ეს მისია ბლოკის წევრმა ქვეყნებმა 2022 წლის შემოდგომაზე დაამტკიცეს. იმდროინდელი კონცეფციის თანახმად, მისია შეიქმნა „სტრატეგიული მიზნით, ხელი შეუწყოს უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო შესაძლებლობების გაზრდას, რათა მხარი დაუჭიროს უკრაინას რუსეთის აგრესიული ომის წინააღმდეგ ბრძოლაში“.
იმავე წლის ნოემბრის ბოლოს, EUMAM უკრაინამ ევროკავშირის ტერიტორიაზე წვრთნისთვის მიიღო პირველი უკრაინელი ჯარისკაცები. მიმდინარე წლის ბოლომდე 75 000-მდე უკრაინელი გაივლის ტრენინგს ევროკავშირის ქვეყნებში. თუ გავითვალისწინებთ, რომ თავდაპირველი დაახლოებით 15 000 ჯარისკაცის მომზადებას გულისხმობდა, შეიძლება ითქვას, რომ მისიამ გაამართლა.
ბრიუსელში შიშობენ, რომ ტრამპის პრეზიდენტობის დროს ევროკავშირს მოუწევს უკრაინის ფინანსური და სამხედრო მხარდაჭერის მეტი ტვირთის ატანა. ოქტომბრის ბოლოს „დიდი შვიდეული“ შეთანხმდა, რომ 2025 წელს დასავლეთი უკრაინას 50 მილიარდი დოლარის ოდენობით დააფინანსებს. შედარებისთვის, EUMAM უკრაინა მხოლოდ 362 მილიონი ევრო (388 მილიონი აშშ დოლარი) დაჯდა გასული წლის განმავლობაში.
ევროპელებს ალბათ სულ უფრო ხშირად მოუწევთ მიმართონ მსგავს ინიციატივებს, რომლებსაც დიპლომატები ეკონომიურად მიიჩნევენ. EUMAM უკრაინის წლიური ბიუჯეტი, სავარაუდოდ, მომდევნო ორი წლის განმავლობაში 408 მილიონ ევრომდე გაიზრდება და მას დააფინანსებს ევროპის სამშვიდობო ფონდი (EPF) - ევროკავშირის გარე ბიუჯეტის მექანიზმი, რომელშიც ევროკავშირის წევრი ქვეყნები იხდიან წილს მათი მთლიანი ეროვნული შემოსავლის (GNI) საფუძველზე.
გასული წლიდან უნგრეთმა დაბლოკა EPF თანხის რამდენიმე ტრანში, რომელიც ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მიეწოდებოდა. (ჩანაფიქრი ასეთია, რომ ეს წევრი ქვეყნები უკრაინას უგზავნიან იარაღს და შემდეგ კომპენსაციას იღებენ EPF-ის მეშვეობით.)
ასევე ნახეთ ევროპის პოლიტიკური გაერთიანების "თამაში" პუშკაშის მოედანზეთუმცა, ბუდაპეშტმა მწვანე შუქი აუნთო EUMAM უკრაინას, მაგრამ პროცესს უპრობლემოდ არ ჩაუვლია. ბლოკი გეგმავდა მისიის გაფართოებას და უკრაინელი ჯარისკაცების გაწვრთნას უკრაინის ტერიტორიაზე. ამას უნგრეთმა ვეტო დაადო, თუმცა ამ დამოკიდებულებას - რომ ევროკავშირის ჯარისკაცები უკრაინაში ჩავიდნენ, როგორც ამას საფრანგეთი ითხოვს - ბევრი სხვა წევრი სახელმწიფოც მკაცრად ეწინააღმდეგება.
მისიის გაფართოების მომხრეები ამტკიცებდნენ, რომ უკრაინაში სამხედრო პერსონალს კი არ გააგზავნიდნენ, არამედ უფრო ადმინისტრატორებს, რომლებიც ზედამხედველობას გაუწევდნენ სასწავლო წვრთნებს. საბოლოოდ კი გადაწყვიტეს მისია გაეხანგრძლივებინათ გაფართოებული მანდატის გარეშე და მხოლოდ ოდნავ გაზრდილი ბიუჯეტით. ასევე, 2025 წლის დასაწყისში მოხდება EUMAM უკრაინის სტრატეგიული შეფასება, რათა დადგინდეს, რამის დამატება ხომ არ იქნება საჭირო.
EUMAM უკრაინის შესახებ საბოლოო შეთანხმებაში, რომელსაც რადიო თავისუფლებაც გაეცნო. კიდევ ერთი საინტერესო ელემენტი ფიგურირებს: "საიდუმლო ინფორმაციის აუცილებელი გაცვლა ავტორიზებული უნდა იყოს EUMAM უკრაინასა და ნატოს უკრაინის უსაფრთხოების დახმარებისა და წვრთნის (NSATU) პროგრამას შორის". NSATU არსებითად EUMAM უკრაინის ნატოს ეკვივალენტია, რომლის 700-პერსონალიანი შტაბბინა გერმანიაში შემოდგომაზე გაიხსნება. ეს პატარა პოლიტიკური გარღვევაა, რომ ბრიუსელში დაფუძნებული ორი ორგანიზაცია რეალურად ითანამშრომლებს. ეს ყოველთვის მარტივი საქმე არ არის.
თუმცა, ეს ვითარება ბრიუსელში გარდაუვალ კითხვებს აჩენს: რატომ მართავენ ნატოც და ევროკავშირიც საწვრთნელ მისიებს უკრაინელი ჯარისკაცებისთვის? განა უფრო ეფექტური არ იქნება, თუ ამას, დუბლირების თავიდან ასაცილებლად, მხოლოდ ერთი დასავლური ორგანიზაცია გააკეთებს? როგორც ნატოს, ისე ევროკავშირის ოფიციალური პირების პასუხი ჩვეულებრივ ისაა, რომ კიევი მიესალმება ყველა მცდელობას - და კარგია, რომ ევროკავშირი ჩართულია უსაფრთხოების მკაცრ ზომებში, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია მომავალში გააუქმებს ნატოს წვრთნების მხარდაჭერას.
ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, EUMAM უკრაინა მხოლოდ წვეთია ზღვაში. უკრაინელმა მაღალჩინოსანმა ცოტა ხნის წინ მითხრა, რომ EUMAM უკრაინა "ფარავს ჩვენი საჭიროებების მხოლოდ ნაწილს". მიუხედავად იმისა, რომ ის გვთავაზობს მყარ და თანამედროვე მომზადებას, მაგალითად, ისეთ სფეროებში, როგორიცაა განაღმვა და კიბერომი, ის არ აძლევს უკრაინას იმას, რაც მას ყველაზე მეტად სურს - მძიმე არტილერიას (რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში გამოყენების ნებართვასთან ერთად) და საბრძოლო მასალას.
ევროკავშირის ოფიციალურმა წარმომადგენელმა სათქმელი კიდევ უფრო პირდაპირ ჩამოაყალიბა: "კარგია, პროგრამა არსებობს და ის სასარგებლო საქმეს აკეთებს, მაგრამ ეს ის არ გახლავთ, რაც ახლა კიევს ყველაზე მეტად სჭირდება. ეს ტიპური ევროპული გამოსავალია - მოდით გავაკეთოთ რაიმე, ნებისმიერი რამ, და შემდეგ წარმოვაჩინოთ ეს, როგორც მნიშვნელოვანი გამარჯვება".
ასევე ნახეთ რას ნიშნავს ტრამპის გამარჯვება უკრაინისა და მისი ფრონტისთვის?