რატომ აბარებს ქართველი ქართულის გამოცდას? - ემიგრანტები მოქალაქეობის აღსადგენი წესების გამარტივებას ითხოვენ

მიგრანტები - საილუსტრაციო ფოტო

უცხოეთში მცხოვრები ქართველების ჯგუფმა პარლამენტს მიმართა და ემიგრანტებისთვის საქართველოს მოქალაქეობის აღდგენა-შენარჩუნების პროცედურის გამარტივება სთხოვა.

ემიგრანტებს არასწორად მიაჩნიათ, რომ საქართველოში დაბადებული და გაზრდილი ადამიანი, რომელიც ახლა საზღვარგარეთ ცხოვრობს, მოქალაქეობის მისაღებად გამოცდებს აბარებდეს.

„საქართველოში დავიბადე, სკოლა აქ დავამთავრე და ცოტა უცნაურია, რომ მაიძულებენ ქართული ენის გამოცდა ჩავაბარო, კიდევ ისტორიის და სამართლის“, - ამბობს საინიციატივო ჯგუფის წევრი ალექსანდრე პეტრიაშვილი, რომელიც ახლა ჩეხეთში ცხოვრობს. „უცხოეთში საერთოდ არ არის სავალდებულო, მოქალაქეობის მისაღებად ენის გამოცდა ჩააბარო. მე ჩეხური ენის გამოცდა არ ჩამიბარებია. იქ უნივერსიტეტში ვასწავლი ამ ენაზე და ცხადი იყო, რომ ვიცოდი“.

ემიგრანტები ამბობენ, რომ საქართველოში მოქალაქეობის აღდგენა ხელოვნურადაა გართულებული.

„საქართველოს მოქალაქე თუ არ არის, ადამიანისთვის ძალიან რთულია საქართველოში ქონება შეიძინოს. რამდენიმე ჩემმა მეგობარმა ამის გამო სხვის სახელზე გააფორმა ბინა და ისე იყიდა“, - ამბობს ალექსანდრე პეტრიაშვილი.

მხოლოდ 2021-2022 წლებში საქართველოდან ემიგრაციაში 87 222 ადამიანი წავიდა და ეს პროცესი ისევ გრძელდება. 2023 წლის მარტში, NDI-ს კვლევამ აჩვენა, რომ ქვეყნიდან წასვლაზე საქართველოში ყოველი მეექვსე ადამიანი ფიქრობს.

ევროპაში მშობელი თუ გყავს ამ ქვეყნის წარმომადგენელი, ესეც კი საკმარისია, რომ მოქალაქეობა ენის გამოცდის გარეშე მიიღო, ჩვენთან კი გამოცდებს გაბარებინებენ“.

საინიციატივო ჯგუფის კიდევ ერთი წევრი, არქიტექტორი გია გაგოშიძე ათი წელია ბერლინში ცხოვრობს და მუშაობს. ჰყვება, რომ მოქალაქეობასთან დაკავშირებული პრობლემები მძაფრად გამოჩნდა კოვიდის დროს. მოულოდნელად ყველანაირი სერვისი გაჩერდა და ხალხი საქართველოში ვეღარ ჩადიოდა.

„ვერ ჩადიოდნენ საქართველოში, ახლობლების დასატირებლადაც კი, აღარ იყო გამოცდების ჩაბარების დრო“, - ამბობს გია გაგოშიძე.

საქართველოს პასპორტი

ემიგრანტები ამბობენ, რომ მათთვის ძალიან მოუხერხებელია, რომ საქართველო ორმაგ მოქალაქეობას არ უშვებს, უფრო სწორად - მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში.

გია გაგოშიძემ საქართველოს მოქალაქეობა დღემდე შეინარჩუნა, მაგრამ ძალიან კარგი შანსი გამოუჩნდა, გერმანიის მოქალაქეობა მიიღოს.

„გერმანიაში ახლა შრომითი ბაზრის კრიზისია და მაქსიმალურად ამარტივებს კანონმდებლობას სხვა ქვეყნების მოქალაქეებისთვის. აქამდე თუ გერმანული პასპორტის ასაღებად რვა წელი იყო საჭირო, ახლა 5 წელიც საკმარისი იქნება, გარკვეულ შემთხვევებში შესაძლოა 3 წელიც. რაც ყველაზე მთავარია, აქამდე თუ გერმანიის მოქალაქეობის მიღების შემთხვევაში სხვა ქვეყნის მოქალაქეობა უნდა დაგეთმო, ახლა ესეც იცვლება. საკუთარი მოქალაქეობის შენარჩუნება ნებადართული იქნება. რაც იმას ნიშნავს, რომ ათასობით ქართველს შესაძლებლობა ეძლევა საქართველოს მოქალაქეობა აღიდგინოს.

ქართველები, ვინც სხვა ქვეყანაში მოქალაქეობას იღებენ, ყველა წარმატებული და ადაპტირებულია, კრიმინალი არცერთი არ არის. საქართველო ამ ხალხს პირიქით უნდა იზიდავდეს. ის ემოციური ჯაჭვი, რაც საქართველოსთან აქვთ, არ უნდა გაუწყვიტო“.

საქართველოს მოქალაქე შეიძლება იყოს სხვა ქვეყნის მოქალაქეც, ოღონდ გამონაკლის შემთხვევაში. მოქალაქეობა მას საქართველოს პრეზიდენტმა უნდა მიანიჭოს - საქართველოს წინაშე განსაკუთრებული დამსახურების ან სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე.

სახელმწიფო ინტერესების შეფასებისას, ამ გარემოებებსაც ითვალისწინებენ:

  • მოქალაქეობის მაძიებელს მიაჩნია თუ არა საქართველო სამშობლოდ
  • არის თუ არა იგი ან მისი წინაპარი ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული, ან ხომ არ ცხოვრობს ამ მხარეში
  • ხომ არ არის საქართველოდან გადახვეწილი პოლიტიკური მოსაზრებით ან მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო
  • ხომ არ ჩადო საქართველოს ეკონომიკაში მნიშვნელოვანი ინვესტიცია
  • თუკი წარმატებული სპორტსმენი, მეცნიერი ან ხელოვანია და სურს მოღვაწეობა საქართველოს სახელით განაგრძოს

ამ შემთხვევაშიც მოქალაქეობის მაძიებელმა უნდა იცოდეს ქართული, საქართველოს ისტორია და სამართლის ძირითადი საფუძვლები.

სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეობა ადამიანს იმ შემთხვევაში შეუნარჩუნდება, თუკი ის ინარჩუნებს კავშირს ქვეყანასთან და ამას აღიარებს და ხედავს სახელმწიფოც.

ალეკო სვანიძე, „მიგრაციისა და თავშესაფრის კონსალტინგის“ დირექტორი ამბობს, რომ შეიძლება ენის გამოცდა დარჩეს, მაგრამ სამართალსა და ისტორიას ნამდვილად არ უნდა აბარებდნენ ის ადამიანები, რომლებიც საქართველოში დაიბადნენ და სკოლაშიც აქ სწავლობდნენ.

„ქართულ ენასთან დაკავშირებითაც იუსტიციის სამინისტრომ ცვლილება მოამზადა (1 მაისიდან ამოქმედდება). აპლიკანტს შეუძლია ენის ტესტი გამოცდამდე ჩააბაროს და მისი შედეგები ერთი წლის განმავლობაში იქნება ვალიდური“, - ამბობს ალეკო სვანიძე. ის ასევე ჰყვება, რომ მოქალაქეობის მინიჭების პროცედურა ერთდროულად სუბიექტურიცაა და ფორმალურიც. კომისია გასაუბრებაზე სტანდარტულ კითხვებს სვამს.

„…ამის გამო ბევრი სარჩელი გვაქვს სასამართლოში. შეიძლება არ მისცენ მოქალაქეობა, ძალიან მშრალად დაწერონ, რომ აპლიკანტს საქართველოსთან კავშირი არ აქვს, თუმცა, რატომ არა აქვს, ამას უკვე აღარ წერენ. ამ დროს ამ ადამიანმა შესაძლოა დევნილობის გამო დატოვა საქართველო, ან დედა ჰყავს ისევ საქართველოში და, შესაბამისად, კავშირიც აქვს, მაგრამ მაინც სუბიექტურად იღებენ გადაწყვეტილებას“, - ამბობს ალეკო სვანიძე და მაგალითად ისრაელი მოჰყავს, - „ისრაელი ნებისმიერ ქვეყანაში დაბადებულ ებრაელს გამარტივებული წესით ანიჭებს მოქალაქეობას. ცდილობს ერთი ადამიანიც არ დაკარგოს. ჩვენთან კი პირიქით არის“.

საკანონმდებლო წინადადება პარლამენტში ჯერ კიდევ 2023 წლის ივლისში შევიდა. გია გაგოშიძე ამბობს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ნოემბერში საკანონმდებლო წინადადების ხელმომწერები საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებსაც გაესაუბრნენ, თუმცა, საკითხის პარლამენტში განხილვა არც ამის შემდეგ დაწყებულა. ინიციატივის ხელმომწერები ფიქრობენ, რომ განხილვა რაც შეიძლება მალე უნდა დაიწყოს და ამ პროცესში თავად ემიგრანტებიც უნდა ჩართონ.