ინტერნეტის საშუალებით ნარკოტიკების გასაღების საქმეზე დაკავებულ ნინო გეგელაშვილსა და გიორგი გოგებაშვილს ბრალი წაუყენეს: მათ გამოძიება ჯგუფურად ნარკოტიკული საშუალებებისა და ახალი ფსიქოტროპული პრეპარატების უკანონო შეძენა-შენახვას ედავება. დაკავებულებისთვის წარდგენილი ბრალდება სასჯელის ზომად 7-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
Your browser doesn’t support HTML5
გამოძიების თანახმად, ნარკოტიკების შეძენის მსურველები ბრალდებულებს ერთ-ერთი ონლაინაპლიკაციის გამოყენებით უკავშირდებოდნენ. სასურველი ტიპისა და ოდენობის ნარკოტიკის შეკვეთის შემდეგ, მყიდველი ბრალდებულებისგან იღებდა შეტყობინებას, სადაც მითითებული იყო ანგარიშის ნომერი და თანხის ოდენობა, ანგარიშზე თანხის ასახვის შემდეგ კი ნარკოტიკის შეძენის მსურველებს, შეძენილი ნარკოტიკისა და ადგილმდებარეობის და მისამართის მითითებით, ფოტოშეტყობინება ეგზავნებოდათ. ნარკორეალიზაციის ასეთ სქემაზე ლაპარაკობს შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი, თუმცა, ადვოკატ მარიკა ფხალაძის განმარტებით, 24 წლის გიორგი გოგებაშვილი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს, 27 წლის ნინო გეგელაშვილი კი დანაშაულს მხოლოდ ნაწილობრივ აღიარებს:
საქართველოში დაახლოებით ორი წლის წინ დაიწყო ასეთი ფორმით ნარკოტიკების გავრცელება. იყენებენ იმეილს ან სკაიპს, ან ვაიბერს და მათ შორის ანგარიშსწორება მიმდინარეობს ბიტკოინის მეშვეობით. ანუ ეს არის ახალი ტექნოლოგია ნარკოტიკების გავრცელების.გიორგი ღლონტი
“ნინო გეგელაშვილი აცხადებს, რომ არა ჯგუფურად, არამედ მარტო მოქმედებდა. ის ამბობს,რომ მხოლოდ ეგრეთ წოდებული ბიოს რეალიზაციას ახდენდა“.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანახმად, ნარკოტიკის ინტერნეტის საშუალებით გასაღების აღნიშნული სქემის გამოსააშკარავებლად კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებები 2 თვის განმავლობაში ხორციელდებოდა. ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის სპეციალისტის, გიორგი ღლონტის, შეფასებით, ეს საქართველოში ინტერნეტის საშუალებით ნარკოტიკების რეალიზების საქმის გახსნის პირველი შემთხვევაა:
“საქართველოში დაახლოებით ორი წლის წინ დაიწყო ასეთი ფორმით ნარკოტიკების გავრცელება. იყენებენ იმეილს ან სკაიპს, ან ვაიბერს და მათ შორის ანგარიშსწორება მიმდინარეობს ბიტკოინის მეშვეობით. ანუ ეს არის ახალი ტექნოლოგია ნარკოტიკების გავრცელების“.
საქმემ კი საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო იმ ნიშნითაც, რომ ერთ-ერთი დაკავებულის ძმა პოლიციის თანამშრომელია. ნინო გეგელაშვილი და გიორგი გოგებაშვილი სამართალდამცავებმა 7 მაისს დააკავეს. ამავე დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციისა და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა სასაზღვრო პუნქტ „კარწახში“ აზერბაიჯანის ორი მოქალაქე დააკავეს. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს. ნარკოდანაშაულის გამოვლენის მიმდინარე დღეების სტატისტიკის ნაწილია ასევე 7 ნარკორეალიზატორის დაკავება მარნეულსა და ფონიჭალაში და ასევე ნარკოდანაშაულისთვის თურქეთის, საფრანგეთისა და საქართველოს მოქალაქეების დაკავება თბილისში. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ბოლო 4 თვის მონაცემებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით უკანონო ბრუნვიდან 18 კილოგრამამდე სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება, ახალი ფსიქოაქტიური და ფსიქოტროპული ნივთიერება ამოიღო.
შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურდება იმ შემთხვევაში, როდესაც საზოგადოებაში კრიტიკული განწყობები მატულობს იმის გამო, რომ ადამიანები გარდაიცვალნენ...დავით სუბელიანი
შინაგან საქმეთა სამინისტრო ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვისა და გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლასა და ნარკოტიკებით გამოწვეული ზიანის მაქსიმალურად შემცირებას თავის ერთ-ერთ პრიორიტეტად ასახელებს, თუმცა, როგორც „თეთრი ხმაურის“ მოძრაობის წარმომადგენელი დავით სუბელიანი ამბობს, ამ ბრძოლას ეპიზოდური და არათანმიმდევრული ხასიათი აქვს:
“შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურდება იმ შემთხვევაში, როდესაც საზოგადოებაში კრიტიკული განწყობები მატულობს იმის გამო, რომ ადამიანები გარდაიცვალნენ. ასეთი აჟიოტაჟის შემდეგ ჩვენ ვხედავთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო იწყებს, მართლაც, საჩვენებელ დაჭერებს, მაგრამ ეს არაფერს არ ნიშნავს“.
დავით სუბელიანი ფიქრობს,რომ ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მეთოდი ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზებაა. მისივე აზრით, ნარკორეალიზატორების დაკავების ბოლო ფაქტები შინაგან საქმეთა სამინისტროს საპასუხო რეაქციაა ქვეყანაში გაურკვეველი წარმოშობის ნარკოტიკული ნივთიერებებით მოქალაქეთა გარდაცვალების ფაქტებზე. რეაქციები კი, რომლებიც საქართველოს მთავრობიდან და პარლამენტიდან მოჰყვა 4 ახალგაზრდის გარდაცვალებას, ერთი მხრივ, ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარებისგან თავის შეკავების რჩევაა, მეორე მხრივ კი, პირობა, რომ ნარკოპოლიტიკის კანონი ივნისის ბოლომდე იქნება მიღებული. განცხადებები ამ საკითხებზე, შესაბამისად, ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ და პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გააკეთეს. კერძოდ, დავით სერგეენკო ფიქრობს, რომ კლუბურ, რეკრეაციულ და დანარჩენ ნარკოტიკს შორის განსხვავება არ არსებობს და ყოველ მათგანს შეუძლია ფატალური საფრთხის მოტანა. თავის მხრივ კი, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ მმართველი გუნდი აპრიორი არც ნარკოპოლიტიკის გამკაცრებისკენ იხრება და არც ლიბერალიზაციისკენ:
„თუ მკაცრი პოლიტიკით არის შესაძლებელი ნარკომოხმარების შემცირება, აქეთ წავალთ, თუ უფრო ლიბერალური პოლიტიკა შეუწყობს ამას ხელს, წავალთ მეორე მხარეს“.
მაინც რომელ მხარეს წავა „ქართული ოცნება“, დაახლოებით ერთ თვეში გახდება ნათელი. ამ რამდენიმე დღის წინ, საკითხის თაობაზე დაპირისპირების გამო, ნარკოპოლიტიკის კანონპროექტის განხილვის ვადა პარლამენტმა ოთხი კვირით გააგრძელა.