ხელოვნების სფეროში მომუშავე ადამიანები და ორგანიზაციები წლებია ითხოვენ კულტურაში სახელმწიფო თანხების გამჭვირვალე განაწილების სისტემას. 2020 წლის იანვრიდან მუშაობა უნდა დაეწყო კულტურის განვითარების ეროვნულ ფონდს, რომელსაც, ერთი მხრივ, სისტემა უნდა მოეწესრიგენინა, მეორე მხრივ კი, „შემოქმედებითი ევროპის“ სამართალმემკვიდრე და მისი პროექტების გამგრძელებელი უნდა ყოფილიყო.
2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში არ იძებნება კულტურის განვითარების ეროვნული ფონდისთვის გათვალისწინებული 50 მილიონი ლარი. ფონდის შექმნის გადაწყვეტილება 2019 წლის აგვისტოში მიიღეს და მაშინვე დანიშნეს მის ხელმძღვანელად ირმა რატიანი, ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორი და ლიტერატურის ფონდის ხელმძღვანელი, რომელმაც სულ ერთ თვეს იარსება და მწერლების პროტესტის ფონზე გაუქმდა.
კულტურის სფეროს წარმომადგენლები ეჭვობენ, რომ ფონდი აღარ იქმნება.
სამინისტროში გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფენ, ფონდის ხელმძღვანელს, ირმა რატიანს კი, რომელიც, ამავდროულად, კვლავ იკავებს ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორის თანამდებობას, კითხვებზე კონკრეტული პასუხის გაცემა უჭირს.
რადიო თავისუფლებასა და ირმა რატიანს შორის ფონდთან დაკავშირებულ კითხვებზე საუბარი 16 დეკემბერს ასე წარიმართა:
რამდენად მართალია, რომ ფონდი აღარ იქმნება?
დაანონსებულია, რომ 1 იანვარს კულტურის ფონდი უნდა დაარსდეს და განისაზღვროს ბიუჯეტი. 1 ოქტომბრამდე უნდა დასრულებულიყო რეორგანიზაცია, მაგრამ 1 იანვრამდე გაგრძელდა ეს პროცესი.
2020 წლის ბიუჯეტში ფონდი და მისთვის გამოყოფილი თანხა არ იძებნება. როგორ შეიძლება ამის ახსნა?
მე ვერანაირად ვერ ავხსნი, რატომ არ არის 2020 წლის ბიუჯეტში ასახული ფონდისთვის გამოყოფილი 50 მილიონი.
ფონდს აქვს გრანტების გაცემის უფლება და ოქტომბერში მთავრობამ მიიღო შესაბამისი დადგენილება. გამოიყენეთ თუ არა უკვე ეს უფლება?
გრანტების გაცემის უფლება ჯერ არ გამოგვიყენებია.
კულტურის სფეროს არაერთი წარმომადგენელი ელოდება ფონდის მუშაობის დაწყებას და საგრანტო კონკურსებს. ხომ არ იცით, როდის შეძლებთ კონკურსების გამოცხადებას?
მე ვიცი, რომ სექტორის მოლოდინი ძალიან მაღალია და დიდი იმედი მაქვს, ეს მოლოდინი გამართლდება.
რა ბედი ეწევა პროექტებს, რომელთაც „შემოქმედებითი საქართველო“ აფინანსებდა?
ჯერ უნდა გადაწყდეს დაფუძნების და ბიუჯეტის საკითხი და მხოლოდ ამის შემდეგ შეგვეძლება პასუხის გაცემა ამ კითხვებზე.
„შემოქმედებითი საქართველოს“ ფუნქციაში შედიოდა „ჩექ ინ ჯორჯიას“ მართვაც, რაც მის ხელმძღვანელს მიუღებლად მიაჩნდა და ამის გამო დატოვა კიდეც თანამდებობა. თქვენ თუ გაქვთ რაიმე გეგმა „ჩექ ინ ჯორჯიას“ პროექტებთან დაკავშირებით?
ამასთან დაკავშირებით ჩვენ ჯერ არავითარი სახის მითითება ან ინფორმაცია არ გვაქვს.
ვისგან ელით მითითებას ან ინფორმაციას, ფონდის ხელმძღვანელი ხომ თქვენ ხართ?
ჩვენ ვეკუთვნით სამინისტროს.
ასევე ნახეთ დაველოდები სახელმწიფოს გადაწყვეტილებას - ინტერვიუ ირმა რატიანთან
რისთვის იქმნებოდა კულტურის ეროვნული ფონდი
კულტურის ეროვნული ფონდი მას შემდეგ შეიქმნა, რაც მწერლებმა ბოიკოტი გამოუცხადეს ლიტერატურის ეროვნულ ფონდს, რომელიც წიგნის ეროვნული ცენტრისა და მწერალთა სახლის გაერთიანების შედეგად შეიქმნა და რომლის ხელმძღვანელადაც ასევე ირმა რატიანი დაინიშნა. 6 აგვისტოს, კულტურის ეროვნული ფონდის შექმნისას, მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა თქვა, რომ ფონდის დანიშნულება იქნებოდა “ქართული კულტურისა და კულტურის ეკონომიკის განვითარების, კულტურის პოპულარიზაციისა და ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობა“. ფონდთან თანამშრომლობით უნდა განხორციელებულიყო პრიოტიტეტული, პერსპექტიული პროექტები.
კულტურის ფონდის იდეა ახალი არ არის. მიხელ ბატიაშვილამდე ასეთი ფონდის შექმნა უნდოდა მის წინამორბედ მინისტრს მიხეილ გიორგაძესაც. 2014 წელს შეიქმნა კიდეც კულტურის განვითარების საინვესტიციო ფონდი, რომელიც ძირითადად „ისთერნ პრომოუშენის“ პროექტებს აფინანსებდა და რომელსაც მაშინდელი მინისტრის მეგობარი და ბიზნესპარტნიორი, დავით მენაბდე, ხელმძღვანელობდა.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ 2016 წელს აქვეყნებდა დოკუმენტებს, რომელიც ადასტურებდა, რომ კულტურის განვითარების საინვესტიციო ფონდის თანამშრომელთა ნაწილი პარალელურად დასაქმებული იყო მინისტრთან დაკავშირებულ კომპანიებთან, „ინთერნეიშენალ ივენთსსა“ და „ისთერნ პრომოუშენსში“. TI ასკვნიდა, რომ ფონდის სახსრები არა იმდენად კულტურის განვითარებას, არამედ მინისტრის პირად ინტერესებს ხმარდებოდა.
ასევე ნახეთ რამდენიმე პროტესტი მინისტრის (და მოადგილის) ცხოვრებიდან2014 წელს შექმნილი მრავალმილიონიანი ფონდი, საჯარო კრიტიკის ფონზე, 2017 წელს გაუქმდა და მის სანაცვლოდ შეიქმნა “შემოქმედებითი საქართველო”. ამ ორგანიზაციას 2019 წლის ზაფხულამდე ანა რიაბოშენკო ხელმძღვანელობდა. ანა რიაბოშენკო რამდენიმე თანამოაზრესთან ერთად, მუშაობდა კონცეფციაზე, რომელსაც სახელმწიფოს თანხები კულტურის სფეროში გამჭვირვალედ და ეფექტიანად უნდა განეკარგა. ამ გეგმის მიხედვით, რომელზეც სხვადასხვა სფეროს სპეციალისტები მუშაობდნენ, აუცილებელი იყო:
- შექმნილიყო კრიტერიუმები, რომლებიც განსაზღვრავდა, რა ტიპის ღონისძიებებს დააფინანსებდა სახელმწიფო;
- შექმნილიყო ბორდი, რომელიც დაკომპლექტდებოდა სხვადასხვა დარგის საერთაშორისო ორგანიზაციების სპეციალისტებისგან. ბორდის წევრები უნდა შერჩეულიყო როტაციის პრინციპით და მასში შესვლის უფლება არ უნდა ჰქონოდათ საჯარო მოხელეებს;
- ფესტივალების ტიპის ღონისძიებების დაფინანსება ყოფილიყო მინიმუმ ორწლიანი, რაც მათი და სექტორის მდგრადობას უზრუნველყოფდა.
- პროექტების შესარჩევად უნდა შექმნილიყო ონლაინპლატფორმა, რომ პროცესი ყოფილიყო სამართლიანი და გამჭვირვალე.
ანა რიაბოშენკო იხსენებს, რომ მათ ამ გეგმას სამინისტროში დიდი ენთუზიაზმით არ შეხვდნენ. სამაგიეროდ, ფონდს გადასცეს 26 მაისის ღონისძიებებისთვის გამოყოფილი თანხა და გეგმა, რომლითაც ეს თანხა უნდა დახარჯულიყო. ფონდის საქმიანობის ნაწილად იქცა ასევე „ჩექ ინ ჯორჯიასთვის“ გამოყოფილი რამდენიმე მილიონის დარიგება წინასწარ შედგენილი გეგმის მიხედვით. მხოლოდ 2019 წელს „ჩექ ინ ჯორჯიამ“, გარდა დაახლოებით 6 მილიონი ლარის ღონისძიებების დაფინანსებისა, 5 მილიონამდე ლარი გამოყო ფონდი „ქართუს“ მიერ აშენებული და შემდეგ სახელმწიფოსთვის საჩუქრად გადაცემული "Black Sea Arena"-ს კონცერტებისთვის.
„გამოდიოდა, სხვა რამეს ვდეკლარირებდი და სხვა რამეს ვაკეთებდი. ვარჩიე, წამოვსულიყავი“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ანა რიაბოშენკომ, რომელმაც თანამდებობა 2019 წლის ივნისში დატოვა. „შემოქმედებით საქართველოში“ რეორგანიზაციის პერიოდი დაიწყო, რომელიც 2019 წლის ოქტომბერში კულტურის ეროვნული ცენტრის ჩამოყალიბებით უნდა დასრულებულიყო.
“შემოქმედებითი საქართველო” წიგნის ეროვნულ ცენტრსა და ქართულ კინოცენტრთან ერთად გამჭვირვალე, წარმატებულ და ევროპული სტანდარტების შესაბამის ორგანიზაციად იყო შეფასებული ევროკავშირის ექსპერტის, ტერი სანდელის, დასკვნაში, რომელსაც ხშირად ახსენებდნენ წიგნის ეროვნული ცენტრის გაუქმების არგუმენტირებისას სამინისტროს წარმომადგენლები. დოკუმენტი მოიცავდა კულტურის ფონდის შექმნის რეკომენდაციას და გაფრთხილებასაც.
„არსებობს ორი მთავარი საკითხი, რომელთაც საქართველოს კულტურის ეროვნული ფონდის შექმნის თვალსაზრისით გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. პირველი - ესაა მისი კეთილსინდისიერი მმართველობა, მეორე კი - ფონდის „ეროვნულობა“, ანუ მისი პოტენციური ღიაობა ყველასთვის“, - წერია დასკვნაში.
როგორი შეიძლება იყოს კულტურის ეროვნული ფონდი, თუკი ის შეიქმნება
კულტურის ეროვნული ცენტრის შექმნა გარკვეულწილად დამოკიდებულია იმაზე, გაიყოფა თუ არა კულტურისა და განათლების სამინისტრო კვლავ.
1 იანვრამდე, რომელიც ამ ცენტრის შექმნის ვადად არის დასახელებული, ვიცით ის, რომ ცენტრს, რომელიც ჯერაც რეორგანიზაციის პროცესშია, ჯერ კიდევ შარშან მიენიჭა გრანტების გაცემის უფლება, რომელიც ამ დრომდე არ გამოუყენებია.
ცენტრს, თუკი ის შეიქმნება, გარდა „ჩექ ინ ჯორჯიას“ რამდენიმემილიონიანი ბიუჯეტისა, წინასწარ ნათქვამი 50 მილიონის ნაცვლად, ბევრად მოკრძალებული ბიუჯეტი ექნება.
2020 წლის ბიუჯეტში კულტურის ხელშეწყობის პროგრამისთვის გათვალისწინებულია 12.7 მლნ ლარი. შესაბამისად, კულტურის ეროვნული ფონდის შექმნის შემდგომ, დაახლოებით, წლიურად 6.5 მლნ ლარი განაწილდება ამავე ფონდის ბიუჯეტში, რომლითაც საგრანტო პროექტები დაფინანსდება - ამ ინფორმაციის ამოკითხვა პარლამენტში კულტურის სფეროში გრანტების გაცემის წესის ცვლილების საკანონმდებლო ინიციატივის განმარტებით ბარათშია შესაძლებელი.
რამდენიც არ უნდა იყოს თანხა, მთავარი კითხვა, რომელიც კულტურის სფეროს წარმომადგენლებს აქვთ, ამ სახსრების გამჭვირვალედ განკარგვას შეეხება.
„ჩეკ ინ ჯორჯიას“ პროექტების განხორციელება არანაირ კავშირში არ არის ქვეყანაში კულტურისა და შემოქმედებითი პროცესების განვითარებასთან და პირდაპირ არის დაკავშირებული როგორც პირად ინტერესებთან, ასევე წინასაარჩევნო კამპანიის ირიბ დაფინანსებასთან“, - ამბობს წიგნის ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი, დეა მეტრეველი, რომელიც დასძენს, რომ მართალია, ერთი შეხედვით, მარტივდება შემოქმედებითი ინდუსტრიების ხელშეწყობა, სინამდვილეში სახელმწიფო იმარტივებს სასურველი ორგანიზაციებისთვის ადმინისტრაციული რესურსების დახარჯვის გზებს, რაც წინაარჩევნო პერიოდში განსაკუთრებით საყურადღებოა.
კურატორი ნიკოლოზ ნადირაშვილი გვიყვება, რომ „შემოქმედებითი საქართველოს“ ფუნქციონირების პარალელურად სამინისტროში არსებობდა სხვადასხვა პროგრამა, რომელთა საშუალებითაც თანხები კონკურსების გარეშე და, შესაბამისად, გაუმჭვირვალედ და კონკრეტული მექანიზმის არსებობის გარეშე ნაწილდებოდა.
„მხოლოდ სიტყვა „ფონდი“ პრობლემას არ აგვარებს. ის, რომ რაღაცას ფონდი ჰქვია, არ ნიშნავს ავტომატურად, რომ ის გამჭვირვალედ მუშაობს. ჩართული უნდა იყოს დარგის სპეციალისტებით დაკომპლექტებული კომისიები და ისე იღებდეს გადაწყვეტილებას და არა საჯარო მოხელეები, მინისტრები და მათი მოადგილეები. არსებობს იმის რისკიც, რომ ფონდი ფორმალურად შეიქმნება მინიმალური დაფინანსებით და კვლავ იარსებებს პროგრამული დაფინანსების სისტემა, საიდანაც კვლავ გაუმჭვირვალედ დაიხარჯება ფული“, - ამბობს კურატორი ნიკოლოზ ნადირაშვილი.
ნიკოლოზის თქმით, თანხის არასწორად დახარჯვის რისკი ახლავს ფონდისთვის მუშაობის პირველ წელსვე დიდი დაფინანსების გამოყოფასაც. ახლად შექმნილმა ორგანიზაციამ იმისათვის, რომ თანხების არამიზნობრივი და გაუმჭვირვალე ხარჯვა აიცილოს თავიდან, საწყის ეტაპზე მკაფიოდ უნდა გაწეროს მუშაობის პრინციპები და საკონკურსო კრიტერიუმები.
რატომ იქმნება და იხურება კულტურის განვითარების მიზნით შექმნილი ფონდები
ქვეყნის მიერ შემუშავებულ კულტურის სტრატეგიაში ნათქვამია, რომ საქართველოს მთავრობას მიზნად აქვს დასახული:
- კულტურის სფეროს დაფინანსების მდგრადობის უზრუნველყოფა და ამ სფეროში საქმიანობის მიმზიდველობა;
- კულტურის მართვის დემოკრატიზაცია;
- კულტურულ ცხოვრებაში ფართო საზოგადოების ჩართვა.
კულტურის სფეროს წარმომადგენლები უკვე წლებია ლაპარაკობენ იმაზე, რომ სტრატეგიული მიზნები არ სრულდება, მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს სპეციალისტების ჩართვის გარეშე იღებენ, სამინისტროში კი კვლავ რჩება ხალხი, ვინც დაფინანსების გამჭვირვალე მოდელის შემოღებას ეწინააღმდეგება.