Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაქომ და თბილისმა სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის საკითხზე იმსჯელეს 


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ბაქოში საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის სადელიმიტაციო კომისიების თავმჯდომარეებს შორის შეხვედრის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

შეხვედრა 14 მაისს, ბაქოში შედგა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის სადელიმიტაციო კომისიების თავმჯდომარეები, საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის სპეციალური წარმომდგენელი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ხალაფ ხალაფოვი.

მხარეებმა მიმოიხილეს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის მიმდინარეობა და განიხილეს სამომავლო ნაბიჯები. აღინიშნა, რომ სახელმწიფო საზღვრის დაახლოებით 2/3 შეთანხმებულია შესაბამისი კომისიების მიერ და აუცილებელია აქტიური კომუნიკაციის განახლება შეუთანხმებელ მონაკვეთებზე მხარეთა პოზიციების შეჯერების მიზნით.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომ ორი ქვეყნის სამთავრობო კომისიების ოფიციალური სხდომა ჩატარდება მომავალ კვირას:

"ორი ქვეყნის წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს საკითხის მნიშვნელობას და აღნიშნეს რომ მიუღებელია საკითხის ირგვლივ ნებისმიერი სახის პროვოკაციები. მხარეები შეთანხმდნენ, რომ დელიმიტაციის პროცესის მიმდინარეობისას იხელმძღვანელებენ სტრატეგიული პარტნიორობის სულისკვეთებით, ხოლო დავით გარეჯის კომპლექსის მიმდებარე სასაზღვრო ზოლის პრობლემატიკას დაუბრუნდებიან შემდეგ შეხვედრაზე. მხარეებმა ასევე გამოთქვეს მზაობა მოლაპარაკებების კონსტრუქციული მიდგომით წარმართვაზე და ხაზი გაუსვეს სამუშაო პროცესში ორ ქვეყანას შორის არსებული კეთილმეზობლური ურთიერთობებისა და სტრატეგიული პარტნიორობის გათვალისწინების აუცილებლობას“, - აღნიშნულია საგარეო უწყების განცხადებაში.

XS
SM
MD
LG