"დიდი ვაჭრობა ბიძინა ივანიშვილთან" - აფხაზების სიჯიუტემ მოსკოვი გააღიზიანა

სოხუმში ვითარება რამდენიმე დღის წინ დაიძაბა, მას შემდეგ, რაც ოკუპირებული რეგიონის დე-ფაქტო მთავრობამ საინვესტიციო ხელშეკრულების ტექსტი ე.წ. პარლამენტს გადასცა დასამტკიცებლად.

ოკუპირებულ აფხაზეთში არეულობაა. მიზეზი საინვესტიციო ხელშეკრულებაა, რომელმაც რუსულ ბანკებსა და კორპორაციებს აფხაზეთში პრივილეგიები უნდა მისცეს.

მაგრამ ზოგი ამტკიცებს, რომ აფხაზები ქუჩაში ქართული გავლენის გაძლიერების შიშმა გამოიყვანა და ეს შიში რეალურია.

“ჩვენ ვართ გაუმაძღარი ოლიგარქების წინააღმდეგ, რომლებიც აფხაზეთშიც და რუსეთშიც ბლომად არიან” - ამბობს აფხაზური ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, ასლან ბარციცი ვიდეოში, რომელიც რუსული ტელეგრამ-არხებით გავრცელდა.

ვიდეო 15 ნოემბერს სოხუმში, ე.წ. პარლამენტის შენობასთანაა გადაღებული, სადაც რამდენიმე ათასი დემონსტრანტი შეიკრიბა.

სოხუმში ვითარება რამდენიმე დღის წინ დაიძაბა, მას შემდეგ, რაც ოკუპირებული რეგიონის დე-ფაქტო მთავრობამ საინვესტიციო ხელშეკრულების ტექსტი ე.წ. პარლამენტს გადასცა დასამტკიცებლად.

ასევე ნახეთ რუსეთთან ხელშეკრულების მოწინააღმდეგეთა პროტესტი სოხუმში

დოკუმენტის რატიფიკაციის შემთხვევაში, ბევრ სხვა შეღავათთან ერთად, რუსი ინვესტორები რვა წლით გათავისუფლდებიან ქონებისა და მოგების გადასახადისგან, ასევე მიიღებენ საკუთრების უფლებას მიწის ნაკვეთებზე.

15 ნოემბერს, დე ფაქტო პარლამენტი ხელშეკრულების რატიფიცირებას აპირებდა, მაგრამ დემონსტრანტებმა პარლამენტისა და მთავრობის შენობები შტურმით აიღეს.

ისინი ამ დრომდე იქ რჩებიან და ითხოვენ ე.წ. პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას გადადგომას.

ბჟანია კი სოხუმიდან ტამიშში გაიქცა და ამბობს, რომ გადადგება, თუკი მომიტინგეები სახელმწიფო შენობებს დატოვებენ.

დემონსტრანტები ამ პირობას არ თანხმდებიან.

15 ნოემბერს გავრცელებულ კიდევ ერთ ვიდეოში საპროტესტო აქციის მონაწილეები სკანდირებენ “რუსეთი, რუსეთი!” და აფრიალებენ რუსეთის დროშებს. ისინი ხაზს უსვამენ რომ ამ აქციებით რუსეთის წინააღმდეგ არ გამოდიან.

ასევე ნახეთ აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი სადავო კანონპროექტს თმობს, ხალხი მის გადადგომას მოითხოვს

“ჩვენი ბიჭები დონბასზე (აღმოსავლეთ უკრაინაში) თავს დებენ რუსული სამყაროსთვის და გამარჯვებისთვის, ჩვენი საერთო მომავლისთვის, რომელიც მხოლოდ რუსეთთან ერთადაა” - ამბობს ასლან ბარციცი.

რუსეთი, როგორც ჩანს, ამ სიტყვებმა არ დაარწმუნა, რადგან იმავე დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოუწოდა თავის მოქალაქეებს, აფხაზეთში მოგზაურობისგან თავი შეიკავონ.

ასევე ნახეთ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანია მზადაა გადადგეს

ივანიშვილის შიში?

აფხაზ ოპოზიციონერებს მოსკოვის წინაშე თავის მართლება იმიტომ უწევთ, რომ კრემლის პროპაგანდამ გამოსვლები ანტირუსულად შერაცხა, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი ისინი დაძაბულობის პროვოცირებაში დაადანაშაულა.

ასევე ნახეთ „რად გვინდა ასეთი ინვესტორი?“ - რას გულისხმობს საინვესტიციო ხელშეკრულება მოსკოვსა და სოხუმს შორის

ხელშეკრულების მოწინააღმდეგეებს ეშინიათ, რომ რუსი ინვესტორები ოკუპირებულ რეგიონში დიდ ძალაუფლებას მიიღებენ და ადგილობრივ ბიზნესსაც მოგუდავენ.

თუმცა მათ ნაწილს აშინებს არამხოლოდ რუსული, არამედ "ქართული ფულიც".

სოციალური ქსელებით 13 ნოემბერს გავრცელებულ ვიდეოში, აფხაზები ე.წ. დეპუტატს ეკითხებიან, შეძლებს თუ არა ბიძინა ივანიშვილი, როგორც რუსეთის მოქალაქე, (ივანიშვილი 2011 წლიდან აღარაა რუსეთის მოქალაქე) აფხაზეთში ფულის ჩადებას. ახრა ფაჩულია, დე ფაქტო პარლამენტის წევრი, პასუხობს, რომ შეძლებს.

გამოსვლების “მთავარი მიზეზი ისაა, რომ აფხაზებს ეშინიათ, ქვეყანაში რუსული გარსით დაფარულმა ქართულმა კაპიტალმა არ შეაღწიოს.” - დაწერა ტელეგრამზე მემარცხენე რუსმა პოლიტიკოსმა ოლეგ შეინმა.

მან დაამატა, რომ რუსეთი “უცხოელ ოლიგარქებს” არ უნდა ეხმარებოდეს.

“სამწუხაროდ, აფხაზეთი ვერავისგან ვერ აიღებს ფულს… რუსეთისა და საქართველოს გარდა - ეს კი აფხაზეთის სტატუსის გადახედვას ნიშნავს. დემონსტრანტებს ეს მშვენივრად ესმით” - წერს კრემლის მხარდამჭერი ბლოგერი მაქსიმ პაშკოვი.

“საიდუმლო კანცელარია”, ტელეგრამ-არხი, რომელსაც კრემლში, სავარაუდოდ ანონიმური წყაროები ჰყავს, წერს, რომ თავის მართლებამ არ გაჭრა.

არხის მტკიცებით, რუსეთის ხელმძღვანელობა “ძალიან გააღიზიანა” აფხაზების “ფატალურმა სიჯიუტემ”.

მოსკოვს რეაგირების ორი ვარიანტი აქვს: არ დაუშვას ანტირუსული ძალების ხელისუფლებაში მოსვლა და დაეხმაროს ბჟანიას, ანდაც “დაივიწყოს აფხაზეთი და მოემზადოს ბიძინა ივანიშვილთან დიდი ვაჭრობისთვის” - წერს არხი.

რუსეთის პარლამენტის დეპუტატმა კონსტანტინ ზატულინმა კი აფხაზეთში მიმდინარე ამბებს "სირცხვილი" უწოდა.

"შეიძლება კი ასეთი სახელმწიფო შემდგარად ჩაითვალოს?" - დაწერა მან.

სოხუმი მოსკოვის წნეხშია

ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში “ქართლი ოცნების” წარმომადგენლები ირიბად მიუთითებდნენ, რომ კონკრეტული გეგმა ჰქონდათ ოკუპირებული ტერიტორიების დასაბრუნებლად.

მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ისიც თქვა, რომ საქართველომ ბოდიში უნდა მოიხადოს 2008 წლის ომის გამო.

ამ ფონზე ურთიერთობები სოხუმსა და მოსკოვს შორის სულ უფრო იძაბებოდა. აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლება რუსეთთან საინვესტიციო ხელშეკრულების გაფორმებას ხანგრძლივი წნეხის შედეგად დასთანხმდა.

ჯერ კიდევ სექტემბერში, კრემლმა აფხაზეთს ფინანსური დახმარება შეუჩერა, მისმა პროპაგანდამ კი ურჩი აფხაზების დასჯა მოითხოვა.

ასევე ნახეთ მოსკოვმა სოხუმს „გამოსაფხიზლებელი წიხლი“ უთავაზა - როგორ შემოსწყრა კრემლი ოკუპირებულ აფხაზეთს?

პროპაგანდისტების ნაწილი წერდა, რომ "ქართულმა ოცნებამ" მართლაც შეიძლება იხეიროს მოსკოვსა და სოხუმს შორის არსებული უთანხმოებით, რადგან გაღიზიანებულმა კრემლმა დე-ფაქტო ხელისუფლებას თბილისთან დაახლოება შეიძლება აიძულოს.