რას უნდა ველოდოთ კიდევ ევროკავშირისგან და არის თუ არა ამ ნაბიჯებს შორის უვიზო რეჟიმის შეწყვეტა?
საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობები უარესდება. იმ პირობებში, როცა საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღო და უკრაინისა და მოლდოვის მსგავსად, ევროკავშირთან გაწევრების მოლაპარაკებები უნდა გაეხსნა, ბრიუსელი მტკიცედ იმეორებს, რომ ამჟამინდელი კურსით საქართველოს ევროინტეგრაცია შეჩერებულია.
მეტიც - ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ ახალ-ახალ ზომებს იღებს. ორი მათგანის შესახებ გასულ რამდენიმე დღეში გავიგეთ. 4 ოქტომბერს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ გამოაცხადა, რომ ევროკავშირი წყვეტდა მაღალი დონის შეხვედრებს საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან.
8 ოქტომბერს კი ევროკომისიამ გამოაცხადა, რომ მომდევნო სამი წლის მანძილზე საქართველოს 121 მილიონი ევროს (360 მილიონი ლარი) დახმარებას უჩერებს. კომისიის თანახმად, ამის მიზეზი დემოკრატიის მდგომარეობის გაუარესებაა, კერძოდ კი, ევროკომისიის ცნობით, საქართველოს მთავრობა არ მიიღებს 2022 წელს გამოყოფილ 12 მილიონ ევროს, 2023 წელს გამოყოფილ 72 მილიონ ევროს და 2024 წელს გამოყოფილ 47,7 მილიონ ევროს. ეს ფული წინა წლებში გამოიყო, თუმცა ჯერ არ დახარჯულა.
ეს კი იმ ფონზე, როცა ევროკავშირი ზრდის როგორც სომხეთის, ისე აზერბაიჯანის ფინანსურ დახმარებას. სომხეთს 2023 წელს 45 მილიონი ევრო გამოუყვეს, 2024 წელს კი - 67,5 მილიონი.
ასევე ნახეთ "გამოაპანღურებდნენ ქვეყნიდან“ - "ოცნება" ევროკავშირის ელჩს უპირისპირდებაამ ყველაფერს წინ უძღოდა საქართველოსთვის 30 მილიონი ევროს ოდენობით მხარდაჭერის შეწყვეტა ევროპული სამშვიდობო ფონდიდან, რაც ივლისში გამოცხადდა. ევროკავშირის ელჩმა მაშინ თქვა, რომ სიტუაციის გაუარესების შემთხვევაში სხვა ზომებსაც მივიღებთო.
ამავდროულად, ევროკავშირი ხაზს უსვამს, რომ დახმარება უჩერდება საქართველოს ხელისუფლებას და გეგმავენ, ეს სახსრები სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის მხარდაჭერაზე დახარჯონ. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა აქამდეც ხაზს უსვამდა, რომ მათი ფინანსური დახმარების უდიდესი ნაწილი სწორედ მთავრობისკენაა მიმართული და არა მედიისა თუ არასამთავრობო ორგანიზაციებისკენ. საქართველოს მთავრობის ანტიევროპულმა ნაბიჯებმა კი ევროკავშირს ეს მიდგომა შეატრიალებინა.
რა იქნება შემდეგი?
რადიო თავისუფლება ივნისში წერდა, რომ ევროკავშირმა საქართველოში განვითარებული მოვლენების პასუხად შეიმუშავა დოკუმენტი, რომელშიც მათი შესაძლო მოქმედებების გეგმა იყო გაწერილი.
ამ სიაში საუბარია სამივე ნაბიჯზე, რომელიც ევროკავშირმა უკვე გადადგა. თუმცა ევროპული სამშვიდობო ფონდიდან 30 მილიონის შეჩერება, მაღალი დონის შეხვედრების შეწყვეტა თუ მთავრობისთვის ფინანსური მხარდაჭერის გაუქმება და ამ ფულის სამოქალაქო საზოგადოებისკენ მიმართვა, დოკუმენტის თანახმად, მოქმედებების მხოლოდ პირველ, მოკლევადიანი ზომების ჯგუფში შედის.
26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე, ევროკავშირმა მოკლევადიანი ზომები თითქმის ამოწურა. თუმცა, ივნისის გეგმის მიხედვით, მას მომზადებული აქვს იმ ნაბიჯების ჩამონათვალი, რაც საქართველოში ვითარების გაუარესების შემთხვევაში უნდა გადადგას.
ვითარების გაუარესება, ევროკომისიის დოკუმენტის თანახმად, პირველ რიგში გულისხმობს მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ ძალადობასა და არჩევნების უსამართლო გარემოში ჩატარებას.
ასეთ შემთხვევაში, ევროკომისია განიხილავს სანქციების დაწესებას იმათთვის, ვინც ადამიანის უფლებების დარღვევაში იქნება ჩართული. გარდა ამისა, ისევ გადაიხედება და გადამისამართდება ფინანსური დახმარება, ქართული დიპლომატიური პასპორტის მფლობელებს კი შენგენის ვიზები შეიძლება დასჭირდეთ.
რამდენად მოსალოდნელია უვიზო რეჟიმის შეჩერება?
ამ კითხვაზე პასუხი იმაზე იქნება დამოკიდებული, საქართველოში არჩევნები როგორ ჩაივლის. ევროკავშირი ნამდვილად განიხილავს საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებას, თუმცა ეს მხოლოდ უკიდურესი ნაბიჯი იქნება.
ამ ეტაპზე დანამდვილებით იმის თქმა შეიძლება, რომ ევროკავშირი საქართველოს უვიზო მიმოსვლას არჩევნებამდე არ გაუჩერებს.
სხვა ყველაფერთან ერთად, ამას ტექნიკური მიზეზი აქვს.
ევროკომისია გეგმავდა, რომ უვიზო რეჟიმის შეჩერების შემთხვევაში, ეს გადაწყვეტილება გამოეცხადებინა ევროკავშირის გაფართოების ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას.
ასევე ნახეთ უვიზო რეჟიმის გადახედვა და სანქციები ივანიშვილს - ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია მიიღორადიო თავისუფლების ინფორმაციით, ევროკომისია წლევანდელ ანგარიშს 30 ოქტომბერს, საქართველოს საპარლამენტო არჩევნებიდან ოთხ დღეში წარადგენს.
9 ოქტომბერს ევროპარლამენტმა მორიგი რეზოლუცია მიიღო, სადაც ევროკომისიას მოუწოდა, შეაფასოს, რამდენად შეესაბამება საქართველოში „უცხოეთის აგენტების“ თუ ლგბტ უფლებების შემზღუდველი კანონის მიღება სავიზო ლიბერალიზაციით გათვალისწინებულ ვალდებულებებს.
ვალდებულებების არშესრულება, განსაკუთრებით ადამიანის უფლებების ნაწილში, უვიზო რეჟიმის შეჩერების საფუძველი მართლა შეიძლება გახდეს, თუმცა ევროპარლამენტის რეზოლუცია სიმბოლური ხასიათისაა და სამართლებრივი ძალა არ გააჩნია.
საბოლოო გადაწყვეტილებას მხოლოდ ევროკომისია და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები მიიღებენ.