დავით გარეჯი: ვინ ცდილობს აზერბაიჯანელებისა და ქართველების გადამტერებას?

დავით გარეჯის კუთვნილების თემაზე დაწყებულმა კამათმა საგანგაშო სახე მიიღო სოციალურ ქსელებში. აქტიურობენ ტროლებიც და დაპირისპირებას აღვივებენ ქართველებსა და აზერბაიჯანელებს შორის. ბევრისთვის ცხადია, რომ სტრატეგიული პარტნიორების გადამტერება რუსეთის ინტერესებში შედის.

რატომ მივიდა საქმე აქამდე? რა პასუხისმგებლობა აკისრია ხელისუფლებას? რას ფიქრობენ საქართველოსა და აზერბაიჯანში?

ლანძღვა, გინება, შეურაცხყოფა, მუქარა

ფოტო ფეისბუკზე 13 მაისს გამოჩნდა - ორ მამაკაცს ბაქოს ცენტრში გაშლილი აქვს პლაკატი წარწერით : „დავით გარეჯი საქართველოა“. ფოტოს, რომელიც პორტალმა „1news.az“-მა გაავრცელა, 1000-ზე მეტი კომენტარი აქვს.

ფეისბუკმომხმარებლები, ქართული და აზერბაიჯანული გვარებით, ერთმანეთს დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსს ეცილებიან და შიგადაშიგ ბრძოლისთვის მზადყოფნასაც გამოხატავენ:

  • ქართველები მტკიცედ იცავენ პოზიციას, რომ დავით გარეჯი საქართველოს უძველესი ისტორიული ძეგლი და სულიერების აკვანია;
  • აზერბაიჯანელები კი მტკიცედ იცავენ პოზიციას, რომ დავით გარეჯი მათი წინაპრების, ალბანელების დანატოვარია და ასევე უძვირფასესია მათთვის;
  • ქართველები და აზერბაიჯანელები ერთმანეთს აბრალებენ, რომ ისტორია გაყალბებული აქვთ და სინამდვილეში არაფერს წარმოადგენენ.

ასევე ნახეთ დავით გარეჯი: ცეცხლზე ნავთი და ხელისუფლების ბუნდოვანი გეზი

შეურაცხმყოფელი სიტყვებით, გინებითა და მუქარით გაჯერებული დაპირისპირება პიკს მაშინ აღწევს, როდესაც დისკუსიის მხარეები პრეტენზიას არა მხოლოდ დავით გარეჯზე აცხადებენ.

  • მაგალითად, ერთმა აზერბაიჯანის კუთვნილებად მოიხსენია საქართველოს ტერიტორიები, მათ შორის - ქარელი, თეთრიწყარო, გორი და თელავი;
  • სწრაფად უპასუხა მეორემ: კახი, მინგეჩაური და გაბალა საქართველოსიაო.

კომენტარებში იკითხება მუქარაც, რომ, მაგალითად, საქართველოდან გაყრიან აზერბაიჯანელებს, ხოლო აზერბაიჯანიდან - ქართველებს.

მწვავე რეაქციები მოსდევს სომხური გვარის ფეისბუქმომხმარებლების კომენტარებს და მით უმეტეს, როცა ისინი წერენ - დავით გარეჯი საქართველოაო.

იშვიათად, მაგრამ მაინც, საღი აზრი გამოანათებს - ვიღაცეები (ქართველები, აზერბაიჯანელები თუ სხვები) აშკარად ხვდებიან, რომ ასეთი დაპირისპირება სახიფათოა, არ შეეფერება ორ მოძმე ქვეყანას და რომ წყლის ამღვრევა რუსეთის ინტერესებში შედის:

  • ქართველებო, აზერბაიჯანელებო, თქვენ ერთმანეთის მისამართით გწამლავენ კრემლის ელემენტები... ნუ ილანძღებით, არ წამოეგოთ პროვოკაციებს, გონებას მოუხმეთ. მშვიდობა თქვენ!
  • ყველამ შესანიშნავად ვიცით, ვინ ცდილობს ჩვენი მრავალსაუკუნოვანი მეგობრობის დანგრევას... გეყოფათ, მორჩა;
  • კომენტარებს ვკითხულობ და ვხვდები - მტერს ჯერჯერობით ყველაფერი გამოსდის;
  • რამდენი პრორუსული ტროლი შეგროვილა აქ... მაგრამ ცუდად მუშაობთ ГРУ-ისტებო. თქვენი ამოცნობა ადვილია. ვერ მოახერხებთ ხალხის დაპირისპირებას.

ორი მამაკაცის ფოტო არ არის დავით გარეჯის თემაზე ფეისბუკსივრცეში გამოქვეყნებული ერთადერთი პოსტი, რომელიც მწვავე და სახიფათო კომენტარებით გამოირჩევა. ყველა შემთხვევაში აშკარაა, რომ ქართველებსა და აზერბაიჯანელებს შორის სიძულვილს თესავენ გაურკვეველი ფეისბუკპროფილის მქონე მომხმარებლები - ტროლები.

ასევე ნახეთ დავით გარეჯის დილემა

სოციალურ ქსელებში გაჩაღებული დაპირისპირება არ უკვირს პოლიტოლოგ გიორგი გობრონიძეს.

„ულტრანაციონალისტური, ფაშისტური თუ სხვა არაადეკვატური ჯგუფების ნაკლებობას არც აზერბაიჯანი უჩივის და არც საქართველო. ამას შესანიშნავად გამოიყენებს რუსეთის ფედერაცია ყოველთვის, როცა დასჭირდება. ამ შემთხვევაშიც ასეა და ეს ძალიან საფრთხილოა“.

პოლიტოლოგი ფიქრობს, რომ პასუხისმგებლობა ხელისუფლებასა და პოლიტიკურ ელიტებს ეკისრებათ, რადგან ისინი არასათანადოდ ელაპარაკებიან ხალხს და არა აქვთ გამოკვეთილი რეაქცია იმ ტიპის სახიფათო განცხადებებზე, რომლებიც საქართველოში, მაგალითად, ზოგიერთმა რელიგიურმა პირმა თუ პოლიტიკოსმა გააკეთა.

რას ფიქრობენ აზერბაიჯანში?

„გარეჯის თემა აზერბაიჯანში თავდაპირველად არ იდგა ასე მწვავედ, მაგრამ გამწვავდა საქართველოში გაკეთებული განცხადებებისა და საპროტესტო აქციების შემდეგ“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას აზერბაიჯანელი პოლიტოლოგი ილგარ ველიზადე.

ის ფიქრობს, რომ გადაადგილების ხანმოკლე შეფერხებას საქართველოში მოჰყვა დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის თემის მწვავე პოლიტიზირება. განსაკუთრებული სიმწვავით, ველიზადეს შეფასებით, გამოირჩეოდნენ:

ბაქოში კარგად იციან, რომ თუკი შალვა ნათელაშვილმა აზერბაიჯანი ოკუპანტ რუსეთს შეადარა და გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა მოითხოვა, ირაკლი ოქრუაშვილის ფეისბუკპოსტები უხეში და მუქარის შემცველი იყო აზერბაიჯანელების მისამართით. მათ ასევე იციან ქართველი სასულიერო პირების მიერ გაკეთებული განცხადებებისა და აზერბაიჯანის საელჩოსთან თუ დავით გარეჯში გამართული აქციების შესახებაც.

ილგარ ველიზადე ამბობს, რომ საქართველოდან წამოსულ არასასიამოვნო იმპულსებს ექო მოჰყვა აზერბაიჯანშიც და გარკვეულმა საზოგადოებრივმა ჯგუფებმა კონტრაქციები გამართეს.

მაგალითად, 8 მაისს გაიმართა აზერბაიჯანელი მოსწავლეების მსვლელობა დავით გარეჯში - დროშებითა და შესაბამისი უნიფორმებით.

აზერბაიჯანულად დავით გარეჯს ქეშიქჩიდაღს უწოდებენ. ფეისბუქში შექმნილია სპეციალური გვერდი - „ქეშიქჩიდაღი ისტორიულ-კულტურული ნაკრძალი“, სადაც ვრცელდება არაერთი აქციის ამსახველი ფოტო და ვიდეომასალები. ფეისბუკსაიტზე მითითებულია, რომ ეს არის სახელისუფლებო ორგანიზაცია, რომლის ვებსაიტზეც აზერბაიჯანის კულტურულ მემკვიდრეობასთან დაკავშირებული ინფორმაცია იყრის თავს. აქვე შემოთავაზებულია ვირტუალური ტური დავით გარეჯში.

ამავე წყაროდან ვიგებთ, რომ მოსწავლეთა მსვლელობის გარდა, დავით გარეჯში ბოლო პერიოდში კიდევ არაერთი აქცია-მსვლელობა გაიმართა და არა მხოლოდ 25 აპრილის შემდეგ, მაგალითად:

  • 27 მარტს გამოქვეყნებულია ვიდეომასალა - ახალგაზრდების მსვლელობა დროშებით;
  • 18 აპრილს გამოქვეყნებული ვიდეომასალა - ავტომობილების კოლონის გადაადგილებითა და შემდეგ უკვე, ფეხით მსვლელობით.

როგორც წყარო იტყობინება, 18 აპრილს აქციის მონაწილეებმა დავით გარეჯში ძეგლებისა და ისტორიული ადგილების საერთაშორისო დღე აღნიშნეს.

აქვე 28 მაისისთვის დაანონსებულია მასშტაბური ღონისძიება დავით გარეჯში, აზერბაიჯანის რესპუბლიკის დღის აღსანიშნავად

„ჩვენ არ გვაქვს ფაქტები იმისა, რომ გარე ძალა, ვთქვათ - რუსეთი, ცდილობს აზერბაიჯანელებისა და ქართველების გადამტერებას... დავით გარეჯის საკითხი ემოციურად აღიქმება როგორც საქართველოში, ასევე აზერბაიჯანში და ჩვენ მოთმინებით უნდა შევხედოთ ამ მოცემულობას“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას აზერბაიჯანელი დეპუტატი რასიმ მუსაბეკოვი.

მისი აზრით, მთავარია ხელისუფლებათა რაციონალური პოზიცია:

  • როგორც თბილისში, ასევე ბაქოში ინარჩუნებენ ფხიზელ გონებას;
  • ყველას ესმის, რომ აზერბაიჯანისა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ფასი განუსაზღვრელად მაღალია;
  • მუშაობს საზღვრის დელიტიმიტაციის სპეციალური კომისია და ეს საკითხი მშვიდად, კეთილმეზობლურ ვითარებაში გადაწყდება;
  • აზერბაიჯანი მზად არის, რომ მომლოცველებსა და სხვებს დავით გარეჯის კომპლექსში გადაადგილების არანაირი პრობლემა არ შეექმნათ.

რასიმ მუსაბეკოვი ფიქრობს, რომ დავით გარეჯის საკითხის ემოციური შემადგენელი გარკვეულწილად მას შემდეგ გააქტიურდა, რაც იქ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ჩავიდა.

„გასაგებია, რომ ერთ მხარეს გამოვლენილმა ასეთი დონის ყურადღებამ ყურადღება გაუმახვილა მეორე მხარესაც... ამან იქამდე მიგვიყვანა, რომ მომლოცველებისთვის გადაადგილების რეჟიმი გარკვეულწილად შეიზღუდა“, - ამბობს აზერბაიჯანელი დეპუტატი.

თუმცა რასიმ მუსაბეკოვი გადაადგილების შეზღუდვის მთავარ მიზეზად ასახელებს იმას, რომ აზერბაიჯანში „ფორმულა 1“-ის მასპინძლობა საზღვრისპირა რეგიონებში უსაფრთხოების ზომების გაძლიერებას მოითხოვდა.

რას ფიქრობენ საქართველოში?

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე პატრულირებას აგრძელებს ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშია“.

როგორც მოძრაობის ლიდერმა, დავით ქაცარავამ უთხრა რადიო თავისუფლებას, 7 მაისიდან საზოგადოებრივი პატრული კვირაში სამი-ოთხჯერ ჩადის დავით გარეჯში:

  • ჩვენ ვმოძრაობთ ტურისტულ მარშრუტებზე, სადაც იქმნებოდა გადაადგილების პრობლემები;
  • ხელისუფლება დაგვიანებით აწვდის ხალხს ინფორმაციას და თუკი მონასტრის ტერიტორიაზე გადაადგილება კვლავ შეიზღუდება, ჩვენ ამას დროულად ვაცნობებთ საზოგადოებას.

დავით ქაცარავა ამბობს, რომ აზერბაიჯანთან საქართველოს კეთილმეზობლური ურთიერთობა სურს და ვითარების დაძაბვა არცერთ მხარეს არ აწყობს, "მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს საქართველოს მიწა-წყლის დათმობის ხარჯზე".

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერის ინფორმაციით, 1996 წლის შემდეგ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე აზერბაიჯანის მხარემ თანდათან 5600 ჰექტარი მიითვისა.

ასევე ანტისაოკუპაციო მოძრაობის ორგანიზებით გაიმართა საპროტესტო აქცია დავით გარეჯში. 5 მაისს სამოქალაქო აქტივისტებმა ცოცხალი ჯაჭვი შემოავლეს სამონასტრო კომპლექსის იმ მონაკვეთს, რომელიც მანამდე აზერბაიჯანელი მესაზღვრეების მიერ იყო ჩაკეტილი.

დავით ქაცარავა სწორედ საზოგადოების აქტიურობის დამსახურებად მიიჩნევს ჩიჩხიტურის მონასტრისკენ მიმავალი იმ გზის გახსნას, რომელიც 2007 წლის შემდეგ იყო ჩაკეტილი.

ქართველი ისტორიკოსების, ანალიტიკოსებისა და პოლიტიკოსების ნაწილი მუდმივად შეახსენებს საზოგადოებას, რომ:

  • ბოლო პერიოდის მოვლენები ახალ მოცემულობას არ ეფუძნება და საზღვართან დაკავშირებული გაუგებრობა საბჭოთა რეჟიმის დანატოვარია;
  • სამონასტრო კომპლექსის ერთი ნაწილი (ჩიჩხიტური, უდაბნო, ბერთუბანი) ჯერ კიდევ საბჭოთა რეჟიმმა მიაკუთვნა აზერბაიჯანს;
  • აპრილის მოვლენების დროს აზერბაიჯანელ მესაზღვრეებს წინ არ გადმოუწევიათ - ისინი კვლავ იმ საზღვარზე დგანან, რომელიც საბჭოთა პერიოდში უსამართლოდ გაივლო.

ასევე ნახეთ ბაქომ და თბილისმა სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის საკითხზე იმსჯელეს 

საქართველოს ხელისუფლება დავით გარეჯის საკითხის გადაწყვეტის შესაძლებლობას მხოლოდ და მხოლოდ საზღვრის სადელიმიტაციო ერთობლივი კომისიის ფარგლებში ხედავს.

განახლებულმა კომისიამ მუშაობა უკვე დაიწყო. შეხვედრა 14 მაისს ბაქოში შედგა. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ვკითხულობთ:

  • ორი ქვეყნის წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს, რომ მიუღებელია საკითხის ირგვლივ ნებისმიერი სახის პროვოკაციები;
  • მხარეები შეთანხმდნენ, რომ იხელმძღვანელებენ სტრატეგიული პარტნიორობის სულისკვეთებით;
  • მხარეებმა გამოთქვეს მზაობა, რომ მოლაპარაკებები კონსტრუქციულად წარიმართება, კეთილმეზობლობისა და სტრატეგიული პარტნიორობის გათვალისწინებით.

პოლიტოლოგი გიორგი გობრონიძე ფიქრობს, რომ საპროტესტო აქციებისა და დაპირისპირების ტალღის შესაჩერებლად, ორივე ქვეყნის ხელისუფლებებმა გასაგები ენით უნდა ისაუბრონ ხალხთან - „საზოგადოებამ უნდა მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია კომისიის მუშაობის შესახებ და ქუჩებიდან, მინდვრებიდან და ველებიდან პროცესმა უნდა გადაინაცვლოს შესაბამის აუდიტორიებში“.

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებული საპროტესტო ტალღა საქართველოში მას შემდეგ აგორდა, რაც 25 აპრილს დავით გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტმა კირიონმა საზოგადოებას შეატყობინა, რომ აზერბაიჯანელი მესაზღვრეები უდაბნოს მონასტრისკენ მიმავალი გზაზე აღარც სასულიერო პირებს უშვებდნენ.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ იმავე დღეს განაცხადა, რომ პრობლემა გადაიჭრა აზერბაიჯანულ მხარესთან მოლაპარაკების შედეგად.