დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფი საქართველოს პარლამენტს მოუწოდებს არ მიიღოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის შესახებ კანონპროექტი, რადგან ჯგუფის წევრების აზრით, ის არ ითვალისწინებს საერთაშორისო საზოგადოების და სამოქალაქო სექტორის უმთავრეს რეკომენდაციებს. ხოლო იუსტიციის უმაღლეს საბჭოს აძლევს თავისუფლებას ფარული კენჭისყრით, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, საკუთარი შეხედულებით დააკომპლექტოს უზენაესი სასამართლო.
იურისტები პარლამენტისგან მოითხოვენ მიიღოს რეზოლუცია სასამართლოში კლანური მმართველობის თაობაზე და დაიწყოს მუშაობა საკანონმდებლო მექანიზმებზე სასამართლოს მართვიდან კლანის ჩამოცილების მიზნით.
როგორც ჯგუფის წევრმა, უფლებადამცველმა უჩა ნანუაშვილმა უთხრა რადიო თავისუფლებას, აუცილებელია პარლამენტმა შეაფასოს რეზოლუციით სასამართლოში კლანური მმართველობის მდგომარეობა და არსებული სიტუაცია.
„სასამართლოს სისტემას დღეს იგივე ჯგუფი მართავს, რომელიც წინა ხელისუფლების დროს იღებდა და ასრულებდა დაკვეთებს, პოლიტიკურ მორჩილებაში ამყოფებდა სასამართლოს, და მათ სახელს უკავშირდება ევროსასამართლოში არაერთი საქმეზე უფლებების დარღვევის დაფიქსირება. სასამართლოში კლანური მმართველობის უვადოდ დამტკიცება აზრს უკარგავს იურისტების პროფესიას. პროტესტიც სწორედ მიმართულია იმ განვითარების და რეფორმის პერსპექტივის დაკარგვის წინააღმდეგ, რაც ელოდება ქვეყანას ამ კანონპროექტის მიღებით და კლანური სისტემის განმტკიცებით“, - უთხრა მან რადიო თავისუფლებას.
რადიო თავისუფლებასთან საუბარში იურისტი ანა ნაცვლიშვილიც შენიშნავს, რომ თუ ბრძოლა დღეს ვერ მოიგეს, არათუ მის, არამედ მისი შვილების თაობასაც ვერ ექნება ქვეყანაში თავისუფალი სასამართლო:
„თუ ქვეყანას არ გააჩნია დამოუკიდებელი და ანგარიშვალდებული სასამართლო, ამ ქვეყანაში ადამიანი ვერ იქნება დაცული ძალადობის, უკანონობის, უსამართლობისგან, სიღარიბისგან, კორუფციისგან და ა.შ. ახლა უზენაეს სასამართლოში კლანის გაბატონება ნიშნავს, რომ არამხოლოდ ჩვენი, არამედ ჩვენი შვილების სიცოცხლეშიც კი დამოუკიდებელი სასამართლო არ გვეღირსება. შეიცვლება პარლამენტი, მთავრობა, მაგრამ ეს ცვლილებები ქვეყანაში ადამიანის მდგომარეობას არსებითად ვერ გააუმჯობესებს, რადგან სამართალი იქნება მაფიოზური მენტალიტეტის და მათ მიერ კონტროლირებადი ადამიანების ხელში“, - გვითხრა ანა ნაცვლიშვილმა.
დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ასევე ვკითხულობთ:
„სასამართლოში კლანური მმართველობის უვადო დაკანონება საფრთხეს უქმნის თითოეული მოქალაქის უფლებას დამოუკიდებელ და სამართლიან სასამართლოზე, ქვეყნის მშვიდობიან და დემოკრატიულ განვითარებას და აზრს უკარგავს იურისტების პროფესიას“, - ტექსტს ხელს აწერენ იურისტები: კახა წიქარიშვილი, კახა კოჟორიძე, ანა ნაცვლიშვილი, მაია ბაქრაძე, ბესიკ სისვაძე, ლია მუხაშავრია, უჩა ნანუაშვილი, თამარ ლალიაშვილი, ირაკლი კორძახია, დიმიტრი ხაჩიძე, ხათუნა გრიგალაშვილი, ირაკლი გაბრიჩიძე, დავით მჟავანაძე და სანდრო ზამბახიძე.
25 აპრილს იურისტები პარლამენტთან მშვიდობიანი საპროტესტო აქციიის მოწყობას გეგმავენ.