“ენკა” სასამართლოს განაჩენს არ გაასაჩივრებს - რისთვის დაჯარიმდა ნამახვანჰესის მშენებელი კომპანია

ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებელი კომპანია  „ენკა რინიუებლზი“ არ აპირებს  გაასაჩივროს წყალტუბოს მაგისტრატი სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც მას 5-ათასლარიანი ჯარიმა დაეკისრა.

სასამართლომ კომპანია დამნაშავედ ცნო გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით განსაზღვრული მთელი რიგი პირობების დარღვევაში.

ნამახვანჰესის საწინააღმდეგო პროტესტის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ვარლამ გოლეთიანი, სასამართლოს გადაწყვეტილებას იმის დასტურად მიიჩნევს, რომ აქტივისტები ბოლო 6 თვის განმავლობაში სამართლიანად აპროტესტებენ კომპანია „ენკას“ საქმიანობას.

„დადგინდა, რომ კომპანიას არ აქვს 4 ლოკაციაზე სამუშაოების განხორციელების ნებართვა. კერძოდ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფლებში, ჟონეთსა და ოფურჩხეთში, დასაქმებულთათვის ბანაკები მოწყობილია უკანონოდ, სოფელ მამაწმინდის ტერიტორიაზე არ უნდა აეგოთ ბეტონის ქარხანა და ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ნამოხვანში, მდინარე რიონის ხეობაში, ქუთაისი-ალპანა მამისონის საავტომობილო გზის მოწყობას უკანონოდ ახორციელებენ ამ დრომდე. კომპანია გასცდა მოსამზადებელი სამუშაოების ფარგლებს და დაიწყო მშენებლობები, რასაც ჩვენ ხეობაში ყოფნის დროსაც ვაპროტესტებდით და მინისტრი ნათია თურნავა გვპასუხობდა, რომ კომპანია იმაზე მეტ ვალდებულებას იღებს, ვიდრე აქვს, და რომ ყველაფერი კანონის ფარგლებში მიმდინარეობდა. ამის მტკიცება ხელისუფლების მხრიდან დღემდე გრძელდება, წყალტუბოს სასამართლოს მოსამართლემ კი დააკმაყოფილა სამინისტროს ქვეუწყების სარჩელი და დააჯარიმა კომპანია“, - თქვა დღეს ვარლამ გოლეთიანმა მას შემდეგ, რაც მოსამართლემ გამოაცხადა გადაწყვეტილება “ენკას” 5 000 ლარით დაჯარიმების შესახებ.

ასევე ნახეთ რას ელოდებიან გუმათში - ნამოხვანში დაბრუნებას თუ პროტესტის გატანას რიონის ხეობის გარეთ

სასამართლო განხილვებს თავად “ენკა” არც დღეს და არც წინა სხდომებზე არ ესწრებოდა, მოსარჩელე მხარეს კი ამ პროცესში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი წარმოადგენდა. სახელმწიფო უწყება ნამახვანჰესის მშენებელ კომპანიას გარემოს დაცვის მინისტრის 2020 წლის 28 თებერვლის #2-91 ბრძანების საფუძველზე გაცემული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებითა და ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით განსაზღვრული პირობების შეუსრულებლობას ედავებოდა, უფრო კონკრეტულად კი, მოსარჩელე მხარე ამბობდა, რომ 2020 წლის 16 ოქტომბერს ჰესის ინსპქტირების დროს დაადგინა, რომ “ენკას” არ ჰქონდა შესრულებული 15-მდე ნაკისრი ვალდებულება:

  • მშენებლობის დაწყებამდე არ ჰქონდა სამინისტროში წარმოდგენილი და შესაბამის უწყებებთან შეთანხმებული მშენებლობის სატრანსპორტო სქემა ქ. ქუთაისის შემოვლით;
  • კაშხლის მშენებლობის დაწყებამდე არ არის გაკეთებული სიღრმული წყალსაგდებებით გატარებული ნაკადის ენერგიის ჩაქრობის პირობები;
  • მშენებლობის დაწყებამდე არ განხორციელებულა გზშ ანგარიშით ტვიშის ზონაში წარმოებული ყურძნის და ღვინის ხარისხობრივ მახასიათებლებზე მონიტორინგი, რაც მნიშვნელოვანი იყო მონაცემების შედარების უზრუნველსაყოფად და სათანადო შემარბილებელი ან/და საკომპენსაციო ღონისძიებების განსახორციელებლად. კომპანიას არც შემარბილებელი ან/და საკომპენსაციო ღონისძიებები შეუთანხმებია სამინისტროსთან, რისი ვალდებულებაც ასევე ჰქონდა;
  • მშენებლობის დაწყებამდე კომპანიას არ წარუდგენია სამინისტროში ფუჭი ქანების სანაყაროს პროექტები და არ შეუთანხმებია სამშენებლო მოედნების/ბანაკების პროექტები.
ასევე ნახეთ ნამახვანჰესის კრიზისის განმუხტვის აუცილებლობაზე ლაპარაკი დაიწყო - რას სთავაზობს ხელისუფლება აქტივისტებს?

ინსპექტირება, რომლითაც გაირკვა, რომ კომპანია “ენკა” ნაკისრ ვალდებულებებს არასრულად ასრულებდა, არასამთავრობო ორგანიზია “მწვანე ალტერნატივისა” და “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” მოთხოვნით ჩატარდა. საიას ქუთაისის ოფისის იურისტი დარინე სალდაძე დღეს რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ პუნქტები, რომელთა დარღვევაც 6 თვის წინ გამოავლინა გარემოსდაცვითი ინსპექტირების დეპარტამენტმა, ამ დრომდე არ გამოსწორებულა და კომპანიას ნაკისრი ვალდებულებები ჯერაც შეუსრულებელი აქვს.

„ვაპირებთ მივმართოთ დეპარტამენს, განხორციელდეს დამატებით ინსპექტირება, რათა დადგეს რეალური შედეგი. რადგან სასამართლოს გადაწყვეტილება კომპანიის სამართალდამრღვევად ცნობის შესახებ კომპანიას არ ავალდებულებს მშენებლობის შეჩერებას, ის კვლავ მთელი რიგი პირობების დარღვევით აგრძელებს საქმიანობას“ , - განმარტავს დარინე სალდაძე.

თავად ინვესტორი კომპანია თვლის, რომ სასამართლოში განხილული საკითხი უკავშირდება ნებართვით გათვალისწინებული სამუშაოების განხორციელების ვადების განსხვავებულ ინტერპრეტაციას. 2020 წლის ოქტომბრის თვის მდგომარეობით, გარემოს დაცვის სამინისტროს მათგან არაერთი წერილობითი დასაბუთება და არგუმენტაცია აქვს მიღებული იმ დარღვევებზე, რაზეც სამინისტროს ქვეუწყება სასამართლოში ედავებოდა.

ასევე ნახეთ EMC: ნამახვანჰესი ვერ უზრუნველყოფს ქვეყნისთვის ვერც უკეთეს ენერგოტარიფს, ვერც ენერგოუსაფრთხოებას

“მიუხედავად იმისა, რომ არ ვეთანხმებით საჩივრის შინაარს, კომპანია არ აპირებს გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება ზემდგომ ინსტანციაში“, - ნათქვამია „ენკა რინიუებლზის“ მიერ რადიო თავისუფლებისთვის წერილობით მიწოდებულ განცხადებაში. ამ განცხადების მიხედვით, მხარეებს შორის მსგავსი საკითხების გადაწყვეტა არსებული ხელშეკრულებით რეგულირდება, კომპანია კი ყველა თავის მოქმედებას არსებული ნებართვების ფარგლებში ახორციელებს.

„კომპანიის ნებისმიერი აქტივობა მუდმივი მონიტორინგის ქვეშ ხორციელდება როგორც შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან, ასევე შიდა მონიტორინგის სამსახურების მიერ, საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების გათვალისწინებით“, - ამბობენ „ენკაში“.

აქტივისტები მოძრაობისა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ 184-ე დღეა უწყვეტად აპროტესტებენ ნამახვანჰესის მშენებლობას. ბოლო 25 დღეა, პროტესტი სოფელ გუმათში გაშლილ კარვებში გრძელდება. აქტივისტები მასშტაბური აქციის გამართვას 23 მაისს აპირებენ თბილისში.

ასევე ნახეთ გუშაგები რიონის ხეობაში