„აფხაზეთის კანონიერად არჩეული პრეზიდენტი აფხაზეთის ტერიტორიაზეა. 2014 წლის სცენარი არ განმეორდება. პარლამენტის წევრებზე არის უზარმაზარი ზეწოლა, რათა პარლამენტმა მიიღოს უკანონო გადაწყვეტილება პრეზიდენტის გადადგომის შესახებ. პირველ რიგში, ეს გადაწყვეტილება არ მიიღება. მეორეც, რომც იყოს მიღებული, არ განხორციელდება. არ მინდა შეგექმნათ შთაბეჭდილება, რომ მე ძალაუფლების შენარჩუნება მინდა. არა, მე მინდა ვთქვა შემდეგი: თუ არ იქნება განვითარების კონსტიტუციური ფორმები, თუ ჩვენ არ დავიცავთ კონსტიტუციას, ჩვენი სახელმწიფო ამას ვერ გაუძლებს. ამიტომ: ვინც დაიკავა (სამთავრობო შენობები), ვინც სცადა სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა, უნდა დატოვონ შენობათა კომპლექსი, რის შემდეგაც მე მზად ვარ დავნიშნო არჩევნები, მზად ვარ გადადგე, რა დროსაც ქვეყანას ვიცე-პრეზიდენტი მართავს, და წავიდე არჩევნებზე. და ხალხმა თქვას, ვის უჭერენ მხარს“, - უთხრა მან მომხრეებს.
ოპოზიციის პროტესტის საპასუხოდ აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტები ორჯერ გადადგნენ ვადამდე:
- ეს მოხდა 2014 წლის პირველ ივნისს. მაშინ თანამდებობა დატოვა ალექსანდრ ანქვაბმა, როცა კონფლიქტი მოჰყვა ქართველი ეროვნების მოქალაქეებისთვის აფხაზური პასპორტების დარიგებას.
- და ასე მოხდა 2020 წლის 12 იანვარსაც, როდესაც გადადგა რაულ ხაჯიმბა მას შემდეგ, რაც აფხაზეთის ე.წ. უმაღლესმა სასამართლომ გააუქმა 2019 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები. მაშინ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა ვერ მიიღო ასლან ბჟანიამ. ის და მისი მომხრეები ამტკიცებდნენ, რომ ბჟანია ოპონენტებმა მოწამლეს, რომ ე.წ. საპრეზიდენტო ბრძოლაში არ მიეღო მონაწილეობა. ბჟანიამ ე.წ. არჩევნები მოიგო 2020 წელს - ხმების 56.5%-ით.
გუშინ, 15 ნოემბერს, სოხუმში ათასობით მომიტინგემ, რომლებიც რუსეთსა და აფხაზეთს შორის „საინვესტიციო შეთანხმების“ გაფორმებას აპროტესტებდნენ, სამთავრობო შენობების ჯებირები მოარღვიეს და პარლამენტისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობები დაიკავეს. მილიციამ პროტესტის მონაწილეებს სუსტი წინააღმდეგობა გაუწია, მათ აქციის მონაწილეებმა კვერცხები და ბოთლები დაუშინეს. დაპირისპირების შედეგად 13 ადამიანი დაშავდა.
მწვავე პროტესტის გამო ე.წ. პარლამენტში გადაიდო სესია, რომელზეც „საინვესტიციო შეთანხმების“ დოკუმენტის რატიფიკაცია უნდა მომხდარიყო. ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციამ კი განაცხადა, რომ დოკუმენტს გაიწვევდა. 16 ნოემბერს გაირკვა, რომ ბჟანიას ეს დაპირება არ არის შესრულებული.
სოხუმში კი ამ წუთებში ოპოზიციის მომხრეები იკრიბებიან. ოპოზიციის მიერ შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს ლიდერები ბჟანიას წინადადებას არ იღებენ, დაკავებული შენობებიდან გასვლას არ აპირებენ და მას უპირობო გადადგომისკენ მოუწოდებენ.
ფორუმი