თამთა ამბობს, რომ ამ დრომდე არც პოლიციისგან, არც სასამართლოსგან, არც სოციალური სამსახურისგან რეაგირება არ არის. მას არავინ აქცევს ყურადღებას.
თამთას და მისი შვილის მიმართ, ქალის ყოფილი ქმრის მხრიდან ძალადობის საქმის განხილვა ოზურგეთის სასამართლოში უკვე მესამე წელია მიდის.
ასევე ნახეთ შვილის დასაბრუნებლად: ყოფილი ემიგრანტი დედა სისტემის პირისპირთბილისში საპროტესტო კარვის გაშლა თამთა ჟვანიამ 10 სექტემბერს სცადა, თუმცა პოლიციამ ამის უფლება არ მისცა. მას მერე იქ ზის, გვერდზე ბანერი უდგას წარწერით: „რატომ არ არის მოძალადე დასჯილი ამდენი ხანი? დამიბრუნეთ ძალით წართმეული შვილი!“, იქვე აქვს საძილე ტომარაც.
პოლიციამ რამდენჯერმე მოუწოდა იქაურობა დაეტოვებინა, თუმცა თამთა პროტესტის შეწყვეტას არ აპირებს.
დღის განმავლობაში გიდად მუშაობს (თამთას კიდევ ორი უფროსი შვილი ჰყავს და შემოსავალი სჭირდება), სამსახურის დასრულების შემდეგ კი აქციას აგრძელებს.
მან დახმარებისთვის უკვე მიმართა პროკურატურას, სახალხო დამცველს, თუმცა ჯერჯერობით სიახლე არაფერია. თამთას არც ადვოკატი ჰყავს, რადგან ფინანსურად ამის შესაძლებლობა არ აქვს.
ამ ეტაპზე მას არც ქალთა უფლებების დამცველი რომელიმე ორგანიზაცია იცავს.
თბილისში პროტესტის წამოწყებამდე, ჯერ კიდევ ზაფხულში, თამთა ჟვანიამ კარავი ოზურგეთის სასამართლოს წინაც გაშალა და სამართლის მიღწევას იქ ცდილობდა. მის საქმეს სწორედ ოზურგეთის სასამართლო განიხილავს, თუმცა პროცესი უკვე წლებია ჭიანურდება. ოზურგეთში ცხოვრობს მისი ყოფილი ქმარი მათ საერთო შვილთან ერთად, რომელსაც დედასთან ურთიერთობა მამამ სამი წლის წინ, მეუღლის ემიგრაციაში ყოფნის დროს აუკრძალა, სადაც ის სამუშაოდ ქმრის დაჟინებული მოთხოვნით იყო წასული.
2024 წლის თებერვლის შემდეგ, ოზურგეთის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბავშვის საცხოვრებელ ადგილად, მამის საცხოვრებელი ადგილია განსაზღვრული - თამთას კი ალიმენტის გადახდა აქვს დაკისრებული.
სასამართლოს ამ გადაწყვეტილების შემდეგ, დედას შეეძლო გარკვეული საათების განმავლობაში შვილის მონახულება, თუმცა ეს ვერც მაშინ და ვერც შემდეგ ვერ მოახერხა.
„ერთხელ ვცადე მისი ნახვა, მივედი, მაგრამ ბავშვმა მითხრა, მარტო საჩუქარი დამიტოვე და შენ წადიო. ამის შემდეგ მაინც ჩავდიოდი ოზურგეთში, რომ მენახა შვილი, თუმცა ბოლო ჩასვლისას, როცა ბაღში მივედი მის სანახავად, ბავშვმა დაიწყო კივილი, ტირილი და არ მომეკარა“.
ასევე ნახეთ ძალადობის მსხვერპლი დედა შვილის დასაბრუნებლად ოზურგეთის შემდეგ აქციას თბილისში მართავსამ ფაქტამდე ცოტა ხნით ადრე, ბავშვის მამა სასამართლოზე აცხადებდა, თითქოს დედა შვილს აშინებდა და სცემდა. მაშინ საქმეში ფსიქოლოგიც ჩართეს, რომლის მიერ დაწერილ დასკვნაში წერია, რომ ბავშვის ფსიქო-ემოციური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი არ არის, რომ მისი განვითარება არ შეესაბამება მის ასაკს და, რომ ბავშვს აქვს ძალიან ბევრი ინფორმაცია დედ-მამის კონფლიქტის შესახებ.
დასკვნაში ასევე ვკითხულობთ, რომ „ბავშვს დღემდე სძინავს მამასთან და ზოგჯერ ბებიასთან ერთად. როგორც მამა აღნიშნავს, ბავშვი ვერ იძინებს მარტო და ღამის განმავლობაშიც უჭირს მარტო ყოფნა საწოლში, რაც ბავშვის მაღალი შფოთვის დონეზე მიუთითებს“.
ბავშვი ჯერ ამბობდა, რომ არ მოსწონდა დედის ნახვა, თუმცა მოგვიანებით იმეორებდა, რომ როცა დედას ნახულობდა, ერთად კარგად თამაშობდნენ:
„არ მოვიდეს (დედა). უნდა წავიდეს იმიტომ, რომ არ მიყვარს“, „რომ ვნახულობ, ვთამაშობთ, მაგარია“.
„ბავშვი დედის მიმართ არ არის გაუცხოებული, მისი კლასიკური განმარტებით, თუმცა შეიძლება ვისაუბროთ "მოკავშირე ბავშვისთვის" დამახასიათებელ ქცევებზე და ემოციებზე… მოკავშირე ბავშვები არიან ერთი მშობლის მოკავშირეები, რომლებიც ავლენენ უპირატესობას ერთი მშობლის მიმართ, თანაცხოვრების ან განქორწინების დროს და ხშირად შეზღუდულ კონტაქტს ამჯობინებენ მეორე მშობელთან“, - წერია ფსიქოლოგის დასკვნაში.
ფსიქოლოგმა ასევე დაწერა, რომ ბავშვის ასეთი ერთმანეთის საპირისპირო დამოკიდებულებებიდან გამომდინარე, ერთიანად დედასთან გადასვლა და ქალაქის შეცვლა მისთვის ძალიან სტრესული იქნებოდა. თუმცა ფსიქოლოგის რეკომენდაცია იყო ისიც, რომ „ნელ-ნელა დედის როლი ბავშვის ცხოვრებაში უნდა გაზრდილიყო“.
სპეციალისტს არ დაუდგენია ბავშვზე მამის მხრიდან ფსიქოლოგიური ძალადობა, თუმცა დაწერა, რომ „არსებობს ფსიქოლოგიური ზეგავლენის მიხდენის არაპირდაპირი მცდელობები“.
ბავშვი მამასთან დატოვეს. მას შემდეგ სურათი არ შეცვლილა.
თამთა შვილის ნახვას დღემდე ვერ ახერხებს, რადგან დედასთან შეხვედრისას ბავშვი ტირილს იწყებს.
„მეშინია, აქეთ მე არ გამომიწერონ შემაკავებელი ორდერი“, - ამბობს თამთა.
ახლა თამთა შესაბამისი სამსახურებისგან მოითხოვს, ბავშვი მამისგან გამოიყვანონ და ხელახლა შეფასდეს მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა და დადგინდეს, რატომ კივის და ნერვიულობს ბავშვი დედის დანახვაზე.
„პროკურატურას მივმართე, რომ ბავშვი მამის ოჯახიდან გამოიყვანონ, თუმცა მათ ისევ ოზურგეთის პროკურატურას გადაუგზავნეს ჩემი მოთხოვნა და მხოლოდ ის მითხრეს, "კანონის შესაბამისად ვიქმომედებთო". ეს არის კანონი, მოძალადე კაცი სამი წელი რომ არ არის დასჯილი?“.
თამთას უკვე სამი თვეა შვილი არ უნახავს და ერთადერთი, ვისგანაც მის შესახებ ამბავს იგებს, ბავშვის სკოლის მასწავლებელია. ამბობს, რომ სადამდეც გაძლებს, პარლამენტის წინ იდგება და პროტესტს არ შეწყვეტს მანამ, სანამ შვილს არ დაიბრუნებს.
ასევე ნახეთ ყრუ კედლის პირისპირ: რატომ არ მუშაობს სისტემა, როცა დედა ბავშვს ვერ იბრუნებს