26 ოქტომბერს საქართველო პირველად აირჩევს სრულად პროპორციული წესით საკანონმდებლო ორგანოს. გარდა იმისა, რომ ახალმა სისტემამ პარტიებს კოალიციებში თანაცხოვრება უნდა ასწავლოს, ის განსაზღვრავს ქვეყნის გეოპოლიტიკურ კურსსაც. საქართველო არჩევნებამდე შეჩერებული ევროატლანტიკური ინტეგრაციით მიდის, რაც მოსახლეობის დიდ ნაწილს არ მოსწონს. ეს 2024 წლის გაზაფხულის აქციებმაც აჩვენა.
ამ სტატიაში გიამბობთ Gen Z სამეგობროზე, ერთ ევროპულ ქალაქსა და ერთ თბილისელ პენსიონერზე, რომლებიც 26 ოქტომბერს ხმის მისაცემად რთულ გზას ადგანან, მაგრამ ამად უღირთ.
ხმის მისაცემად თბილისიდან აბუ დაბიში
25 წლის ქეთი დათიშვილმა (ქეთი, სტატიის ავტორის დაა) და მისმა მეგობრებმა აგვისტოში ამაღელვებელი ტური დაჯავშნეს. ახალგაზრდები აბუ დაბიში მიემგზავრებიან UFC-ს ქართველი ჩემპიონის, ილია თოფურიას საგულშემატკივროდ. UFC-ს ვარსკვლავმა მაქს ჰოლოუეისთან ორთაბრძოლაში საჩემპიონო ქამარი უნდა დაიცვას. იაფი ბილეთები აბუ დაბიმდე ქუთაისიდან აიღეს და მზადება დაიწყეს. მხოლოდ თანხის გადახდის და დაგეგმვის დასრულების შემდეგ გაიაზრეს, რომ UFC-ს შერკინება 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნების დღეს ემთხვეოდა.
ცხელ ხაზზე რომ დავაზუსტე, ანუ, მანამდე რომ ჩავიდე და დავდგე აღრიცხვაზე, ეგ საქმე გამოვა-თქო? გაუკვირდა ოპერატორს, - უი, მართლა იზამთ მაგასო?“ თუ კი, მაშინ შეძლებთო.
“ძალიან ავღელდი. არჩევნებზე რომ არ წავიდე, ეს იქნება დიდი სირცხვილი - ეგ იყო პირველი ფიქრები”, - იხსენებს ქეთი და ამატებს, - “ჩვენ ხუთივე დავდიოდით გაზაფხულზე აგენტების შესახებ კანონის გასაპროტესტებლად და ევროინტეგრაციის მხარდამჭერ აქციებზე”.
მეგობრებმა დაიწყეს გზების ძიება, თუ როგორ გამოესწორებინათ შეცდომა. ზოგი ცესკოში რეკავდა, ზოგი კი ემირატებში საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში, რომელიც მათ ზარებს არ პასუხობდა. ბოლოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცხელ ხაზზე უთხრეს, რომ თუ 7 ოქტომბრამდე ემირატების საზღვარს გადაკვეთდნენ და მათი IP მისამართი აბუ დაბიში დაფიქსირდებოდა, მაშინ შეძლებდნენ ონლაინ საკონსულო აღრიცხვაზე დადგომას და ბოლოს ემირატებში ხმის მიცემას.
“ცხელ ხაზზე რომ დავაზუსტე, ანუ, მანამდე რომ ჩავიდე და დავდგე აღრიცხვაზე, ეგ საქმე გამოვა-თქო? გაუკვირდა ოპერატორს, - უი, მართლა იზამთ მაგასო?“ თუ კი, მაშინ შეძლებთო”.
5 ოქტომბერს ხუთი მეგობარი დღე-ნახევრით აბუ დაბიში გაფრინდა. “ჩავფრინდით თუ არა და შევედით ნომრებში, მაშინვე შევაერთეთ ტელეფონები და დავრეგისტრირდით. ბიომეტრიული სურათები საქართველოში გადავიღეთ და ორ წუთში გავიარეთ რეგისტრაცია”, - ჰყვება ქეთი.
ახლა ხუთივე მეგობარი 16 ოქტომბერს ელოდება, როდესაც ცესკოში სიები უნდა განახლდეს. თუ სიებში თავის თავს იპოვის, მხოლოდ ამის შემდეგ დარწმუნდება, რომ ხმის მიცემას შეძლებს. ხარჯები ამ ერთდღიანი მოგზაურობით თითოეულს 500 ლარით გაეზარდა, თუმცა, თუ ხმას აღარ დაკარგავენ, უღირთ. “ასეთი აქტიური არცერთ არჩევნებზე არ ვყოფილვარ. არც ამდენი ინფორმაცია მქონია არჩევნების შესახებ”, - ამბობს ქეთი.
18-34 წლის ასაკის ამომრჩევლების მოტივაცია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ თვალშისაცემია, მიუხედავად იმისა, რომ NDI-ის 2023 წლის ოქტომბერ-ნოემბერში ჩატარებული გამოკითხვისას ახალგაზრდების მხოლოდ 20%-მა თქვა, რომ ქვეყანაში არის ერთი პარტია მაინც, რომელიც მათ ინტერესებს წარმოადგენს. NDI მაშინ ასკვნიდა, რომ ვინაიდან ახალგაზრდები მათთვის მისაღებ ალტერნატივას ვერ ხედავენ, 2024 წლის არჩევნებში შესაძლოა ადრინდელზე ნაკლებად მიეღოთ მონაწილეობა. არჩევნებამდე ერთი თვით ადრე კი არაერთი ახალგაზრდა დარეგისტრირდა დამკვირვებლად. მათი ნაწილი 28 არასამთავრობო ორგანიზაციის შექმნილმა კოალიციამ მოამზადა და სექტემბრის ბოლოსთვის 2 ათასამდე მოქალაქე დაარეგისტრირა დამკვირვებლად. |
სტრასბურგი-პარიზი-სტრასბურგი
26 ოქტომბრის არჩევნებისთვის 60 უბანი გაიხსნება საზღვარგარეთ - 42 ქვეყნის 53 ქალაქში. მათ შორის ვერ მოხვდა საფრანგეთის ქალაქი სტრასბურგი.
რატომ არის სტრასბურგი განსაკუთრებული შემთხვევა? ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს:
- კანონით, საზღვარგარეთ საარჩევნო უბანი იხსნება, თუ იმ გეოგრაფიულ არეალში 50 მოქალაქე მაინც დადგება საკონსულო აღრიცხვაზე და არსებობს სივრცე, სადაც შეიძლება მოქალაქეებმა ხმა მისცენ. თუმცა, საარჩევნო ადმინისტრაცია ამბობს, რომ სტრასბურგში საკონსულო არ არის.
- კანონის პირველ კრიტერიუმს სტრასბურგის შემთხვევა აკმაყოფილებს - საკონსულო აღრიცხვაზე უკვე დგას საქართველოს ასობით მოქალაქე. რაც შეეხება არჩევნების ჩასატარებელ სივრცეს, რადიო თავისუფლება ჯერ კიდევ 28 სექტემბერს წერდა, რომელი ადგილი შეიძლება გამხდარიყო სტრასბურგში საარჩევნო სივრცე.
- საქართველო წარმოშობის ადგილის მიხედვით პირველ ათეულშია თავშესაფრის მაძიებელთა შორის, ვინც საფრანგეთის მთავრობას ბარდება. საქართველოში საფრანგეთის დიპლომატიური წარმომადგენლობის ინფორმაციით, 2023 წლამდე საქართველოს ამ სიაში მხოლოდ ავღანეთი, ბანგლადეში და თურქეთი უსწრებდა. აქედან რამდენი მოქალაქე ხვდება საკუთრივ სტრასბურგში, უცნობია, თუმცა ადგილობრივი მედია ხშირად წერს იმაზე, რომ ქალაქს საქართველოდან ჩამოსული ისეთი ადამიანები აფარებენ თავს, ვისაც სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი უდგას, არის ან სამედიცინო ან პოლიტიკური მიგრანტი. პაციენტები სიმსივნის, დიაბეტისა და თირკმლის პრობლემების დიაგნოზებით. ფრანგული ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სისტემა კი მათი გადარჩენის ერთადერთი გზაა.
- როგორც ადგილობრივი მოქალაქეები გვიყვებიან, სტრასბურგში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობენ, ზოგი კარვებში ცხოვრობს. სტრასბურგიდან პარიზამდე ორი გზის საფასური ავტობუსით 25 ევროდან იწყება. მატარებლით ან თვითმფრინავით ასობით ევრომდე ადის.
მარი კაიშაური 6 წელია სტრასბურგში ცხოვრობს. ბოლო 6 თვე კი საარჩევნო კანონმდებლობაში ერკვეოდა და საპროტესტო აქციებს გეგმავდა. მეგობრებთან ერთად საარჩევნო აღრიცხვაზე უკვე 270 ადამიანი დააყენა. მისი თქმით, სამართლებრივად ყველა საფუძველი არსებობდა, რომ სტრასბურგში უბანი გაეხსნათ, მაგრამ რადგან ამას ვერ მიაღწიეს, ახლა გეგმავენ როგორ ჩავიდნენ პარიზში.
“[საერთო ჯამში] გამოდის, რომ სულ მცირე 500 ადამიანი დგას სტრასბურგში აღრიცხვაზე. ემიგრანტები ზოგადად ოპოზიციურად არიან განწყობილები. მათ [ხელისუფლებას] არ აწყობთ ემიგრაციიდან მიღებული არცერთი ხმა. ამიტომ ყველა ღონე იხმარეს, რომ უბნები არ გახსნილიყო, მით უმეტეს აქ”, - გვითხრა მარიმ, სტრასბურგში მორიგი ქართული საპროტესტო აქციის დაგეგმვამდე ერთი დღით ადრე.
emgidi.ge-ს დამფუძნებელი, ბაჩანა შენგელია სტრასბურგში მცხოვრებ მოქალაქეებს მთელი ამ დროის განმავლობაში საქართველოდან ეხმარებოდა. დღეს ის ამბობს, რომ სტრასბურგის საკითხზე ყველა სამართლებრივი რესურსი ამოწურულია. საქართველოში სააპელაციო სასამართლო ბოლო ინსტანციაა, სადაც შეიძლება საარჩევნო უბნის არგახსნა გაასაჩივრო. მან ეს ინსტანციაც წარუმატებლად გაიარა.
“კანონში არ არსებობს ნორმა, რომელსაც ეწინააღმდეგებოდა სტრასბურგში საარჩევნო უბნის გახსნა”, - გვეუბნება ის. “ეს არ დაარღვევდა არცერთ კანონს და არც კანონქვემდებარე აქტს”. მისი თქმით, საარჩევნო ადმინისტრაციამ არასწორად განმარტა მოქმედი კანონმდებლობა სტრასბურგის შემთხვევაში და შემდეგ უგულებელყო ის გარემოებაც, რომ ადგილზე 50-ზე მეტი ამომრჩეველი და საქართველოს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ფართიც არსებობს.
მარი emgidi-ს დახმარებით იწყებს ფულის შეგროვებას, რომ 26 ოქტომბერს პარიზში საქართველოს იმ მოქალაქეებმაც კი მისცენ ხმა, ვისაც მგზავრობის ფული არ აქვს.
ევროკავშირის თავშესაფრის სააგენტო, გაეროს მონაცემებზე დაყრდნობით წერს, რომ 2020 წელს მსოფლიოში 860 000 საერთაშორისო მიგრანტი იყო საქართველოდან. ცესკოს ინფორმაციით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საზღვარგარეთ მცხოვრები მხოლოდ 66 217 ადამიანი დარეგისტრირდა, თუმცა საბოლოოდ ხმა კიდევ უფრო ცოტამ მისცა, მხოლოდ 12 247-მა მოქალაქემ. 26 სექტემბერს ცესკომ განაცხადა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროსგან მიწოდებული ინფორმაციით, საკონსულო აღრიცხვაზე დარეგისტრირდა 68 024 ამომრჩეველი. ყოფილი სახალხო დამცველისა და პლატფორმა “საქართველოს ევროპული ორბიტის” დამფუძნებლის, ნინო ლომჯარიას ინფორმაციით, 26 სექტემბრიდან 7 ოქტომბრამდე (საკონსულო აღრიცხვის ბოლო ვადა) რეგისტრაცია კიდევ 22 000-მა მოქალაქემ გაიარა. აქედან 4500 მოქალაქე ბოლო ვადამდე 24 საათში დარეგისტრირდა. |
პენსიონერი, რომელიც ვერ დადის , საარჩევნო უბანზე იქნება
გულიკო გვილავა პენსიონერია. 26 ოქტომბერს ის ვაკეში, საარჩევნო უბანზე მივა და ხმას მისცემს. ამ ამბავშვი არაფერია უჩვეულო, რომ არა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. “სახლიდან ვერ გავდივარ, სახსრების პრობლემა მაქვს. სახლშიც სპეციალურ სასიარულო მოწყობილობას ვეყრდნობი და ისე დავდივარ”. გულიკო გვილავას კანონით შეუძლია გადასატანი ყუთით სარგებლობა. ამომრჩეველს საარჩევნო ყუთის მიმღებად დარეგისტრირება 15 ოქტომბრამდე შეუძლია.
და მაინც, უბანზე მისვლა პენსიონერმა ქალმა იმიტომ გადაწყვიტა, რომ 2021 წელს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მას ყუთი არ მიუტანეს. ყუთს ხმის მიცემის შეწყვეტის ბოლო წუთამდე ელოდა.
2021 წელს ცესკოში შესული საჩივრების საფუძველზე ასეთი სურათი გამოიკვეთა: მოქალაქეები, ვისზეც არსებობდა ინფორმაცია, რომ ოპოზიციას უჭერდა მხარს, გადასატანი ყუთის სიებში ვერ მოხვდნენ; საარჩევნო კომისიები დარღვევებით ადგენდნენ სპეციალურ სიებს; ზოგიერთ შემთხვევაში არ იძებნებოდა წერილობითი განაცხადები. სატელეფონო ზარები გადასატანი ყუთის მოთხოვნით კომისიებს საეჭვო ინტენსივობით ჰქონდათ მიღებული და აღნუსხული. |
გულიკო ჩამოთვლის იმ წინაღობებს რისი გავლაც უბნამდე მისვლელად მოუწევს. ჯერ სახლიდან მანქანამდე უნდა მივიდეს, შემდეგ უბანზე, და იქ რომ საფეხურები აქვს ასავლელი ესეც უკვე წარმოდგენილი აქვს. “ძალიან ბევრ ტყუილებს ვუსმენთ 12 წელია. მე მრცხვენია მათ მაგივრად, ამიტომ აუცილებლად უნდა წავიდე,”- ამბობს ის.
წელს იმ უბნებზე მიმაგრებულ გადასატან ყუთებზე, სადაც ამომრჩეველი ხმას აძლევს ელექტრონულად, ახალი წესით დაბეჭდილი ბიულეტენები მივა, სადაც შემოხაზვის ნაცვლად სასურველი პარტიის ასარჩევად გაფერადება იქნება საჭირო.
ხმის ფარულობა დაცული უნდა იყოს - უბანზე დაბრუნებულ გადასატან ყუთში ბიულეტენები ისეთი კონვერტებით იქნება ჩაყრილი, რომ ვერავინ გაიგებს, ვის გასწვრივაა წრე გაფერადებული. რა ფორმით მისცემს ხმას, ეს ამომრჩევლის გადასაწყვეტია.