დმიტრი გლუხოვსკი ერთ-ერთია იმ სამი რუსი მწერლიდან, ვინც იწინასწარმეტყველა რუსეთის დღევანდელობა. ერთი, რა თქმა უნდა, სოროკინია „ოპრიჩნიკის დღით“ და დისტოპიებით (მათ შორის „ტელურიით“, რომელიც პროგნოზირებს რუსეთის დაშლას ცალკეულ სახელმწიფოებად, რუსეთის ჩინეთიზაციას და ა.შ.), ასევე ვიქტორ პელევინი, რომელიც წინასწარმეტყველებს ტექნოლოგიურ დისტოპიებს (ნიშანდობლივია, რომ ამ დღეებში ააფეთქეს პროპუტინისტი სამხედრო ბლოგერი, რომელიც ფსევდონიმად იყენებდა პელევინის პერსონაჟის ვლადლენ ტატარსკის სახელს) და გლუხოვსკის წიგნები, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელი რუსეთის გასაგებად.
დმიტრი გლუხოვსკის ეკუთვნის რომანები „მეტრო 2033“, „მეტრო 2034“, „მომავალი“, „ტექსტი“, „ბინდი“ და სხვ. ასევე პროზაული კრებული „მოთხრობები სამშობლოზე“.
რადიო თავისუფლება: თქვენი შემოქმედების მთავარი თემა პოსტაპოკალიფსია. "მეტროც", "ბინდიც", "მომავალიც" - ეს ყველა დიდი რომანი ამა თუ იმ სახით საუბრობს პოსტაპოკალიფსურ ხედვებზე. ახლა, როცა მოხდა ის, რაც მოხდა 2022 წლის 24 თებერვალს - ომი და რუსეთის უფსკრულში გადაჩეხა - ხომ არ გრძნობთ თავს წინასწარმეტყველად, რომელსაც ენამ უყივლა?
დიმიტრი გლუხოვსკი: ნამდვილად არ ვარ დაკავებული წინასწარმეტყველებით, არ მაქვს რაიმე წინასწარმეტყველური ხილვები, არც ცეცხლოვანი ბუჩქები მელაპარაკებიან, არც ანგელოზი მსტუმრებია ციდან, რათა გაეზიარებინა ინფორმაცია მომავლის შესახებ. ეს ყველაფერი მხოლოდ მიმდინარე სოციალურ-პოლიტიკურ დღის წესრიგზე დაკვირვებაა, რომელიც დაფუძნებულია ისტორიული პროცესების გააზრებასა და მომავალში მის პროეცირების მცდელობაზე. პოსტაპოკალიფსურობა ყოველთვის თამაშობდა ჩემთვის გარკვეული ჰიპერბოლის როლს. ეს საშუალებას მაძლევს ვისაუბრო იმაზე, რომ სამყაროს აღსასრულის შემდეგაც ჩვენ, რუსი ხალხი, მოვიქცევით ისევე, როგორც აქამდე ვიქცეოდით, რამაც გამოიწვია კიდეც სამყაროს აღსასრული. ანუ შეცდომებზე სწავლის უნარის არქონა და შედეგად წრეზე სიარული - ეს ჩემთვის ბევრად უფრო მეინსტრიმული და მტკივნეული თემაა, ვიდრე საკუთრივ თვითონ აპოკალიფსი.
მცირე სახალისო ფანტასტიკური გადახვევა: მე თვითონაც მომწონდა აპოკალიფსის თემაზე წერა, ხალხს კი მოსწონდა (ყოველ შემთხვევაში ომის დაწყებამდე მაინც) ამ საკითხზე რაღაცების კითხვა, რადგან, რაც უნდა უცნაური იყოს, ჩვენს გაჭიანურებულ სანავთობო კეთილდღეობის პირობებში, სასიამოვნო იყო წარმოდგენა იმისა, თუ როგორ დავბრუნდებით სამყაროში, სადაც არაფერია გარანტირებული, სადაც გადარჩენისათვის უნდა იბრძოლო, სადაც გექნება შესაძლებლობა, თავი გმირად იგრძნო, სადაც სამყარო კვლავ შეუცნობი იქნება და ყველაფერი ომის ნისლში იქნება გახვეული. ეს სასიამოვნო ფანტაზიაა იმდენად, რამდენადაც არ რეალიზდება, მაგრამ როგორც კი ეს ყველაფერი უცბად რეალობად იქცევა, უკვე ეგრევე სულ სხვა რამეზე გინდება ოცნება და ფანტაზიორობა.
რადიო თავისუფლება: "ჩვენ, რუსი ადამიანები..." ამბობთ ხოლმე. კვლავინდებურად მიაკუთვნებთ თავს ამ "ჩვენს"?
დიმიტრი გლუხოვსკი: სხვაგვარად როგორ შეიძლება? ამით იბადები, ამ კონტექსტში რჩები. გასაგებია, რომ ეროვნული თავისებურებებიდან გამომდინარე, მე მხოლოდ ნახევრად რუსი ადამიანი ვარ, მაგრამ ვერაფერი შეცვლის და ჩაანაცვლებს იმ background-ს, იმ ფონს, იმ დედის რძეს (პირობითად რომ ვთქვათ, რუსულ კულტურას), რომელშიც ყალიბდები. მთელი ჩემი შემდგომი კოსმოპოლიტური გამოცდილება სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრების, უცხო ენების შესწავლის, სხვა კულტურების გაცნობის შესახებ - მაინც უფრო ტურისტული პერსპექტივიდანაა შექმნილი. ქვაკუთხედი კი, რომელშიც სული ყალიბდება, რა თქმა უნდა, ყველაფერი ერთადაა, დაწყებული სასკოლო ლიტერატურის გაკვეთილებით, დამთავრებული მულტფილმებით, თამაშებით და იმ ადგილებით, სადაც ბავშვობაში ხარ ნამყოფი. ეს ყველაფერი მაინც ხვდება ფართო რუსულ კულტურულ კონტექსტში. და ამ რუსულ კულტურულ კონტექსტში, მართალი გითხრათ, არასოდეს მინახავს რაიმე გარდაუვალად და უსაშველოდ ავაზაკური, ბოროტი. ჩემი აზრით, უბედურება, რაღაც გარდაუვალი მორჩილება და რუსი ადამიანის გაბრუება ძალაუფლების მიერ - ეს ყველაფერი ბევრად უფრო განმსაზღვრელი ფაქტორებია, რომლებიც აყალიბებენ ჩვენს საერთო ტრაგიკულ ბედს, ვიდრე იმპერიული მოთხოვნილება და პატივმოყვარეობა, რაც იმპერიული აზროვნების მახასიათებელია. ეს ყველაფერი გამომდინარეობს ჩვენი უბედურებიდან და დამცირებიდან, დამცირებულები კი, პირველ რიგში, საკუთარი ხელისუფლებისგან ვართ.
რადიო თავისუფლება: ხომ არ ფიქრობს მწერალი, რომ არსებობს რაღაც ახალი, სახელდაურქმეველი ბოროტება, რომელიც ახლა ზედაპირზე ამოდის?
დიმიტრი გლუხოვსკი: ნებისმიერ ადამიანში დათრგუნული ფორმით არსებობს რაღაც ცხოველური ინსტინქტები, მათ შორის დამანგრეველი, მტაცებლური ინსტინქტები. ნებისმიერი საზოგადოების ამოცანაა ამ თვისებების გამოვლენა და მათი, როგორც სარეველების მოცილება, სხვა ყლორტებს კი, რომლებიც წარმოადგენენ სილამაზის წყურვილს, თანაგრძნობის შესაძლებლობას, ემპათიის უნარს, ურთიერთობისა და შეყვარების სურვილს, უნდა მიეცეთ ზრდის შესაძლებლობა.
დასავლური საზოგადოებები, საუკუნეების ან ათასწლეულების სისხლისღვრის შედეგად, ევოლუციური გზით მივიდნენ იმის გაგებამდე, თუ რომელი მოწყობაა ოპტიმალური. მაგრამ ამისთვის საჭიროა გარკვეული მტაცებლური, იმპერიული ინსტინქტების ჩანაცვლება. ნაკლებად განვითარებულ საზოგადოებებში ეს ინსტინქტები ასოცირდება ვაჟკაცობასთან, დიდებასთან, პატივთან და ა.შ. ანუ, აქ საუბარია ჩამოყალიბებულ ცივილიზაციურ ჩამორჩენაზე არა კულტურის, არამედ საზოგადოების ევოლუციის თვალსაზრისით, როდესაც საზოგადოება იწყებს სხვა რაღაცების უფრო მეტად დაფასებას, მაგალითად, ადამიანის სიცოცხლეს უფრო მეტად აფასებს, ვიდრე გმირული დაღუპვის შესაძლებლობას; უფრო მეტად აფასებს ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს, ვიდრე რომელიმე იმპერიული კოლოსის კუთვნილებით გამოწვეულ სიამაყეს.
ასევე ნახეთ მეტროში ჩაკარგულებისამწუხაროდ, ისეთი განცდა მაქვს, რომ 150-200 წლით ჩამოვრჩებით დასავლეთ ევროპას, სწორედაც რომ სოციალური განვითარების თვალსაზრისით. ჩვენთან განმანათლებლობის ხანა, რომელიც წინ უძღოდა საფრანგეთის დიდ რევოლუციას, ალბათ მხოლოდ მე-20 საუკუნეში დაიწყო, შემდეგ კი შეწყდა, რადგან ბოლშევიკებმა შეგვიყვანეს რაღაც ძალიან ხელოვნურ კონსტრუქციაში, რომელიც ჩვენთვის და მთელი კაცობრიობისთვის თითქოს მომავლის პროექტი უნდა ყოფილიყო, მაგრამ სინამდვილეში აღმოჩნდა უკან დაბრუნება ობსკურანტიზმისა და ადამიანური ცხოვრების ჩახშობის უპრეცედენტო ფორმისკენ, თითქმის ჩინგიზ ხანის ეპოქისკენ. შემდეგ ამ მდგომარეობაში მყოფები გაგვალღვეს და ჩვენ კვლავ აღმოვჩნდით განმანათლებლობამდელ მდგომარეობაში.
ჩვენ ახლაც იქ ვართ, ვხედავთ ფეოდალური საზოგადოების აბსოლუტურ მონარქიად გადაქცევის მომენტს. როგორც ჩანს, კვლავ ვიმყოფებით რაღაც დიდი ევოლუციის ზღურბლზე, როცა განმანათლებლობის მოღვაწეებმა უნდა მოამზადონ ხალხი იმის გაგებისთვის, რომ ადამიანის უფლებებს დაცვა და პატივისცემა სჭირდება, რომ ყველა ადამიანს აქვს სიცოცხლის ხელშეუხებლობის, თავისუფლებისა და ბედნიერების უფლება. და მხოლოდ მას შემდეგ, რაც ეს იდეა კვლავ მოედება საზოგადოების ფართო მასებს, ევოლუციის გზით იგი გადაიქცევა ჭეშმარიტ სამოქალაქო საზოგადოებად და არა მორიგ ფეოდალურ, ბატონყმურ კონსტრუქციად. ერთი სიტყვით, საუბარია იმაზე, რომ ამისათვის უნდა მომწიფდეს ვითარება.
საერთოდ ვერ ვხედავ რუს ხალხში მოუშორებელ, გარდაუვალ ბოროტებას. ადამიანები უბრალოდ დამცირებულნი არიან, ვერ ბედავენ დაუპირისპირდნენ მათ, ვინც ისინი დაამცირა, თუმცა მშვენივრად ესმით, ვინ არის მათი ტანჯვისა და დამცირების ნამდვილი წყარო. ცხადია, არც უკრაინა და არც დასავლეთი. მათი მთავრობა. მაგრამ საუკუნეების მანძილზე ნაცემი და დაჩაგრული ხალხი ვერ ბედავს ხელისუფლების გამოწვევას, ამიტომ ამ დაგროვილ შავ ენერგიას მიმართავენ მათკენ, ვისზეც ხელისუფლება მიუთითებს.
რადიო თავისუფლება: იყო თუ არა გასული წელი თქვენთვის შოკის მომგვრელი, ხოლო ის, რასაც ხედავთ და კითხულობთ საინფორმაციო გამოშვებებში, აღმოჩენა?
დიმიტრი გლუხოვსკი: ჩემთვის თვითონ ომის გამოცხადების ფაქტი იყო უზარმაზარი ელდა. რამდენიმე კვირა შოკსა და დეპრესიაში ვიყავი, დეკომპრესია მაშინვე არ დამდგარა. შემდეგ ასეთ დღედ იქცა ბუჩა და ირპენი, როცა უბრალოდ მივხვდი, რომ იმ ხარისხის სისასტიკისა და სიმხეცისათვის, როგორისთვისაც მეორე მსოფლიო ომში მოწინააღმდეგე ქვეყნების ჯარისკაცებს თვეები და წლებიც კი დასჭირდათ, ჩვენი თანამოქალაქეები უცებ აღმოჩნდნენ მზად. ადამიანები, რომლებსაც არასოდეს არავინ მოუკლავთ, მოულოდნელად აღმოჩნდნენ მზად არა მხოლოდ უბრალო მკვლელობისთვის, არამედ სიმხეცის ჩადენისთვის. ვცდილობდი რამე ახსნა მომეძებნა (დაწყებული სკოლასა თუ ეზოში განცდილი დამცირებით, დამთავრებული მეტამფეტამინის მოხმარებით, რამაც შესაძლოა ჯარისკაცების აქტიურობის სტიმულირება მოახდინოს), მაგრამ დღემდე არ მესმის ბოლომდე.
მესამე დიდი და საინტერესო სიურპრიზი იყო კონფორმიზმის პროცესები: როგორც გამოჩნდა, მოსალოდნელი რეპრესიებით დაშინებული და პროპაგანდის ზეწოლის ქვეშ მყოფი ადამიანები მზად არიან თავიანთი თავი დაარწმუნონ ამ პროპაგანდის სისწორეში. კომფორტის ზონაში ვარ, - ფიქრობენ ისინი, - რაღაც სიგნალები, ნიშნები შეიცვალა ამ კომფორტის ზონაში და ახლა იმისათვის, რომ მასში დავრჩე, უნდა შევფიცო სატანას, მხედრული სალამი მივცე მას. ოკ, სატანის ერთგულებაზე დავიფიცებ, მის სამსახურში ვიქნები, - ამბობენ ჩვენი თანამოქალაქეები, - რადგან, ჯერ ერთი, ეს არ არის რეალური და მეორე, თუ სატანას არა, მაშ ვის, სატანა ხომ ყველგანაა?! ხდება ასეთი რაციონალიზაცია, საკუთარი პოზიციების "მორალიზება". მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ადამიანთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ არჩევანი გააკეთა არა სიკეთის და ბოროტების, დასაშვებისა და მიუღებლის ძირითადი პრინციპების შენარჩუნების, არამედ ტრაკის თბილად შენახვის სასარგებლოდ.
რადიო თავისუფლება: მახსენდება ნაბოკოვის მოთხრობა „მუზეუმის მონახულება“, როცა საფრანგეთში, ხმელთაშუაზღვისპირეთში ადამიანი შედის მუზეუმში, სადაც რაღაც ნახატები კიდია, შემდეგ მოულოდნელად ხედავს უზარმაზარ ორთქლმავლებს და უცებ აცნობიერებს, რომ რუსი ემიგრანტია, რომ მოსკოვის სადგურის ცივ ბაქანზე დგას ტანსაცმლისა და დოკუმენტების გარეშე და, რომ 1937 წელია.
დიმიტრი გლუხოვსკი: მეც მესიზმრა, რომ ვიმყოფები სამხრეთ აზიის რომელიღაც რესპუბლიკაში, მივდივარ კუტუზოვის გამზირზე, ყველაფერი ცივი და ლურჯია, როგორც დასავლურ დრამატულ სერიალებშია ხოლმე . ჩავუარე СЭВ-ის (ეკონომიკური ურთიერთდახმარების კავშირის) შენობას, რომლის წინაც რაღაც აღლუმი მიმდინარეობს, ხალხი ლამაზ ფორმებშია გამოწყობილი, მაგრამ ვაცნობიერებ, რომ კონტექსტი მილიტარისტულია.
რა თქმა უნდა, ასოციაციები მთლიანად შეიცვალა. თუ თავიდან ვფიქრობდი, რამდენს ვკარგავ, რადგან რუსეთში დაბრუნება არ შემიძლია, ახლა ვხვდები, რომ ეს რუსეთი უკვე სულ სხვაა. რაც უფრო დიდხანს იცოცხლებს ვლადიმირ ვლადიმირის ძე პუტინი, მით უფრო მეტად შეცვლის იგი რუსეთს უარესობისაკენ, მით უფრო მეტად ჩააგდებს რუსეთს ისეთ მდგომარეობაში, როგორშიც ის შეიძლება არც არასოდეს ყოფილა - ფაშიზმისა და მთელი სამყაროს სიძულვილის მდგომარეობაში.
ჩვენ ვხედავთ, თუ როგორ აიძულებენ თავს ჟურნალისტები და პოლიტიკოსები, რომლებიც ადრე ლიბერალები იყვნენ, გადავიდნენ „კაციჭამიურ რიტორიკაზე“ (შესაძლოა არც აიძულებენ, უბრალოდ ასევე უფრო იოლია თავის გამოკვება, მათ შორის ადამიანებითაც), ვხედავთ როგორ ჭამთ შიგნიდან ღვარძლი, როგორ ირღვევა მათი სხეულები, როგორ ისტერიულად იწყებენ ამ შხამის გადმონთხევას და როგორ ნადგურდებიან ისინი. მგონია, რომ ეს არის საფრთხე, რომელიც შეიძლება ემუქრებოდეს მთელ ქვეყანას, მსგავსად იმ ადამიანებისა, რომლებშიც აღვივებენ როგორც განადგურებისა და ნგრევის წყურვილს, ასევე ყველაფრისადმი ცხოველურ სიძულვილს. ესაა ბოროტება, რომელიც შეზავებულია მსხვერპლად წარმოჩენის პარადოქსული სურვილით და, რომელსაც უნდა, მთელ მსოფლიოს გაუმწაროს ცხოვრება.
რადიო თავისუფლება: არ შემიძლია არ გკითხოთ შემოქმედებაზე ბუჩისა და მარიუპოლის შემდეგ. აპირებთ რამე სახით რეფლექსირებას ამ ტრაგედიებზე?
დიმიტრი გლუხოვსკი: ადამიანური ღირსების განადგურება ხალხის „მართვადობის“ გაზრდის მიზნით, ადამიანებში ადამიანური ღირსების ხელყოფა - ჩემი აზრით, ეს არის მთავარი ექსპერიმენტი, რომელიც რუსეთის ხელისუფლებამ ყველა ჩვენგანზე ჩაატარა შარშან და, რომელიც ახლაც გრძელდება. დამცირების გადაცემა დომინოს ჯაჭვით და ბოროტების იმპულსის შემდგომი გავრცელება, დამცირების მიღება სახელმწიფოსგან, რომელსაც ვერანაირად ვერ მოერევი, ვერც შეეწინააღმდეგები, ღვარძლის მიღება საკუთარ თავში, შემდეგ მისი ამონთხევა, მისი შემდგომი გადაცემა, განადგურება, დამცირება, ზიანის მიყენება, ძალადობის ჩადენა - სწორედ ეს ხდება, ჩემი აზრით, და მე რომ აღვწერდე, რა ემართება ჩვენს ხალხს, როგორ ეპყრობა ხელისუფლება მას და რას აკეთებს შემდეგ ხალხი ამ ჯაჭვის მიხედვით, სწორედ ამით ავხსნიდი.
ჩვენ გვჭირდება ცოდვების გამომსყიდველი, გამწმენდი ფსიქოთერაპია. სანამ ეს ფსიქოთერაპია არ ჩატარდება, ეს ბოროტება, რომელიც იშვა იმისათვის, რათა ხიშტებით, ბოროტებითა და ძალადობით გაიხანგრძლივოს მმართველობა, კიდევ დიდხანს დარჩება და გააგრძელებს რუსეთის განადგურებას.