დაუბრუნდება თუ არა მოსამართლეთა კანონპროექტი მეორე მოსმენას?

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დღეს მესამე მოსმენით განიხილა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების შერჩევის პროცედურის განმსაზღვრელი კანონპროექტი და მისი თანმდევი კანონპროექტები. ამ სხდომას წინ უსწრებდა დეპუტატების შეხვედრა სახალხო დამცველისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. სამოქალაქო სექტორის, პოლიტიკური ოპონენტებისა თუ საერთაშორისო პარტნიორების რეკომენდაციების მიუხედავად, საპარლამენტო უმრავლესობამ უარი თქვა გაგრძელდეს მუშაობა კანონპროექტის რამდენიმე ისეთ პრინციპზე, სადაც ჯერ კიდევ არსებობს კონსენსუსის რესურსი.

ამ რესურსის გამოყენების ინიციატივით კომიტეტს 25 აპრილს კიდევ ერთხელ მიმართა ევროპული საქართველოს წარმომადგენელმა, ოთარ კახიძემ. მისი ინიციატივა პრაქტიკულად არ გამხდარა მსჯელობის საგანი, თუმცა ამის მიუხედავად, ჯერ კიდევ არსებობს თეორიული შანსი, რომ დეპუტატები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების შერჩევის სადავო საკითხებზე მსჯელობას ფართო შემადგენლობით, პლენარულ სხდომაზე დაუბრუნდნენ.

თეორიული შანსი-საკანონმდებლო რეგულაცია

საქართველოს პარლამენტი

იმისათვის, რომ პარლამენტი საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების შერჩევის პროცედურის განმსაზღვრელი კანონპროექტების განხილვას მეორე მოსმენით დაუბრუნდეს, პაკეტი განსახილველად მესამე მოსმენით უნდა დადგეს. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 161-ე მუხლის თანახმად, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის განხილვის ინიციატივით კანონპროექტის მომხსენებელი ან თანამომხსენებელი უნდა გამოვიდეს. კანონპროექტზე მომხსენებლის ან თანამომხსენებლის მოტივირებული წინადადების საფუძველზე საკანონმდებლო ორგანოს შეუძლია გადაწყვეტილება დადგენილებით მიიღოს. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში განიხილება კანონპროექტის მესამე მოსმენიდან მეორე მოსმენაზე დაბრუნების საკითხი.

უიმედო პერსპექტივა

„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის კანონპროექტს თანმხლებ კანონპროექტებთან ერთად მეორე მოსმენაზე პარლამენტი სავარაუდოდ არ დააბრუნებს. ამ დასკვნის გამოთქმის საშუალებას პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის 25 აპრილის სხდომაზე დამსწრეებს, ზოგადი ფონის გარდა, აძლევდათ ის განცხადებებიც, რომლებიც სხდომაზე გაკეთდა.

მათ შორის პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის სავარაუდო მომხსენებლმა ანრი ოხანაშვილმა თქვა, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევასთან დაკავშირებით, უმრავლესობამ ვენეციის კომისიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ყველა პრინციპული რეკომენდაცია გაითვალისწინა; კანონპროექტზე თანამომხსენებელმა გურამ მაჭარაშვილმა კი აღნიშნა, რომ ვერ ხედავს იმის აუცილებლობას, რომ კანონპროექტი მეორე მოსმენით დაუბრუნდეს განხილვას. ამ საკითხზე 25 აპრილს კიდევ ერთი განცხადება გააკეთა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ. მისი თქმით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შესარჩევი პროცედურების შესახებ კანონპროექტთა პაკეტი მომავალ კვირაში მესამე მოსმენით იქნება მიღებული. პარლამენტის თავმჯდომარესვე ეკუთვნის შეფასებაც იმის შესახებ, რომ საქართველოს პროცედურა შესაძლოა ასჯერ უფრო გამჭვირვალე იყოს, ვიდრე ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების.

რა პრიორიტეტები გადმოვა წინა პლანზე კანონის მიღების შემდეგ

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომას 25 აპრილს ესწრებოდა საქართველოს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე სულხან სალაძე. როგორც მან სხდომის დასრულების შემდეგ გვითხრა, არავის აქვს რეალური მოლოდინი, რომ კანონპროექტი მესამედან მეორე მოსმენაზე დაბრუნდება. მისი აზრით, ახლა მთავარია პროცესი, რომელიც კანონის მიღების შემდეგ დაიწყება. განსაკუთრებით მაშინ, როცა იგი პარლამენტში გადაინაცვლებს.

სულხან სალაძე

სულხან სალაძე მიიჩნევს, რომ:

  • „ქართულმა ოცნებამ“ უნდა აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა
  • მან პროცესი უნდა წარმართოს ისე, რომ კანდიდატები, რომლებსაც კენჭი ეყრებათ, მხარდაჭერილნი იყვნენ არა მარტო უმრავლესობის დეპუტატების, არამედ პარლამენტში არსებული სხვა პოლიტიკური ჯგუფების მიერაც.

სულხან სალაძე ფიქრობს, რომ ეს გაზრდიდა პროცესისადმი ლეგიტიმაციისა და დამოკიდებულების ხარისხსს, განსაკუთრებით ისეთ პირობებში, როდესაც უმრავლესობამ ადგილობრივი და საერთაშორისო რეკომენდაციებიდან პრაქტიკულად მაქსიმალური უმრავლესობა მხედველობაში არ მიიღო და არ გაიზიარა.

ასევე ნახეთ რა (არ) გაითვალისწინა "ქართულმა ოცნებამ" ვენეციის კომისიის დასკვნიდან

„ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ წარმომადგენლის, სოფო ვერძეულის აზრით კი კანონის მიღების შემდეგ ყველა ძალისხმევა იუსტიციის უმაღლესი საბჭოსკენ უნდა იყოს მიმართული:

სოფო ვერძეული

  • პირველ რიგში ეს ეხება კლანის სისტემიდან წასვლის მიმართულება,
  • საბჭოს შემადგენლობის განახლებას
  • ახალი რეგულაციებით იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების დასახელების მონიტორინგს

„ჩვენ თვეების წინაც ვამბობდით, რომ როგორიც არ უნდა იყოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონი, ეს არ შველის მთავარ პრობლემას და მთავარი პრობლემაა კლანი. ჩვენ რომ საუკეთესო კანონი მიგვეღო და ყველა რეკომენდაცია ვენეციის კომისიის გათვალისწინებული ყოფილიყო, კლანის სისტემიდან წასვლის მოთხოვნა ლეგიტიმაციას მაინც არ დაკარგავდა“, - გვითხრა სოფო ვერძეულმა.

კლანის სისტემიდან წასვლის მოთხოვნით დღეს პარლამენტთან მოქალაქეთა და იურიდიული პროფესიების წარმომადგენელთა აქციაც გაიმართა. აქციის მონაწილეებმა კიდევ ერთხელ დააყენეს სასამართლო სისტემის კლანის გავლენებისგან გაწმენდის აუცილებლობა. მათ პარლამენტისგან სასამართლოში არსებული კლანის საქმიანობის საგანგებო რეზოლუციით შეფასება მოითხოვეს.