„ევროპული საქართველოდან“ მარნეულის მერობისთვის აჰმედ იმამყულიევი​ იბრძოლებს

დავით ბაქრაძემ მარნეულის მერის რიგგარეშე არჩევნებში მერობის კანდიდატად აჰმედ იმამყულიევი წარადგინა.

24 მარტს „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ მარნეულის მერის რიგგარეშე არჩევნებში მერობის კანდიდატად პარტიის ადგილობრივი ლიდერი აჰმედ იმამყულიევი წარადგინა მარნეულში, პარტიის წევრებთან და მათ მხარდამჭერებთან შეხვედრაზე.

აჰმედ იმამყულიევმა რადიო თავისუფლებასთან საუბარში გაიმეორა პარტიის თავმჯდომარის სიტყვები, რომ „ევროპული საქართველოს“ მიზანია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლა“. მან დარწმუნებით განაცხადა, რომ ის არჩევნებს მოიგებს.

„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ არ გამეორდეს ის, რაც 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მოხდა, როცა ხელისუფლებამ არჩევნების გააყალბა“, - თქვა აჰმედ იმამყულიევმა. მისივე თქმით, მარნეულის არჩევნებში, საარჩევნო კამპანიის დროს, მობილიზებული იქნებიან არა მხოლოდ პარტიის ადგილობრივი აქტივისტები, არამედ „ხალხი ჩამოვა მთელი საქართველოდან“. მისივე ვარაუდით, გაერთიანებულ ოპოზიცია, მანამდე მიღწეული შეთანხმებით, საკუთარ კანდიდატურას არ დააყენებს და მხარს
ევროპულ საქართველოს დაუჭერს.

„შეთანხმებულები ვართ, რომ ამა თუ იმ ოლქში, რიგგარეშე არჩევნების დროს, ვისაც გამარჯვების მეტი შანსი აქვს, იმ კანდიდატს დავუჭერთ მხარს. მარნეულის შემთხვევაში ჩემზე შევჯერდით. ამდენად, წესით, გაერთიანებულმა ოპოზიციამ, მერის თანამდებობაზე კანდიდატურა არ უნდა დაასახელოს“, - უთხრა რადიო თავისუფლებას აჰმედ იმამყულიევმა.

აგილ მუსტაფაევმა, „ნაციონალური მოძრაობის“ მარნეულის ორგანიზაციის ერთ-ერთმა ლიდერმა, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ „ნაციონალური მოძრაობიდან“ მარნეულის მერობის კანდიდატის
დაყენება-არდაყენების საკითხი, 24 მარტს, თბილისში მიმდინარე პარტიის ყრილობის შემდეგ გადაწყდება.

მარნეულის მერის თანამდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც გასული წლის ივნისში თეიმურაზ აბაზოვი, დააპატიმრეს, ხელისუფლების კრიტიკისთვის ადგილობრივი მკვიდრის მიმართ „დამამცირებელი და არაადამიანური“ მოპყრობის გამო. თემურ აბაზოვი, რომელსაც მარნეულის მერის უფლებამოსილება შეუწყდა, 9 თვე წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდა, ის გირაოს სანაცვლოდ გაანთავისუფლეს, თუმცა მის მიმართ სისხლის სამართლის დევნა გრძელდება.

ასევე ნახეთ საქმის არსებით განხილვამდე თემურ აბაზოვი პატიმრობაში დატოვეს

„ქართულ ოცნებას“ მარნეულის მერობის კანდიდატი ჯერ არ დაუსახელებია. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი კანდიდატად ქვემო ქართლის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ზაურ დარგალი განიხილებოდა. თუმცა რადიო თავისუფლებასთან საუბარში ზაურ დარგალმა ეს ინფორმაცია არ დაადასტურა. თავად გუბერნატორმა შოთა რეხვიაშვილმა რადიო თავისუფლებას რამდენიმე ხნის უკან უთხრა, რომ „მედია ყველაფერს თავის დროზე გაიგებს“.

მარნეულის ოპოზიციურ წრეებში, მათ შორის აჰმედ იმამყულიევი, ვარაუდობს, რომ „მარნეულის სახელისუფლებო კლანებს შორის“ საერთო კანდიდატზე ჯერ ვერ შეთანხმებულან. მისი ინფორმაციით, „ქართულ ოცნებაში“ განიხილება პარლამენტარ თამაზ ნავერიანის ძმისშვილის, მარნეულის საკრებულოს წევრის, მამუკა ნავერიანის და ბოლნისის მერის მოადგილის ლონგინოზ გასანოვის კანდიდატურები.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიას (ცესკო) ზუგდიდისა და მარნეულის მერების რიგგარეშე არჩევნები ოფიციალურად ჯერ არ დაუნიშნია, თუმცა რადიო თავისუფლებას ცესკოში განუცხადეს, რომ რიგგარეშე არჩევნები, ისევე როგორც პარლამენტის მაჟორიტარი წევრობისა და რიგ ქალაქებში საკრებულოს წევრობის შუალედური არჩევნები, ერთ დღეს ჩატარდება. თბილისში, მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში არჩევნები 19 მაისს დაინიშნა.