ევროპაა თუ აზია? სწორედ ამ შეკითხვაზე პასუხმა გადაწყვიტა საქართველოს ევროსაბჭოში გაწევრიანების საკითხი. 1999 წელს ევროსაბჭომ საბოლოოდ დაადასტურა, რომ - საქართველო ევროპაა და შესაბამისად, ქვეყანას ევროპული განვითარების გზები შესთავაზა.
ევროსაბჭოში გაწევრიანება საქართველოსთვის ისტორიულ მოვლენად მიიჩნევა. ამ მოვლენას კი, სამუდამოდ დაუკავშირდა ქართველი პოლიტიკოსის,ზურაბ ჟვანიას სახელი.
საშვი ევროპაში - საშვი ევროკავშირში
1999 წლის 27 იანვარს, როდესაც სტრასბურგში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად დაუჭირა მხარი საქართველოს ევროსაბჭოში გაწევრიანებას, დარბაზში შეკრებილებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ზურაბ ჟვანიამ მიმართა.
„ვართ ძალიან ბედნიერი და ამაყი, რომ ჩემს თაობას, ჩვენს თაობას აქვს პრივილეგია - თქვას ამ დარბაზში ძალიან მარტივი სიტყვები: მე ვარ ქართველი და მაშასადამე - ვარ ევროპელი“.
ქართველი პოლიტიკოსის ეს სიტყვები საქართველოს მიერ ევროპული ოჯახის კარის გაღების მთავარ სიმბოლოდ იქცა.
ეს სიტყვები ახლა უკვე ზურაბ ჟვანიას სახელობის ვარსკვლავს აწერია. ვარსკვლავი სტრასბურგში, ევროსაბჭოს სასახლის ეზოში, 2019 წლის 10 აპრილს გაიხსნა.
„ევროსაბჭოში გაწევრიანება ნიშნავდა იმის აღიარებას, რომ პოლიტიკურად საქართველო არის ევროპა. ამ დღის შემდეგ, დავა იმის შესახებ - ევროპაა თუ აზია - დარჩა მხოლოდ გეოგრაფიული მეცნიერების სიბრტყეში“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი.
პოლიტოლოგი ამბობს, რომ ევროსაბჭოს წევრობა აუცილებელი პირობაა, ერთგვარი აუცილებელი საშვია ევროკავშირში გასაწევრიანებლად.
- ვისაც ევროკავშირში გაწევრიანება უნდა, მისთვის აუცილებელია, რომ იყოს აუცილებელი ევროპულ სახელმწიფოდ;
- ევროკავშირის დამფუძნებელი ხელშეკრულების 49-ე მუხლის მიხედვით, ნებისმიერ ევროპულ სახელმწიფოს შეუძლია შეიტანოს განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებაზე;
- ევროსაბჭოში გაწევრიანება ამ უფლების მოსაპოვებელი ძალიან ძლიერი არგუმენტია საქართველოსთვის.
საქართველოს ევროსაბჭოში გაწევრიანებას წინ უსწრებდა მწვავე დისკუსია საქართველოს ევროპულ იდენტობასთან დაკავშირებით.
ევროპელებს შორის გამართული კამათი, ბევრის მსგავსად, პოლიტოლოგ კორნელი კაკაჩიასაც ახსოვს:
- ზოგი ამბობდა, რომ საქართველო გეოგრაფიულად არ შედის ევროპის საზღვრებში და ამიტომ - არ არის მისი ადგილი ევროსაბჭოში;
- ზოგი კი მომხრე იყო, რომ საკითხი უფრო კულტურული, რელიგიური თუ სხვა მახასიათებლების ჭრილში განხილულიყო.
„უკვე 20 წელი გავიდა. საქართველო უფრო ახლოს არის ევროკავშირთან - გაფორმებული აქვს ასოცირებისა და თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმება. თუმცა ევროსაბჭოს როლი კვლავაც ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის დემოკრატიული განვითარების კუთხით“, - ამბობს კორნელი კაკაჩია.
სტრასბურგის სასამართლო და ევროსაბჭოს სხვა ინსტიტუციები
ევროსაბჭოს უცვლელი ფასეულობებია: ადამიანის უფლებები, დემოკრატია და კანონის უზენაესობა. სწორედ ამ ფასეულობების ერთგულება ევალება ევროსაბჭოს წევრ ყველა ქვეყანას.
2019 წელს ევროსაბჭო 70 წლის იუბილეს აღნიშნავს. ამჟამად ის 47 ქვეყანას აერთიანებს.
ევროსაბჭო თვალს ადევნებს პროცესებს, აფასებს და გასცემს რეკომენდაციებს ამა თუ იმ ქვეყანაში ადამიანის უფლებების, სასამართლო სისტემის, კორუფციასთან ბრძოლისა თუ დემოკრატიული პროცესების მიმდინარეობის ჭრილში.
ამას ის ცნობილი სტრუქტურებისა და ინსტიტუციების საშუალებით აკეთებს; ესენია, მაგალითად:
- ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო (სტრასბურგის სასამართლო);
- ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა;
- მინისტრთა კომიტეტი;
- ვენეციის კომისია;
- ადამიანის უფლებათა კომისრის ოფისი;
- კორუფციის წინააღმდეგ სახელმწიფოთა ჯგუფი (GRECO).
სწორედ საქართველოს ევროსაბჭოში გაწევრიანებამ მისცა უნიკალური შესაძლებლობა საქართველოს მოქალაქეებს - სამართალი ეძებონ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.
ძალიან ბევრმა სწორედ სტრასბურგის სასამართლოში დაამტკიცა თავისი სიმართლე.
იშვიათ შემთხვევებში, მაგრამ სტრასბურგის სასამართლო სახელმწიფოთშორის დავებსაც განიხილავს. ეს შესაძლებლობა რუსეთის წინააღმდეგ არაერთხელ გამოიყენა საქართველომაც და მაგალითად, დეპორტირებულთა საქმეებზე დაამარცხა კიდეც ის.
ახლა საქართველოს მოქალაქეები 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებსაც ელოდებიან.
ასევე ნახეთ “საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ - სასამართლო გადაწყვეტილების გამოსატანად გავიდა„ევროპის საბჭომ უზარმაზარი, დადებითი როლი შეასრულა დემოკრატიის პირველი ყლორტების წარმოშობის, განმტკიცების საქმეში. ევროსაბჭო იყო იმედი, რომ რეალურად დაგვენერგა ევროპული, დასავლური ფასეულობები ჩვენს ქვეყანაში“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ევროპის საბჭოს თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის დამაარსებელი და დირექტორი - არმაზ ახვლედიანი.
ევროსაბჭოში საქართველოს გაწევრიანების დროს არმაზ ახვლედიანი საქართველოს პარლამენტის დეპუტატი და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის წევრი იყო. შემდეგ ის დელეგაციას ხელმძღვანელობდა კიდეც.
ასევე ნახეთ რა (არ) გაითვალისწინა "ქართულმა ოცნებამ" ვენეციის კომისიის დასკვნიდანარმაზ ახვლედიანი ფიქრობს, რომ მოლოდინი უფრო დიდი იყო და 20 წლის განმავლობაში საქართველოში მეტი პროგრესის მიღწევა იყო შესაძლებელი.
- ჩვენ სხვადასხვა ეტაპზე შეძლებისდაგვარად გამოვიყენეთ ევროსაბჭოს შესაძლებლობების ფანჯარა;
- ცოტა ვინმე თუ წარმოიდგენდა, რომ ევროსაბჭოში გაწევრიანების 20 წლის თავზე ჩვენთან ასეთი ხარვეზები ექნებოდა დემოკრატიას;
- სამწუხაროდ, დღეს ჯერ ისევ სადავო თემაა - ევროპული ფასეულობები ჩვენთვის ორგანულია თუ მხოლოდ - ფასადურია;
- ასეთი შეკითხვები დღემდე რომ ისმება, ეს უკვე დიდი პრობლემაა.
ევროსაბჭო და აგვისტოს ომი
2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის შედეგებს არაერთი რეზოლუცია მიუძღვნა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ - მკაცრი ტონითა და რუსეთისადმი მოწოდებებით:
- გაიყვანოს თავისი არმია საქართველოს რეგიონებიდან;
- უკან წაიღოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარების გადაწყვეტილება;
- დაუშვას ევროპელი მეთვალყურეები ოკუპირებულ ტერიტორიებზე;
- შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ყველა ვალდებულება.
აგვისტოს ომის თემა ევროსაბჭოს წინაშე რუსეთის ვალდებულებათა მონიტორინგის დოკუმენტშიც აისახა. ომის თემაზე საპარლამენტო ასამბლეის სხდომათა დარბაზში დებატები იმართებოდა იმ შემთხვევებშიც, როდესაც რეზოლუცია უშუალოდ აგვისტოს ომს არ უკავშირდებოდა.
ასევე ნახეთ საქართველო და რუსეთი ევროსაბჭოს ახალ რეზოლუციაშიდებატების დროს რუსეთი ყოველთვის უმცირესობაში რჩებოდა. მას განსაკუთრებით აღიზიანებდა ტერმინი „ოკუპაცია“, რომელიც დოკუმენტებში არაერთგზის არის მოხსენიებული.
„ევროსაბჭოს წევრ ქვეყნებს აქვთ ვალდებულებებიც. თუკი შეილახა ქვეყნის სუვერენიტეტი, ერთმა ქვეყანამ მეორის მიმართ საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპები ანდა საერთაშორისო სამართლის ნორმები დაარღვია, თავისთავად ევროსაბჭო რეაგირებს, საპარლამენტო ასამბლეა რეზოლუციებს იღებს“, - ამბობს კახა გოგოლაშვილი.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციებს, ისევე, როგორც საერთაშორისო თანამეგობრობის სხვა მოწოდებებს არასოდეს ითვალისწინებდა რუსეთი.
თუმცა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერ რეზოლუციებს პოლიტოლოგები თვლიან მნიშვნელოვან საყრდენად და იარაღად დეოკუპაციისთვის დიპლომატიური ბრძოლის პროცესში.