დაკარგული მოზარდის ოჯახის გაურკვევლობისა და მოლოდინის დღეები

საგამოძიებო მოქმედებების არეალი გორის პარკში

ხათუნა რაზმაძე ყოველ წუთს ახალ ინფორმაციას ელოდება, თუმცა ცნობა 14 წლის წინ დაკარგული მისი შვილის ადგილსამყოფლის შესახებ ჯერჯერობით არ ჩანს. 2004 წელს ზაქრო ბერძნიშვილი 11 წლის იყო. 1 ნოემბერს ის სათამაშოდ ეზოში ჩავიდა. ამ დროს ბერძნიშვილების ავტოფარეხის მშენებლობაზე იაგო ნებიერიძე მუშაობდა, რომელიც ამჟამად რვა წლის გოგონას მკვლელობის ბრალდებით არის დაკავებული. 14 წლის წინ ნებიერიძე ბერძნიშვილების ოჯახსა და 11 წლის ზაქროსთან ახლო კონტაქტში იმყოფებოდა და ოჯახიც მას ენდობოდა. ზაქრომ სახლში ასვლა რომ დააგვიანა, ოჯახმა მისი ძებნა დაიწყო. მალე საქმეში სამართალდამცავებიც ჩაერთვნენ.

Your browser doesn’t support HTML5

დაკარგული მოზარდის ოჯახის გაურკვევლობისა და მოლოდინის დღეები

ბავშვის დაკარგვიდან მესამე დღეს კინოლოგებიც მიიყვანეს. გაწვრთნილმა ძაღლმა კვალი იმ პარკში დაკარგა, სადაც ახლა სამართალდამცავები საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ. ხათუნა რაზმაძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებს, რომ ახლა ეჭვი აღარ ეპარება, რომ მისი შვილი იაგო ნებიერიძემ წაიყვანა, თუმცა უამრავ კითხვაზე პასუხი ჯერ არ აქვს. ბავშვის დაკარგვიდან დაახლოებით სამი კვირის შემდეგ იაგო ნებიერიძემ ოჯახს წერილი შეუგდო და 20 ათას დოლარად ბავშვის ადგილსამყოფლის დასახელების პირობა მისცა. ამის შემდეგ ნებიერიძე დააკავეს. ბავშვის გატაცება ვერ დაუმტკიცეს და მხოლოდ ფულის გამოძალვის ბრალდებით გაასამართლეს.

Your browser doesn’t support HTML5

ხათუნა რაზმაძის კომენტარი

„ნებიერიძემ აღიარა კიდეც, რომ მისი ხელით იყო დაწერილი წერილი. 20 ათას დოლარს ითხოვდა. ალბათ, ყველაფერი მალე გაირკვევა და დავინახავთ ყველა, რა იქნება. ალბათ, სულ ცოტა დრო გვინდა. ყოველ წუთს იქნება რაღაცა შეიცვალოს და ვიპოვო ჩემი შვილი და დამთავრდება ერთხელ და სამუდამოდ 14 წლის ჩვენი ტანჯვა“, - ამბობს ხათუნა რაზმაძე.

გორში ჩატარდა სპეციალური საგამოძიებო ექსპერიმენტი, რომელშიც იაგო ნებიერიძეც იღებდა მონაწილეობას. ექსპერიმენტი ეხება მოვლენას, შემთხვევას, რომელიც მოხდა 2004 წელს.
გიორგი გახარია

4 დღეა, არც დაკარგული ბავშვის ოჯახს და არც ჟურნალისტებსა და საზოგადოებას არა აქვს ზუსტი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს გორის კულტურისა და დასვენების პარკში. გუშინ მცირე კომენტარით შემოიფარგლა შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, რომელმაც დაადასტურა ინფორმაცია, რომ პარკში დაწყებულ საგამოძიებო ექსპერიმენტში მართლაც მონაწილეობდა იაგო ნებიერიძე და ეს 14 წლის წინ გაუჩინარებული მოზარდის საქმეს უკავშირდება:

„გორში ჩატარდა სპეციალური საგამოძიებო ექსპერიმენტი, რომელშიც იაგო ნებიერიძეც იღებდა მონაწილეობას. ექსპერიმენტი ეხება მოვლენას, შემთხვევას, რომელიც მოხდა 2004 წელს. ეს არის ის, რისი თქმაც მე დღეს შემიძლია და სხვა არანაირი სტატუსი ან ვინმე სხვა პირს, ან იაგო ნებიერიძეს ამ მომენტისთვის ამ თემასთან დაკავშირებით არა აქვს“.

გვეუბნებიან, რომ აქ არისო, მისი (ნებიერიძის) თქმით, და პრაქტიკულად ჯერ რა არის, არ ვიცი. უნდა გათხარონ და მოძებნონ.
ზაქრო ბერძნიშვილი

გახარიას განცხადებამ ოჯახს იმედი მისცა, რომ ამ საქმეს მალე ნათელი მოეფინება. გორის კულტურისა და დასვენების პარკში სამართალდამცავები 16 ნოემბრის საღამოს გამოჩნდნენ. სპეცრაზმელების თანხლებით იქ იაგო ნებიერიძე მიიყვანეს, რომელმაც კონკრეტულ ტერიტორიაზე მიუთითა. პარკის ადმინისტრაციიდან რადიო თავისუფლების წყარო გვიყვებოდა, რომ მდინარე ლიახვის სიახლოვეს, პარკის განაპირას, ერთ-ერთ მიწის ნაკვეთზე ნებიერიძეს დიდი ხნის განმავლობაში ატარებდნენ, შემდეგ იქიდან სწრაფად გაიყვანეს და პოლიციელებმა ამ ადგილის ყვითელი ლენტებით შემოსაზღვრა დაიწყეს. როგორც კი ტერიტორია მონიშნეს, პარკში ზაქრო ბერძნიშვილის ოჯახის წევრები და ნათესავები მივიდნენ. მეოთხე დღეა, ისინი მოლოდინისა და გაურკვევლობის რეჟიმში ცხოვრობენ. მხოლოდ ის იციან, რომ მიწის ნაკვეთის სპეციალური სკანერით დათვალიერების შემდეგ პასუხი 2-3 დღეში უნდა მიიღონ. ორი დღე უკვე გასულია. დაკარგული ბავშვის პაპა, ზაქრო ბერძნიშვილი, ამბობს, რომ ტერიტორიის დეტალური შესწავლის შემდეგ გათხრას დაიწყებენ:

„გვეუბნებიან, რომ აქ არისო, მისი (ნებიერიძის) თქმით, და პრაქტიკულად ჯერ რა არის, არ ვიცი. უნდა გათხარონ და მოძებნონ. ჩემი შვილი აქ ცხოვრობს (გორში), მე თორტიზაში ვცხოვრობ. ტელევიზორიდან გავიგე და მის შემდეგ მეტი არაფერი არ ვიცი. მისი (ნებიერიძის) მონიშნულია ეგ ადგილი და ახლა ამბობენ ესენი (პოლიციელები), რომ გათხრის შედეგად გავიგებთო“.

ასევე ნახეთ გორის პარკი - საგამოძიებო მოქმედებების ეპიცენტრი

იაგო ნებიერიძემ სასჯელი ბერძნიშვილების ოჯახისთვის ფულის გამოძალვის ბრალდებით მოიხადა. ციხიდან გამოსვლის შემდეგ კიდევ ერთი ყაჩაღობა ჩაიდინა. მოგვიანებით ამნისტიითა და პრეზიდენტის შეწყალებით მას სასჯელის ვადა შეუმცირდა და ციხიდან ამა წლის თებერვალში გამოვიდა. სამართალდამცავებმა იგი 26 ოქტომბერს 8 წლის გოგონას მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. გამოძიება განზრახ მკვლელობისა და გარყვნილი ქმედების მუხლებით მიმდინარეობს. უკვე დადასტურებულია, რომ ზაქრო ბერძნიშვილის საქმეზე ნებიერიძემ საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილეობა მიიღო. ბერძნიშვილების ოჯახი სამართალდამცავებისგან კითხვებზე პასუხის გაცემას ითხოვს.