12 დღე ხელისუფლების გადაცემამდე, საუბრები 25-ე შესწორებაზე, ვაშინგტონი 6 იანვრის შემდეგ  

ვაშინგტონის მერმა ორი კვირით გააგრძელა 6 იანვარს გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა კონგრესის შენობაში ტრამპის მომხრეთა შეჭრის შედეგად მომხდარი მასობრივი არეულობის შემდეგ, რასაც ოთხი ადამიანი შეეწირა.

აშშ-ის დედაქალაქში კომენდანტის საათი იმოქმედებს 20 იანვრამდე, ქვეყნის 46-ე პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის, ინაუგურაციამდე.

ასევე ნახეთ ვაშინგტონში 15 დღით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

7 იანვარს, აშშ-ის კონგრესის საარჩევნო კოლეგიის მიერ არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვების დადასტურების შემდეგ, დონალდ ტრამპმა პირობა დადო, რომ 20 იანვარს ძალაუფლების გადაცემა „წესისა და რიგის მიხედვით“ მოხდება. ამასთან, აშშ-ის მიმავალმა პრეზიდენტმა კვლავ გაიმეორა, რომ „სრულიად არ ეთანხმება არჩევნების შედეგებს“, მაშინ, როცა ტრამპს მკვეთრად გაემიჯნენ მისი მომხრე რესპუბლიკელი კანონმდებლები, ხოლო ზოგიერთმა უშუალოდ მას დააკისრა პასუხისმგებლობა კაპიტოლიუმში მოწყობილი არეულობის გამო. დემოკრატები ვიცე-პრეზიდენტს კონსტიტუციის 25-ე შესწორების ამოქმედებისკენ მოუწოდებენ. ამ მოწოდებას სულ მცირე ერთი რესპუბლიკელი კონგრესმენიც ღიად იზიარებს.

რა არის 25-ე შესწორება

აშშ-ის კონსტიტუციის 25-ე შესწორება ძალაში შევიდა 1967 წელს, პრეზიდენტ ჯონ ფ. კენედის პოლიტიკური მკვლელობიდან ოთხი წლის შემდეგ. შესწორება განსაზღვრავს პრეზიდენტის უფლებამოსილების განხორციელებას სხვადასხვა ვითარების გამო პრეზიდენტის მოვალეობის ვადაზე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში.

მეოთხე მუხლი ითვალისწინებს ისეთ სიტუაციას, როდესაც პრეზიდენტს არ ძალუძს მასზე დაკისრებული მოვალეობის შესრულება, მაგრამ თავისი ნებით არ ტოვებს თანამდებობას.

6 იანვრის მოვლენების შემდეგ, 25-ე შესწორება რომ ამოქმედდეს, ვიცე-პრეზიდენტმა პენსმა და ტრამპის კაბინეტის წევრთა უმრავლესობამ უნდა განაცხადოს, რომ „ტრამპს არ ძალუძს მასზე დაკისრებული მოვალეობისა და ძალაუფლების აღსრულება. თუ ეს მოხდება, მაშინ პრეზიდენტის მოვალეობის შესრულება მაიკ პენსს დაეკისრება“, - განმარტავს მაიკლ გერჰარდტი, ჩრდილოეთ კაროლინის სამართლის სკოლის საკონსტიტუციო საკითხების პროფესორი.

იმ შემთხვევაში, თუ ტრამპი მაინც დაიჟინებს, რომ შეუძლია მუშაობის გაგრძელება, მაგრამ პენსი და კაბინეტის უმრავლესობა მის წინააღმდეგ წავა, საკითხი განსახილველად გადაინაცვლებს კონგრესში, სადაც კონგრესმენთა ორი მესამედი გადაწყვეტს, ძალუძს თუ არა პრეზიდენტს საქმიანობის გაგრძელება.

კოლორადოს უნივერსიტეტის საკონსტიტუციო სამართლის პროფესორი პოლ კამპოსი მიიჩნევს, რომ 25-ე შესწორებით უფრო სწრაფად მოხდება ტრამპის გადაყენება, ვიდრე იმპიჩმენტის პროცესით.

„თუ პენსს კაბინეტის უმრავლესობა დაუჭერს მხარს, იგი მოქმედი პრეზიდენტი გახდება იმ მომენტიდან, როდესაც ხელს მოაწერს შესაბამის დადგენილებას და მას განსახილველად კონგრესს გადაუგზავნის“, - განაცხადა კამპოსმა.

სამაუწყებლო კომპანია CBS News-ის თანახმად, ტრამპის კაბინეტის წევრები (მინისტრები) განიხილავენ 25-ე შესწორების ამოქმედებას, თუმცა მაიკლ პენსისათვის „ოფიციალურად არაფერი წარუდგენიათ“.

ტელეკომპანია CNN-ის თანახმად, 25-ე შესწორების ამოქმედებას ემხრობა ასევე რესპუბლიკური პარტიის 4 ლიდერი, რომელთა ვინაობა არ სახელდება.

ზოგიერთი კომენტატორი კი იმასაც აღნიშნავს, რომ საპრეზიდენტო ძალაუფლების გადაცემის პროცესი უკვე დაიწყო, რადგან სწორედ პენსმა და არა ტრამპმა იკისრა, გადაეწყვიტა ათასობით გვარდიელის მობილიზების საკითხი 6 იანვრის დრამატული მოვლენების დროს.

ვინ მიიღო ეროვნული გვარდიის მობილიზების გადაწყვეტილება

6 იანვარს, როდესაც კაპიტოლიუმის შენობაში დაწყებულმა არეულობამ კულმინაციას მიაღწია, მედიაში გავრცელებული ცნობების თანახმად, ეროვნული გვარდია წესრიგის აღსადგენად გამოჩნდა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ პენსის, ხელშეწყობით.

ამას მოწმობს აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, კრისტოფერ მილერის, განცხადებაც, რომლის თანახმად, პენტაგონის შეფსა და აშშ-ის შტაბის უფროსთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარეს, გენერალ მარკ მილის, წესრიგის აღსადგენად ეროვნული გვარდიის გაგზავნის თაობაზე კონსულტაციები ჰქონდათ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტსა და კონგრესის სპიკერ ნენსი პელოსისთან და არა ტრამპთან, რომელიც ფორმალურად, ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციამდე, ისევ სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდალია.

„შტაბის უფროსი მილი და მე სულ ახლახან ცალ-ცალკე ველაპარაკეთ ვიცე-პრეზიდენტს და სპიკერ პელოსის, ლიდერ (სენატში რესპუბლიკელთა ლიდერი) მაკკონელს, სენატორ შუმერსა და კონგრესმენ ჰოიერს (დემოკრატი სტენი ჰოიერი, უმრავლესობის ლიდერი წარმომადგენელთა პალატაში). ჩვენ სრულად ავამოქმედეთ კოლუმბიის ოლქის ეროვნული გვარდია ფედერალური და ადგილობრივი სამართალდამცველი ორგანოების დასახმარებლად, რომლებიც მუშაობენ იმისთვის, რომ ვითარება მშვიდობიანად განიმუხტოს“, - ნათქვამია კრისტოფერ მილერის განცხადებაში.

პენტაგონის ლიდერის ეს განცხადება წინააღმდეგობაში მოდის თეთრი სახლის პრესმდივნის, კეილი მაკენენის, მტკიცებასთან, რომლის თანახმად, დონალდ ტრამპმა „უბრძანა“ ეროვნულ გვარდიას, შექმნილ ვითარებაზე რეაგირება მოეხდინა.

20 იანვრამდე დათვლილი დღეები და პრეზიდენტის გადაყენების მოწოდებები

25-ე შესწორების გარდა, აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის უფლებამოსილების შეწყვეტის მთავარი მექანიზმი იმპიჩმენტია, რომელსაც წინ უნდა უძღოდეს სენატის მიერ მხარდაჭერილი გამამტყუნებელი განაჩენი.

დემოკრატების ნაწილი მოითხოვს დონალდ ტრამპის წინააღმდეგ კვლავ ამოქმედდეს იმპიჩმენტის პროცედურა, რასაც საფუძვლად „მოქმედი პრეზიდენტის მიერ 6 იანვარს ძალადობის პროვოცირება“ დაედება.

შესაბამის ოფიციალურ წერილს ამზადებს დემოკრატი კონგრესმენი ქალი, ილჰამ ომარი.

როგორც ცნობილია, თუ აშშ-ში პრეზიდენტის წინააღმდეგ წარდგენილ ბრალდებას, ანუ „იმპიჩმენტის შესახებ მუხლს“, მხარს დაუჭერს 435-კაციანი წარმომადგენელთა პალატის უბრალო უმრავლესობა, პროცესი გადაინაცვლებს სენატში, კონგრესის ზედა პალატაში, რომელმაც უნდა ჩაატაროს სასამართლო პროცესი პრეზიდენტის ბრალეულობის დასადგენად. პრეზიდენტის დამნაშავედ ცნობას და თანამდებობიდან მის გადაყენებას 100-კაციანი სენატის ხმათა ორი მესამედი სჭირდება.

2019 წლის დეკემბერში კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ ტრამპს იმპიჩმენტი გამოუცხადა ორი მუხლით, - უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და კონგრესის გამოძიებისთვის ხელის შეშლისთვის, - მაგრამ 2020 წლის თებერვალში დონალდ ტრამპი სენატმა გაამართლა.

ასევე ნახეთ აშშ-ის სენატმა გაამართლა პრეზიდენტი ტრამპი მისი იმპიჩმენტის თაობაზე გამართულ კენჭისყრაში

სენატში გამართულ კენჭისყრაში პირველ ბრალდებასთან დაკავშირებით 52-მა სენატორმა პრეზიდენტი უდანაშაულოდ ცნო, 48-მ - დამნაშავედ.

მეორე ბრალდების თაობაზე კენჭისყრაში პრეზიდენტი უდანაშაულოდ მიიჩნია 53-მა სენატორმა, დამნაშავედ - 47-მა.

პროფესორი პოლ კამპოსი და სხვა კონსტიტუციონალისტი ექსპერტები ფიქრობენ, რომ ტრამპის პრეზიდენტობის ვადის ამოწურვამდე დარჩენილ ორ კვირაში იმპიჩმენტის დაწყება წარმომადგენელთა პალატაშიც კი ვერ მოესწრება, რომ აღარაფერი ითქვას საკითხის სენატში განხილვაზე, რაც საერთოდ არარეალურია.

გარდა ამისა, ამ მომენტამდე საჯაროდ არაფერი უთქვამს კონგრესის სპიკერ ნენსი პელოსის იმაზე, უჭერს თუ არა მხარს იმპიჩმენტის შესახებ მოწოდებებს.

რაც შეეხება ბრალდებებს ტრამპის განმეორებითი იმპიჩმენტის დასაწყებად, მისურის უნივერსიტეტის კონსტიტუციური სამართლის პროფესორი, ფენკ ბაუმანი, მიიჩნევს, რომ იმპიჩმენტის გამოცხადება შეიძლება ორი მუხლით: აშშ-ის ხელისუფლების წინააღმდეგ ამბოხის წაქეზება და ხელისუფლების დამხობის მცდელობა; ტრამპს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა შესაძლოა ასევე დაეკისროს აშშ-ის კონსტიტუციისადმი არალოიალური დამოკიდებულებისა და დადებული ფიცის შეუსრულებლობისათვის.

„ძირითად დანაშაულად შეიძლებოდა მიჩნეულიყო კონსტიტუციის ხელყოფა - კანონიერი არჩევნების ლეგიტიმური შედეგების ძირის გამოთხრის მცდელობა“, - წერს პროფესორი ბაუმანი ტვიტერში.

6 იანვრის შედეგები ტრამპისა და რესპუბლიკური პარტიისათვის

ტრამპის წინააღმდეგობრივმა პიროვნებამ დიდი განხეთქილება შეიტანა რესპუბლიკური პარტიის რიგებში და ეს ბზარები ჯერ კიდევ 6 იანვრის მოვლენებამდე იყო შესამჩნევი. ტრამპის ჩრდილიდან თავის დასაღწევად „გარდამტეხი მომენტი“ უწოდა რესპუბლიკური პარტიის ყოფილმა ლიდერმა, მაიკლ სტილმა კონგრესის მიერ არჩევნების სერტიფიცირების პროცესს.

„ეს არის მომენტი რესპუბლიკელებისათვის, როცა უნდა აირჩიონ ორ გადაწყვეტილებას შორის ერთ-ერთი: ან გათავისუფლდნენ ტრამპის ამ მანიაკალური ძალაუფლების გავლენისგან, ან თავი დაიმარხონ იმ საფლავში, რომელიც მათთვის ტრამპმა გათხარა“, - განაცხადა მაიკლ სტილმა.

„მან სულში ჩააფურთხა თავის მომხრეებს, მან სულში ჩააფურთხა ქვეყანას, ხოლო ახლა საკუთარ თავსაც“, - განაცხადა Politico-სთან ინტერვიუში 2016 წელს ტრამპის საპრეზიდენტო კამპანიის ერთ-ერთმა წევრმა.

7 იანვარს დონალდ ტრამპი „თავისი თანამდებობისა და მხარდამჭერების ღალატში“ დაადანაშაულა აშშ-ის ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა, უილიამ ბარმა, რომელიც გასულ თვეში გადადგა მაშინ, როცა ტრამპი უსაფუძვლოდ ამტკიცებდა, რომ კენჭისყრის შედეგები გაყალბებულია.

ასევე ნახეთ უილიამ ბარის თქმით, ტრამპმა თავის თანამდებობას და ხალხს უღალატა