დარჩება თუ არა გერმანია აშშ-ის სამხედრო ძალების „ჰაბად“

იენს სტოლტენბერგი ვიდეოკონფერენციის დროს. 17 ივნისი 2020 წ.

ნატოს 17-18 ივნისის თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო ჯერჯერობით კვლავ ვიდეოკონფერენციის სახით მიმდინარეობს, მთავარი საკითხია აშშ-ის სამხედრო პერსონალის მოსალოდნელი შემცირება გერმანიაში, რომელიც, როგორც ნატოში აშშ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა, კეი ბეილი ჰაჩისონმა, აღნიშნა, მრავალი წლის განმავლობაში წარმოადგენს ამერიკული სამხედრო ძალების „ჰაბს“ ევროპის კონტინენტზე.

ევროპაში ამერიკის სამხედრო ძალთა არსებულ ბალანსს თუ გავითვალისწინებთ, გერმანიიდან აშშ-ის ქვედანაყოფის „ნახევარზე მეტის“ გასვლის შემთხვევაშიც კი ფედერაციული რესპუბლიკა პირველ ადგილზე დაჩრება, ევროპაში განლაგებული ამერიკული სამხედრო პერსონალის სიდიდის თვალსაზრისით.

და რაც ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია, გერმანიაში აშშ-ის სამხედრო ძალის შემცირება არ ნიშნავს მის გასვლას ევროპის კონტინენტიდან.

ბრიუსელში უკვე ითქვა, რომ აშშ-ის თავდაცვის სამინისტროში დაწყებულია „სიტუაციის შეფასება“ იმის გასარკვევად, თუ სად უფრო უკეთ მოემსახურება ეს ძალა „ევროპის თავდაცვისა და შეკავების“ ინტერესებს.

აშშ-ის სამხედრო ციტადელი გერმანიაში

გერმანიის ტერიტორიაზე დღესდღეობით იმყოფება 34 674 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე.

ამ უზარმაზარი ძალის ძირითადი ბირთვი გერმანიაში სამ ლოკაციაზეა გაშლილი და, როგორც იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, უზრუნველყოფს არა მხოლოდ ევროპის დაცვას, არამედ აშშ-ის ძალის დაცვასაც ევროპის მიღმა.

„ჩვენ ვხედავთ, რომ ისეთ ბაზას, როგორიცაა რამშატინის ბაზა, სამედიცინო ცენტრი ლანდშტულში, და გერმანიაში მდებარე აშშ-ის სხვა ბაზებს დიდი მნიშვნელობა აქვთ იმ საქმიანობისათვის, რასაც აშშ ათწლეულობით ეწევა ახლო აღმოსავლეთსა და ავღანეთში. მაგალითად, აშშ-ის აფრიკული ძალების სარდლობა აფრიკაში არ მდებარეობს. აშშ-ის აფრიკული ძალების სარდლობა ევროპაში მდებარეობს, შტუტგარტში“, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა 16 ივნისს გამართულ დისტანციურ ვიდეოპრესკონფერენციაზე.

იენს სტოლტენბერგს აფრიკული ძალების სარდლობის ადგილმდებარეობისათვის შემთხვევით არ გაუსვამს ხაზი.

სწორედ აშშ-ის ამ სარდლობის მიერ მნიშვნელოვანი სადაზვერვო ცნობის მოპოვებასა და გავრცელებას მოჰყვა შედეგად ის, რომ რუსეთს ლიბიაში ჩაფიქრებული საავიაციო ოპერაცია ჩაეშალა და სამოქალაქო ომში ჩაფლული ქვეყანა ვითარების შემდგომ დესტაბილიზაციას გადაურჩა.

მაისის ბოლოს აშშ-ის შეიარაღებული ძალების აფრიკულმა სარდლობამ გაავრცელა ფაქტებზე დაფუძნებული განცხადება რუსული ავიაციის სირიიდან ლიბიაში გადასროლის შესახებ. კერძოდ, სარდლობის საიტზე გამოქვეყნებული ფოტო და გრაფიკული მასალა მოწმობდა, რომ ცოტა ხნის წინ სირიიდან ლიბიაში გადაისროლეს სულ ცოტა 14 რუსული საბრძოლო თვითმფრინავი ხალიფა ჰაფთარის არმიისა და მის მხარეზე მებრძოლი რუსეთის კერძო სამხედრო ფირმა „ვაგნერის“ ერთობლივი სახმელეთო ოპერაციის მხარდასაჭერად.

რაც შეეხება რამშტაინში მდებარე აშშ-ის საავიაციო ბაზას, ის ახლო აღმოსავლეთსა და ავღანეთში აშშ-ისა და ნატოს სარდლობით მიმდინარე საერთაშორისო ოპერაციების როგორც საბრძოლო, ისე ლოგისტიკურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს.

ღირს გავიხსენოთ, რომ, სამხედრო ობიექტის სტრატეგიული მნიშვნელობიდან გამომდინარე, საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ მალევე რამშტაინის ბაზას თავად დონალდ ტრამპიც სტუმრობდა, რომელმაც ჯარისკაცებთან სამახსოვრო სელფები გადაიღო.

ასევე ნახეთ დონალდ ტრამპი ერაყიდან ჩავიდა გერმანიაში, ამერიკულ საავიაცო ბაზაზე

რაც შეეხება ლანდშტულში მდებარე აშშ-ის ერთ-ერთ უდიდეს სამკურნალო ცენტრს, მისი ფასი ყველაზე კარგად იციან ავღანეთში სამხედრო მისიით ნამყოფმა ნატოს მრავალეროვნული ძალების, მათ შორის ქართული სამშვიდობო ქვედანაყოფის იმ მებრძოლებმა, რომლებიც ბრძოლის ველზე მიღებულ საბრძოლო ჭრილობებს სწორედ ამ საავადმყოფოს კედლებში იშუშებდნენ და სადაც მათ, როგორც იტყვიან, მეორე სიცოცხლე აჩუქეს.

როდის გავა, სად წავა და რა დარჩება?

გერმანიაში მდებარე აშშ-ის სამხედრო ბაზის სტრატეგიული მნიშვნელობიდან გამომდინარე, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ყველაზე მეტად იმის გაგება აინტერესებთ, თუ, საბოლოო ჯამში, რამდენით შემცირდება ამერიკული კონტინგენტი გერმანიაში, როდის მოხდება ეს და განიხილება თუ არა გერმანიიდან შემცირებული სამხედრო ძალის ნატოს რომელიმე სხვა წევრ ქვეყანაში განთავსება.

ცნობისათვის: ინიციატივა უკვე გამოიჩინა პოლონეთმა, რომელსაც, დიდი ხანია, სურს, რომ მის ტერიტორიაზე ბინა დაიდოს სრულფასოვანმა ამერიკულმა სამხედრო ბაზამ.

ამერიკულ მედიაში თეთრი სახლის განზრახვაზე გამოქვეყნებულ ცნობას, რომ იტყვიან, მელანიც არ ჰქონდა შემშრალი, როდესაც პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავეცკიმ, განაცხადა, რომ მას ჰქონდა ვაშინგტონთან მოლაპარაკებები ამერიკული სამხედრო ყოფნის გაძლიერებაზე.

პოლონეთში ამჟამად პერმანენტულად იმყოფება 175 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე, ამას ემატება 5 500-მდე ამერიკელი ჯარისკაცი, რომელიც რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ როტაციის წესით იმყოფება პოლონეთში, როგორც აღმოსავლეთიდან მომდინარე საფრთხის წინაშე მყოფ ნატოს ერთ-ერთ პირველ საფლანგო ქვეყანაში.

მაგრამ რადიო თავისუფლების ინფოგრაფიკის თანახმად, ამჟამად ევროპის კონტინენტზე მყოფ 63 361 ამერიკელ ჯარისკაცში არ შედის სამხედრო და სამოქალაქო კონტრაქტორები, დროებითი ამოცანების შემადგენლობა ან სამხედრო პერსონალი, რომელიც ისეთ სპეციალურ ოპერაციებში მონაწილეობს, როგორიც KFOR-ია.

მაგრამ ჯერჯერობით არათუ იმის თქმა არ შეიძლება, მიიღებს თუ არა პოლონეთის შემოთავაზებას ვაშინგტონი, არამედ უცნობია, თუ როდის მოხდება გერმანიაში განლაგებული ამერიკული სამხედრო ძალის შემცირება.

ამაზე ჟურნალისტებს ნათელი პასუხი ვერ გასცა ვერც ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, და ვერც ნატოს შტაბბინაში აშშ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა, ელჩმა კეი ბეილი ჰაჩისონმა.

ერთადერთი, რაშიც ნატოს გენერალურ მდივანს ეჭვი არ ეპარება, არის ის, რომ აშშ კვლავ ერთგული დარჩება პარტნიორების მიმართ ნაკისრი ვალდებულებისა, ისევე როგორც ეს ხდება ბოლო წლების განმავლობაში, როდესაც აშშ-ს არათუ არ შეუმცირებია, არამედ ბოლო წლებში კიდევ უფრო გაზარდა თავისი ყოფნა და სამხედრო მანევრების დინამიკა ევროპის კონტინენტზე.

„ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ჩვენ, სინამდვილეში, კვლავ ვხედავთ აშშ-ის სამხედრო ყოფნის გაძლიერებას ევროპაში. და ეს შეეხება არამხოლოდ გერმანიას. ჩვენ მხილველი ვართ ახალი ამერიკული სამხედრო ბრიგადების განლაგებისა ევროპაში, ჩვენ მხილველი ვართ როტაციის პრინციპით უფრო ფართო სამხედრო ყოფნისა და ჩვენ მხილველი ვართ იმისა, რომ აშშ-მა წამყვანი როლი იკისრა პოლონეთში ნატოს საბრძოლო დანაყოფის ფუნქციონირებაში“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

ასევე ნახეთ #NATO2030 - მეტი სამხედრო სიძლიერე და მტკიცე პოლიტიკური ერთობა

აშშ-ის წარმომადგენელი ნატოს შტაბბინაში, ელჩი კეი ბეილი ჰაჩისონი, დარწმუნებულია, რომ აშშ-ის თავდაცვის უწყების მიერ „სიტუაციის შესწავლის“ შემდეგ გერმანიის ბაზაზე შემცირებული ამერიკული სამხედრო ქვედანაყოფი ევროპის იმ წერტილში დაიდებს ბინას, სადაც ის უფრო მეტ სიკეთეს მოუტანს ევროატლანტიკურ უსაფრთხოებას.

„ნამდვილად საჭიროა, რომ ჩვენ შევხედოთ ევროპის საერთო სურათს და ევროპის მიმართ აშშ-ის ვალდებულებებს, რომელიც კი არ შემცირებულა, არამედ გაიზარდა. ის, აშკარად, კიდევ უფრო გაძლიერდა ევროპის თავდაცვის ინიციატივით, რომლის ფარგლებშიც ჩვენ პოლონეთში შევიყვანეთ ათასზე მეტი ჯარისკაცი, ისევე როგორ ბალტიის რეგიონში ნატოს გაფართოებული დაწინაურებული ყოფნით (EFP), რომელშიც ჩვენც ვმონაწილეობთ. ჩვენ სამხედრო ძალა გვყავს მთელ ევროპაში და ვაპირებთ განვაგრძოთ სამხედრო ყოფნა ევროპაში. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამერიკის ვალდებულება ევროპის მიმართ არავითარ შემთხვევაში არ შესუსტდება. მე ვფქირობ, რომ ის ძლიერია, როგორც არასდროს“, - განაცხადა ელჩმა კეი ბეილი ჰაჩისონმა 16 ივნისს, თავდაცვის მინისტერიალის დაწყებამდე გამართულ პრესკონფერენციაზე.