გორის კულტურის და დასვენების ცენტრალურ პარკში სამართალდამცავები იმყოფებიან და საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ.
რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ცნობით, შემოსაზღვრულია პარკის შესასვლელის ტერიტორია. ცოტა ხნის წინ სამართალდამცველებმა პარკში, შემოსაზღვრულ ტერიტორიაზე მიიტანეს სპეციალური აპარატურა, რომლის მეშვეობითაც გამოიკვლევენ ტერიტორიას.
ჯერჯერობით ოფიციალური განცხადება არ კეთდება, თუმცა ვრცელდება ინფორმაცია, რომ ეს მოქმედებები უკავშირდება 8 წლის გოგონას მკვლელობისთვის დაკავებული იაგო ნებიერიძის მონაწილეობით მიმდინარე ოპერაციას.
იაგო ნებიერიძე 2004 წელსაც იყო დაკავებული ფულის გამოძალვის ბრალდებით. მაშინ გორში 11 წლის ბიჭი დაიკარგა და მისი ადგილსამყოფელი დღემდე უცნობია. დაუდასტურებელი ინფორმაციით, პარკის ტერიტორიაზე მიმდინარეობს საგამოძიებო სამუშაოები ბიჭის ნეშტის ადგილმდებარეობის დასადგენად.