Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ძალადობის მსხვერპლი დედა შვილის დასაბრუნებლად ოზურგეთის შემდეგ აქციას თბილისში მართავს


თამთა ჟვანია საქართველოს პარლამენტთან კარვით, პარალონით და გასაშლელი ბანერით
თამთა ჟვანია საქართველოს პარლამენტთან კარვით, პარალონით და გასაშლელი ბანერით

10 სექტემბრის დილას საქართველოს პარლამენტის შენობის წინ ბანერით და კარვით მივიდა სამი შვილის დედა, თარჯიმანი და გიდი თამთა ჟვანია. ბანერზე, რომელიც მან საკანონმდებლო ორგანოსთან გაშალა, ორი კითხვა და ძალადობის საწინააღმდეგო სლოგანი წერია.

"რატომ არ არის მოძალადე დასჯილი ამდენი ხანი? დამიბრუნეთ ძალით წართმეული შვილი!" - საჯარო სივრცეში გამოტანილი ამ ტექსტით სამი შვილის დედა ითხოვს თავისი ყოფილი ქმრის წინააღმდეგ დაწყებული სასამართლო დავების დროულად დასრულებას და საქმის ეფექტიანრ გამოძიებას, რომელიც დაადგენს - როგორ შეიძლება მისი არასრულწლოვანი შვილი რჩებოდეს მამასთან, რომელიც მასზე სავარაუდოდ ფსიქოლოგიურად ძალადობს. ფსიქოლოგების დასკვნით, ბავშვს, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით მამასთან ცხოვრობს, "არადამაკმაყოფილებელი ფსიქო-ემოციური მდგომარეობა აქვს".

თამთას ბანერი, რომლითაც ის საზოგადოების ყურადღების მიქცევას ცდილობს.
თამთას ბანერი, რომლითაც ის საზოგადოების ყურადღების მიქცევას ცდილობს.

თამთა ჟვანია რამდენიმე თვე, მარტოდმარტო მართავდა საპროტესტო აქციებს ოზურგეთის სასამართლოს წინ, სადაც მისი სარჩელების განხილვა მიმდინარეობს. ოზურგეთში ცხოვრობს მისი ყოფილი ქმარი მათ საერთო შვილთან ერთად.

თამთა ჟვანიას და მისი შვილის მიმართ ძალადობის საქმის განხილვა ოზურგეთის სასამართლოში უკვე მესამე წელია მიდის.

თბილისში პროტესტის გადმოტანის მიზანი უფრო მეტ ადამიანამდე თავისი მოთხოვნების მოტანაა - ამ ეტაპზე თამთას სურს, კვალიფიციურმა ექსპერტიზამ შეაფასოს მისი შვილის ფსიქო-ემოციური მდგომარეობა და დაადგინოს, არის თუ არა ის მამის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი.

თამთას სამი შვილი ჰყავს - პირველი ქორწინებიდან ორი, მათ შორის - ერთი არასრულწლოვანი, რომელიც ამჟამად დედასთან ცხოვრობს, მესამე კი, 6 წლის გოგონა, რომლის დასაბრუნებლადაც ახლა ბრძოლა უწევს, მეორე ქორწინებიდან ჰყავს.

დედასთან ურთიერთობა ბავშვს მამამ სამი წლის წინ, თამთას ემიგრაციაში ყოფნის დროს აუკრძალა, სადაც ის სამუშაოდ ქმრის დაჟინებული მოთხოვნით იყო წასული. სწორედ ემიგრაციაში ყოფნისას წამოიწყო თამთამ სამართლებრივი დავა მეუღლის წინააღმდეგ მას შემდეგ, რაც შუათანა შვილმა, (რომელიც იმჟამად მამინაცვალთან ცხოვრობდა) ტელეფონზე საუბრისას უთხრა, რომ ის მამინაცვლის მხრიდან ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი იყო. თამთასაც და მის შვილსაც დაზარალებულის სტატუსი აქვთ, თუმცა მოძალადე კაცი სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე გირაოს სანაცვლოდ დაკავებიდან მეორე დღესვე გაათავისუფლეს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG