გზას უთმობდნენ, სასწრაფო დახმარების მანქანები იყო. ოთხსაათიანი მსვლელობის შემდეგ აქტივისტები რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ. აქ განთავსებულია სომხეთის სამთავრობო შენობები, მათ შორის, მთავრობის სასახლე, ერევნის მერია და რამდენიმე სამინისტრო.