ევროკავშირის გადაწყვეტილება უკრაინაზე - ვკითხულობთ სტრიქონებს შორის

რიკარდ იოზვიაკი

ელოდნენ, რომ ეს ყველაზე რთულად შესათანხმებელი გადაწყვეტილება იქნებოდა. თუმცა, ბრიუსელში გამართულ სამიტზე ევროკავშირის ლიდერებმა გაფართოების შესახებ გადაწყვეტილება 14 დეკემბრის საღამოსვე მიიღეს.

პრობლემა რთული გადასაჭრელი ჩანდა, რადგან წევრი სახელმწიფოები უნგრეთის ვეტოს გვერდს ვერაფრით აუვლიდნენ. სხვა შემთხვევებში ეს შესაძლებელია - მაგალითად, კიევისთვის დამატებითი თანხების გამოყოფა ევროპის ცალკეულ დედაქალაქებშიც შეიძლება გადაწყდეს. აქ კი „ხვრელები“ თითქოს არ არსებობდა.

გამოსავალი გამოიძებნა, და თან სრულიად ახლებური,. - ევროკავშირის სამიტების ისტორიაში მსგავსი არაფერი მომხდარა. უნგრეთის პრემიერმა ვიქტორ ორბანმა დარბაზი დატოვა - თქვა, რომ არ ეთანხმებოდა, მაგრამ დანარჩენ 26 სახელმწიფოს ხმის მიცემის შესაძლებლობა მისცა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მას ვეტო არ გამოუყენებია.

ევროპის საბჭოში გადაწყვეტილების მისაღებად კვორუმია საჭირო - კენჭისყრაში წევრების 2/3 მაინც უნდა იღებდეს მონაწილეობას. კვორუმი შედგა, შესაბამისად, გადაწყვეტილება ოფიციალურად შევიდა ძალაში.

ორბანი იქამდე ამტკიცებდა, რომ უკრაინასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დასაწყებად არც უნგრეთი იყო მზად და არც ევროკავშირი.

თუმცა, თუ დავაკვირდებით კომენტარებს, რომლებიც ორბანმა სამიტის დაწყების წინ გააკეთა, დავინახავთ, რომ მან მიანიშნა ლიდერების მიერ მიღწეულ კომპრომისზე.

მან ორჯერ გაიმეორა - ჯერ უნგრეთის პარლამენტში გამოსვლისას, შემდეგ კი სამიტზე ჩასვლის შემდეგ - რომ ის უკრაინის „დაჩქარებული“ და „მეტისმეტად სწრაფი“ გაწევრიანების წინააღმდეგი იყო.

ამან შესაძლებელი გახადა კომპრომისის მიღწევა, რომელზეც სამიტის დაწყებისას, საუზმეზე შეთანხმდნენ ორბანი, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და ევროპული საბჭოსა და ევროკომისიის პრეზიდენტები - შარლ მიშელი და ურზულა ფონ დერ ლაიენი.

ამ კომპრომისის უკეთ გასაგებად უნდა განვიხილოთ ორი წინადადება - ორი სტრიქონი სამიტის დასკვნებში, რომლებიც უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების განცხადებას მოსდევს.

მთლიანი ფორმულირება ასეთია:

„ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება უკრაინასა და მოლდოვის რესპუბლიკასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის შესახებ.

ევროპული საბჭო იწვევს საბჭოს, მიიღოს მოლაპარაკებების შესაბამისი ჩარჩოები მას შემდეგ, რაც გადაიდგმება ნაბიჯები, რომლებიც მითითებულია კომისიის 2023 წლის 8 ნოემბრის შესაბამის რეკომენდაციებში“.

პირველი წინადადება უკრაინისა და მოლდოვისათვის ცალსახა გამარჯვებაა. უკრაინის ხელისუფლებას სურდა „მკაფიო და მშრალი“ ენით დაწერილი განცხადება, რომ დაიწყო მოლაპარაკებები გაწევრიანების შესახებ. მათ ამას მიაღწიეს - უნგრეთმა ამ მხრივ უკან დაიხია.

თუმცა, მეორე წინადადება საქმეს სამომავლოდ დებს. გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დე ფაქტო დასაწყებად საჭიროა მოლაპარაკებების ჩარჩოს მიღება.

როდის შეიძლება ეს მოხდეს? აი, აქ კი უნგრეთს ეთქმის გადამწყვეტი სიტყვა.

საქმე ისაა, რომ ეს „გამოსავალი“ თავად ევროკომისიამ გააჟღერა ნოემბერში წარდგენილ მოხსენებაში გაფართოების შესახებ.

იქ მათ აღნიშნეს, რომ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს 2024 წლის მარტში მოახსენებდნენ, თუ რა ვითარება იყო უკრაინაში, მოლდოვასა და ბოსნია-ჰერცეგოვინაში დანარჩენი პირობების შესრულების მხრივ.

უკრაინის შემთხვევაში საქმე შეეხება კანონმდებლობის დახვეწას ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს საქმიანობის გასაუმჯობესებლად, ლობირების დარეგულირებას და სახელმწიფო ენის, მედიისა და განათლების შესახებ კანონების მიღებას. ამ უკანასკნელ საკითხს ბუდაპეშტი ხშირად იყენებს ხოლმე უკრაინის წინააღმდეგ და ამტკიცებს, რომ ეს ქვეყანა დისკრიმინაციულად უდგება ეთნიკურად უნგრელ უმცირესობას.

უკრაინა აცხადებს, რომ კანონების ნაწილი უკვე მიიღეს, ნაწილს კი - მალე მიიღებენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკავშირის ლიდერებთან ვიდეომიმართვაში იმედი გამოთქვა, რომ მოლაპარაკებების ჩარჩოს მარტში დაამტკიცებენ.

ეს ყველაზე ლოგიკური სცენარია, რადგან ამ დროს ევროკავშირის ლიდერები შეიკრიბებიან ბრიუსელში და შეეძლებათ ჩარჩოზე ხელის მოწერა. ამ სამიტზე ორბანი ამტკიცებდა, რომ უკრაინას დარჩენილი სამი პირობიდან არც ერთი არ შეუსრულებია. საბოლოოდ, ვეტოს უფლება მას აქვს.

შარლ მიშელსა და სხვებთან ჩატარებული მოლაპარაკებებისას შეთანხმდნენ, რომ ლიდერები ამ საკითხს ერთ წელიწადში, 2024 წლის დეკემბრისთვის მოუბრუნდებიან.

ამაში არის გარკვეული ლოგიკა. პირველ რიგში, ივნისში ევროპარლამენტის არჩევნები უნდა ჩატარდეს, რომლის შემდეგაც შეირჩევა სრულიად ახალი ევროკომისია და ევროსაბჭოს ახალი პრეზიდენტი.

ევროკავშირში შიშობენ, რომ არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე მწვანე შუქის ანთება პოპულისტებს გააძლიერებს, მით უფრო, რომ როგორც ამბობენ, კლუბში იზრდება „უკრაინით დაღლა“.

ასევე, მიიჩნევენ, რომ უმჯობესია ვითარება ახალმა კომისიამაც შეაფასოს და ყველა გადაწყვეტილება ამჟამინდელმა შემადგენლობამ არ მიიღოს.

ამავე დროს, უმეტესობა იმაზეც თანხმდება, რომ ორბანი ამ ყველაფერს უკრაინის გაწევრიანების შესაფერხებლად აკეთებს და გზადაგზა ყველანაირ ბერკეტს გამოიყენებს, რომ მიიღოს ის, რაც სურს - დასავლეთში პოლიტიკური ლანდშაფტის შეცვლა და ევროკავშირისგან მეტი დაფინანსება.

პირველი მიზანი შეიძლება ახლოს იყოს - ნიდერლანდსა და სლოვაკეთში არჩევნებში პოპულისტებმა გაიმარჯვეს, რომლებსაც საკმაოდ ძლიერი ანტიუკრაინული შეხედულებები აქვთ.

უდიდესი მნიშვნელობა ექნება აშშ-ში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებსაც.

ორბანი შესაძლოა ფსონს დებდეს, რომ ევროკავშირს მალე მოუწევს უკრაინასთან დაკავშირებით რთული გადაწყვეტილებების მიღება - ან ნაკლები თანხების გამოყოფა, ან კი - გაფართოების პროცესის საგრძნობლად შენელება.

აქ მას ალბათ მოკავშირეებიც გამოუჩნდება. უკრაინასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას ის მარტო ეწინააღმდეგებოდა. თუმცა, როგორც ჩანს, კიდევ არაერთი წევრი დარჩება კმაყოფილი, თუ ეს გაწევრიანება დაჩქარებული წესით არ მოხდება.

აღმოსავლეთით მდებარე წევრი სახელმწიფოს წარმომადგენელმა ცოტა ხნის წინ მითხრა: „ოფიციალურად ჩვენ ვემხრობით უკრაინის 2030 წლისთვის მიღებას. სინამდვილეში კი სულაც არ დაგვწყდება გული, თუ ეს 2040-ში მოხდება“.

წევრები შიშობენ, რომ კიევს ევროკავშირის ბიუჯეტის მოზრდილი ნაწილი დასჭირდება და ამისათვის ის მზად არ იქნება.

ბევრს ლაპარაკობდნენ კავშირებზე ორბანის ვეტოებსა და ევროკავშირის დაფინანსებას შორის.

სამიტამდე ერთი დღით ადრე ევროკომისიამ უნგრეთს გამოუყო 10 მილიარდი ევრო, რომელიც მანამდე გაყინული იყო ქვეყანაში კანონის უზენაესობის შემცირებასთან დაკავშირებული შიშების გამო.

ორბანი ამტკიცებდა, რომ ის ვეტოს ფინანსურ იარაღად არ იყენებს. ამავე დროს, ცოტას თუ სჯერა, რომ ბუდაპეშტისთვის ფულის გამოყოფა უბრალოდ დაემთხვა მომენტს, როდესაც ბრიუსელს ორბანის ხმები ესაჭიროებოდა რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით.

უნგრეთი მიანიშნებს, რომ სურს მთელი გაყინული თანხის - 20 მილიარდამდე ევროს მიღება.

გაფართოების პროცესში 70-მდე ნაბიჯია, სადაც ვეტოს გამოყენებაა შესაძლებელი - მათ შორისაა გაწევრიანების 30-ზე მეტი თავი, რომლის გახსნას და დახურვას წევრების თანხმობა ესაჭიროება.

უკრაინის საკითხთან დაკავშირებით მიღწეულმა თანხმობამ გაწევრიანების მსურველ სხვა ქვეყნებსაც გაუღო კარი. ეს ის შემთხვევა იყო, როდესაც „ყველა ერთად გადახტებოდა, ან ყველა ერთად ჩავარდებოდა“.

მოლდოვა, უკრაინასთან ერთად დაიწყებს მოლაპარაკებებს, როდესაც ჩარჩოს მიიღებენ.

საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღო და ერთი ნაბიჯით ჩამორჩება კიევსა და კიშინიოვს.

ბოსნია-ჰერცეგოვინასთან დაკავშირებული ჩანაწერი უფრო პოზიტიური აღმოჩნდა, ვიდრე ელოდნენ. სარაევომ მიიღო ერთგვარი „გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყება დათქმებით“. აქ ფორმულირება ნაკლებად მკაფიოა, ვიდრე უკრაინასა და მოლდოვასთან დაკავშირებულ წინადადებებში: ევროპული საბჭო დაიწყებს გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებს ბოსნიასა და ჰერცეგოვინასთან, მას შემდეგ, რაც წევრობის კრიტერიუმებთან შესაბამის აუცილებელ ხარისხს მიაღწევს“.

თუმცა, ავსტრიის, უნგრეთის, სლოვენიისა და ხორვატიის ლობირების შემდეგ დაამატეს კიდევ ერთი წინადადება, რომელიც უფრო გასაგებს ხდის, თუ როდის მიიღებენ ამ გადაწყვეტილებას: „საბჭომ მოიწვია კომისია, რათა მარტამდე მოამზადოს ანგარიში, სადაც გამოთქმული იქნება მოსაზრება გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით“.