რადიო თავისუფლებას ასევე სხვადასხვა წყარომ დაუდასტურა, რომ ჯგუფის წევრები თავს კარგად გრძნობენ - იღებენ საკვებს, მათზე არ ძალადობენ და მობილური ტელეფონებიც დაუბრუნეს.
მიგრანტების ჯგუფის გატაცებასთან დაკავშირებით, ინფორმაცია გასულ კვირაში ტელეკომპანია „მთავარმა“ გაავრცელა. 18 მარტს კი, საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა, რომ „არავინ გაუტაცებიათ“ და მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლე არ არის.
- როგორ აღმოჩნდნენ საქართველოს მოქალაქეები მექსიკური კარტელის ხელში?
- რა ბედი ელით მათ?
ჩქარობდნენ...
საკითხში კარგად გარკვეული წყარო რადიო თავისუფლებას უყვება, რომ მექსიკაში ქართველების 30-წევრიანი ჯგუფი გავლენიანმა მექსიკურმა კარტელმა საიმიგრაციო სამსახურის ავტობუსიდან ძალით წაიყვანა.
მისი მონათხრობით, მიგრანტების გადაყვანაში მექსიკის საიმიგრაციო სამსახურიც, გარკვეული საფასურის სანაცვლოდ, არალეგალურადაა ჩართული.
ქართველი მიგრანტების გატაცება, სავარაუდოდ, საიმიგრაციო სამსახურსა და დანაშაულებრივ ჯგუფებს შორის დაპირისპირებას მოჰყვა.
წყარო ჰყვება, რომ დაახლოებით ერთი კვირის წინ კარტელმა გააფრთხილა ადგილობრივი მძღოლები - გზებზე მიგრანტების გადაყვანის საშუალებას არავის მივცემთ და ეს პროცესი უნდა შეწყდესო.
მისი მონათხრობით, რომელიც ემთხვევა კიდევ რამდენიმე წყაროს ინფორმაციას, გადამყვანმა [რომელიც მიგრანტების მექსიკიდან აშშ-ში გადაყვანისთვის არის პასუხისმგებელი], შექმნილი ვითარების შესახებ ჯგუფის წევრები გააფრთხილა და მათ სასტუმროში გარკვეული დროით დარჩენა ურჩია.
ამ დროს საქართველოს მოქალაქეების ჯგუფი მექსიკის ქალაქ ტაპაჩულაში იმყოფებოდა. ეს ქალაქი მიგრანტებისთვის ერთგვარი ჰაბია.
მიუხედავად იმისა, რომ მძღოლები სხვა ქალაქში, აეროპორტამდე გადაყვანაზე უარს ამბობდნენ, წყაროს თანახმად, საქართველოს მოქალაქეების ჯერ 5-წევრიანმა ჯგუფმა, სხვა გადამყვანის შუამავლობით, მაინც მოძებნა ერთი მძღოლი, რომელიც გადაყვანაზე დაითანხმეს.
„მძღოლმა კი ჩაისვა მანქანაში და წაიყვანა, მაგრამ გზაში დაიჭირა კარტელმა. მგზავრებს წაართვეს ფული, გალახეს და მოითხოვეს გამოსასყიდი“, - წყარო გვეუბნება, რომ გამოსასყიდი გადამყვანის გადასახდელი გახდა და „ეს ჯგუფი ამის შემდეგ გაათავისუფლეს“.
5-წევრიანი ჯგუფის გამოცდილებამ აჩვენა საფრთხის რეალობა, მაგრამ, წყაროს თანახმად, რადგან მიგრანტები მოსალოდნელი ფინანსური ზარალის გამო ძალიან ჩქარობდნენ, საბოლოოდ, გადაწყდა, რომ გარიგებოდნენ საიმიგრაციო სამსახურს, რომლის გეგმითაც, ქართველების უკვე 30-წევრიან ჯგუფს ავტობუსში ჩასვამდნენ ხელბორკილებით, თითქოსდა ეს სადეპორტაციოდ გამზადებული ჯგუფი იყო.
ამ ხრიკმა არ გაჭრა - „ავტობუსი გამოვიდა თუ არა, ეს ადამიანები დაიჭირა კარტელმა და წაართვა საიმიგრაციო სამსახურს. 30 ადამიანი წაიყვანეს თავის ტერიტორიაზე, სადღაც ფარდულში და უთხრეს ამ გადამყვანს - ხომ შემოგითვალეთ, აღარავინ უნდა წაგეყვანათო... ახლა გადაიხდით აი, ამდენსო [90 ათას დოლარს]“.
შემთხვევა, სავარაუდოდ, 13 მარტს მოხდა.
მინისტრი ამბობს, რომ არავინ გაუტაცებიათ.
30-წევრიანი ჯგუფის გატაცების შესახებ, ინფორმაცია ტელეკომპანია „მთავარმა“ 16 მარტს გაავრცელა.
იმავე დღეს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ საელჩო კავშირზე იყო მექსიკის საიმიგრაციო სამსახურთან „დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით“ და არკვევდა „მოქალაქეთა შესაძლო ადგილსამყოფელს“.
განცხადებიდან ასევე ირკვეოდა, რომ საელჩოს მიმართეს გატაცებული ჯგუფის ოჯახის წევრებმაც.
18 მარტს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა უარყო ინფორმაცია ქვეყნის ათეულობით მოქალაქის მექსიკაში გატაცების შესახებ.
„თქვენ გარდა, ქართველების გატაცებაზე არავინ საუბრობს. ნუ შეგყავთ ჩვენი მოქალაქეები, ჩვენი მაყურებლები შეცდომაში. გქონდეთ, გეყოთ იმის ძალა, რომ, როდესაც არასწორ და უსაფუძვლო ინფორმაციას გაავრცელებთ, გამოხვიდეთ და თქვათ, რომ ეს იყო დაუზუსტებელი ინფორმაცია... არავინ არ არის გატაცებული!“ - თქვა დარჩიაშვილმა, მედიასთან საუბრის დროს.
მინისტრის სიტყვებიდან ასევე ჩანს, რომ ადამიანების გარკვეული ჯგუფი დახმარებას ითხოვდა. „ჩვენ ვინც დაგვიკავშირდა, მათთან ვმუშაობთ, რომ მათ საჭიროებებზე მოხდეს რეაგირება, ჩვენ ამას გავაკეთებთ მომავალში“, - ილია დარჩიაშვილს არ დაუკონკრეტებია, რა საჭიროებები იგულისხმება.
დამატებით დეტალებს საგარეო უწყება აღარ აზუსტებს. ადასტურებს მხოლოდ იმას, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო და მექსიკაში საქართველოს საელჩო ხაზზეა იმ ოჯახის წევრებთან, ვინც დახმარების თხოვნით მიმართა და „მათ უზიარებენ შესაბამის ინფორმაციას“.
როდესაც მინისტრი მედიას ელაპარაკებოდა, საქართველოს მოქალაქეების ჯგუფი, რადიო თავისუფლების წყაროს თანახმად, ჯერ კიდევ კარტელის ხელში იყო.
რა მოელის ჯგუფს?
ჯგუფის წევრები გათავისუფლებას ჯერ ისევ რომ ელოდებიან, რადიო თავისუფლებას ერთ-ერთი მძევლის ოჯახის ახლობელმაც დაუდასტურა. მანვე გვითხრა, რომ მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და პირველად საჭიროებებზე მიუწვდებათ ხელი.
ასევე, რადიო თავისუფლების ინფორმაციით, დატყვევებულებს მობილური ტელეფონებიც დაუბრუნეს.
სხვა დეტალებზე საუბრისგან ოჯახის წევრები ამ ეტაპზე თავს იკავებენ, უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე.
თანხა გადახდილია.
„ამ ხალხს ახლა ეუბნებიან [კარტელი] - ცოტაც დაიცადეთ და ჩვენ თვითონვე წაგიყვანთო“, - წყარო რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ მოთხოვნილი თანხა, 90 ათასი დოლარი, უკვე გადახდილია და მიღებული დაპირების თანახმად, ჯგუფის დეპორტაცია არ მოხდება, ანუ მათ მექსიკის სახელმწიფოს არ გადასცემენ - „მექსიკის მთავრობის ხელში მათი აღმოჩენა, დეპორტაციით დამთავრდება“.
ვინ გადაიხადა ფული?
წყაროს თანახმად, „ფული გადაიხადა გადამყვანმა - ოჯახებს არ გადაუხდიათ“.
შესაძლოა ჩაიკეტოს მექსიკის გზა აშშ-სკენ?
გადაყვანის ბიზნესში ჩართულ ადამიანებს იმედი აქვთ, რომ გზა საბოლოოდ არ ჩაიკეტება, მაგრამ „შეიძლება გაძვირდეს“, რადგან შემოვლითი მარშრუტები უფრო ძვირი დაჯდება.
მექსიკის საზღვრის გავლით ამერიკის შეერთებულ შტატებში მოხვედრა უკვე ათასობით საქართველოს მოქალაქემ სცადა და ბევრმა - წარმატებით.
ამ ეტაპზე ყველაზე პოპულარული მარშრუტია ნიკარაგუის გავლით, საიდანაც, მექსიკამდე მისაღწევად - ჰონდურასისა და გვატემალის გავლაა საჭირო. მარშრუტი 4-5-დღიანია.
გარანტირებული არაფერია - მიგრანტებმა იციან, რომ რისკზე მიდიან; ისინი შესაძლოა, რომელიმე ქვეყანაში არ გაატარონ და, დიდი ფინანსური დანაკარგებით, კვლავ სახლშიც მოუწიოთ დაბრუნება.
მათ, ვინც, ხშირად - მძიმე დაბრკოლებების გადალახვით, აშშ-ის საზღვრამდე მიაღწევს, შესაძლოა დროებით ციხეშიც მოუწიოთ ჩაჯდომა. თემატურ ჯგუფებში გადამყვანები წერენ, რომ ბოლო დროს გზა გაცილებით უფრო იოლი და კომფორტული გახდა. ყველა ასე არ ფიქრობს და ბევრი წერს მწარე გამოცდილების შესახებაც.
საერთაშორისო მედიაში ხშირია ცნობები, რომ მექსიკის ნარკოკარტელმა უკვე დიდი ხანია გააფართოვა საქმიანობის არეალი და ნარკოტიკებით ვაჭრობასთან ერთად დაკავებულია გამოძალვით, ადამიანების მოტაცებით, ნავთობის დატაცებითა და მიგრანტების უკანონო გადაყვანით.
- მექსიკის ხელისუფლებამ 2023 წლის მაისში განაცხადა, რომ ნარკოკარტელმა და კონტრაბანდისტთა ჯგუფებმა 2022 წელს 2115 ლტოლვილი გაიტაცეს. ყველა გაათავისუფლეს.
ტელეკომპანია „ალჯაზირას“ თანახმად, 2023 წლის გაზაფხულზე, მექსიკაში გაიტაცეს ავტობუსში მჯდომი ყველა მიგრანტი, მძღოლებიანად. სულ მცირე - 49 ადამიანი. ერთ-ერთი თვითმხილველის ცნობით, ავტობუსი უცნობმა პირებმა გააჩერეს და გამოსასყიდი მოითხოვეს - 40 ათასი პესო [დაახლოებით 2250 დოლარი]. პოლიციამ გატაცებულ მიგრანტებს, პატარა ჯგუფებად დაყოფილს, სხვადასხვა მისამართზე მიაგნო. ისინი უვნებლად დააბრუნეს.