„პატიმარი კი არა, ტყვე ვარ“ - ძალადობის ორგანიზების საქმეზე დაკავებული ვეფხია კასრაძის ამბავი

ვეფხია კასრაძე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით 4 დეკემბერს დააკავეს

რადიო თავისუფლებამ პროევროპულ აქციებზე სისხლის სამართლის წესით დაკავებულების საქმეებისა და ისტორიების შეგროვება დაიწყო.

ვეფხია კასრაძე მეხუთე დღეა გლდანის საპატიმროში შიმშილობს. 53 წლის კაცი თავს უკანონო პატიმრად მიიჩნევს და გათავისუფლებას მოითხოვს.

„ბრალი არ მესმის, ვერ ვიგებ და არ ვეთანხმები. პროკურორებო, როცა ციხისთვის მიმეტებთ, ჩემს სამ მცირეწლოვან შვილს მორალურ ზიანს აყენებთ აბსოლუტურად დაუსაბუთებელი ბრალით“, - თქვა მან სასამართლო პროცესზე.

ვეფხია კასრაძე ცხინვალის თეატრის მსახიობია. სოფელ ერგნეთში გაიზარდა. იბრძოდა აფხაზეთისა და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში, აქვს ვეტერანის სტატუსი. ომის შემდეგ სახლი საოკუპაციო ხაზთან არ მიუტოვებია, ცოლთან ერთად იქ ხეხილი ჩაყარა, შინაური ცხოველები იყიდა და ფერმერობა დაიწყო.

პარალელურად პოლიტიკოსი გახდა, „ლელოში“ გაწევრიანდა და 2024 წლის არჩევნებზე პარტიის შიდა ქართლის კოორდინატორი იყო.

7 დეკემბერს მასთან ერთად ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ძალადობაში მონაწილეობის მუხლებით კიდევ 7 ბრალდებული იჯდა განსასჯელის სკამზე. 19, 20 და 21 წლის ახალგაზრდები. მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ ყველა მათგანს პატიმრობა შეუფარდა.

ასევე ნახეთ ჯგუფური ძალადობისთვის დაკავებულები - ვინ რა თქვა სასამართლო პროცესზე

ვეფხია კასრაძე 4 დეკემბერს დააკავეს, პარალელურად გამომძიებლებმა მისი სახლი გაჩხრიკეს, დალუქეს და წაიღეს ყველა ელექტრონული მოწყობილობა:

„იარაღის ძებნა დაიწყეს, მე ბავშვების სათამაშო თოფები ამოვაწყე და ისინი მივაწოდე. გაუგებარია, რას ეძებდნენ, ჩემი მცირეწლოვანი შვილებიც იქ იყვნენ, მითხრეს გაარიდეო, სად უნდა გამერიდებინა? უკვე სახლში იყვნენ. პოლიციელებს ვუთხარი, აღარ ღირს ჩემს ქვეყანაში ცხოვრება, მაგრამ სად გინდა წახვიდე, ყველანი ხომ არ წავალთ ამ ქვეყნიდან-მეთქი და თქვენ მშვიდად უნდა იყოთ და არ გექნებათ პრობლემებიო, ასე ბრძანა ერთ-ერთმა უფროსმა, ვინც იყო“, - იხსენებს ელენე კროტენკო, ვეფხიას მეუღლე.

ის უკრაინელია, ოჯახის წევრების ნაწილი ისევ კიევში ჰყავს. ელენეც პროევროპული განწყობისაა და „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება, შეაჩეროს საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესი, მისთვისაც მძიმე დარტყმა აღმოჩნდა.

ელენემ მეუღლე შვილებთან ერთად საპატიმროში შიმშილობის დაწყების წინა დღეს მოინახულა.

ელენა კროტენკო, ვეფხია კასრაძის ცოლი

„ბავშვებთან პოლიციის თანხლებით მოიყვანეს, გამყოფი შუშიდან ალაპარაკეს შვილებთან, რამაც ემოციურად გატეხა ჩემი ქმარი. დამშვიდობებისას მითხრა: „ამას ვერ ავიტან და ხვალიდან პროტესტის ნიშნად არაფერს შევჭამო“.

ვეფხია კასრაძე სამარტოო საკანში გადაიყვანეს, ასე ხდება, როცა პატიმარი შიმშილობას იწყებს, მის ჯანმრთელობაზე პასუხისმგებელი პენიტენციური სამსახურის სამედიცინო პერსონალია. ოჯახის წევრებმა უკვე გააფრთხილეს ექიმები, რომ კასრაძეს ჯანმრთელობის მძიმე პრობლემა აქვს და მისი სიცოცხლისთვის შიმშილობა სარისკოა.

28 ნოემბრიდან დღემდე სისხლის სამართლის საქმეებზე, მათ შორის ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მონაწილეობის, ასევე, პოლიციელზე თავდასხმის მუხლებით 40-მდე დემონსტრანტი დააკავეს. მათ შორის არიან სტუდენტები, მსახიობები, პოლიტიკური პარტიების წევრები, აქტივისტები. ყველა მათგანს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. მოგვიანებით ცეცხლწაკიდებული ნივთის პარლამენტში სროლისთვის დაკავებულ ერთ არასრულწლოვანს პატიმრობა მამის მეთვალყურეობით შეუცვალეს. ამ ყველა საქმეს სასამართლო არსებითად მომავალი წლის იანვრამდე აღარ განიხილავს.

„ვყოფილვარ ბრძოლაში, ბევრი რამ მინახავს, მაგრამ ახლა მაქვს შეგრძნება, რომ კი არ დამაპატიმრეს სამართლებრივი წესებით, არამედ დამატყვევეს“, - ეს სიტყვები უთხრა ვეფხია კასრაძემ ადვოკატ კახა კოჟორიძეს. იურისტის მტკიცებით, კასრაძის პატიმრობა „დაუსაბუთებელია“, ისევე როგორც „დაუსაბუთებელია“ ბრალი.

კახა კოჟორიძე, ადვოკატი

ჯგუფურ ძალადობაში ბრალი ვეფხია კასრაძეს სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფარულ ვიდეოჩანაწერზე დაყრდნობით წარუდგინეს. ამ ვიდეოში კასრაძესთან ერთად ჩანს „ლელოს“ კიდევ ერთი წევრი ვასილ კაძელაშვილი. მასაც, თსუს სტუდენტ ზვიად ცეცხლაძესთან ერთად, ძალადობის ორგანიზებას ედავებიან.

ვიდეოჩანაწერი ტელეკომპანია „იმედმა“ გაავრცელა, სადაც, არხის მტკიცებით, კაძელაშვილი და კასრაძე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებსა და მათი ოჯახის წევრებზე ძალადობას გეგმავდნენ. ამას ამტკიცებს პროკურატურაც და კასრაძესთან, კაძელაშვილსა და ცეცხლაძესთან ერთად დაკავებულ 6 ადამიანს ძალადობის მონაწილეებად მიიჩნევს.

დიალოგი, რომელიც პროკურატურის მტკიცებულებაა:

ვ. კაძელაშვილი: და როგორი თემა გავაკეთოთ, ამათ სადაც აქვთ მშენებლობები, სადაც მიდის წყნეთში, კალაძის ცოლს რომ აქვს მაღაზიები, ერთი 5-გრამიანი შპრიცით ბენზინი მივასხათ და ბიჩოკი მივაგდოთ და გაიარე, წადი, სანამ ამათ ქონებას არ შეეხები, ამათ ვერ გააპარტყალებ, გაიგე? რომელ რესტორანში დადიან? რომელ კაფეში დადიან? ვისთან დადიან? იქ უნდა, იმათ უნდა მიაწვე და მიაწვე ბოლომდე. გაიგე?

ვ. კასრაძე: ერთი 200 კაცი დახვდი და ჩახოცე.

ვ. კაძელაშვილი: არ უნდა ორასი კაცი, მშენებლობები სადაც მიდის, მამა დავითი, იქ ზევით გადი, იქ გადი, იქ გადი. გაიგე? სადაც ამათი მშენებლობები მიდის, ისე რომ ხალხიც არ არის მაცხოვრებელი, აი, მანდ უნდა ვიმუშაოთ რა. დივერსიული ისინი უნდა მოვაწყოთ.

ვ. კასრაძე: აუცილებელია. ყველა ფორმა უნდა გამოვიყენოთ.

ვ. კაძელაშვილი: ხო. მოტო აიღე, მოტოთი გაიარე იქ.

ვ. კასრაძე: მოტო ყველაზე მაგარია.

ვ. კაძელაშვილი: 10-გრამიანი შპრიცი აიღე, ცოტა ის გაურიე.

ვ. კასრაძე: კანისტრა აიღე.

ვ. კაძელაშვილი: არ გინდა კანისტრა, კანისტრა ჩანს და რო გაივლი, აქედან ჯიბიდან მიასხი, ეგ გვესწავლება, ტო, მიასხი და მეორედ გამოიარე, ბიჩოკი გადააგდე, ხ*** ზნაეტ, რავი, მე გამოვიარე, სიგარეტი გადავაგდე, ამის დედაც მ***ნ. ის გაურიე ცოტა (ცუდად ისმის) და ის პენოპლასტი რო არის. პენოპლასტს ბენზინი ადნობს და მერე რო გაასხავ, ის როგორ არის. იცი?

ასევე ნახეთ „ამას არ განვიხილავთ“, - როგორ აჩუმებენ მოსამართლეები ნაცემ დემონსტრანტებს, როცა ისინი ძალადობაზე იწყებენ ლაპარაკს

კახა კოჟორიძე ამბობს, რომ პროკურატურის მტკიცებულებას ბევრი პრობლემა აქვს, მათ შორის არ არის დადგენილი ავთენტიკურობა და არ არის შემოწმებული, იყო თუ არა მისი მოპოვების გზები კანონიერი, წინააღმდეგ შემთხვევაში ის საქმეს მტკიცებულებად ვერ დაერთვება.

4 დეკემბრის პროცესზე კასრაძის ადვოკატები დაინტერესდნენ, როდისაა გადაღებული ვიდეო, რადგან წარდგენილი ჩანაწერიდან ეს არ ირკვევა და არც პროკურატურას აქვს ამაზე პასუხი.

„ასეთი შინაარსი ფიზიკურად ვერ იქნებოდა სხვა აქციებზე“, - განაცხადა პროკურორმა.

ბრალდების მხარემ სასამართლო პროცესზე წაიკითხა ტექსტი, რომლის მიხედვითაც „ძალადობრივი ქმედებების განხორციელების ადგილზე (რუსთაველის გამზირი - რ.თ.) მყოფი ვეფხვია კასრაძე ვასილ კაძელაშვილთან და სხვა პირებთან ერთად, ჯგუფური ძალადობის გაგრძელების და გაძლიერების მიზნით აორგანიზებდნენ ყველა შესაძლო დანაშაულებრივ მოქმედებას.

ამუშავებდნენ ჯგუფური ძალადობის სამოქმედო გეგმას, განსაზღვრავდნენ ძალადობრივი ქმედებების ჩადენის სავარაუდო ადგილებს, დროს და ხერხებს, ჯგუფის წევრებისთვის ანაწილებდნენ კონკრეტულ როლებს და თანხმდებოდნენ ძალადობრივი ქმედებების განხორციელების აუცილებლობაზე, რასაც თავად უხელმძღვანელებდნენ.

გეგმის თანახმად დეტალურად უნდა შეესწავლათ მათთვის არასასურველ კონკრეტულ პირთა გადაადგილების მარშრუტები, რომელთაც დახვდებოდნენ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილე პირები და მოახდენდნენ მათ მიმართ მძიმე ფიზიკურ ანგარიშსწორებას. აგრეთვე უნდა განეხორციელებინათ შესაბამისი მოქმედებები მათთვის არასასურველ პირთა ქონების განადგურების მიზნით, კერძოდ ადვილად აალებადი ნივთიერებების ფარულად გამოყენებით, შემდეგ ცეცხლის წაკიდებით გაენადგურებინათ სხვისი ქონება“.

კახა კოჟორიძემ პროკურატურას მოსთხოვა დაესახელებინა ერთი ადამიანი მაინც სასამართლო პროცესზე მსხდომებიდან, რომელსაც კასრაძე იცნობდა და დავალებებს აძლევდა.

ასევე ნახეთ „უსამართლობა ბოროტებაა და უსამართლობის გამართლება - უფრო მეტი ბოროტება“ - არქიმანდრიტი ილია თოლორაია

ადვოკატი კახა კოჟორიძე: რა კავშირი ჰქონდა ჯგუფური ძალადობის მონაწილეებთან ვეფხია კასრაძეს?

პროკურორი: ვეფხვია კასრაძეს ბრალი ედება მონაწილეობასა და ორგანიზებაში, შესაბამისად, მან მიიღო თუ არა მონაწილეობა უშუალოდ ძალადობაში, ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები მხარეს ამ ეტაპზე არ წარმოუდგენია, მხოლოდ წარმოადგინა, რომ ორგანიზება გაუწია.

ადვოკატი კახა კოჟორიძე: ვის გაუწია? აქ მითითებულ ადამიანებთან კავშირი ჰქონდა ვეფხია კასრაძეს, აორგანიზებდა თუ არა? ერთი მტკიცებულება მაინც მითხარით.

პროკურორი: უკვე გესაუბრეთ.

კახა კოჟორიძე: ერთი სახელი გვითხარით, ვის ქმედებას აორგანიზებდა?

პროკურორი: სახელითა და გვარებით ვერ ვისაუბრებთ, ორგანიზატორისთვის არ არის აუცილებელი, იცნობდეს ყველა პირს, ვინც ძალადობაში მონაწილეობდა, ასეულობით ადამიანი მონაწილეობდა.

ადვოკატი: ერთს მაინც იცნობდა? 100 ადამიანიდან კონკრეტულად რომლის ქმედება დააორგანიზა? სახელი და გვარი ერთის...

პროკურორი: გეუბნებით...

ამ კითხვა-პასუხის შემდეგ დამსწრეებმა ტაში დაუკრეს.

როგორც წესი, როდესაც სასამართლო პატიმრობის შეფარდებაზე მსჯელობს, მხარეები ბრალდებულის დამნაშავეობა-უდანაშაულობას არ აფასებენ, ეს რამდენიმე თვის შემდეგ ირკვევა.

მოსამართლე პატიმრობის გადაწყვეტილებას იმ შემთხვევაში იღებს, თუ დარწმუნდება, რომ ბრალდებული გამოძიების მიმდინარეობისას მოახდენს მოწმეებზე ზეგავლენას, მიიმალება ან გაანადგურებს მტკიცებულებებს.

„ეს მხოლოდ ფრაზები არ უნდა იყოს, პროკურატურამ ეს ვარაუდები მტკიცებულებებით უნდა დაასაბუთოს, პროცესზე პროკურორმა ვერ დამისახელა ერთი პირიც კი, რომლის ქმედებაც ვეფხიამ დააორგანიზა. ვერ თქვეს, რა კანონსაწინააღმდეგო ქმედება მოჰყვა „დაორგანიზებულ“ ქმედებას, ვერ მიპასუხეს, ვკითხე: დამისახელეთ ერთი პირი, ვისი ძალადობრივი ქმედებაც ვეფხიამ, შესაბამისად, იურიდიული საფუძველიც არ არის!“, - ამბობს კახა კოჟორიძე და ამატებს:

„ფიქრი არ არის დანაშაული“.

ასევე ნახეთ „პოლიციელი ყოველთვის მართალია“ - სამართალი „ქარხნული წესით“

იურისტისთვის, სასამართლო პროცესები, სადაც აქციების დროს დაკავებულების საქმეებს განიხილავენ, „ნულოვანი ტოლერანტობის“ პოლიტიკის გაცოცხლებაა, მიზანი პროტესტის ჩახშობა და ხალხის დაშინებაა.

„სისტემას დემონსტრაციულად უნდა, ხაზი გაუსვას, რომ მას შეიძლება არ ჰქონდეს მტკიცებულება, არგუმენტი, შეიძლება მე მქონდეს ყველა არგუმენტი, მაგრამ მე მაინც გავმტყუნდები, ის მაინც მომიგებს. თუ სისტემა იტყვის, რომ შენ უნდა იჯდე ციხეში, მის ამ კაპრიზს და ახირებას სისტემის ყველა რგოლი შეასრულებს. ეს ადამიანის დაშინების გზაა“, - ამბობს კახა კოჟორიძე.

ვეფხია კასრაძის ცოლი ელენე კროტენტო რადიო თავისუფლებას უყვება, რომ მას და მის შვილებს სახლში ჩხრეკის ჩატარების მეორე დღიდან უთვალთვალებენ.

„მესამე დღეს კიდევ უფრო მეტი, ლამის 7-8 კაცი, ჯიპი იდგა. არ ვიცი, ძალით თუ არა, მაგრამ ისე იქცეოდნენ, რომ უნდა მიმხვდარიყავი. ჩემი მეუღლის მანქანასთან სულ მანქანა იდგა და რომ გამოვივლიდი, სულ მიყურებდნენ, ვატყობდი“, - ამბობს ის. იურისტები საქმის კურსში არიან და ოჯახი კანონის შესაბამისად მოქმედებას აპირებს.

ვეფხია კასრაძის ცოლი 2024 წლის არჩევნებზე შიდა ქართლში დამკვირვებელი იყო. ის ინგლისური ენის სპეციალისტია და ამბობს, რომ ერგნეთში ჩასულ საერთაშორისო ორგანიზაციებს არჩევნებზე მომხდარ დარღვევებზე დეტალურად ესაუბრა.

„შვილები ძალიან განიცდიან, მეკითხებიან, შეიძლება იმის თქმა, რომ მამა დაკავებულიაო? მე თავაწეული დავდივარ, რადგან ვიცი, უდანაშაულოა, ამას ვურჩევ შვილებსაც, ყველაზე პატარა შვილი მისი დაბადების დღის მეორე დღეს ელის მამას სახლში“, - ამბობს ელენე კროტენკო.

ვეფხია კასრაძის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2025 წლის 16 იანვარს 12 საათზე ჩაინიშნა. ადვოკატები ამ სხდომაზე პატიმრობის შეცვლას მოითხოვენ, იქამდე ვეფხია კასრაძის ჯანმრთელობაა საზრუნავი. ადვოკატები დაკავებულს ყოველდღე ნახულობენ.

ასევე ნახეთ „ფეხი და ფოტოაპარატია ჩემი ცხოვრება და დავრჩი ორივეს გარეშე“ - აქციაზე ფეხმოტეხილი ფოტოგრაფის ისტორია

ნაცემთა და დაკავებულთა ისტორიები

რადიო თავისუფლებამ დაიწყო პროევროპული აქციის მონაწილეთა ცემისა და დაკავების ამბების შეგროვება:

გაუპატიურების მუქარა აქციაზე ყოფნის გამო - 26 წლის ქალი საკუთარ გამოცდილებას ჰყვება
„შემიყვანეს ექიმის ოთახში, სადაც კამერები არ არის. მითხრეს გაიხადეო. გავიხადე. ტრუსიკი ჩაიწიეო. ჩავიწიე. მერე ჩაიკუზეო. ჩავიკუზე“.
19 წლის ნიკას დაკავების ორი ვერსია - რა ქნეს რუსთაველზე და რა თქვეს სასამართლოზე პოლიციელებმა
"ძალადობა" მათთან ერთად, ვისაც არასდროს შეხვედრიხარ - მძიმე ბრალდებები და არაადამიანური მოპყრობა რევაზ კიკნაძის საქმეში
"ნახევარი თმა დამცვივდა პოლიციელის მაგიდაზე " - თორნიკე ჭელიძე დაკავების და 7-დღიანი პატიმრობის ამბავს იხსენებს
„ოპერატორის თავზე რომ დახტიან, ასეთი რამ სამჯერ ვნახე იმ ღამეს“, - როგორ დააკავეს სვანიძეები
„ცხვირის და ყბის ძვლების, თვალბუდის მოტეხილობა და ტვინის შერყევა“ - დაკავებისას კიდევ ერთ დემონსტრანტზე იძალადეს
"თქვენ ხართ, ბიჭო, პატრიოტები? თქვენ ხომ ##აკში ###აური გევასებათ, ახლა ნახეთ, რას გიზამთო" - ლაზარე მაღლაკელიძე დაკავებისას ძალადობაზე
"ლოცვა დავიწყე და ორმაგად მცემა, აბა, თუ გიშველის ეგ ლოცვაო" - როგორ მოხვდა აქციაზე წასული ირაკლი ფიფია კლინიკაში
ჯგუფური ძალადობისთვის დაკავებულები - ვინ რა თქვა სასამართლო პროცესზე
"გემუქრებიან გაშიშვლებით, გაუპატიურებით, დუბინკებით, მაშხალებით" - ნოდარ აროშინაძის გზა აქციიდან კლინიკამდე
"საათი ამგლიჯეს და საყურე მომახიეს დაჭერისას" - მთარგმნელ დათა ხარაიშვილის დაკავების ამბავი
"აქციაზე დაკავებიდან მეორე დღეს მიგრაციის სამსახურიდან დამირეკეს" - გელა შიშობს, რომ საქართველოდან გაძევებას უპირებენ
"რევოლუციონერი ბიჭი დაუკავებიათ, გვითხარი რამდენი ფეიერვერკი და რამდენი ქვა ისროლეო" - ლუკა ძიძიგურის დაკავების ისტორია
„გადარჩენილი ვარ“ - ახალგაზრდა, რომლის ცემის კადრებმა აქციაზე უფრო მეტი ადამიანი გაიყვანა
„რამდენმა პოლიციელმაც დამინახა, ყველამ დამარტყა“ - როგორ ასამართლებენ აქციაზე დაკავებულებს
„რამდენჯერაც თავი ავწიე, იმდენი მუშტი მომხვდა“ - როგორ მოხვდა დაკავებული თორნიკე ბერაძე კლინიკაში
„კედელზე მიმანარცხა და მერე თავში მირტყა“ - სალომე ზანდუკელის ცემის ამბავი
„ფეხსაცმლის ლანჩებით მწიხლავდნენ. შემთხვევით გადავრჩი“ - გია ჯვარშეიშვილის ცემის ამბავი
ხელებშეკრულს მირტყამდნენ მუშტებს სახეში: ზვიად რატიანის ცემისა და დაკავების ამბავი