ჟურნალისტმა და ბლოგერმა სტანისლავ ასეევმა 31 თვე დაყო ტყვეობაში. მათგან 28 თვე გაატარა დონეცკის არტცენტრ „იზოლაციის“ ტერიტორიაზე, სადაც რუსეთის ჰიბრიდულმა ძალებმა არაოფიციალური ციხე მოაწყვეს. რადიო თავისუფლება აქვეყნებს სტანისლავ ასეევის მოგონებების ფრაგმენტებს, რომლებიც მის მომავალ წიგნში შევა.
ტყვეობა და შიში
შიშს განსაკუთრებული ადგილი უკავია პატიმართა ცხოვრების სისტემაში. პირველ რიგში იმიტომ, რომ ეს ცხოვრება კი არაა, არამედ - სისტემაა, რომლის მიზანია რეპრესიებისა და ძალდატანების გზით დათრგუნოს პიროვნება, გააქროს ის ისეთი ფრაზების საერთო ქვაბში, როგორებიცაა „სახით კედლისკენ!“, „თავი ქვევით!“ და ქცევის საერთო მოდელს დაუქვემდებაროს ის. ამ მოდელში ერთადერთი რამ არსებობს - ადმინისტრაციის ნება.
„იზოლაციის“ ადმინისტრაციის მთავარი ამოცანა იყო ის, რომ ადამიანისთვის ესწავლებინათ შიში - სისტემურად და უწყვეტად.
სინამდვილეში, თუკი მოხერხდება ადამიანში ამ გრძნობის ჩანერგვა - გამუდმებული სიბლაგვის გრძნობისა, პიროვნება იქცევა დამყოლ თიხად, რომლისგანაც ნებისმიერი რამის გამოძერწვა შეიძლება. გამონაკლისია ის შემთხვევები, როცა ცემისა და წამების შიში ადამიანს იმ ბრძანების შესრულების საშუალებასაც არ აძლევს, რომელსაც მისთვის თითქოს სწორედ ეს ცემა უნდა აერიდებინა. ასეთ შემთხვევაში ადამიანი ეჩეხება საკუთარი ნების სრულ პარალიზებას და გარე სტიმულებსაც კი - მაგალითად, დარტყმებს და მუქარებს - არ შეუძლია მისი ამ მდგომარეობიდან გამოყვანა.
ამგვარად, „იზოლაციის“ ადმინისტრაციის მთავარი ამოცანა იყო ის, რომ ადამიანისთვის ესწავლებინათ შიში - სისტემურად და უწყვეტად (ზოგჯერ შიში ვლინდებოდა ღამის კოშმარების ან ღამის ვიზიტის მოლოდინის სახით), წამება და დამცირება კი უკვე ამის შედეგი ხდებოდა.
ასევე ნახეთ „როცა თვითმკვლელობა ლოგიკურია“: სეპარატისტების ციხე დონეცკში
შიში შეიძლება სხვადასხვანაირად
მიუხედავად გავრცელებული მოსაზრებისა, შეიძლება სხვადასხვანაირად გეშინოდეს. „იზოლაციაში“ შიშის იმდენნაირი ნიუანსი ვიგრძენი - სიკვდილზე ფიქრის ელდით დაწყებული, როცა უცებ ვამჩნევდი, რომ აღარც კი ვსუნთქავდი, განგაშით დამთავრებული - რომ ვერ გამოვყოფ, რომელი ჭარბობდა.
მაგრამ ყველაზე ღრმა შიში ვლინდება არა წამების დროს, არამედ ფსიქოლოგიური შლეიფის სახით შედარებით მშვიდ გარემოში, რის მაგალითად ჩემი საკუთარი გამოცდილება გამოდგება. როცა „კანტორის“ სარდაფიდან „იზოლაციის“ განათებულ საკანში გადაგვიყვანეს, რომელშიც ტუალეტი და პირსაბანი იყო, ზედმეტი მოძრაობის უფლებასაც კი არ ვაძლევდი თავს. თუმცა იმავე „კანტორის“ სარდაფში ვახერხებდი ჩემთვის განკუთვნილი 6 ნაბიჯის გარბენას გისოსებიდან საწოლამდე.
ყველაზე ღრმა შიში ვლინდება არა წამების დროს, არამედ ფსიქოლოგიური შლეიფის სახით შედარებით მშვიდ გარემოში.
„იზოლაციაში“ მისვლისას გვეკრძალებოდა ყურება ფანჯრების (თუმცა ისინი თეთრი საღებავით იყო შეღებილი), ვიდეოკამერებისა და „კარმუშკებისკენ“ - პატარა ფანჯრისკენ კარებში, რომლიდანაც საკვებს გვაწვდიდნენ. ვინაიდან ამ ობიექტებით საკნის თითქმის ყველა მხარე ამოწურული იყო, იძულებული ვიყავით, ჩვენ წინ გვეყურა - კედლის მიმართულებით ან იატაკისკენ, სრული მდუმარებით და გაუნძრევლად. ეს უკანასკნელი არ ყოფილა ადმინისტრაციის განკარგულება, მაგრამ შიშმა ისე მომიცვა, რომ ტუალეტისკენ ზედმეტად გავლის უფლებასაც კი არ ვაძლევდი თავს. რატომ? პასუხი მარტივია: მე ვიცოდი, სად მოგვიყვანეს.
ბნელი შიში
ჯერ კიდევ „კანტორის“ სარდაფში ჯდომისას ბევრი მოვისმინე „იზოლაციის“ შესახებ იმათგან, ვინც იქ უკვე იყო ნამყოფი. დაწვრილებით ჰყვებოდნენ, რომ კაცს არა მხოლოდ ელექტროშოკით წამებისას გაუხიეს სათესლის პარკი, არამედ კუბოშიც მოათავსეს, ლურსმნებით დაჭედეს, გარეთ გაიტანეს და ხრეში დააყარეს „გოგოლის ეფექტის“ მისაღწევად, როგორც ერთ-ერთმა მონაწილემ თქვა. ახლა მასზე ღიად შემიძლია ლაპარაკი, ვინაიდან მოწმეც და მსხვერპლიც უკვე გარეთ არიან და ცოცხლები გადაურჩნენ ამ ჯოჯოხეთს. მაგრამ იმ მომენტში, როცა სარდაფში ვიჯექი საკუთარი წამების შემდეგ, იმდენად გაოცებული ვიყავი იმით, რაც ხდებოდა „დონეცკის დახაუში“, როგორც შეარქვა „იზოლაციას“ ჩემმა მეზობელმა კედლის მიღმა საკანში, რომ იქ მოხვედრის შიში უკვე ჩაბუდებული იყო ჩემში.
და, მიუხედავად იმისა, რომ სარდაფიდან გამოყვანისას თავზე ტომრებს და პარკებს გვაცმევდნენ, დონეცკს კარგად ვიცნობდი და მანქანის მოხვევის მიხედვით მივხვდი, რომ წინასწარი დაკავების იზოლატორში არ მივყავდით. იმედს არ გვმატებდა არც ერთი „სპარტელის“ (ე.წ. ბატალიონ „სპარტის“ წევრის) სიტყვები, რომელიც ასევე „დახაუდან“ დააბრუნეს სარდაფში: „თუკი გინდა ჯანმრთელობა შეინარჩუნო, შენთვის ‘იზოლაციაში’ არ შეიძლება“. გულუბრყვილოდ ვკითხე ელექტროდენით წამებაზე, ვიფიქრე, რომ სწორედ ამას გულისხმობდა. რაზეც მიპასუხა: „ეს უკვე გუშინდელი დღეა. შეიძლება გაგაშიშვლონ, კედელი დაგაჭერინონ, უკნიდან კი კვერცხებსა და ასოზე სპეციალური მილით გირტყან, სანამ არ გაგისივდება, როგორც ხარს“. „კედლის დაჭერა“ ნიშნავდა მასზე ხელის გულების მიდებას თავის დონეზე მაღლა და მანამდე დგომას ხელ-ფეხის დაბუჟებამდე, სანამ უბრალოდ არ წაიქცევი, რაც მართლა გამოიყენებოდა „იზოლაციაში“ და იქ ყველაზე მსუბუქ სასჯელად ითვლებოდა.
ჭამა და შიში იყო ერთადერთი, რისი უნარიც მაშინ გვქონდა.
და თუკი „კანტორის“ სარდაფში, პირველი შოკის გადავლის შემდეგ, შემეძლო თავისთვის აბსტრაქტული ფიქრების უფლება მიმეცა და ისინი ჩამეწერა კიდეც, რაც ფსიქიკური სტაბილურობის აშკარა ნიშანი იყო, - „იზოლაციაში“ მრავალი თვის განმავლობაში ჩემი ერთადერთი რეალობა ბნელი შიში იყო. ჭამა და შიში იყო ერთადერთი, რისი უნარიც მაშინ გვქონდა.
ფსიქიკური კომის მდგომარეობაში
შეცდომა იქნებოდა იმის ფიქრი, რომ პატიმრებს აშინებთ ფიზიკური ტკივილი ან სექსუალური ძალადობა. მოვლენებზე მრავალთვიანი დაკვირვების შემდეგ ნათელი ხდება, რომ ჩვენ ყველანი ფსიქიკურ კომაში ვიყავით - დამოუკიდებლად იმისგან, მოცემულ მომენტში გამოიყენებოდა ჩვენ მიმართ ზემოქმედების ზომები თუ არა.
ამ აზრს კარგად ცხადყოფს ერთი ადამიანის ვითარება, რომელსაც „იზოლაციაში“ ყოველდღე უკეთებდნენ ე.წ. ფლუოროგრაფიას. საკვების
ყველას უნდა გვეცახცახა და ყოველ წამს უნდა გვქონოდა დარტყმის შიში.
ჩამოტარების დროს უკვე ნახსენებ „კარმუშკას“ მკერდს უშვერდა, რის შემდეგაც, რაღაც დროის გავლის მერე - უცებ არა - კარის მეორე მხრიდან მუშტით მძლავრ დარტყმას იღებდა. საბოლოოდ გართობად იქცა ის, რომ მას კართან ახლოს აყენებდნენ - ის დახუჭული თვალებით იდგა და მთელი ტანით ცახცახებდა - მაგრამ არ ურტყამდნენ. ცოტა უფრო ფართოდ რომ შევხედოთ, რაღაც მსგავსი ყველა ჩვენგანს დაემართა: იმისგან დამოუკიდებლად, გვცემდნენ თუ არა, ყველას უნდა გვეცახცახა და ყოველ წამს უნდა გვქონოდა დარტყმის შიში.
ისევე, როგორც ყოველი უკიდურესობის შემთხვევაში, „იზოლაციის“ ბინადართა პათოლოგიური შიში რაღაც მომენტში პათოლოგიურ ინდიფერენტიზმში გადაიზარდა. მაგრამ აქედან სულაც არ შეიძლება იმ დასკვნის გამოტანა, რომ ყველანი გმირებად ვიქეცით. არა. გმირი - ესაა შიში პლუს საქციელი. ჩვენ - ინდიფერენტიზმი პლუს კოლაფსი. მუდმივი გამაღიზიანებელი აღარ ზემოქმედებს - ამის შესახებ უნდა ახსოვდეს ყველას, ვინც გადაწყვიტა დიდხანს აწამოს ადამიანები. სწორედ ამიტომ რკინის კარზე კონდახის ბრახუნი (აქ ღამღამობით ერთ-ერთი საყვარელი გართობა) მხოლოდ გაქვავებულ მზერასღა იწვევდა იმათგან, ვინც ცოტა ხნის წინ ნებისმიერ გაჩხაკუნებაზე შეხტებოდა ხოლმე.