არჩევნებისთვის შორ გზაზე - ემიგრანტები მგზავრობის შესაძლებლობებს ეძებენ

​​​​​​​არჩევნებისთვის, ემიგრანტების დიდ ნაწილს ასობით და ათასობით კილომეტრის გავლა მოუწევს - მატარებლით, სამარშრუტო ტაქსით და თვითმფრინავითაც. ზოგი ყველაფერს თავისი ძალებით ახერხებს, ზოგს კი - დახმარება ესაჭიროება.  

„გაიყოლე“, „დაიტოვე“ - ემიგრანტთა პლატფორმები და ჯგუფები კოორდინირებულ სამოქმედო გეგმაზე მუშაობენ. სურთ, რომ 26 ოქტომბერს ყველამ შეძლოს არჩევნებზე მისვლა.

უკვე თვეებია, ემიგრანტები დამატებითი უბნების გახსნას ითხოვენ, მაგრამ უშედეგოდ.

ცესკოს ინფორმაციით, ამ ეტაპზე საზღვარგარეთ ხმის მიცემის უფლების მქონე ამომრჩეველთა რაოდენობა 95 834-ს შეადგენს. სექტემბრის ბოლოს არსებული სტატისტიკა 65 508 რეგისტრირებულ ემიგრანტს ითვლიდა. რადიო თავისუფლებას ცესკოში უთხრეს, რომ მონაცემები საბოლოო არ არის. ხმის მიცემა უცხოეთში 67 საარჩევნო უბანზე - 42 ქვეყნის 53 ქალაქში იქნება შესაძლებელი.

პირველად პეკინში

ლალი [გვარის თქმა არ სურს] უკვე 25 წელია, ტაივანში ცხოვრობს და, შვილთან ერთად, წელს პირველად გეგმავს ჩინეთის დედაქალაქ პეკინში ჩასვლას - არჩევნებისთვის, თვითმფრინავით, 1700 კმ-ზე.

„3.5 საათი უნდა ვიფრინოთ. ერთი ბილეთი [ორი გზა] 500 დოლარამდე ღირს. მერე იქ დარჩენის ხარჯიც გვექნება, იმ დღესვე ვერ დავბრუნდებით. ვფიქრობდი - იაპონიაში ან ფილიპინებში გადასვლას, უფრო ახლოს იქნებოდა ჩვენთვის, მაგრამ გვითხრეს - მაინცდამაინც ჩინეთში უნდა ჩახვიდეთო“, - ლალი გვეუბნება, რომ პეკინში მანამდე არასოდეს ყოფილა.

ბილეთები ჯერ არ უყიდია. როგორც ამბობს, ცესკოს საარჩევნო სიის მიხედვით - რეგისტრაცია ჯერ ისევ თბილისის მისამართზე აქვს და საარჩევნო ბარათიც თბილისში მიუტანეს, მაგრამ საკონსულო აღრიცხვა სექტემბრის ბოლოს გაიარა და იმედი აქვს, რომ განახლებულ სიაში სწორად იქნება შეყვანილი.

„ნევროზი ავიკიდე ლამის ამ ლოდინით. ხან საგარეო საქმეთა სამინისტროს გვერდზე შევდივარ - ვამოწმებ სიას და ხან - ცესკოს სიებში ვეძებ ჩემს თავს. ცესკოს დავუკავშირდი, მითხრეს - 18-დან 20 ოქტომბრამდე გამოქვეყნდება სიებიო. მეშინია, შეიძლება თვითმფრინავის ბილეთი აღარც იყოს მერე, ან გაძვირდეს. არადა, რომ ვიყიდო, მერე აღარ ჩაიბარებენ... რაზეა ნეტა ეს ყველაფერი გათვლილი - ლოდინით რომ დაიღალო, ალბათ?!“, - ამბობს ლალი.

ლალის მსგავსად, ცესკოს განახლებულ საარჩევნო სიას ბევრი ემიგრანტი ელოდება, რათა დარწმუნდნენ, რომ ხმის მიცემის შესაძლებლობა ექნებთ და შორ მანძილზე მგზავრობის დაგეგმვაც უღირთ. „[სია] ჯერჯერობით მუშავდება და როგორც კი შესაძლებლობა იქნება, განახლებული სია გამოქვეყნდება“, - უთხრეს რადიო თავისუფლებას ცესკოში.

ტაივანი - დემოკრატიული მმართველობის კუნძულია, რომელიც 74 წელია, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკისგან დამოუკიდებლად იმართება. მაგრამ ჩინეთი მას თავის განუყოფელ ნაწილად მიიჩნევს, ტაივანელებს კი გაერთიანება არ სურთ. „ერთიანი ჩინეთის პრინციპისადმი“ საქართველოს ხელისუფლების მხარდაჭერა დამოუკიდებლობისკენ ტაივანის სწრაფვას თავისთავად გამორიცხავს.

„საარჩევნო ტური“ - სულ ცოტა, 1000 დოლარად

2000 კმ-ის გავლა მოუწევთ სოფო მთივლიშვილსა და მის მეგობრებს. აშშ-ში, კუნძულ ქი უესტიდან, ხმის მისაცემად, ვაშინგტონში უნდა ჩავიდნენ - 3 საათი უნდა იფრინონ. ამაზე უფრო ახლოს არცერთი საარჩევნო უბანი არ ეგულებათ.

„ჩვენთვის ყველაზე ხელსაყრელი იქნებოდა, რომ არჩევნებისთვის მაიამიში ჩავსულიყავით [მანქანით 4 საათის გზა], მაგრამ არ გახსნეს უბანი, ყველასთვის კარგად ცნობილი მიზეზების გამო. ახლა 3 დღის აღება გვიწევს სამსახურში, რაც ჩვენთვის ფინანსურად წამგებიანია. ამ არჩევნების განსაკუთრებული მნიშვნელობის გამო, 25 ოქტომბერს მივფრინავთ. 26-ში რომ გავფრინდეთ, ხომ შეიძლება ფრენა გადაიდოს ან სხვა მიზეზი იყოს და ხმა ვერ მივცეთ“, - გვეუბნება სოფო მთივლიშვილი და ამატებს, რომ ქი უესტიდან ვაშინგტონამდე პირდაპირი ავიარეისის არსებობაც დიდი გამართლებაა.

26 ოქტომბერს, დიდი ალბათობით, სოფო რიგითი ამომრჩეველი არ იქნება. აქვს მიზანი, რომ კენჭისყრის მიმდინარეობის პროცესში დამკვირვებლის როლიც შეასრულოს. გვეუბნება, რომ პროცედურები გაიარა და, წესით, ხელი არაფერმა უნდა შეუშალოს.

სოფოს 14 თანამგზავრი ეყოლება - სულ საქართველოს მოქალაქეები. ამ ჯგუფში 10 ჟურნალისტია - საქართველოდან სხვადასხვა დროს წასული ემიგრანტები. თავად სოფო 5 წლის წინ წავიდა. ბოლოს ის საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე მუშაობდა.

  • თვითმფრინავის ბილეთის ხარჯი 300 დოლარია [2 გზა, 1.5 თვით ადრე ნაყიდი];
  • დათვლილი აქვთ სასტუმროს ხარჯიც - 300 დოლარი ერთ ადამიანზე;
  • კიდევ არის - კვებისა და ტრანსპორტის ხარჯი ადგილზე.

„რაც დავთვალე, ეს საარჩევნო ტური 1000 დოლარი მაინც დამიჯდება და ასევე, თვის ბოლოს ჩემს ხელფასსაც დაეტყობა, 3 დღის აღება რომ მიწევს სამსახურში. ამის ფუფუნებას თავს ხშირად ვერ აძლევ აქ“, - ეუბნება სოფო რადიო თავისუფლებას.

ჯგუფების გადაყვანა სტრასბურგიდან

26 ოქტომბრის არჩევნებზე საფრანგეთში ორი უბანი გაიხსნება, მაგრამ ორივე - პარიზში.

სტრასბურგში აქტივისტების მხოლოდ ერთ ჯგუფს 300-მდე ადამიანის ტრანსპორტირებაზე უწევს ფიქრი. ემიგრანტების დიდი ნაწილი სტრასბურგში სამკურნალოდ არის ჩასული და ამიტომ უნდათ, რომ, პარიზამდე და უკან, ექიმებიც დაიმგზავრონ.

მიეცი ხმა ემიგრანტო 2024“ - სპეციალურად ამ საქმისთვის მოძიებულ ნეიტრალურ ანგარიშზე თანხას აგროვებს.

„თანხა გამოიყენება სტრასბურგიდან პარიზში გადაადგილებისთვის. პრიორიტეტულად გათვალისწინებული იქნება სამედიცინო დახმარების საჭიროების მქონე მოქალაქეები, შემდეგ კი ასაკობრივი ზღვრის მიხედვით“, - წერია ჯგუფის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

  • პარიზიდან სტრასბურგამდე თითქმის 500 კმ-ია და ეს სადღაც 5-საათიან მგზავრობას ნიშნავს.
  • დათვლილი აქვთ, რომ, დაქირავებული ტრანსპორტით, გზის ხარჯად [ორივე მიმართულება] თითოეულ ადამიანს 150 ევრო მაინც სჭირდება.

სტრასბურგელი ემიგრანტი მარი კაიშაური, რომელიც საფრანგეთში მცხოვრებ ქართველებს მანამდე საკონსულო აღრიცხვაში ეხმარებოდა, ახლა, თანამოაზრეებთან ერთად, ტრანსპორტირების საკითხის მოგვარებით არის დაკავებული - „რათა ყველამ ისარგებლოს კონსტიტუციური უფლებით“.

„ამ ეტაპზე 270 ადამიანია ჩვენს სიაში. პრიორიტეტული ჯგუფებია - სამედიცინო საჭიროების მქონე ადამიანები და ასაკოვანი ადამიანები, რადგან მათთვის "გაიყოლეს" პროგრამა ვერ იმუშავებს. შემდეგ კი, თუ დახმარება საკმარისი იქნება, სხვა მსურველებსაც მოვიცავთ - ალზასის [საფრანგეთის რეგიონი] ტერიტორია ძალიან დიდია და ბევრ ადამიანს უწევს ჩასვლა პარიზში... ასევე ჩართული ვართ "გაიყოლეს" პროგრამაში, რომ ეს ხალხი დავაკვალიანოთ და ამ ადამიანების ხმა არ დავკარგოთ“, - გვეუბნება მარი კაიშაური და დახმარების იმედი აქვს ყველასგან.

ორგანიზატორებს აქვთ გეგმა, რომ სტრასბურგიდან ავტობუსით ან სამარშრუტო ტაქსებით წაყვანილი ადამიანები იმავე დღეს უკან დააბრუნონ, რაც იოლი არ იქნება.

„იქ დარჩენის ხარჯს ვეღარ გავწვდებით, მაშინ ერთ ადამიანზე 200 ევრო მაინც იქნება საჭირო და ამიტომ ეს წარმოუდგენელი მგონია... სხვა საკითხია, როგორ შეძლებენ ამხელა გზაზე წინ და უკან მგზავრობას სამედიცინო საჭიროების მქონე და ასაკოვანი ადამიანები“, - ამბობს რადიო თავისუფლებასთან მარი კაიშაური.

სტრასბურგელი ემიგრანტები საარჩევნო უბნის გახსნას უკვე თვეებია მოითხოვენ, მაგრამ მათი მოთხოვნა არ შესრულდა. 11 ოქტომბერს, ცესკოს სხდომაზე დამტკიცებული განკარგულებით, საფრანგეთში კიდევ ერთი საარჩევნო უბანი გაიხსნა, მაგრამ ისიც - პარიზში და არა სტრასბურგში.

ასევე ნახეთ საზღვარგარეთ დამატებით შვიდი საარჩევნო უბანი გაიხსნება - იმავე ქალაქებში

„გაიყოლე“, „დაიტოვე“ და სხვა გზების ძიება

ემიგრანტების საერთაშორისო პლატფორმის „თაობები ქვეყნისთვის“ ფეისბუკგვერდზე სპეციალური სარეგისტრაციო ანკეტა ვრცელდება, რომელიც არჩევნებზე წასვლის მსურველების ერთმანეთთან დაკავშირებას ისახავს მიზნად.

ამ ანკეტის შევსებას სთხოვენ მათაც, ვინც გადაადგილების გზებს ეძებს და მათაც - ვისაც ტრანსპორტით დახმარება შეუძლია.

„უკვე აღმოვაჩინე 8-კაციანი სამარშრუტო ტაქსი და უკვე შევავსეთ კიდეც”, - ეუბნება რადიო თავისუფლებას იტალიაში მცხოვრები ემიგრანტი - მარინა, რომელიც მგზავრობის შესაძლებლობებს „თაობები ქვეყნისთვის“ ჯგუფში ეძებდა.

  • არჩევნების დღეს მარინას ქალაქ რეჯოდან მილანში უწევს ჩასვლა, დაახლოებით 2 საათის გზაზე [150 კმ].
  • რა დაუჯდება - არ აკონკრეტებს, მაგრამ გვეუბნება, რომ სამარშრუტო ტაქსის მძღოლიც ქართველი ემიგრანტია და მგზავრებს მხოლოდ ბენზინის ხარჯის განაწილება უწევთ, რაც გაცილებით მისაღები ვარიანტია მათთვის, ვიდრე ავტობუსის ხარჯი იქნებოდა.

„გაიყოლეს“ გარდა, ემიგრანტები „დაიტოვეს“ ჯგუფებშიც ერთიანდებიან - სხვა ქალაქიდან ხმის მისაცემად ჩასულმა ამომრჩეველებმა, იმ ქალაქში, სადაც უბანია გახსნილი, ღამით დარჩენაც რომ შეძლონ.

„სხვადასხვა ქვეყანაში ბევრი პატარა ჯგუფი შეიქმნა ამომრჩევლების დასახმარებლად, მაგრამ ძნელია მხოლოდ საკუთარი ძალებით ყველა მსურველის დახმარება. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ გავერთიანებულიყავით. მრგვალი მაგიდის პრინციპით - გვქონდა ონლაინშეხვედრებიც... სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა საჭიროებაა და ახლა ერთობლივად ვმუშაობთ“,- ეუბნება რადიო თავისუფლებას „თაობები ქვეყნისთვის“ წარმომადგენელი, გერმანიაში მცხოვრები ანა ხელაია-ბეკი.

საარჩევნო უბანი ანას ქალაქთან ძალიან ახლოს - შტუტგარტში იხსნება, მაგრამ, მაგალითად - ბრემენში ან ჰამბურგში მცხოვრებ ემიგრანტებს [ყველაზე ახლოს] ბერლინში გახსნილ საარჩევნო უბანზე მოუწევთ ხმის მიცემა.

ქალაქ ბრემენში მცხოვრები სტუდენტი - ნათია გოგილაშვილი ხმის მისაცემად სწორედ ბრემენიდან ბერლინში უნდა ჩავიდეს. მეგობრებთან ერთად. ნათია მატარებლით აპირებს მგზავრობას.

  • ბრემენიდან ბერლინამდე [410 კმ] ავტომანქანით ჩასვლას 4 საათი და 20 წუთი სჭირდება;
  • სწრაფი მატარებლით - 3.5 საათი, ხოლო საქალაქთაშორისო მატარებლით - თითქმის 7 საათიც.
  • სწრაფი მატარებლის ბილეთი ამ დროისთვის 80 ევროა.

„მე ჰანოვერამდე უფასოდ ჩავდივარ, როგორც სტუდენტი, "დოიჩლანდ თიქეთით" და ჰანოვერი-ბერლინი და იმავე დღეს ბერლინი-ჰამბურგი 22 ევრო ღირდა. ოღონდ ეს 2 თვის წინ დავჯავშნეთ. მთავარი ბარიერი სიშორეა. ბრემენის შემოგარენიდანაც უამრავი ადამიანი ორჭოფობს სიშორის გამო“, - ეუბნება ნათია რადიო თავისუფლებას.

რატომ გაწვალდნენ ემიგრანტები?

უკვე თვეებია, საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები დამატებითი უბნების გახსნას ითხოვენ, მაგრამ - უშედეგოდ.

ცესკოს ახალი განკარგულებით, რომელიც სხდომაზე, 11 ოქტომბერს დაამტკიცეს, საზღვარგარეთ დამატებით შვიდი უბანი გაიხსნება. მაგრამ ახალი უბნები დაემატა მხოლოდ იმ ქვეყანასა და ქალაქებს, რომელთა ჩამონათვალიც ცესკომ, სექტემბრის ბოლოს დაამტკიცა.

საარჩევნო კოდექსის ჩანაწერის მიხედვით, საზღვარგარეთ საარჩევნო უბნები ცესკომ [საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაცემების საფუძველზე] „არანაკლებ 50 და არაუმეტეს 3000 ამომრჩევლისათვის“ უნდა გახსნას.

საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ცესკოს ინფორმაციით, ყველა საარჩევნო უბანი იმუშავებს საკონსულოებში ან საელჩოს შენობებში. ცესკოში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ამბობენ, რომ კანონმდებლობა ასეთ მოთხოვნას არ იცნობს.

ემიგრანტები სხვადასხვა ქალაქში საპროტესტო აქციებს დღემდე მართავენ.