ევროპა როგორც რელიგია: სიხარული, შიში და იმედი

გია ნოდია

საზოგადოების რეაქცია ევროკომისიის რეკომენდაციაზე, საქართველოს წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს, გვაჩვენებს, რომ ევროინტეგრაცია ჩვენი პოლიტიკური ხედვის დომინანტ იდეად რჩება.

ის იმასაც მიგვანიშნებს, რომ, რაღაც ზომით მაინც, ევროპა ჩვენთვის უფრო რელიგიური სიმბოლოა, ვიდრე პრაქტიკული პოლიტიკური პროგრამა. ეს ტაძარია, რომელთან გავლისას პირჯვარი უნდა გადაიწერო, მაგრამ ამ რიტუალურმა ჟესტმა შეიძლება არავითარი გავლენა არ მოახდინოს შენს ქცევაზე.

შესაბამისად, აზრი, რომ დღევანდელ კონტექსტში კანდიდატის სტატუსის მიღება-ვერმიღებაზე შეიძლება რაციონალური დისკუსია გვქონდეს, უხერხულობას იწვევს: რელიგიურ სიმბოლოებზე არ კამათობენ.

ეს დამოკიდებულება არაადეკვატური და, შესაძლოა, ფარისევლურიცაა. პოლიტიკა უნდა ემყარებოდეს მყარ ღირებულებებს და ნათელ მიზნებს - მაგრამ, ამასთან ერთად, პრაგმატულ ანგარიშს: ამის გარეშე მიზანს ვერ მიაღწევ.

შევეცდები, ევროკომისიის დასკვნას პროზაული და მოანგარიშე თვალით შევხედო. ვიცი, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას დეკემბრის შუახანებში უნდა ველოდოთ, მაგრამ სიმარტივისთვის მას უკვე მიღებულად ჩავთვლი.

გამაერთიანებელი იდეა, რომელიც გვყოფს

ბრიუსელის გადაწყვეტილების გამო სიხარული მთავრობამაც გამოხატა და მისმა კრიტიკოსებმაც. გულუბრყვილო ევროპელებმა შეიძლება აქედან დაასკვნან, რომ, მიუხედავად მწვავე პოლარიზაციისა, ქართველებს მაინც გვაქვს გამაერთიანებელი იდეა და ეს იდეა ევროპაა.

არაფერი ამის მსგავსი. ევროკომისიის გადაწყვეტილება ორივე მხარემ პირველ რიგში შეაფასა, როგორც მოწინააღმდეგის პოლიტიკური მარცხი. მთავრობა ხელებს იფშვნეტს: „ესეც შენ, ფარჩაკო ოპოზიციავ!“. მისი კრიტიკოსებისგან გვესმის: „ხედავთ, როგორ ჩამოსტირის სახეები მთავრობას?“

ეს მხოლოდ ზედაპირული რიტორიკა არ არის: ორივეს საფუძველი აქვს, ასე იფიქროს. მთავრობის ქცევიდან არანაირად არ ჩანდა, რომ ევროკავშირში გაერთიანება უნდა. სრულიად ბუნებრივად გაჩნდა ეჭვი, რომ ის მხოლოდ მოჩვენებითად, საზოგადოებრივი ზეწოლით აგრძელებს ევროინტეგრაციის პოლიტიკას, სინამდვილეში კი მის შეგნებულ საბოტაჟს ახდენს. ასევე ცხადია, რომ „ქართული ოცნებისთვის“ ევროპული ნორმები და ღირებულებები სრულიად უცხოა, ხოლო ქვეყანაში მათი რეალური დამკვიდრება მას შეიძლება ხელისუფლების დაკარგვად დაუჯდეს.

თუ იმ პოპულარულ ვარაუდსაც დავამატებთ, რომ ბიძინა ივანიშვილი და, მაშასადამე, მთლიანად ხელისუფლება კრემლიდან იმართება, მაშინ ევროინტეგრაციის პროცესის ჩაშლა საუკეთესო საჩუქარია, რაც მან შეიძლება რუსეთს გაუკეთოს.

რაც შეეხება ოპოზიციას, მის ინტერესებში ნამდვილად შედის ხელისუფლებით უკმაყოფილების ზრდა; უარი კანდიდატის სტატუსზე, სავარაუდოდ, ამ შედეგს მოიტანდა და დაადასტურებდა ოპოზიციის ძირითად თეზისს, რომ ხელისუფლება „რუსულია“. ხელისუფლების თვალით, ოპოზიცია სულ ელის ბიძგს, რომელიც ხალხს ქუჩაში გამოიყვანს და ამ გზით მის დამხობას შეეცდება: როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილს ამის მართლა ეშინია. თუ ასეა, ოპოზიციას კოვზი ნაცარში ჩაუვარდა: ამ საკითხზე საპროტესტო ტალღას ვეღარ ააგორებს.

შიშების ბალანსი

ზემოთქმულიდან ჯერ კიდევ არ გამომდინარეობს, რომ კანდიდატის სტატუსის მიღება სინამდვილეში არც ხელისუფლებას უნდოდა და არც ოპოზიციას: ორივე მხარის ვარაუდები და ბრალდებები შეიძლება გადაჭარბებული იყოს. მაგრამ ორივეს ორჭოფობის ობიექტური საფუძველიც ჰქონდა.

ეს მხოლოდ პოლიტიკური მხარეების პარტიულ ინტერესებს არ უკავშირდება. პარტიული პოლარიზაციის დავიწყება და ქვეყნის ზოგადი ინტერესიდან ამოსვლა რომც ვცადოთ, სტატუსის მიღების ავ-კარგზე ცალსახა პოზიციის დაკავება მაინც გაგვიჭირდება.

ასეთ ვითარებაში ამოსავალი უნდა იყოს არა აბსოლუტური სიკეთის ხატი („გიხაროდენ, ევროპას დავუახლოვდით!“), არამედ ნაკლები ბოროტების პრინციპი. რა მოიტანდა მეტ ზიანს: სტატუსის მონიჭება, თუ უარი მასზე?

დარწმუნებული ვარ, რომ, როდესაც ევროკომისია ან საკითხზე ბჭობდა, ის სწორედ ამ ლოგიკას ემყარებოდა. მისი გადმოსახედიდან, სტატუსის მინიჭებაც სახიფათო იყო და მასზე უარის თქმაც; მაგრამ რაღაც გადაწყვეტილება უნდა მიეღოთ და მიიჩნიეს, რომ უარის თქმა მეტ ზიანს მოიტანდა, ვიდრე თანხმობა.

მეც ასე შევხედავ და ორივე ვარიანტიდან გამომდინარე საფრთხეებს ცალ-ცალკე განვიხილავ. სტატუსის მონიჭებით ევროკავშირმა ხელისუფლების ფაქტობრივად ანტიევროპული პოლიტიკა გაამართლა: ყოველ შემთხვევაში, მთავრობა და საზოგადოების დიდი ნაწილი ამ დასკვნას გამოიტანს. ხელისუფლების პროპაგანდისტები თავის ენაზე ამას გამოთქვამენ ფრაზებით: „თურმე, სტატუსის მისაღებად საჭირო არ ყოფილა ცალ ფეხზე დგომა და თავმოყვარეობის შელახვა“. „ცალ-ფეხზე დგომაში“ ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულება იგულისხმება: საბოლოო ჯამში, ევროპას ვჭირდებით, ამიტომ მაგრად უნდა დავუდგეთ; ის გაგვიწყრება, მაგრამ ბოლოს გაჭირვებულ სამიანს მაინც გადმოგვიგდებს.

ვიღებთ პარადოქსს, ევროკავშირისგან სტატუსის მიღება ანტიევროპულ მთავრობას პოზიციების გამყარებაში ეხმარება; მისი რეალურად პროევროპულით ჩანაცვლების ამოცანა უფრო რთულდება. მთავრობამ თითქოს ევროპისგანაც მიიღო მანდატი, ძველებური პოლიტიკა გააგრძელოს. მას რიტორიკულ დონეზეც გაუადვილდება გაუმკლავდეს კრიტიკოსებს, ვინც პრორუსულ პოლიტიკაში დაადანაშაულებს.

ევროპელებს ეს საფრთხე კარგად ესმით, ამიტომ ზოგი პირდაპირი ტექსტით, ზოგი მინიშნებით გვეუბნება, სტატუსი ქართველ ხალხს მივეცით და არა მთავრობასო. მაგრამ ეს აზრი ინტერპრეტაციულ წიაღსვლებში ჩაიკარგება, ფაქტი კი ფაქტად დარჩება.

რას მოიტანდა საპირისპირო გადაწყვეტილება? შიშის საფუძველი შემდეგია: გეოპოლიტიკური ფანჯარა, რომელმაც შესაძლებელი გახადა უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მოულოდნელი გახსნა, შეიძლება ასევე მოულოდნელად დაიხუროს. ორი მიმდინარე ომის პირობებში ვერ ვიწინასწარმეტყველებთ, როგორ გადალაგდება საერთაშორისო ვითარება. ვერ გამოვრიცხავთ, რომ ევროპას დაეკარგება საქართველოს შემოერთების პოლიტიკური ნება; ვერ გვექნებოდა გარანტია, რომ თუნდაც რეალურად პროევროპული ხელისუფლების მოსვლის შემთხვევაში ის კანდიდატის სტატუსის საკითხს დაუბრუნდებოდა. არც უკვე მონიჭებული კანდიდატის სტატუსია რამის გარანტია, მაგრამ ამ შემთხვევაში, თუ სიტუაცია და განწყობა შეიცვალა, ევროკავშირს უკანდახევა ცოტათი უფრო გაუჭირდება.

მეორე მხრივ, უარი დიდი ხნით დაამკვიდრებდა შეხედულებას, რომ საქართველო უკრაინასა და მოლდოვასთან შედარებით უფრო დაბალ ლიგაში თამაშობს, რომ მისი ევროპული პერსპექტივა გაურკვეველი მომავლისთვისაა გადადებული და დღეს მასზე ლაპარაკს აზრი აღარ აქვს. ეს გავლენას მოახდენდა როგორც დასავლელი პარტნიორების, ისე საქართველოს ხელისუფლების და საზოგადოების ქცევაზე.

ევროკავშირის და ზოგადად დასავლეთის გავლენა ტრადიციულად ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია, რაც ხელისუფლების ავტორიტარულ მიდრეკილებებს აკავებს. „ქართული ოცნების“ შემთხვევაში ეს შემაკავებელი ეფექტი შესუსტდა: დღევანდელი ხელისუფლება გაცილებით უფრო თამამად აიგნორებს ევროპიდან მომდინარე კრიტიკას. უარის შემთხვევაში, საზოგადოება კიდევ უფრო ჩაეფლობოდა უიმედობის ჭაობში, ხოლო ხელისუფლება ჩათვლიდა, რომ საერთოდ აღარ სჭირდება დასავლეთისთვის ანგარიშის გაწევა და კიდევ უფრო ღიად დაადგებოდა ბელარუსის და აზერბაიჯანის გზას. ქვეყანა კიდევ უფრო ავტორიტარული გახდებოდა და კიდევ უფრო დაშორდებოდა დასავლეთს.

ორივე ეს შიში მეტ-ნაკლებად საფუძვლიანია, მაგრამ რომელი მათგანია უფრო წონიანი? ამ მომენტისთვის მგონია, რომ უარით გამოწვეული საფრთხეები რამდენადმე აღემატება სტატუსის დაუმსახურებლად მიღების ნეგატიურ ეფექტს; მაგრამ არ მიკვირს, თუ სხვას საპირისპირო აზრი აქვს.

დასკვნა: გაურკვევლობა და იმედი

დავამთავრებ კიდევ ერთი, ამჯერად პოზიტიური მოსაზრებით. ვახსენე დებულება, რომ ევროკავშირმა სტატუსი საზოგადოებას მიანიჭა და არა ხელისუფლებას. ეს მხოლოდ (თვით)დამამშვიდებელი რიტორიკა არ არის. სავსებით შესაძლებელია, რომ, როცა ევროპელი ბიუროკრატები თუ პოლიტიკოსები საქართველოს მიმართ ნაკლებად ცუდ გადაწყვეტილებას ეძებდნენ, ქართული საზოგადოების რომანტიკული, იდეალისტური სწრაფვა ევროპისადმი გადამწყვეტი ფაქტორი აღმოჩენილიყო, რამაც ისინი პოზიტიური გადაწყვეტილებისკენ გადახარა.

ეს პროდასავლური ქართული საზოგადოების სიხარულს სტატუსის მინიჭების გამო დამატებით და რეალურ საფუძველს აძლევს. მას შეუძლია, თქვას: „ეს ჩვენი მონაპოვარია; სტატუსი ჩვენ მოგვანიჭეს მთავრობის წინააღმდეგობის მიუხედავად. ამიტომ ის უნდა დავაფასოთ“. კი, ტაქტიკური პოლიტიკური აზრით, ხელისუფლებამ ამით შეიძლება დროებით იხეიროს კიდეც, მაგრამ სტრატეგიულად, ისტორიულად სწორედ ხალხმა და არა ხელისუფლებამ შეუნარჩუნა ქვეყანას ევროპული პერსპექტივა.

სამწუხაროდ, ვერ გავიზიარებ კიდევ უფრო ოპტიმისტურ მოსაზრებას, რომ, როგორც ქვეყანამ, სტატუსი სრულად დავიმსახურეთ. ამის თქმა შეგვეძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შევქმნით ეფექტიან პოლიტიკურ ძალას, რომელსაც არა მხოლოდ ევროპულ ღირებულებებზე აპელაცია, არამედ ევროპულად (ესე იგი, პრაგმატულად და ამავე დროს პრინციპულად) ქმედებაც შეეძლება და არსებულ ანტიევროპულ ძალას ჩაანაცვლებს. სანამ ეს მოხდება, ვიმსახურებთ იმ მთავრობას, რაც გვყავს.

მაგრამ, სხვა ყველაფერთან ერთად, ჩვენი დიდი პრობლემა პოლიტიკური ნიჰილიზმი და საკუთარი ძალების ურწმუნობაა. თუ ამ კუთხით შევხედავთ, ევროკავშირის გადაწყვეტილება, უპირველეს ყოვლისა, ავანსია, რომელიც მან ჩვენს საზოგადოებას მისცა; ეს ავანსი შეიძლება გონივრულად გამოიყენო ან გაფლანგო. კარგ შემთხვევაში ის შეიძლება უფრო ეფექტიანი ქმედების ფსიქოლოგიური სტიმული გახდეს.

ტექსტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.