რუსეთისა და ჩეჩნეთის ხელისუფლება ცდილობს, მიჩქმალოს უკრაინის დონეცკის რაიონის საკურორტო სოფელ ურზუფში „კადიროველებსა“ (ასე უწოდებენ რამზან კადიროვის ერთგულ სპეცდანიშნულების ძალებს - რ.თ.) და რუსეთის საოკუპაციო ძალების სამხედრო კომენდატურის თანამშრომლებს შორის ატეხილი სროლა, რასაც, სავარაუდოდ, ოთხი სამხედრო და 7 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის 2 ბავშვი შეეწირა.
11 აგვისტოს გურზუფში სროლის შესახებ ცნობა და ვიდეოკადრები მარიუპოლის მერის მრჩეველმა პიოტრ ანდრიუშჩენკომ გაავრცელა.
კადრებში ჩანს მანქანაში ჩაცხრილული ადამიანები, რომელთაგან რამდენიმეს ვინაობა უკრაინულმა და რუსულმა ტელეგრამის არხებმა დაადგინეს.
„ერთმანეთს სამხრეებს აგლეჯდნენ და უშვერი სიტყვებით აგინებდნენ“
ინციდენტი 12 აგვისტოს, დილით, გურზუფში, ღამის კლუბ „მაიამის“ მახლობლად მოხდა. ამ არეალში დასასვენებლად იმყოფებოდნენ ჩეჩნეთის ქალაქ შალიში დისლოცირებული 71718-ე სამხედრო დანაყოფის ჯარისკაცები.
"ისინი ოთხი თვის განმავლობაში ისხდნენ ტყეში და მხოლოდ შემდეგ მიიღეს დასვენების შესაძლებლობა“, - წერს ტელეგრამის არხი “ვეჩეკა-ოგეპეუ“, რომლის ცნობით, მათი უმეტესობა ყოფილი პატიმრები იყვნენ.
ზოგიერთმა საინფორმაციო საშუალებამ და პორტალმა დაადგინა თავდამსხმელებისა და დაღუპულების ვინაობა და თვითმხილველების საშუალებით აღადგინეს შეტაკების სურათი.
ღამის კლუბში ორი კამპანია ილხენდა. პირველში სამხრეთ რუსეთის რეგიონის წარმომადგენლები შედიოდნენ, მეორეში კი იმ ასეულის 3 სამხედრო მოსამსახურე, რომლებიც სპეცრაზმ „ახმატზე“ (რამზან კადიროვის მიერ შექმნილი დაჯგუფება) არიან მიმაგრებული.
თვითმხილველთა თქმით, სამმა „კადიროველმა“ ერთი ბოთლი ვისკი დალია. მეორე ჯგუფიც სვამდა. გამთენიისას, როდესაც კლუბი უნდა დახურულიყო, დაიწყო კონფლიქტი კალინინგრადელ, წარსულში ქურდობისთვის ნასამართლევ სერგეი ალიხანოვსა და 30 წლის დაღესტნელ, სამხედრო პოლიციელ სადრუტდინ აკაევს შორის.
"ერთმანეთს სამხრეებს აგლეჯდნენ და უშვერი სიტყვებით აგინებდნენ“, - ნათქვამია უკრაინული პორტალის, "TCH-ის ცნობაში, რომელშიც არ არის დაკონკრეტებული, თუ რის გამო დაუპირისპირდნენ ერთმანეთს რუსი სამხედროები და „კადიროველები“.
ჩხუბმა ღამის კლუბიდან ქუჩაში გადაინაცვლა, სადაც აკაევმა „კ-74“ ტიპის „კალაშნიკოვის" ავტომატიდან გახსნა ცეცხლი. სერგეი ალიხანოვი ადგილზე დაიღუპა, მას გამოესარჩლა თავისივე ასეულის თანამებრძოლი, 26 წლის ვლადიმირ ევსეენკო, რომელიც შეეცადა ავტომატის წართმევას აკაევისთვის, რომელმაც იგი თეძოში, მუხლსა და ხელში დაჭრა.
ამის შემდეგ სადრუტდინ აკაევმა, თვითმხილველთა თქმით, უკონტროლოდ განაგრძო სროლა. ავტომატის ხმაზე მოვარდა საკომენდანტო ასეულის ჯგუფი, რომელმაც, წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ, აკაევი ადგილზე მოკლა.
მალევე აღნიშნული ინფორმაცია ოკუპირებული სოფლის პრორუსული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ივან ტოპუზოვმა დაადასტურა, მაგრამ ვერ თქვა, კონკრეტულად ვინ მონაწილეობდა ამ გარჩევაში.
"კომენდატურის ხალხი იქ ნამდვილად იყო, მაგრამ ვერ ვიტყვი ზუსტად, თუ ვისთან იყვნენ ისინი. მაგრამ კომენდატურის წარმომადგენლები ამშვიდებდნენ ამ ამხანაგებს, მაგრამ ზუსტად არ ვიცი, ვინ იყვნენ ისინი. ზოგიერთი მათგანი სამოქალაქო ტანსაცმელში იყო, მაგრამ ისინიც, სავარაუდოდ, სამხედროები უნდა ყოფილიყვნენ", - უთხრა ტოპუზოვმა ტელეგრამის არხ „ასტრას“.
„კადიროველები“ თავს ბევრის უფლებას აძლევენ
სისხლიანი ინციდენტის შემდეგ გურზუფიდან შესასვლელი და გასასვლელი ჩაიკეტა, საოკუპაციო ხელისუფლებამ სოფელში კარანტინი დააწესა. 12 აგვისტოს მომხარი სროლის სავარაუდო შედეგების ამსახველი ვიდეო ოკუპირებული მარიუპოლის საკრებულოს „ტელეგრამის“ არხზე გამოქვეყნდა.
აზოვის ზღვის სანაპიროზე მომხდარ შეტაკებაში ჩეჩენი სამხედროების მონაწილეობას „ფეიკი“ და „იაფფასიანი პროპაგანდა“ უწოდა ჩეჩნეთის პრომოსკოვურმა ხელისუფლებამ. „მომხდართან არაფერი საერთო არ აქვს ჩეჩენი ხალხის არცერთ წარმომადგენელს“, - განაცხადა რესპუბლიკის ინფორმაციისა და ბეჭდვის მინისტრმა ახმედ დუდაევმა. მაგრამ ჩეჩენ მაღალჩინოსანს არ უარუყვია თავად სროლის ფაქტი.
ურზუფის ტრაგედიიდან სულ რამდენიმე დღეში „კადიროველებსა“ და რუსეთის არმიის წარმომადგენლებს შორის, სავარაუდოდ, ასევე ყოფით ნიადაგზე კიდევ ერთი სისხლიანი დაპირისპირება მოხდა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, 15 აგვისტოს ჩეჩნეთისა და დაღესტნის წარმომადგენლებს შორის დაპირისპირების შედეგად, სავარაუდოდ, ორივე მხრიდან 20-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, კიდევ 40 - დაიჭრა.
"კადიროვის მომხრე მაღალი რანგის მეთაურის მონაწილეობით რუსეთის პროპაგანდისტული ვიდეოს გადაღების დროს მოხდა სიტყვიერი შელაპარაკება „კადიროველებსა“ და დაღესტნელებს შორის, რომლის დროსაც კონფლიქტის ორივე მხარემ ცეცხლსასროლი იარაღიდან გახსნა ცეცხლი", - წერს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი, რომელსაც ამ სროლის მტკიცებულებები არ წარმოუდგენია.
რუსეთში უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციაზე ტრადიციულად კომენტარს არ აკეთებენ.
დაუსჯელობა ლოიალობის წილ
ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია იმაზე, რომ კადიროველი დაეპატიმრებინოთ ან დაეკავებინოთ მის მიერ ატეხილი სროლისთვისმაირბეკ ვაჩაგაევი
„გულწრფელად რომ ვთქვათ, აქ არაფერია გასაკვირი. "კადიროველებსა" და რუსეთის არმიის სხვა ქვედანაყოფებს შორის ატეხილი სროლების შესახებ მსგავსი ცნობები უკრაინაში მიმდინარე მთელი ამ ომის განმავლობაში ვრცელდება.
ეს, პირველ ყოვლისა, უკავშირდება იმას, რომ „კადიროველები“ უფრო მეტად არიან დაცულნი, უფრო კარგად არიან აღჭურვილნი და გარკვეულწილად, არიან პრივილეგირებულებიც.
ამიტომ ისინი, ასე ვთქვათ, ბევრად უფრო თავისუფლად მოქმედებენ. უფრო ზუსტად, თუ მათ რაიმე დაემართებათ ან თუ რომელიმე მებრძოლი ტყვედ ჩავარდება, როგორც უკრაინული მხარე ამბობს, "კადიროველები" მაქსიმალურად სწრაფ ნაბიჯებს დგამენ იმისთვის, რომ იგი ტყვეობიდან დაიხსნან“, - ამბობს მაირბეკ ვაჩაგაევი, ჩრდილოეთ კავკასიის საკითხების ექსპერტი და ავტორი პოდკასტისა „კავკასიის ქრონიკები ვაჩაგაევთან ერთად“.
2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ ჩეჩნეთის მეთაური რამზან კადიროვი ერთ-ერთი პირველი რეგიონული ლიდერი გახდა, რომელმაც უპირობოდ დაუჭირა მხარი კრემლის მიერ „სპეციალურ სამხედრო ოპერაციად“ მონათლულ ფართომასშტაბიან ომს. წლინახევრის განმავლობაში ჩეჩნეთის ტერიტორიაზე ჩამოყალიბდა რამზან კადიროვის მამის, ახმატ კადიროვის სახელობის რამდენიმე სპეცდანიშნულების ქვედანაყოფი.
ასევე ნახეთ
კადიროვმა ჩეჩნეთი უკრაინაში გასაგზავნ „მოხალისეთა“ ბაზად აქციასაუბარია რუსეთის სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსულ თუ საკუთრივ ჩეჩნეთში მობილიზებულ მოხალისეებზე, რომლებიც სპეციალურ მომზადებას ქალაქ გუდერმესში მდებარე სპეცდანიშნულების უნივერსიტეტის ბაზაზე გადიან და შემდეგ უკვე უკრაინაში იგზავნებიან საბრძოლო დავალების შესასრულებლად.
მიუხედავად ამ ქვედანაყოფების მრავალეროვნული შემადგენლობისა, რამზან კადიროვისადმი ლოიალობის გამო, მათ ხალხი „კადიროველებს“ უწოდებს, რომლებსაც ჩეჩნეთის ლიდერიც საკადრისად უფასებს ერთგულებას.
„და იმიტომ, რომ კადიროველები" ზურგს უკან ასეთ დაცვას გრძნობენ, ისინი თავისუფლად და მშვიდად მოქმედებენ და შეუძლიათ თავს ბევრის უფლება მისცენ. ამიტომ ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია იმაზე, რომ კადიროველი დაეპატიმრებინოთ ან დაეკავებინოთ მის მიერ ატეხილი სროლისთვის. ასეთი რამ აქამდე არ ყოფილა, რადგან კადიროვს მკაცრი კონტროლი აქვს დაწესებული თავის ხალხზე და არავის აძლევს „გვერდიდან“ მათ საქმეში ჩარევის უფლებას“, - ამბობს მაირბეკ ვაჩაგაევი.
ამ „ჩაურევლობის“ გარანტია კი კრემლისა და პირადად პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისადმი რამზან კადიროვის პირადი ლოიალობაა.
- თავად რამზან კადიროვი, რომელმაც საკუთარ თავს პუტინის „ქვეითი ჯარისკაცი“ უწოდა, ფრონტის ხაზიდან ხშირად ავრცელებდა ტელეგრამის არხებით ცნობებს ჩეჩენი მებრძოლების წარმატებული ოპერაციების შესახებ, რასაც არა მხოლოდ უკრაინის ხელისუფლება, არამედ პრორუსულად განწყობილი სეპარატისტებიც უარყოფდნენ.
- რამზან კადიროვი ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც საჯაროდ გააკრიტიკა კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ლიდერ ევგენი პრიგოჟინის არშემდგარი ამბოხება და ამის მიზეზად პრიგოჟინის პირადი ამბიციები დაასახელა.
ასევე ნახეთ
კადიროვმა პრიგოჟინის ამბოხის მიზეზად პირადი ამბიციები და ბიზნესთან დაკავშირებული კონფლიქტი დაასახელა- მოგვიანებით სწორედ კადიროვი იყო პირველი, ვინც მიიღო კრემლის შეთავაზება - პრიგოჟინის ამბოხიდან რამდენიმე დღეში ცნობილი გახდა, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ პირველი კონტრაქტი გააფორმა ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურ რამზან კადიროვის მიერ უკრაინასთან საომრად შექმნილ მოხალისეთა რაზმ „ახმატთან“.