2019 წლის 5 ივლისს მიხეილ გიორგაძე გადადგა.
„მეგობრებო, მსურს ჩემთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების შესახებ გაცნობოთ“, - ასე დაიწყო განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილემ მიხეილ გიორგაძემ საკუთარი ფეისბუკპოსტი, რომლითაც მან საზოგადოებას თანამდებობიდან წასვლა ამცნო.
გიორგაძე კერძო სექტორში ბრუნდება. თან ამბობს, რომ „გუნდის ერთგულ წევრად დარჩება“.
ერთ-ერთი პირველი, ვინც მის თანამდებობიდან წასვლას საჯაროდ გამოეხმაურა, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა იყო, რომელმაც ფეისბუკზე დაწერა, რომ გიორგაძე, სინამდვილეში, მოხსნეს:
„მოხსნეს იმის გამო, რომ მთელი მისი სფერო ეს დღეებია რუსთაველზე დგას და აბა "რობიკას" [სტურუა] უფროსი გიორგაძე ისედაც არასდროს ყოფილა“.
მიხეილ გიორგაძე კულტურის სამინისტროს 2014 წლიდან ედგა სათავეში. 2017 წელს, როდესაც უწყებას სპორტის სამინისტროც შეუერთდა, უკვე გამსხვილებული უწყების მინისტრი გახდა.
2018 წელს კი, კიდევ უფრო გამსხვილებულ, ამჯერად განათლების სამინისტროშეერთებულ უწყებას სათავეში მიხეილ ბატიაშვილი ჩაუყენეს, გიორგაძეს კი მისი პირველი მოადგილეობა შესთავაზეს. გიორგაძე დათანხმდა.
ბრძოლა საყდრისისთვის, რომელიც საზოგადოებამ ვერ მოიგო
საყდრისი - მიხეილ გიორგაძის მინისტობის დროს ააფეთქეს.
მიუხედავად სამოქალაქო საზოგადოების ხანგრძლივი პროტესტისა, საყდრისი-ყაჩაღიანის არქეოლოგიური ობიექტი - მეცნიერთა მიერ მსოფლიოს უდიდეს ოქროს საბადოდ მიჩნეული ობიექტი მაინც ააფეთქეს.
აფეთქების გამო მაშინ საქართველოს მთავარ პროკურატურას გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ.
საია აცხადებდა, რომ 2014 წლის 13 დეკემბერს, კომპანია "RMG Gold"-მა საყდრისი-ყაჩაღიანის ნომერი პირველი სალიცენზიო უბანი ისე ააფეთქა, რომ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოსგან შესაბამისი ნებართვა მიღებული არ ჰქონდა. მსგავსი ქმედება კი სისხლის სამართლის კოდექსით ისჯებოდა...
თუმცა საყდრისისთვის ბრძოლაში მაშინ სამოქალაქო საზოგადოება დამარცხდა.
მწერლების პირველი პროტესტი ფრანკფურტამდე 9 თვით ადრე
2017 წლის დეკემბერში, სამინისტროსა და წიგნის ეროვნულ ცენტრს შორის ვითარება დაიძაბა - ცნობილი გახდა, რომ მინისტრ მიხეილ გიორგაძის გადაწყვეტილებით, “ფრანკფურტი 2018”-ის პროექტს ხელმძღვანელი შეეცვალა.
წიგნის ეროვნული ცენტრის ხელმღვანელი დეა მეტრეველი და მისი გუნდი მაშინ კინაღამ სამსახურიდან წავიდა - მწერლებმა, მთარგმნელებმა და გამომცემლებმა კი ქვეყნის პირველ პირებს ღია წერილებით მიმართეს და მაშინაც ახსენეს სიტყვა ბოიკოტი. თუმცა მაშინ მოლაპარაკება შედგა.
ფრანკფურტმა წარმატებით ჩაიარა.
ბოიკოტი და გაუქმებული მწერალთა სახლი და წიგნის ეროვნული ცენტრის
მაგრამ რამდენიმე თვეში ცნობილი გახდა, რომ სამინისტრომ სსიპებ-ის გაერთიანების გადაწყვეტილება მიიღო - კერძოდ, მწერალთა სახლისა და წიგნის ეროვნული ცენტრის.
მაშინ გიორგაძემ, რომელიც ამ სფეროს კურირებდა, განაცხადა, რომ ამ ცვლილების მიზანი სამინისტროს მმართველობის სისტემის ეფექტურობის გაზრდა იყო. მაშინ მან ისიც თქვა, რომ „სსიპებ-ის გაერთიანების თვითმიზანი არავითარ შემთხვევაში არ იქნებოდა სახის კადრობრივი ან სხვა ტიპის ოპტიმიზაცია“.
მაგრამ ეს ასე არ მოხდა.
მაისში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამინისტროს უწყების დაქვემდებარებაში არსებული სსიპ-ები „წიგნის ეროვნული ცენტრი“ და „მწერალთა სახლი“ ერთიანდება და მათ ბაზაზე შეიქმნება „ლიტერატურის ეროვნული ფონდი“.
სამსახურიდან გაათავისუფლეს წიგნის ცენტრის ხელმღვანელი დეა მეტრეველი, ასევე მწერალთა სახლის დირექტორი, ნატაშა ლომოური და მათი თანამშრომლების ნაწილი.
მწერლებმა ახლადშექმნილ ლიტერატურის ფონდს, მის უფროსს ირმა რატიანს და ზოგადად, პროცესს ბოიკოტი გამოუცხადეს. მათი განცხადებით, მათთვის არავის არაფერი უკითხავს დაგეგმილი ცვლილებების თაობაზე, არ გამართულა არც ერთი კონსულტაცია და არ გაუთვალისწინებიათ მათი აზრი.
დღემდე უცნობია როგორ გაგრძელდება ახლადშექმნილი ლიტერატურის ფონდისა და მწერლების ურთიერთობა, ასევე უცნობია დაწყებული პროექტების ბედი.
დავა ფილარმონიის შენობისთვის
მწერლების გარდა მიხეილ გიორგაძეს კულტურის სხვა სფეროს წარმომადგენლებთანაც დაეძაბა ურთიერთობა. მაგალითად, ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნული სიმფონიური ორკერსტრის ხელმძღვანელთან, ნიკოლოზ რაჭველთან.
დავის საგანი გახდა ფილარმონიის შენობა.
2019 წლის მარტში ნიკოლოზ რაჭველი საკონცერტო დარბაზის შენობით დაინტერესდა და ფეისბუკზე დაწერა: „დღეს, როდესაც არსებობს ჩვენი ორკესტრისთვის აშენებული დარბაზი, სადაც შეგიძლია, ყველაფერი გააკეთო ბევრი მიმართულებით, მე მგონი გაცილებით სწორი იქნება სახელმწიფოს მხრიდან, რომ დაგვაბრუნონ ფილარმონიაშიო“.
ორკესტრისთვის ფილარმონიის დაბრუნების თხოვნით ნოკოლოზ რაჭველმა პრემიერსა და 2 მინისტრსაც მიმართა.
მისი სიტყვებით რამდენიმე წლის წინ ხელისუფლებამ “მოხეტიალე” ორკესტრს მუსკომედიის ყოფილი შენობა შეთავაზა, თუმცა ეს იდეა ვერ განხორციელდა. სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნით ეს ნაგებობა რეაბილიტაციას ვერ დაექვემდებარებოდა, რადგან ავარიული აღმოჩნდა.
მინისტრებთან გაგზავნილი წერილი ორკერტრმა საჯაროდაც გამოაქვეყნა,
განათლების მინისტის მაშინდელმა მოადგილემ მიხეილ გიორგაძემ მაშინ თქვა, რომ ორკესტრის ხელმძღვანელს „გიგანტომანია დაემართა“:
„15 მილიონი მხოლოდ სამშენებლო სამუშაოებზე არასაკმარისი ეჩვენება და 40-დან 45 მილიონ ევრომდე მოითხოვა, რაც სრულიად არაადეკვატურია. მრჩება შთაბეჭდილება, რომ ნიკა რაჭველს აწყობს, იყოს დაჩაგრულის მანტიის ქვეშ, რათა ისპეკულიროს ყველა დონეზე, არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, მის გარეთაც“, -თქვა მაშინ გიორგაძემ.
5 ივლისს გიორგაძემ ჟურნალისტებთან საუბარში დააზუსტა, რომ მისი პოსტიდან წასვლა „არც ერთ კონკრეტულ და მითუმეტეს, ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენას არ ებმის“:
„ძალიან ახლო მომავალში გამოჩნდება ის, რომ სწორედ ასეთ არაჯანსაღ აჟიოტაჟს და ბრალდებებს, რაც გაისმა, საფუძველი არ ჰქონდა. მემგონი, გარკვეული მოლოდინი წმინდა ემოციურად და ადამიანურად შემიძლია გამიჩნდეს კონკრეტული ადამიანების მხრიდან, ბოდიშის მოხდისას“,- განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.