ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეპ ბორელი და ევროკომისია ერთობლივი განცხადებით ეხმაურებიან „აგენტების კანონის“ მესამე მოსმენით მიღებას და ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მოუწოდებენ, გაიწვიოს კანონი.
„ევროკავშირი დგას ქართველი ხალხისა და მისი არჩევანის გვერდით დემოკრატიისა და საქართველოს ევროპული მომავლის სასარგებლოდ. დაუშვებელია სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების, პოლიტიკური ლიდერებისა და ჟურნალისტების, ასევე მათი ოჯახების დაშინება, მუქარა და ფიზიკური შეურაცხყოფა“, - წერია განცხადებაში.
ასევე ნახეთ ზარი 11 წლის ლილესთან, 16 წლის კესოსთან, 13 წლის გოგოსთან, 10 წლის ბიჭთან - რატომ რეკავენ ბავშვებთან?ჟოზეპ ბორელი და ევროკომისია 14 მაისს გავრცელებული განცხადებით მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, გამოიძიონ დაშინების, მუქარისა და ფიზიკური შეურაცხყოფის „დოკუმენტირებული შემთხვევები“.
განცხადების ავტორები იმეორებენ, რომ ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა იმ დათქმით, რომ ევროკომისიის შესაბამის რეკომენდაციებზე პროგრესი იქნებოდა მიღწეული.
„ერთ-ერთი ეს ნაბიჯი მოიცავს რეკომენდაციას ადამიანის უფლებების დაცვის უზრუნველყოფის შესახებ, ასევე სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის თავისუფლად ფუნქციონირების შესახებ. სხვა ორი ნაბიჯი ეხება დეპოლარიზაციასა და დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლას“, - ვკითხულობთ განცხადებაში.
ჟოზეპ ბორელი და ევროკომისია ხაზს უსვამენ, რომ საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობამ კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ მესამე მოსმენით მიიღო, რეკომენდაციების მიუხედავად და „მიუხედავად დიდი პროტესტისა და საერთაშორისო საზოგადოების ცალსახა მოწოდებისა“.
ისინი იმეორებენ, რომ ევროკავშირმა ცხადად და არაერთხელ განაცხადა, რომ კანონის სულისკვეთება არ შეესაბამება ევროკავშირის ფუნდამენტურ ნორმებსა და ღირებულებებს.
„იგი ძირს უთხრის სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის მუშაობას, მაშინ, როდესაც გაერთიანების თავისუფლება და გამოხატვის თავისუფლება არის ფუნდამენტური უფლებები, რაც საფუძვლად უდევს საქართველოს ასოცირების შეთანხმებასა და ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მიმავალ ყველანაირ გზას“, - აცხადებენ ჟოზეპ ბორელი და ოლივერ ვარჰეი.
ასევე ნახეთ „პოლიციას რომ უხსნიდა, არ ვიცი ქართულიო, სცემდნენ, იტყუებიო“ - აქციაზე დაკავებული ამერიკის მოქალაქეებიისინი კიდევ ერთხელ მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, გაიწვიოს კანონი:
„ამ კანონის მიღება უარყოფითად აისახება საქართველოს პროგრესზე ევროკავშირის გზაზე. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გაიწვიოს კანონი, შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები ევროკავშირის გზაზე და განახორციელოს აუცილებელი რეფორმები. ევროკავშირი მზადაა, გააგრძელოს ქართველების მხარდაჭერა ევროპული მომავლისკენ“, - აცხადებენ ევროკავშირის უმაღლესი რანგის წარმომადგენლები.
2023 წლის მარტში ხალხმრავალი აქციებისა და საერთაშორისო კრიტიკის გამო საპარლამენტო უმრავლესობა იძულებული გახდა, „უცხოეთის აგენტების კანონი“ ჩაეგდო და პირობა დადო, რომ პროექტს აღარ დაუბრუნდებოდა.
„ქართულმა ოცნებამ“ კანონპროექტი 2024 წლის 3 აპრილს დააბრუნა პარლამენტში. ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ პროექტში მან „უცხო ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციით“ ჩაანაცვლა.
„აგენტების კანონი“ ვენეციის კომისიაში 15 აპრილს გაგზავნა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) პრეზიდენტმა თეოდოროს რუსოპულოსმა და სთხოვა კომისიას, დაჩქარებული წესით დაადგინოს, რამდენად შეესაბამება იგი ევროსაბჭოს სტანდარტებს.
პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს პირობა აქვს დადებული, რომ კანონს ვეტოს დაადებს.
თუმცა პარლამენტს უბრალო უმრავლესობით შეუძლია პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა.
ასევე ნახეთ ზურაბიშვილი: ვეტოს დადებით არ შევალ „ხელოვნურ, მატყუარა მოლაპარაკებებში. არა და არასოდეს!“შენიშვნა: თავდაპირველად განცხადება ჟოზეპ ბორელისა და ევროკომისარი ოლივერ ვარჰეის სახელით გავრცელდა, თუმცა განახლებულ განცხადებას ხელს ბორელი და არა უბრალოდ ევროკომისარი, არამედ ევროკომისია აწერენ.