გამოქვეყნების შემდეგ 60 დღე ექნებათ იუსტიციის სამინისტროსა და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა“ რეესტრის შესაქმნელად. როცა ეს ეტაპიც დასრულდება, „უცხოელი აგენტების“ რეესტრში რეგისტრაცია სავალდებულო გახდება.
ვისთვის იქნება სავალდებულო რეგისტრაცია?
არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ონლაინმედიის დიდი ნაწილისთვის. მათ კანონი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლებად“ დაინახავს.
ან „უცხოური ძალა“ ვინ არის, ან მისი „ინტერესების გამტარებელი“?
დავიწყოთ უცხოური ძალით. „უცხოური ძალა“ ოთხი კრიტერიუმით განისაზღვრება:
- უცხო სახელმწიფოს [მათ შორის, აშშ და ევროკავშირის წევრი ქვეყნები] ხელისუფლების შემადგენელი სუბიექტი;
- ადამიანი [ფიზიკური პირი], რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე;
- ორგანიზაცია [იურიდიული პირი], რომელიც არ არის დაფუძნებული საქართველოს კანონმდებლობით;
- ისეთი ორგანიზაციული წარმონაქმნი [ფონდი, ასოციაცია, კორპორაცია, კავშირი] ან გაერთიანება, რომელიც უცხო სახელმწიფოს სამართლის ან/და საერთაშორისო სამართლის საფუძველზეა დაფუძნებული.
„უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელია“ (რასაც აქამდე ხელისუფლება „უცხოეთის აგენტებს“ უწოდებდა) ის ორგანიზაცია, რომლის წლიური შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო „უცხოური ძალაა“.
სწორედ „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელია“ იარლიყით აღმოჩნდებიან რეესტრში ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების და ონალაინმედიის დიდი ნაწილი.
ორგანიზაცია ერთდროულად არ შეიძლება იყოს „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი“ და „უცხოური ძალა“.
როგორ ხდება რეესტრში რეგისტრაცია?
თუკი ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის“ „კრიტერიუმებს“ აკმაყოფილებს, კანონის ამ პუნქტის ამოქმედებიდან (კანონის გამოქვეყნებიდან მე-60 დღიდან), ერთ თვეში ვალდებულია, იუსტიციის სახლში თავად წარადგინოს წერილობითი განცხადება და ითხოვოს „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ დარეგისტრირება.
თუ განაცხადი „სწორად და სრულყოფილად არის შევსებული“, სააგენტო ვალდებულია 30 სამუშაო დღეში განაცხადის ავტორი დაარეგისტრიროს და აღრიცხოს ის „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა“ რეესტრში. ეს ინფორმაცია საჯაროა.
აქედან ათ სამუშაო დღეში ორგანიზაცია ელექტრონულად ავსებს განაცხადს და საკუთარ თავს „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ არეგისტრირებს.
რა უნდა ჩაიწეროს რეგისტრაციაში?
რეგისტრაცია იმავდროულად ორგანიზაციის საფინანსო დეკლარაციაა, რომელშიც აისახება:
- საიდენტიფიკაციო მონაცემები;
- მისამართი;
- ვებსაიტის მისამართი;
- ინფორმაცია წინა წელს მიღებული ფულადი და ქონებრივი შემოსავლის შესახებ. უნდა განიმარტოს, მატერიალური სიკეთის წყარო, ოდენობა და მიზანი;
- ინფორმაცია წინა წელს დახარჯული თანხის ოდენობისა და მიზნის შესახებ.
თუ ორგანიზაცია უცხოეთიდან ფინანსდება, მაგრამ ე.წ. აგენტად არ დარეგისტრირდება, რა მოხდება მერე?
სახელმწიფო მას 25 000 ლარით დააჯარიმებს და თავად დაარეგისტრირებს „აგენტების რეესტრში“.
ამის შემდეგ კი მოსთხოვს ორგანიზაციას ატვირთოს საფინანსო დეკლარაცია. თუ ორგანიზაცია ამ მოთხოვნასაც დაარღვევს, მას კიდევ 10 ათასი ლარით დააჯარიმებენ.
სახელმწიფო ორგანიზაციას მომდევნო თვეს ისევ შეამოწმებს და თუ ისევ აღმოაჩენს მის „ურჩობას“, 20 ათასი ლარით დააჯარიმებს. სახელმწიფოს ამ მიზეზით ორგანიზაციის 20 ათასი ლარით დაჯარიმება ყოველ ახალ თვეს შეეძლება.
არსებობს კიდევ ერთი, 5 000-ლარიანი ჯარიმა. ეს ყველა იმ შემთხვევისთვის, თუკი „უცხოეთის აგენტს“ რაიმე ინფორმაციას მოსთხოვენ, ის კი არ წარადგენს.
თუ არ განაცხადე, სახელმწიფო როგორ გაიგებს, რომ „აგენტების რეესტრში“ უნდა შეიყვანოს ორგანიზაცია?
კანონში დასმენის მექანიზმია ჩადებული. ნებისმიერს შეუძლია, სახელმწიფოს წერილობით შეატყობინოს „უცხოეთის აგენტი ორგანიზაციის“ არსებობა.
ამ შემთხვევაში „უცხოეთის აგენტების“ გამოსავლენად, იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილ პირს [ეს ადამიანი კანონის ამოქმედების შემდეგ გაირკვევა] უფლება აქვს, ნებისმიერ დროს, ერთპიროვნულად დაიწყოს მოკვლევა.
მას იმავეს გაკეთება შეუძლია სხვისი განცხადების გარეშეც.
ანუ მოიძიოს ორგანიზაციისა და მისი თანამშრომლების შესახებ ინფორმაცია, პერსონალური მონაცემების ჩათვლით. ერთი და იმავე ორგანიზაციის მიმართ მონიტორინგი შეიძლება ჩატარდეს 6 თვეში ერთხელ.
„ქართული ოცნება“ ამბობდა, რომ კანონი ადამიანებს არ შეეხებოდა. ეს სიმართლეა?
„აგენტების კანონი“ ადამიანებს არა მხოლოდ ირიბად, არამედ პირდაპირაც ეხებათ.
კანონის საბოლოო ვარიანტის Მე-8 მუხლის მე-3 პუნქტში წერია:
„ყველა ის პირი, ორგანო, ორგანიზაცია, დაწესებულება, რომელსაც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ უფლებამოსილი პირი მოსთხოვს ამ ინფორმაციის წარდგენას, ვალდებულია დაუყოვნებლივ წარუდგინოს მას თავის ხელთ არსებული აღნიშნული ინფორმაცია“.
„ახლა [კანონის საბოლოო რედაქციაში - რ.თ.] უკვე ღიად, აშკარად წერია, რომ ულიმიტო და შეუზღუდავი დაჯარიმებების მექანიზმი [5000 ლარი - რ.თ.], ინფორმაციის და საიდუმლოს, ულიმიტოდ და შეუზღუდავად გაცემის ვალდებულება ფიზიკურ პირებზეც ვრცელდება“, - ამბობს იურისტი საბა ბრაჭველი.
ის, რომ კანონი ეხება არა მხოლოდ ორგანიზაციებს, დაადასტურა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმაც.
„ტყუილია, თითქოს, ამ ჩანაწერებით ფიზიკური პირების რეგისტრაციაზეა საუბარი, აბსოლუტური ტყუილია“, - თქვა პარლამენტის სპიკერმა, თუმცა დაამატა, რომ ორგანიზაციის შესწავლისას „ყველა ვალდებულია, როგორც ორგანიზაცია, ისე ფიზიკური პირი, მიაწოდოს ინფორმაცია [სახელმწიფოს]“.
რა შეუძლია გაიგოს სახელმწიფომ „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის“ შესახებ?
ბევრი რამ, მათ შორის, ორგანიზაციის კონკრეტული თანამშრომლების შესახებ, მათი პერსონალური მონაცემების ჩათვლით.
ჯერ კიდევ რეგისტრაციამდე, განაცხადის წარდგენიდან 30 სამუშაო დღეში იუსტიციის სამინისტროს უფლება აქვს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონზე დაყრდნობით [მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი] მოიძიოს შემდეგი ინფორმაცია:
- მონაცემი, რომელიც ავლენს ორგანიზაციის თანამშრომლის რასობრივ ან ეთნიკურ კუთვნილებას;
- მის პოლიტიკურ შეხედულებებს;
- რელიგიურ და ფილოსოფიურ მრწამსს;
- პროფესიული კავშირის წევრობას;
- ჯანმრთელობას;
- სქესობრივ ცხოვრებას;
- ნასამართლობის ისტორიას;
- ბიომეტრიულ და გენეტიკურ მონაცემებს, რომლებიც ფიზიკური პირის უნიკალური იდენტიფიცირების მიზნით მუშავდება;
იუსტიციის სამინისტროს უფლება აქვს, შეისწავლოს „სხვა პერსონალური მონაცემი და საიდუმლოების შემცველი“ ინფორმაცია.