დაუმძიმდებათ თუ არა ბრალი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულებს? - რა არ უნდა გამოგრჩეს 14 ივლისს

შეძლებს გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლის წაყენებას ბრალდებულებისთვის?

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ოჯახი მოითხოვს, რომ გამოძიებამ „ტოიოტა კამრიში“ მსხდომ ექვს პირს ბრალი წაუყენოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით, რაც დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებულ განზრახ მკვლელობას გულისხმობს და 13-დან 17 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ოჯახი დარწმუნებულია, რომ სწორედ „კამრიში“ მსხდომი პირები გაუსწორდნენ გიორგი შაქარაშვილს მდინარე არაგვის ნაპირზე და შემდეგ წყალში გადააგდეს. სამედიცინო-სასამართლო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გიორგი შაქარაშვილი წყალში 12-მდე დაზიანებით აღმოჩნდა და საბოლოოდ ის ასფიქსიით დაიღუპა. ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულია, რომ ბიჭს დაზიანებები გარდაცვალებამდე ახლო, მოკლე პერიოდში, ბლაგვი საგნის ზემოქმედებით მიადგა. ოჯახი გამორიცხავს, რომ ფეხბურთელს ის დაზიანებები, რაც ექსპერტიზის დასკვნაშია აღწერილი, ფერდობზე დაგორებით მიეღო.

რა რესურსი აქვს დღეს გამოძიებას იმისათვის, რომ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეში 17 ბრალდებულიდან რამდენიმეს, უფრო ზუსტად კი „ტოიოტა კამრიში“ მსხდომ ექვს პირს, ბრალი წაუყენოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით? შეგახსენებთ, რომ დღეის მდგომარეობით, ბრალდებულებს ბრალად ედებათ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა, რასაც თან ახლავს ძალადობა და ასევე, თავისუფლების უკანონო აღკვეთა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ. ამ დროისათვის, „ტოიოტას“ არცერთი ბრალდებული წაყენებულ ბრალს არ აღიარებს, რომ აღარაფერი ითქვას ჯგუფურად განზრახ მკვლელობაზე.

ბრალდებულების ადვოკატები აცხადებენ, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფ პირებს, არსებული მტკიცებულებების საფუძველზე ბრალი ვერ დაუმძიმდებათ.

წაიკითხე მეტი.

დაჭრილი და დაკავებული ზაზა გახელაძე ცხინვალის კარანტინში - ცხინვალის, თბილისის და საერთაშორისო რეაქცია ცეცხლის გახსნაზე

ზაზა გახელაძემ სახლში 11 ივლისს შუადღით დარეკა. თქვა, რომ დაკავებულია და დაჭრა არ უხსენებია. როგორც ჩანს, ხანშიშესულ მშობლებს გაუფრთხილდა. მშობლებმა მისი დაჭრის შესახებ მოგვიანებით მაინც გაიგეს. მას შემდეგ ორი დღე გავიდა და გახელაძეების ოჯახმა არ იცის, სად და როგორაა ზაზა, როდის გამოუშვებენ, აღძრავენ თუ არა მის მიმართ სისხლის სამართლის საქმეს. ეს ის კითხვებია, რომლებზე პასუხიც ოჯახს ახლა ყველაზე მეტად აინტერესებს. ზაზას მამა, მიხეილ გახელაძე, პოლიციაშიც გამოკითხეს. ამ კითხვებს იგი ქართველ სამართალდამცავებსაც უსვამდა.

შევეკითხე, მაინტერესებდა, გადასული იყო თუ არა იმ რუსებისკენა. პოლიციელმა თქვა, რომ რადარით თუ რაღაცით გავზომეთო და 150 მეტრით ქვემოთ იყოვო. იმათ ტერიტორიაზე არ იყო გადასული, ჩვენს ტერიტორიაზეა დაკავებული“.

ზაზა გახელაძის დედა, ნანა ბუნტური, საქართველოს ხელისუფლებას და საერთაშორისო ორგანიზაციებს დახმარებას სთხოვს, მაგრამ მას, პირველ რიგში, შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია სჭირდება.

ბოლო ორი დღის განმავლობაში სხვილოს ციხესთან მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებები გაავრცელეს ამერიკის საელჩომ და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ საქართველოში. მისიის ახალი ხელმძღვანელი, მარეკ შჩიგელი, ხაზს უსვამს ერგნეთის „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ დაუყოვნებლივ განახლების მნიშვნელობას, ხოლო ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო რუსეთის ფედერაციას მოუწოდებს, 2008 წლის აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ აღებული ვალდებულებები შეასრულოს.

წაიკითხე მეტი.

ასევე ნახეთ "თუ მოინდომეს, ამ საქმეს წაიყვანენ სისხლის სამართლის მიმართულებით"

"ელექტრონული კომუნიკაციების" შესახებ კანონში ცვლილებების პროექტის განხილვა კომიტეტებში გრძელდება

პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ გუშინ თქვა, რომ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის სხდომაზე „ელექტრონული კომუნიკაციების“ შესახებ კანონში ცვლილებების პროექტის განხილვა დღეს გაიმართება. ის გუშინ იყო დაგეგმილი, თუმცა გადაიდო, რადგან მასზე კონსენსუსი ვერ შედგა.

„გასაგებია, რომ ჩვენ ვსაუბრობთ ძალიან მნიშვნელოვან მოცემულობაზე, რომელსაც ჰქვია სახელმწიფოს აუცილებელი ზედამხედველობა კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე, მაგრამ ამ პროცესში ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არსებობდეს მაქსიმალური ურთიერთგაგება მარეგულირებელსა და იმ კომპანიებს შორის, რომელთაც ეხება ეს კანონპროექტი“, - თქვა კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ.

კანონში ცვლილებები „კავკასუს ონლაინის” გამო შედის, თუმცა ყველა კომპანიას შეეხება. უკვე 9 თვეა, კომუნიკაციების კომისია უშედეგოდ ცდილობს შეცვალოს „კავკასუს ონლაინის” მეწილეები და კომპანია აიძულოს, მისი თანხმობის გარეშე გასხვისებული წილი პირვანდელ მფლობელს დაუბრუნოს. კომპანიას წილების გასხვისება კომისიისთვის უნდა შეეთანხმებინა. ამ მიზეზით ის უკვე გააფრთხილეს და 4-ჯერ დააჯარიმეს, ჯამში 660 ათასი ლარით, თუმცა უშედეგოდ. საქართველოს კანონმდებლობით, კომისიას ახლა „კავკასუს ონლაინის” იძულების მექანიზმად მხოლოდ საქმიანობის შეჩერების გამოყენება შეუძლია.

წაიკითხე მეტი.

ევროკავშირი სომხეთსა და აზერბაიჯანს შეიარაღებული ინციდენტის აღმოფხვრისკენ მოუწოდებს

ორშაბათს ევროკავშირმა განცხადება გაავრცელა 12-13 ივლისს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის საზღვარზე მომხდარი შეტაკების თაობაზე:

ევროკავშირი ორივე მხარეს მოუწოდებს, შეწყვიტონ სამხედრო დაპირისპირება, თავი შეიკავონ მოქმედებებისა და რიტორიკისგან, რომლებიც დაძაბულობის პროვოცირებას ახდენს, და დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები შემდგომი ესკალაციის თავიდან ასაცილებლად. ამ კონტექსტში ორივე მხარემ უნდა გამოიყენოს პირდაპირი ურთიერთობის მექანიზმი, დამკვიდრებული ფორმატი, რომელსაც ხელმძღვანელობენ ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები, ასევე ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის პირადი წარმომადგენელი.

ცეცხლის შეწყვეტის ეს სერიოზული დარღვევა ნათელყოფს ადგილზე ეუთოს მონიტორინგის გაგრძელების სასწრაფო აუცილებლობას, როგორც კი ეს შესაძლებელი იქნება.

ევროკავშირი მხარეებს მოუწოდებს, განუხრელად დაიცვან ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი, ენერგია და რესურსები მიმართონ კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლისკენ, არსობრივად განაახლონ მოლაპარაკებები ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების ეგიდით და საკუთარი მოსახლეობა მშვიდობისთვის მოამზადონ“, - ნათქვამია ევროკავშირის მიერ ორშაბათს გავრცელებულ განცხადებაში.

წაიკითხე მეტი.

15 ამბავი „სასწრაფოს“ ექიმის ცხოვრებიდან

მწერალი ნინო ქოქოსაძე, 1986 წლიდან მოყოლებული, 14 წელი სასწრაფო დახმარების ექიმად მუშაობდა. ეს იყო ომის, გაჭირვების, განუკითხაობის პერიოდი, რასთან შეხებაც ყველაზე ხშირად სწორედ „სასწრაფოს“ ექიმებს უწევდათ. როგორი იყო მაშინ მათი ყოველდღიურობა, ეპოქა ერთი ადამიანის გადასახედიდან. ნინო ქოქოსაძე „სასწრაფოს“ ისტორიებს იხსენებს.

პერსონაჟი „მარტოობის 100 წელიდან“

ერთი მოხუცი ექიმი გვყავდა. საქართველოს ისტორიაში თუ რამე ტრაგიკული ამბავი მომხდარა, ყველგან იყო ნამყოფი, 9 მარტის დარბევაზეც კი. მე რომ წამოვედი სამსახურიდან, მერე რაღაც მოხდა და იქაც ის კაცი დავინახეთ. აი, „მარტოობის 100 წელიწადში“ რომ მელკიადესია, სულ რომ არის, ისე იყო ისიც.

სპიტაკის მიწისძვრა

ერევანზე ახლოს ჩვენ ვიყავით. მიწისძვრა რომ მოხდა, ჩვენმა მანქანებმა ჩაასწრეს ერევნიდან წამოსულ მანქანებს. ექიმებიდან ბიჭები ყველა წაიყვანეს, მათ შორის ჩემი ქმარიც, რომელიც ასევე სასწრაფოში მუშაობდა.

ჩამარხული ბავშვები ამოჰყავდათ ნანგრევებიდან, ამოყვანისას კი ცოცხლები იყვნენ, მაგრამ შოკური მდგომარეობიდან ვერ გამოდიოდნენ და შემდეგ დღეებში იღუპებოდნენ.

წაიკითხე მეტი.

აუცილებელია თუ არა, რომ ბავშვი დასასვენებლად 21 დღე მაინც გვყავდეს, ამ დროის განმავლობაში „ჰავა გამოიცვალოს“ და, საერთოდ, აქვს თუ არა ზოგ ჰაერს სამკურნალო თვისებები? „ჯანმრთელობის კვლევის კავშირის“ დირექტორი მაია ბუწაშვილი ამ გავრცელებულ მითებს აქარწყლებს.