მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციაზე ელჩებს არ იწვევენ

მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციაზე, რომელიც 29 დეკემბერსაა დაგეგმილი, ელჩები მიწვეულები არ არიან.

„ქართული ოცნების“ მიერ არჩეული პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციაზე მიწვეულნი არ არიან საქართველოში აკრედიტებული დიპლომატები.

ეს ინფორმაცია რადიო თავისუფლებას საქართველოს პარლამენტის პრესცენტრში დაუდასტურეს.

მიზეზად რადიო თავისუფლებას დაუსახელეს „სხდომათა დარბაზში ადგილების სიმცირე“.

ცერემონიას დაესწრებიან საარჩევნო კოლეგიის წევრები („ხმოსნები“ - პარლამენტისა და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები), მთავრობის წევრები და კონსტიტუციური ორგანოების წარმომადგენლები.

ინაუგურაცია 29 დეკემბერსაა დაგეგმილი თბილისში, პარლამენტის სასახლეში.

ასევე ნახეთ მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია პარლამენტში გაიმართება

ელჩები, წინა მოწვევის პარლამენტისგან განსხვავებით, „ქართულ ოცნებას“ არ მიუწვევია არც 25 ნოემბერს, ახალი მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე, რომელსაც ოპოზიციამ ბოიკოტი გამოუცხადა.

ოპოზიციური პარტიები არჩევნების შედეგებს, პარლამენტსა და ყაველაშვილის არჩევას არალეგიტიმურად მიიჩნევენ.

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა მაშინ თქვა, რომ ეს არის „შიდასახელმწიფოებრივი საკითხი“ და „უცხოეთის გავლენის მინიმიზების მიზნით, ელჩების ჩართულობა ამ პროცესში აუცილებელი არ არის“.

ასევე ნახეთ მადლობა ივანიშვილს - კანონიერებაზე დავის მიუხედავად, "ოცნების" პარლამენტმა მუშაობა დაიწყო

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები კი ამბობდნენ, რომ, მათი ინფორმაციით, ელჩები ისედაც არ გეგმავდნენ მისვლას, რითაც ეჭვქვეშ აყენებდნენ პარლამენტის ლეგიტიმურობას.

14 დეკემბერს ჟურნალისტების კითხვაზე, გეგმავს თუ არა ხელისუფლება ელჩების მიწვევას ინაუგურაციაზე, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა:

„ჩვენ შეიძლება მოვიწვიოთ ან არ მოვიწვიოთ [ელჩები] იმიტომ, რომ აქ უკვე გარკვეულ ადამიანებს, ვინც ისედაც მხარს უჭერს ჯაშუშებს საქართველოში, ეძლევათ საშუალება, ზემოქმედების იარაღი დაიჭირონ ხოლმე“.

მოგვიანებით მან დაამატა, რომ ეს საკითხი, მათ შორის, მიხეილ ყაველაშვილის გადასაწყვეტი იქნებოდა.

ასევე ნახეთ პარლამენტის პირველ სხდომაზე ელჩები არ არიან მოწვეული - პაპუაშვილი

ამ დრომდე, საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მიხეილ ყაველაშვილმა საჯარო მილოცვები ჯერ მხოლოდ ხუთი ქვეყნისგან მიიღო. ეს ქვეყნებია:

  • თურქეთი;
  • აზერბაიჯანი;
  • სომხეთი;
  • ბელარუსი;
  • სერბეთი.
ასევე ნახეთ ყაველაშვილს პრეზიდენტობა ერდოანმაც მიულოცა - მეხუთე მილოცვა პარტნიორი ქვეყნების ლიდერებისგან

2024 წლის 14 დეკემბერს, საქართველოს ისტორიაში პირველ არაპირდაპირ საპრეზიდენტო არჩევნებში, - რომლის ლეგიტიმურობას მოქმედი პრეზიდენტი და სამართლის ექსპერტების დიდი ნაწილი არ ცნობენ, - „ქართული ოცნების“ საარჩევნო კოლეგიამ კენჭი ერთადერთ კანდიდატს, მიხეილ ყაველაშვილს, უყარა.

„აქ ვარ და აქ ვრჩები“, - თქვა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა წინა საღამოს და მეექვსე პრეზიდენტად ყაველაშვილის არჩევას „პროვოკაცია“ და „პაროდია“ უწოდა.

ასევე ნახეთ რა შეუძლია საქართველოს პრეზიდენტს და რას გამოიყენებს ყაველაშვილი