„ავღანელი“ ნიკოლაი ბისტროვის ბიოგრაფია უნიკალურია: 1983 წელს, 19 წლის ასაკში ჯარში გაწვეული და ავღანეთში გადასროლილი „ინტერნაციონალური ვალის მოსახდელად“, ის მალე მუჯაჰედინების ხელში ჩავარდება. ნიკოლაი მალე გახდება სტოკჰოლმის სინდრომის კლასიკური მაგალითი, როდესაც სიკვდილის საფრთხის ქვეშ, დამცავი რეფლექსის და მადლიერების (რომ არ იყო მოკლული) გამო მუჯაჰედინების მხარეს აირჩევს და გახდება ავღანეთის ყველაზე ქარიზმატული სარდლის, აჰმად შაჰ-მასუდის პირადი მცველი.
გთავაზობთ ინტერვიუს ნიკოლაი ბისტროვთან, რომელიც რამდენიმე წლის წინ მაქვს ჩაწერილი.
ნიკოლაი ბისტროვი: ჯარში 1983 წლის დასაწყისში გამიწვიეს. სამსახური თურქმენეთის ტერიტორიაზე დავიწყე. თურქმენეთში ჩვენმა მომზადებამ 6 თვეს გასტანა, რის შემდეგაც ავღანეთში გადაგვისროლეს.
ლ. ო.: როდის შეიტყვეთ ავღანეთში გამგზავრების შესახებ?
ნიკოლაი ბისტროვი: არც არასდროს! ავღანურ მიწაზე ისე დავდგი ფეხი, რომ არც ვიცოდი, სად მოვხვდი! როცა შევიტყვე, გაოგნებული დავრჩი, ისე როგორც ყველა სხვა მეომარი. ეგ კი არა, ავღანეთში ყოფნისას იმის უფლებაც არ მქონდა, მშობლებისათვის მიმეწერა და მეთქვა, სად ვიყავი! მხოლოდ ავღანელებთან ტყვეობისას შევძელი მშობლებისთვის ხმის მიწვდენა... წარმოგიდგენიათ?
ლ. ო.: ავღანეთში ჩასვლიდან რამდენ ხანში ჩავარდით ტყვედ?
ნიკოლაი ბისტროვი: დაახლოებით ექვს თვეში. ის ნაწილი, სადაც მე ვმსახურობდი ბაგრამის აეროპორტის დაცვით იყო დაკავებული. იმ დღეს ორმა ოფიცერმა გაგვაგზავნა სამი ჯარისკაცი ჰაშიშის საყიდლად. ერთ-ერთ სოფელში შესვლისას ბავშვებს ვკითხეთ, სად იყიდებოდა მოსაწევი. მოკლედ, გამყიდვლის ძებნა-ძებნაში კაი ღრმად შევტოპეთ ამ სოფელში. უცბად ყველა მხრიდან დაგვიწყეს სროლა. სამივენი დაგვჭრეს. თვალი რომ გავახილე, დავინახე ექვსი მუჯაჰედინი გვადგა თავზე. მე ფეხში ვიყავი დაჭრილი მსუბუქად. ერთ-ერთ ჩვენთაგანს, რომელიც ურო მძიმედ იყო დაჭრილი და სიარული არ შეეძლო, იქვე მოუღეს ბოლო. მე და ჩემი ამხანაგი კი გაგვყვეს და სხვადასხვა მიმართულებით წაგვიყვანეს. იმ ფაქტმა, რომ არ მომკლეს, ძალზე დამაიმედა - დარწმუნებული ვიყავი, რომ ავღანელ ტყვეებზე გაცვლისათვის მამზადებდნენ.
ლ. ო.: გაქცევა არ გიცდიათ?
ნიკოლაი ბისტროვი: თავიდან ვცადე, მაგრამ მალე მივხვდი რომ ავღანელები უფრო კარგად მექცეოდნენ, ვიდრე საკუთარი ოფიცრები ჩვენს ჯარში. გესმით რას ვამბობ? უცბად მივხდი რომ ტყვედ ავღანელებთან უფრო ბედნიერი ვიყავი, ვიდრე საბჭოთა ჯარში!
ლ. ო.: აჰმად შაჰ მასუდს პირველად როდის შეხვდით?
ნიკოლაი ბისტროვი: ეს ის პერიოდი იყო, როცა ჩერნენკო გახდა გენერალური მდივანი. მაშინ საბჭოთა ჯარებმა წამოიწყეს ფართომაშტაბიანი ოპერაციები ფანჯშირის ხეობაში მასუდის წინააღმდეგ. მეც ამ ხეობაში მიმიყვანეს მუჯაჰედინებმა. აი, იქ, ერთ-ერთ სოფელში ვნახე პირველად მასუდი. ამ სოფელში გავატარე რამდენიმე თვე ექვს სხვა ჩემნაირ საბჭოთა ტყვესთან ერთად.
ლ. ო.: საბჭოთა ტყვეებს ერთმანეთთან როგორი დამოკიდებულება გქონდათ?
ნიკოლაი ბისტროვი: ერთმანეთს არ ვენდობოდით. მე, მაგალითად, გამოვაცხადე, რომ გვარად სიმონოვი ვარ, უკრაინიდან.
ლ. ო.: როგორ გეპყრობოდნენ ავღანელები?
ნიკოლაი ბისტროვი: კორექტულად. მასუდის ექიმი მკურნალობდა ჩემს ჭრილობას...
ლ. ო.: მასუდს თქვენი გაცვლა უნდოდა ავღანელ ტყვეებში?
ნიკოლაი ბისტროვი: მართალი გითხრათ, დღემდე არ ვიცი, რა მიზანს ემსახურებოდა ჩვენი იმ სოფელში ჩაყვანა. ყოველ შემთხვევაში, რამდენიმე თვის შემდეგ მასუდმა განაცხადა, რომ თვითონაც იძულებულია, საბჭოთა ჯარების იერიშის ფონზე, ხეობა დატოვოს და რომ ჩვენ თავისუფლები ვიყავით. ექვსივემ გადაწყვიტა, რომ პაკისტანში ეცადა გადასვლა - არც ერთ მათგანს არ უნდოდა უკან საბჭოთა კავშირში დაბრუნება. არ უნდოდათ, რადგან იქ დეზერტირობისათვის გასამართლების ეშინოდათ. მე კი ვთხოვე მასუდს, რომ მასთან დარჩენის ნება მოეცა. იცით, მასუდი საოცარი მაგნეტიზმით გამოირჩეოდა, იზიდავდა პირდაპირ ხალხს... მოკლედ, მე უკვე გადაწყვეტილი მქონდა მესწავლა მათი ენა, მიმეღო მათი რელიგია და ავღანელი გავმხდარიყავი. ახალი სახელიც კი მომცეს - ისლამუდინი.
ლ. ო.: როდის გახდით მასუდის პირადი დაცვის წევრი?
ნიკოლაი ბისტროვი: 1984 წლის ზაფხული იყო, როცა მასუდმა და მასთან ერთად ხუთმა მისმა მცველმა დატოვა ფანჯშირის ხეობა. მე ვიყავი მეექვსე. მაშინ საბჭოთა ნაწილები ფეხდაფეხ მისდევდნენ მასუდს. და წარმოიდგინეთ, მან კი მე ავტომატი მანდო! მეც გავხდი მისი ერთგული. ვერ გეტყვით, რომ იმწუთასვე, მაგრამ ძალიან მალე მე უკვე ვიცოდი, რომ ნებისმიერ მომენტში მზად ვიყავი თვალის დაუხამხამებლად საკუთარი სიცოცხლე შემეწირა მასუდის გულისთვის.
ლ. ო.: საბრძოლო მოქმედებებში იღებდით მონაწილეობას?
ნიკოლაი ბისტროვი: კი. მასუდის ბრძანებით მივიღე რამდენიმე ბრძოლაში მონაწილეობა როგორც საბჭოთა ჯარების, ისე პროსაბჭოთა ავღანური ძალების წინააღმდეგ.
ლ. ო.: რა გრძნობა დაგეუფლათ, როცა შეიტყვეთ რომ საბჭოთა ჯარებმა დატოვეს ავღანეთი?
ნიკოლაი ბისტროვი: დიდი არაფერი... მე უკვე ახალი სამშობლო მქონდა და არ ვაპირებდი მის დატოვებას. 1992 წელს, როცა მასუდი უკვე თავდაცვის მინისტრი იყო, მე მსუბუქად დაჭრილი ვიწექი საავადმყოფოში. ჩემი და და მისი ქმარი ჩამოვიდნენ ჩემს მოსანახულებლად რუსეთიდან. შეეცადნენ ჩემს დარწმუნებას, რომ უკან დავბრუნებულიყავი, მაგრამ მე უარი განვუცხადე. ავუხსენი, რომ მე უკვე სხვა ადამიანი ვიყავი, რომელსაც რუსული ენაც აღარ ახსოვდა. აი, ხომ ხედავთ, თქვენთანაც როგორ მიჭირს რუსულად საუბარი, სულ სიტყვებს ვეძებ... და იმ პერიოდში ბევრად უფრო ცუდად ვლაპარაკობდი რუსულად.
ლ. ო.: მასუდი სრულიად გენდობოდათ?
ნიკოლაი ბისტროვი: მასუდი ჩემთან ბევრად უფრო ახლოს იყო, ვიდრე ნებისმიერ სხვა პირად მცველთან. მე მასთან ერთად საერთო თეფშიდან ვჭამდი, რაც ავღანეთში ცოტას არ ნიშნავს! და თქვენ უნდა გენახათ, როგორ უსაფრთხოების ზომებს ვიღებდი მასუდისთვის... უნდა გენახათ, როგორ გავჩხრიკე ელცინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი კოზირევი, როცა ის მასუდთან შესახვედრად ჩამოვიდა (1992 წლის 13 მაისს ანდრეი კოზირევი შეხვდა აჰმად შაჰ-მასუდს - ლ.ო.). 2001 წლის 9 სექტემბერს რომ მასუდის გვერდზე ვყოფილიყავი, „ალ-ყაიდა“ ვერ მოახერხებდა მის მოკვლას... თქვენ ხომ გახსოვთ, რომ მაშინ ტერორისტმა ბომბი ვიდეოკამერაში დამალა. მე რომ იქ ვყოფილიყავი, დავაშლევინებდი მთლიანად იმ კამერას და უთუოდ აღმოვაჩენდი ბომბს.
ლ. ო.: მასუდის გარდა ვინმეს სხვას იცავდით?
ნიკოლაი ბისტროვი: 1992 წელს, როცა ჩვენ ქაბული ავიღეთ, მასუდმა მთხოვა, ნაჯიბულა (რომელსაც გაეროს შენობაში ჰქონდა თავი შეფარებული), დამეცვა. სხვათა შორის კარგი იუმორის გრძნობა ჰქონდა ნაჯიბულას. „რუსის ჯარის წასვლამ არაფერი შეცვალა, მე ისევ რუსები მიცავენ“ - ასე ხუმრობდა. შემდეგ, ისევ მასუდის თხოვნით, რაღაც პერიოდი აბდულა აბდულას უსაფრთხოებისთვის ვიყავი პასუხისმგებელი.
სხვათა შორის, საცოლეც მასუდმა გამირიგა. ზარლაშტი, ჩემი ცოლი, მისი შორეული ნათესავია. როდესაც მასუდმა ზარლაშტი გამაცნო, ძალიან მომეწონა. მალე დავქორწინდით.
(ზარლაშტი ერთვება საუბარში)
ზარლაშტი: მე თავდაცვის სამინისტროში ვმუშაობდი. სამსახურში თავშიშველი დავდიოდი, ისე, როგორც რუსი ქალები. თან ათეისტი ვიყავი. და როცა მითხრეს სამინისტროში, რომ ერთი კაცი უნდა გაგაცნოთო, მეგონა, ჩემნაირი იქნებოდა. აღმოჩნდა პირიქით - ნამდვილი მუჯაჰედინი, მორწმუნე და გრძელწვერიანი... (იცინის).
ნიკოლაი ბისტროვი: მერე ფეხმძიმობისას მუცელი მოეშალა და პირველი შვილი დავკარგეთ. ამის შემდეგ ადგილობრივმა ექიმებმა გვითხრეს, რომ უსაფრთხო მშობიარობისათვის საჭირო იყო რუსეთში დროებით მაინც წასვლა. მოკლედ, მოგვიწია რუსეთში დროებით დაბრუნება... დღემდე ძალიან განვიცდი სამშობლოსთან დაშორებას. მე იქ თავს ადამიანად ვგრძნობდი, აქ კი არავინ ვარ! მაგრამ რა ვქნა - ვიცი, რომ ჩემი შვილებისათვის რუსეთში ცხოვრება ჯობს. მაგრამ ერთ დღეს, როცა წამოიზრდებიან, მე ავღანეთში დავბრუნდები!
ასევე ნახეთ ავღანეთში მოსკოვის მარცხის მოკლე ქრონიკა ასევე ნახეთ ავღანეთში მოსკოვის მარცხის მოკლე ქრონიკა