ქართველი მოხალისეების სურვილს უკრაინაში საბრძოლველად წასულიყვნენ დიპლომატიური სკანდალი მოჰყვა. ომში მყოფმა უკრაინის პრეზიდენტმა საქართველოდან უკრაინის ელჩი გაიწვია, საქართველოს ხელისუფლების მაღალჩინოსნებმა კი დაადასტურეს, რომ ფრენებზე ნებართვა თბილისმა არ გასცა, რადგან ჩათვალა, რომ მოხალისეების უკრაინაში წასვლა "ომში ჩართვის" ტოლფასი იქნებოდა.
"ჩვენ პოლონეთში უნდა ჩავფრენილიყავით. ერთი ჩარტერული რეისი უნდა დაფრენილიყო თბილისში, ოღონდ არ ვიცი, საიდან მოფრინავდა, უნდა წავეყვანეთ პოლონეთში. მეორე იყო პოლონური რეისი, რომელიც უშუალოდ პოლონეთმა გამოყო ჩვენ წასაყვანად. ორივე რეისს უარი უთხრეს და არ დასვა ჩვენთან საჰაერო სივრცემ", - ეუბნება რადიო თავისუფლებას თორნიკე ოქროპილაშვილი, მოხალისე, რომელიც უკრაინაში საბრძოლველად გაფრენას გუშინ, 28 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან აპირებდა. მოხალისეების გეგმით, პოლონეთიდან უკრაინაში ჯგუფი ავტობუსით გადავიდოდა.
აი, როგორ ხსნიდნენ ქართველი მოხალისეები თავიანთ გადაწყვეტილებას რადიო თავისუფლებასთან საუბარში:
"მე ვარ აფხაზეთიდან დევნილი, რუსეთმა მიწები წაგვართვა, ჩემი სახლი წაიღო. მაშინ 4 წლის ვიყავი და არ მქონდა შესაძლებლობა, ჩემი მიწა დამეცვა. ახლა გვაქვს ეს შესაძლებლობა, რომ პასუხი გავცეთ რუსეთს", - თქვა პირბადიანმა ახალგაზრდა კაცმა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა.
"2008 წლის სცენარი განმეორდა. ამიტომ ქართველებს ყველაზე მეტად გვესმის ახლა უკრაინელების და ვთვლით, რომ ჩვენი რესურსი, რაც გაგვაჩნია, მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ და უკრაინელებს გვერდში დავუდგეთ", - თქვა დავით მთვარელიშვილმა.
"ვეტერანები ერთმანეთს დავუკავშირდით და გადავწყვიტეთ, რომ წავიდეთ, ჩვენს მოძმე უკრაინელებს, ჩვენს ქართველებს იქ დავეხმაროთ, დავუდგეთ გვერდში და ერთხელ და სამუდამოდ გავათავისუფლოთ ამ რუსული რეჟიმისგან", - ამბობდა დავით ქიმაძე.
მოხალისედ იყო ჩაწერილი და უკრაინაში წასვლას აპირებდა საქართველოში ცნობილი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილიც, რომელიც რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 2019 წლის 9 ნოემბერს ახალგორის რაიონში დააკავეს.
"მივდივარ როგორც ექიმი, რათა საჭიროებისდა მიხედვით დავეხმარო დაჭრილებს, მოსახლეობა იქნება თუ სამხედრო. როგორც ჩათვლის საჭიროდ უკრაინის მთავრობა, იმ ფუნქციას შევასრულებ. მე უკრაინის საელჩოს შევთავაზე ჩემი თავი, სპეციალობის მიხედვით. მათ ჩათვალეს საჭიროდ და ვცდილობ შევასრულო ჩემი მოვალეობა უკრიანის სახელმწიფოს წინაშე", - უთხრა მან გუშინ რადიო თავისუფლებას აეროპორტში.
Your browser doesn’t support HTML5
მოხალისეები რადიო თავისუფლებას ეუბნებიან, რომ უკრაინაში საქართველოში უკრაინის საელჩოსთან შეთანხმებით მიდიოდნენ, იქ მყოფი ქართული ლეგიონი კი მოხალისეების სამხედრო გამოცდილებას იკვლევდა, ამ პროცესშიც, თორნიკე ოქროპილაშვილის თქმით, ჩართული იყო უკრაინის საელჩო.
"მივედით უკრაინის საელჩოში მოხალისეები, შევავსეთ დოკუმენტები. მერე მოხდა ჩვენი გადარჩევა. ვისაც სამხედრო გამოცდილება ჰქონდა, მხოლოდ ისინი დაკმაყოფილდნენ უკრაინაში გასამგზავრებლად", - ჰყვება თორნიკე ოქროპილაშვილი.
ანდრეი კასიანოვმა, უკრაინის ელჩის მრჩეველმა, რადიო თავისუფლებას დღეს დაუდასტურა, რომ უკრაინის საელჩო ჩართული იყო პროცესში და ქართველებს გამგზავრების ორგანიზებაში ეხმარებოდა.
მოხალისედ ჩაწერილების თქმით, უკრაინაში 100-150 საქართველოს მოქალაქე აპირებდა წასვლას. თბილისის საერთაშორსო აეროპორტში ჯგუფი 28 თებერვალს, საღამოს 6 საათისთვის შეიკრიბა, თუმცა მალევე, ჩარტერული რეისების ლოდინისას ითქვა, რომ საქართველო ჯგუფს გაფრენის უფლებას არ რთავდა.
"უკრაინის კონსულიც მოვიდა, შემდეგ ატაშეც და დაგვიდასტურეს, რომ ხელისუფლებამ არ მოგვცა თქვენი გადაყვანის უფლებაო და ჩვენ ვიპოვით ალტერნატიულ გზასო, მედიისგან განცალკევებით გვითხრა ეს. იქნებ თურქეთიდან ან აზერბაიჯანიდან მოვახერხოთო, თუმცა ამ დრომდე ვერაფერი ვერ ხერხდება", - ამბობს ოქროპილაშვილი. მისი თქმით, მოხალისეთა შორის იყვნენ ისეთებიც, ვინც სიაში ჩაწერა ვერ მოასწრეს და ჩაწერას დღეს, 1 მარტს გეგმავდნენ.
მას შემდეგ, რაც მოხალისეებისთვის გამოგზავნილი ჩარტერულ რეისებს თბილისის აეროპორტში დაფრენის უფლება არ მისცეს, ჯერ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, და შემდეგ კი პრეზიდენტმა სპეციალური განცხადებები გააკეთეს. ვოლოდიმირ ზელენსკიმ, მიმართვაში, რომელიც უკრაინის ქალაქების მორიგ დაბომბვებს ეხებოდა, ასევე განაცხადა, რომ ყირგიზეთიდან და საქართველოდან ელჩები კონსულტაციებისთვის გაიწვია. ყირგიზეთიდან ადგლობრივი მთავრობის მიერ რუსეთის აგრესიის გამართლების, საქართველოდან კი მთავრობის მხრიდან - "მოხალისეთათვის ხელის შეშლისა და სანქციებზე ამორალური პოზიციის გამო".
ამ მოულოდნელი ნაბიჯის შემდეგ საქართველოს ოფიციალური პირები იძულებული გახდნენ ფაქტობრივად დაედასტურებინათ, რომ ჯგუფს გაფრენის საშუალება თბილისმა არ მისცა და ეს გადაწყვეტილება ასე ახსნეს:
"მოხალისეებთან დაკავშირებით ძალიან მარტივად გეტყვით, როდესაც სახელმწიფო ამბობს, რომ ჩემი ნებართვით, მაგალითად, ეს კონკრეტული თვითმფრინავი გაიგზავნება მოხალისეებთან, ე.ი. მებრძოლებთან ერთად ომში, მაშინ ის აკეთებს კონკრეტულ განაცხადს, ამას ჰქვია კონკრეტული განაცხადი და ერთვები ომში", - უთხრა ჟურნალისტებს მმართველი პარტიის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ. მან და სხვა დეპუტატებმა ახსენეს საქართველოს ომში ჩათრევის მცდელობა და ამაში "ნაციონალური მოძრაობა" დაადანაშაულეს.
სპეციალური განცხადება გაავრცელა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა: "საქართველო კვლავაც გააგრძელებს უკრაინის პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებას და ეს არის მაქსიმუმი, რისი გაკეთებაც შეუძლია ქვეყანას, რომელმაც 2008 წლის ომი გადაიტანა და რომლის ტერიტორიების 20% არის ოკუპირებული რუსეთის მიერ. საქართველოს თუნდაც ირიბად ჩართვა სამხედრო მოქმედებებში გამოუსწორებელ შედეგებს მოუტანდა ჩვენს ქვეყანას.
ყოველივე ამის გათვალისწინებით, გაუგებარია უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილება საქართველოდან ელჩის გაწვევის შესახებ. მიუხედავად ამ გადაწყვეტილებისა, საქართველო აგრძელებს და კვლავაც გააგრძელებს უკრაინის პოლიტიკურ მხარდაჭერასა და ჰუმანიტარულ დახმარებას თავისი შესაძლებლობების ფარგლებში", - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.
საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა ინფორმაცია საქართველოს მხრიდან უკრაინისადმი გამოხატული სოლიდარობის ამსახველი მაგალითებით - დაწყებული ჰუმანიტარული დახმარებიდან და საერთაშორისო ფორემებზე მხარდაჭერიდან, თბილისის ანძისა და ბათუმის სტადიონის უკრაინის დროშის ფერებად განათებით დამთავრებული.
"მოხალისე სწორედ იმიტომაა მოხალისე, რომ ნებით მიდის ომში და არავინ აგზავნის მას. აი შენ რომ მოხალისეს ხელს უშლი ეს უკვე არის განაცხადი ვის მხარეს ხარ ამ ომში", - დაწერა ამ დიპლომატიური სკანდალის კომენტირაბისას თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა.
ელჩის გაწვევის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ ბრიფინგი მალევე ჩაინიშნა უკრაინის საელჩოში თბილისში. განცხადება ჟურნალისტებთან ანდრეი კასიანოვმა, გააკეთა, რომელმაც თქვა, რომ დღეიდან საქართველოში უკრიანის დროებითი რწმუნებულის ფუნქციებს შეასრულებს.
"უკრაინის ელჩის კონსულტაციისთვის გაწვევას ორი საკვანძო მიზეზი აქვს: პირველი არის საქართველოს მთავრობის ამორალური პოზიცია, რომელიც სანქციებს უკავშირდება, მეორე კი არის გადაწყვეტილების არმიღება, რომელიც მოხალისეების უკრაინაში გაგზავნას უკავშირდება ჩვენი ჯარის დასახმარებლად. არსებობს კიდევ ძალიან ბევრი საკითხი, რომელიც უნდა იყოს განხილული ამ კონსულტაციების დროს. ეს არის ყველაფერი, რისი კომენტირებაც შემიძლია აღნიშნულ საკითხზე", - განაცხადა კასიანოვმა.
უკრაინაში რუსეთის სამხედრო ინტერვენციის მეორე დღეს, 25 თებერვალს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო არ უერთდება ეკონომიკურ და სხვა სახის სანქციებს რუსეთის მიმართ, რომლებიც ევროკავშირმა, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებმა მის მიერ უკრაინაში წარმოებული საომარი ოპერაციის საპასუხოდ დააწესეს. ღარიბაშვილმა ეს გადაწყვეტილება "ქვეყნისა და მოსახლეობის ეროვნული ინტერესებით" ახსნა.
ასევე ნახეთ უკრაინის საელჩო კიდევ ერთხელ განმარტავს, რატომ გაიწვია ელჩი ზელენსკიმ საქართველოდანანდრეი კასიანოვმა ასევე უკრაინაში საქართველოს მთავრობის მიერ გაგზავნილ ჰუმანიტარულ ტვირთზე ისაუბრა. თქვა, რომ ელოდებიან მეორე ჰუმანიტარული ტვირთის გაგზავნას, რომელიც იგზავნება არაგულგრილი ადამიანების, საქმიანები წრეებისა და ბიზნესის წარმომადგენლების მიერ. საქართველოში უკრიანის დროებითმა რწმუნებულმა იმედი გამოთქვა, რომ ეს არ იქნება ბოლო ჰუმანიტარული ტვირთი მოძმე საქართველოდან.
უკრაინაში დაჭრილების დასახმარებლად და საჭიროების შემთხვევაში საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად გუშინ გამგზავრება მოახერხა ქართველი მოხალისეების მეორე ჯგუფმა. დაახლოებით 50-მდე ადამიანმა უკვე გადაკვეთა სარფის საბაჟო პუნქტი.
"ჩვენ გზაში ვიყავით და არ ვიცით რა მოხდა აეროპორტში. ტრაექტორიას ვერ გეტყვით, სად ვიმყოფებით ახლა [ვერც ამას]. რაც შეეხება ჩასვლას, მივდივართ იმიტომ, რომ გავაკეთოთ ჩვენი საქმე უკრაინაში", - გვითხრა ერთ-ერთმა მოხალისემ.
თვეების განმავლობაში არსებული დაძაბულობის შემდეგ, რუსეთმა სრულმასშტაბიანი ომი უკრაინაში 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან - ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).
სამხედრო აგრესიას რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის მიერ უკრაინის სეპერატისტული დონბასისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარება უძღოდა წინ.
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ მათი მიზანი "უკრაინის დემილიტარიზაცია და დენაციფიკაციაა".
აფეთქებების ხმა თითქმის მთელ ქვეყანაში ისმის, მათ შორის დედაქალაქ კიევში.