რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო სწავლობს 19 წლის აფხაზი გოგოს ალიონა თანიას მიერ სოციალურ ქსელ „ტიკ-ტოკში“ გამოქვეყნებულ ვიდეოს, რომელშიც იგი ამბობს, რომ „აფხაზეთი საქართველოა“. ვიდეომ აფხაზეთის საზოგადოების მკვეთრი აღშფოთება გამოიწვია.
საქმეზე წინასაგამოძიებო მოკვლევა მიმდინარეობს, სისხლის სამართლებრივი დევნა არ დაწყებულა და უცნობია, აფხაზეთის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტრო აღძრავს თუ არა საქმეს 19 წლის გოგოს წინააღმდეგ.
იმის გასარკვევად, როგორ შეიძლება განვითარდეს პროცესები ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. კანონმდებლობის შესაბამისად, „ეხო კავკაზამ“ ადვოკატ ინგა გაბილაიას მიმართა. ინტერვიუში ადვოკატი ამბობს, რომ მართალია ალიონა თანია არასწორად მოიქცა, მაგრამ კანონი არ დაურღვევია:
„კანონის მიხედვით, ამ გოგოს ქმედებებში სისხლის სამართლის დანაშაულს ვერ ვხედავ. სისხლის სამართლის კოდექსში გვაქვს თავი „სახელმწიფო ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული“ ქმედებების შესახებ, თუმცა არც ერთი შესაბამისი მუხლი ალიონა თანიას არ მიესადაგება. მათ შორის არც „სახელმწიფოს ღალატი“, რომელშიც სუვერენიტეტის საკითხებიც შედის. პრინციპში შეიძლება ითქვას, რომ ფრაზაში „აფხაზეთი საქართველოა“ აფხაზეთის სუვერენიტეტის საკითხი ჩანს, მაგრამ ჩემი აზრით, მის სიტყვებში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები არ არის“, - აცხადებს ადვოკატი. მისი შეფასებით, დეფაქტო აფხაზეთის ე.წ. სამართალდამცავ ორგანოებს ფაქტი რეაგირების გარეშე არ უნდა დაეტოვებინათ თუნდაც იმ მოსაზრებით, რომ მომავალში ეს სხვებისთვისაც გასათვალისწინებელი ყოფილიყო, მაგრამ ეს დანაშაული არ არის.
„წინასაგამოძიებო მოკვლევა ეს არის შეტყობინება დანაშაულის შესახებ. ანუ უნდა არსებობდეს შეტყობინება დანაშაულის შესახებ, განცხადება ან რაპორტი დანაშაულის ნიშნების შესახებ. რა დანაშაულში ედება ბრალი ამ გოგოს, არ ვიცი. შესაბამისად, სამართალდამცავი ორგანოების, კერძოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა უნდა განმარტონ, რა დანაშაულის ნიშნები იკვეთება მის ქმედებებში“, - განმარტავს ადვოკატი ინგა გაბილაია. იგი იმედს გამოთქვამს, რომ მოკვლევა, დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო, სისხლის სამართლის საქმის აღძვრით არ გაგრძელდება, თუმცა არც იმას გამორიცხავს, რომ სამართალდამცავმა ორგანოებმა საქმის საფუძველი მაინც გამოძებნონ.
ასევე ნახეთ "აფხაზეთი საქართველოა" - გოგო, რომელმაც ეს TitTok-ზე თქვა, აფხაზეთის ე.წ. პოლიციამ გამოკითხვაზე დაიბარაალიონა თანიას ვიდეო „ტიკ-ტოკში“ 27 მარტს გამოქვეყნდა. „აფხაზეთი საქართველოა“, - ამბობს ამ ვიდეოში გოგო. ვიდეო, ახლა ტიკ-ტოკზე წაშლილია, თავად თანიამ კი ბოდიში მოიხადა და თქვა, რომ გამოსახულება სხვების თხოვნით ატვირთა და მომხდარის გამო წუხს.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ვიდეოს ინტერნეტში გამოჩენის შემდეგ „აღშფოთებული მოქალაქეებისგან“ მიიღეს არაერთი შეტყობინება, რაც წინასაგამოძიებო მოკვლევის დაწყების საფუძველი გახდა.
ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები გაესაუბრნენ ვიდეოს ავტორს და მის მშობლებს, მოგვიანებით კი გაავრცელეს ვიდეო სახელწოდებით „აფხაზეთი საქართველო არ არის“. ვიდეო ალიონა თანიასა და მისი მშობლების გამოკითხვას ასახავს. აფხაზეთის დეფაქტო რესპუბლიკის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ეს ვიდეო youtube-ს ოფიციალურ არხზე 29 მარტს გამოაქვეყნა. სწორედ ამ ვიდეოში იხდის ბოდიშს მომხდარის გამო ალიონა თანია, ფაქტით შეწუხებული მისი მამა კი ამბობს, რომ ომი გამოიარა და არ ეგონა მისი შვილი ასეთ რამეს თუ გააკეთებდა.
ვიდეორგოლმა აფხაზეთში სოციალური ქსელი „ააფეთქა“. კომენტარებში ძირითადად აღშფოთებას გამოხატავენ და გოგოს დასჯას ითხოვენ.
- "ყველანი დასაჯეთ, ჩვენი ქვეყანა სათამაშო არ არის"!
- "ზოგიერთები წერენ, რომ მამაა ცოდო. არ არის ცოდო.ომის მონაწილე თუა თავისი შვილებისთვის პატარა ასაკიდანვე უნდა მოეყოლა როგორ იბრძოდა და ვისთან, მაგრამ ასეთებს თავიანთი შვილებისთვის არ სცალიათ.მერე ჩივიან, ეს როგორ მოხდაო."
- "20 წლის ბავშვი აღარ არის. 1000 რუბლად თქვა? ხვალ რას უნდა ელოდე მისგან 2000 რუბლად?"
ინტერნეტ-მომხმარებლების ნაწილი ალიონა თანიას მიმართ ლმობიერების გამოჩენისკენაც მიუთითებდა:
- "ცოდოა ოჯახი, არ არის საჭირო ბავშვის წყევლა და დამცირება. ძალიან აგრესიულები ხართ, იმის ნაცვლად რომ ნორმალურად აუხსნათ და განუმარტოთ."
- "იპოვეს დაბალი ღობე!"
კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ვარაუდობს, რომ ალიონა თანიას დასჯა საზოგადოებრივ გაკიცხვას არ გასცდება, მიუხედავად იმისა, რომ ე.წ. კონსტიტუციის თანახმად, აფხაზეთის დამოუკიდებლობის არაღიარების ყველა მცდელობა სისხლის სამართლებრივ დევნას ექვემდებარება. პაატა ზაქარეიშვილის აზრით, ამ შემთხვევაში გადამწყვეტი ის იქნება, რომ ალიონა თანია ეთნიკურად აფხაზია:
„ქართველი რომ იყოს ეს გოგო, ძალიან იოლად დასჯიდნენ და დიდი სიხარულითა და ხალისით გააკეთებდნენ ამას. ჩემი აზრით, არა სიტყვის თავისუფლების გამო, არამედ ეთნიკური აფხაზი რომაა ამიტომ აპატიებენ. საზოგადოება გაკიცხავს და მშობლებს მეტ პასუხისმგებლობას დააკისრებენ. მე მგონია რომ სისხლის სამართლის კოდექსით არ დასჯიან“, - უთხრა რადიო თავისუფლებას პაატა ზაქარეიშვილმა. მისი თქმით, სოციალური ქსელის მომხმარებლების რეაქცია კარგად აჩვენებს აფხაზურ საზოგადოებაში არსებულ პრობლემებს:
„საზოგადოება დაუნდობელია თავისი წევრის მიმართ და ასევე მიუღებელია მისთვის განსხვავებული აზრი...მათ არ შესწევთ უნარი იმსჯელონ საქართველოსთან დიალოგზე. მერამდენედ ხდება უკვე, რომ ეთნიკურად აფხაზი ვარდება ასეთ ორმოში.ბიზნესმენი იყო ამასწინათ, რომელიც ქართველებს ხვდება და გადაუარეს. რას აპირებს აფხაზური საზოგადოება საერთოდ, ქართველებს არ უნდა ელაპარაკოს? ეს რა თქმა უნდა, მეტყველებს იმაზე, რომ ვიღაცეებს ეშინიათ, რომ აფხაზეთი არ გახდეს ხელახლა ისევ საქართველო, - ამბობს პაატა ზაქარეიშვილი. მისი განმარტებით, ამის რეალური საფუძველი არის ის, რომ ოკუპირებული აფხაზეთი სახელმწიფოებრივ წარმონაქმნად ვერ შედგა, ვერ შეიქმნა ინსტიტუტები, გაძლიერდა კორუფცია და კრიმინალი, რუსეთი სულ უფრო მეტ გავლენას და ზეწოლას ახდენს მასზე. „ეს ფსიქოლოგიური მომენტი აღიბეჭდება ასეთ ახალგაზრდებში, როგორიც ეს გოგოა“, - ამბობს პაატა ზაქარეიშვილი.
ბევრის მსგავსად მისთვისაც კითხვად რჩება, გაიხუმრა თუ პროტესტი გამოხატა ალიონა თანიამ, რომელიც აფხაზი სამართალდამცავების გადაწყვეტილების მოლოდინშია.