ევროკავშირის ახალი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ: სუსტი და წყალწყალა?

რიკარდ იოზვიაკი

ზამთრის არდადეგებამდე სულ ცოტა ხნით ადრე ევროკავშირმა მოახერხა და შეთანხმდა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესახებ. ეს მე-12 პაკეტია 2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ.

როგორც ევროკავშირის ოფიციალური პირებისგან შევიტყვე, აპირებენ სანქციების კიდევ ერთი პაკეტის მიღებას 24 თებერვლისთვის, უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმის მეორე წლისთავისთვის.

არდადეგების დროს უკრაინის ქალაქებზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმებმა ბრიუსელში უფრო მეტი ადამიანი დაარწმუნა, რომ საჭიროა დამატებითი შემზღუდავი ზომების მიღება.

მიუხედავად ამისა, 27 წევრ სახელმწიფოს დიდი დრო სჭირდება ხოლმე ახალ სანქციებზე შესათანხმებლად - მოლაპარაკებების ბოლო რაუნდი ერთ თვეზე მეტხანს გაგრძელდა და მაინც ვერ მიაღწიეს კონსენსუსს, თუ რა მიდგომა უნდა ჰქონოდათ რუსეთის ენერგეტიკულ სექტორთან დაკავშირებით.

ბოლო პაკეტის მთავარი სიახლე ისაა, რომ ევროკავშირმა 2024 წლიდან აკრძალა როგორც ბუნებრივი, ისე სინთეტიკური რუსული ბრილიანტების იმპორტი. ამ ბიზნესმა მოსკოვს შარშან 4 მილიარდ დოლარზე მეტი მოუტანა. 1 მარტიდან აიკრძალება მესამე ქვეყნებში გადამუშავებული რუსული ბრილიანტის იმპორტიც.

სანქციების პაკეტის დანარჩენ ნაწილში საინტერესოს ბევრს ვერაფერს ნახავთ.

მომავალში კიდევ რამდენიმე რუსულ ექსპორტს ემუქრება ევროკავშირში იმპორტის აკრძალვა - თხევადი ნავთობის გაზს (LPG), დამუშავებულ ალუმინს, რკინასა და სპილენძის მავთულებს - ამან კრემლს კიდევ დაახლოებით 2-დან 3 მილიარდ აშშ დოლარის შემოსავალი უნდა გადაუკეტოს.

ბლოკი ასევე შეწყვეტს რუსეთში თერმოსტატების, სტატიკური გადამყვანების, რეზისტორებისა და ლითიუმის ბატარეების ექსპორტს - ეს კომპონენტები დრონებსა და სხვა სამხედრო აღჭურვილობაშიც გამოიყენება.

ევროკავშირის კომპანიებს აეკრძალებათ ისეთი სერვისების მიწოდება, როგორიცაა პროგრამული უზრუნველყოფა სამრეწველო დიზაინისთვის და რუსეთის მოქალაქეებს აღარ შეეძლებათ მაღალი თანამდებობების დაკავება ევროკავშირის კომპანიებში, რომლებიც უზრუნველყოფენ კრიპტოაქტივების მომსახურებას.

ევროკომისიის მაღალჩინოსნებმა ჟურნალისტებს ამცნეს, რომ მე-12 პაკეტი შეამცირებს რუსეთის მიერ ომის წარმოების შესაძლებლობას და ამოქოლავს ხვრელებს წინა სანქციებში.

თუმცა, საბოლოო ტექსტის წაკითხვისას ჩანს, რომ ევროკავშირმა ახალი ხვრელები და გამონაკლისები შექმნა.

ბრილიანტების აკრძალვა, მაგალითად, არ შეეხება სამრეწველო ბრილიანტებს.

LPG-ის აკრძალვა კიდევ ერთი წელი არ ამოქმედდება.

სხვა აკრძალვებიც ეტაპობრივად შევა ძალაში და ეს პერიოდი ექვსიდან 18 თვემდე გაგრძელდება.

მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით რუსეთის ატომური სექტორის ზომები არ მიუღიათ, უნგრეთმა მაინც მიიღო იურიდიული გარანტია, რომ გამონაკლისებს - ე.წ. დეროგაციებს - დაუშვებენ ყველა სერვისისთვის, რომელიც დაკავშირებულია რუსული ენერგეტიკული გიგანტის, „როსატომის“ უნგრეთის ატომურ ელექტროსადგურზე მუშაობასთან.

გერმანიამ ასევე მოითხოვა, რომ სანქციების საბოლოო ტექსტში შესულიყო განმარტება, თუ რა შეუძლიათ თან იქონიონ რუსებმა, რომლებიც ევროკავშირში მიემგზავრებიან. მიზეზი გახდა შემოდგომაზე მედიაში გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ევროკავშირის ზოგიერთი მესაზღვრე მგზავრებს ართმევდა პირად ნივთებს, როგორიცაა კბილის პასტა და ტანსაცმელი.

ტექსტში ახლა აღნიშნულია, რომ ევროკავშირი უშვებს „პერსონალური ნივთების შეტანას, რომლებიც არ წარმოადგენს სანქციებისათვის გვერდის ავლის რისკს, მათ შორის, პირადი ჰიგიენის ნივთებს ან ტანსაცმელს, რომელიც აცვიათ მგზავრებს ან ბარგით გადააქვთ და რომლებიც აშკარად არის განკუთვნილი მათთვის ან მათი ოჯახის წევრების პირადი მოხმარებისათვის“.

მიუხედავად იმისა, რომ რუსული სანომრე ნიშნების მქონე მანქანებს ბლოკში შესვლა ეკრძალებათ, ახლა გამონაკლისები დაუშვეს ევროკავშირში შემავალი დიპლომატიური მანქანებისთვის და რუსეთში მცხოვრები ევროკავშირის მოქალაქეების კუთვნილი ავტომობილებისათვის.

ახალ გამონაკლისებთან ერთად, ბევრ ახალ ზომას, ფაქტობრივად, ძალა აღარ აქვს ან ძალიანაა შესუსტებული პირველი მონახაზის შემდეგ, რომელიც რადიო თავისუფლებამ ნახა და რომელიც ევროკომისიამ თავდაპირველად წარუდგინა წევრ ქვეყნებს ნოემბერში.

ავიღოთ ნავთობის ფასის ზედა ზღვარი, რომელიც გასული წლის ბოლოს განსაზღვრეს ბარელზე 60 დოლარად. ლიმიტი ძალაში რჩება, მაგრამ ბრიუსელი ითხოვს მეტ გამჭვირვალობას.

მარეგულირებლები შიშობენ, რომ დამატებით ხარჯებს - მაგალითად, დაზღვევასა და ტვირთებთან დაკავშირებულს - ბერავენ, რათა რუსეთმა მეტი შემოსავალი მიიღოს.

პრობლემა აქ ის გახლავთ, რომ, მართალია, ევროკავშირს შეუძლია მეტი ინფორმაცია მოითხოვოს გადამზიდავი კომპანიებისგან, მაგრამ აღსრულების მექანიზმები არ გააჩნია.

იგივე პრობლემაა უახლეს პაკეტში დანერგილ კიდევ ერთ სიახლესთან დაკავშირებით. ევროკავშირი შექმნის შეტყობინებების რეესტრს, სადაც აღწერილი იქნება ევროკავშირის ტანკერების ყველა გაყიდვა მესამე ქვეყნებში. მიზანია დაინახონ, თუ რამდენი მათგანი აღმოჩნდება რუსეთის გემების „ჩრდილოვან ფლოტში“, რომლებსაც შემდეგ მთელ მსოფლიოში გადააქვს ნავთობი ზედა ზღვარზე უფრო ძვირად.

ვარაუდობენ, რომ ეს „ჩრდილოვანი ფლოტი“ დაახლოებით 200 გემისაგან შედგება

ანუ, რუსეთისათვის ტანკერების მიყიდვა არ აუკრძალავთ. ბრიუსელი უბრალოდ ცდილობს, რომ „გაიგოს, როგორ მუშაობს ჯაჭვი“, - მითხრა საქმეში ჩახედულმა ევროკავშირის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, რომელმაც ვინაობის გამჟღავნება არ ისურვა.

სხვა შემოთავაზებული სანქციებიც შეასუსტეს.

ავიღოთ კომპანიების სია, რომლებთანაც ევროკავშირის ფირმებს ვაჭრობის უფლება აღარ აქვთ, რადგან ბრიუსელი ეჭვობს, რომ მათ წვლილი შეიტანეს რუსეთის ომის მანქანაში.

2023 წლის ნოემბრის თავდაპირველ ვარიანტში დასახელებული იყო 31 კომპანია - ყველა რუსული, გარდა ერთი სინგაპურის, ერთი უზბეკურისა და ორი ყაზახურისა.

საბოლოო სიიდან, რომელიც 18 დეკემბერს გამოქვეყნდა, ამოიღეს ორი ყაზახური კომპანია. როდესაც ევროკომისიის ოფიციალურ პირს ამის მიზეზი ვკითხე, მიპასუხა, რომ ეს დაკავშირებულია „ევროკავშირის ჩართულობასთან მესამე ქვეყნებთან“.

თავდაპირველი შემოთავაზების შესუსტების ყველაზე მკაფიო მაგალითია, ევროკომისიის წინადადება, რომ რუსული კომპანიების ევროკავშირის შვილობილ ფირმებს ბრიუსელისგან ავტორიზაცია უნდა მიეღოთ 100,000 ევროზე მეტი თანხის გადასარიცხად რუსეთში ან მესამე ქვეყანაში. ეს ნაბიჯი პოტენციურად გაურთულებდა რუსეთის ევროკავშირის შვილობილ კომპანიებს ოპერირებას.

ახლა კი ამ წინადადებისგან მხოლოდ შეტყობინებების სისტემა დარჩა, რაც იმას ნიშნავს, რომ კომპანიებს არ სჭირდებათ მწვანე შუქი ევროკავშირიდან ფულის გასაგზავნად. ამან შეიძლება გამჭვირვალობა გაზარდოს, მაგრამ კრემლს დიდ ეკონომიკურ პრობლემებს ვერ შეუქმნის.

ევროკომისიის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მითხრა, რომ ზოგიერთმა ქვეყანამ შეშფოთება გამოთქვა, რადგან მიიჩნია, რომ თავდაპირველი ზომა წევრ სახელმწიფოებს მძიმე ადმინისტრაციულ ტვირთად დააწვებოდა.