რამდენიმე დღის წინ, ეპისკოპოსმა სტეფანე კალაიჯიშვილმა ეპარქიაში შემავალ სალხინოს მამათა მონასტერში 2 სასულიერო პირი გაგზავნა. მღვდელ ნიკოლოზ კუპრეიშვილსა და ეპარქიის ეკონომისტს, დეკანოზ ტარიელ რუხაძეს, მონასტრის ქონება უნდა აღეწერათ, აღწერამდე კი დაელუქათ. მათ მღვდელმთავრის დავალება ვერ შეასრულეს. მონასტერში მისულები უკან ჩხუბით გამოაბრუნეს.
„მათ არ უნდათ არც ფინანსების გადმობარება, არც [ჩვენი] ბუღალტერიაში ჩახედვა“, - თქვა გაძევებულმა დეკანოზმა. იგი იმ ყოფილ სასულიერო პირებს გულისხმობდა, რომლებსაც ეპისკოპოსმა რამდენიმე დღით ადრე სამღვდელო წოდება ჩამოართვა. ამ გადაწყვეტილებაში მას მხარი საპატრიარქომაც დაუჭირა.
ორი ბერ-დიაკონი და ოთხი მონაზონი სტეფანე კალაიჯიშვილმა მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ მოწყობილ ამბოხსა და სამონაზვნო აღთქმის დარღვევაში დაადანაშაულა და დასაჯა. თავისი გადაწყვეტილების შესახებ მან 19 სექტემბერს საკვირაო წირვაზე გამოაცხადა.
„არ მიმიღია ეს გადაწყვეტილება ნაჩქარევად ან გაუფრთხილებლად. ძალიან ბევრს ვეცადე და უამრავჯერ მქონდა პირადად ურთიერთობის შესაძლებლობაც და არ მისმენდნენ“, - დაიჩივლა მიტროპოლიტმა მარტვილში საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ.
ეპისკოპოსმა სასულიერო პირები, რომლებიც ეპარქიის ყოფილი მიტროპოლიტის პეტრე ცაავას მხარდამჭერები არიან, „სამონაზვნო დასიდანაც” გარიცხა, „ერისკაცობამდეც დაიყვანა” და საეკლესიო ნაგებობებში ცხოვრება-საქმიანობა და საეკლესიო მიწების გამოყენებაც აუკრძალა.
ეკლესიიდან განკვეთილი სასულიერო პირები ჭყონდიდის ეპარქიის სხვადასხვა მონასტერში მსახურობდნენ. მათ შორის რამდენიმე - სალხინოს მამათა მონასტერში.
სალხინო მარტვილის სოფლებს შორის გამორჩეულია. აქ ერთ სივრცეშია მოქცეული დადიანების მიერ XVIII-XIX საუკუნეებში გაშენებული ბაღი, სასახლე და მარანი. აქვეა ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესია და მამათა მონასტერიც.
ისტორიული ძეგლების სიახლოვესაა ახალი ნაგებობა, ღვინის სახლი „დადიანები“, სადაც ოჯალეშის ღვინის დაგემოვნება-შეძენასთან ერთად ღამის გათევაც შეიძლება, მეორე სართულზე მცირე სასტუმროა. ამ ქონებას ჭყონდიდის ეპარქია განაგებს. მათ შორის დადიანების გაშენებული ღვინის მარანია, სადაც ბერ-მონაზვნების დაყენებული, უკვე მრავალწლიანი დაძველების ოჯალეშის ღვინო ინახება ხის კასრებსა და ბოთლებში.
„მაგათ უნდათ აქაურობის განიავება. მე აქაურობას არ დავთმობ, იმის გამო, რომ ეს შექმნილია, ნაშრომია და ნაწვალებია... ისინი [ეპისკოპოსი სტეფანე და მისი მხარდამჭერები] აქაურობას გაანიავებენ... ჩვენ ამის უფლებას არ მივცემთ, თორემ ჩვენ ამ ქონებაზე კი არ ვართ დამოკიდებული... ჩვენ ვუვლით აქაურობას, ვშრომობთ და ვწვალობთ“, - ამბობს ეკლესიიდან განკვეთილი მონაზონი დანიელ გვილავა, რომელიც აკრძალვის მიუხედავად ისევ ატარებს სასულიერო სამოსს. სალხინოს მამათა მონასტერში მსახური მან 12 წლის წინ, წინა ეპისკოპოსის პეტრე ცაავას დროს დაიწყო.
კიდევ ერთი განკვეთილი სასულიერო პირი ბასილ გვილავა, რომელსაც ისევ ანაფორა აცვია და მამათა მონასტერში რჩება, გვეუბნება, რომ არ დაემორჩილება ეპისკოპოსის გადაწყვეტილებას და არ დატოვებს ეკლესიას, მაშინაც კი, თუ ამას პოლიცია მოსთხოვს.
„ეპისკოპოსს არ შეუძლია განკვეთოს ბერი, ბერობა არის ხელუხლებელი. ჩვენ ამიტომაც არ ვეთანხმებით მაგის გადაწყვეტილებას. კიდევ მივმართავთ სინოდს. რამდენჯერმე უკვე მივმართეთ, ჯერ პასუხი არაფერზე არ მიგვიღია. ჩვენს მიმართვას ალბათ თაროზე დებენ. არსად არ ვაპირებთ წასვლას... პოლიციას არ აქვს უფლება... მოციქულების ოცდამეათე კანონში წერია, რომ ეპისკოპოსი, რომელიც ჩარევს ხელისუფლებას და პოლიციას მონასტრის საქმეში, ის უნდა განიკვეთოს“, - ამბობს ბასილ გვილავა.
ჟურნალისტების შეკითხვას, შესაძლოა თუ არა, განკვეთილი ბერ-მონაზვნები პოლიციამ გამოაძევოს სენაკებიდან, მღვდელმა ნიკოლოზ კუპრეიშვილმა ასე უპასუხა:
„კი, აბა რა. ესენი უკვე საერო პირები არიან... ჩვენი დედა ეკლესია, საპატრიარქო მათ უკვე აღარ იცავს. ვსიო, მორჩა. მაგათი დაცვა უკვე დამთავრდა“.
მიტროპოლიტმა სტეფანემ, მას შემდეგ, რაც ჭყონდიდის მღვდელმთავარი გახდა, სასჯელი ჭყონდიდის ეპარქიის 20-მდე სასულიერო პირს დააკისრა. დედა სოსანა ერთ-ერთია მათ შორის. მიტროპოლიტმა ის მარტვილის დედათა მონასტრიდან ცაგერში, ლაჩხურიის მონასტერში ისე გაამწესა, რომ მონაზონმა ამის შესახებ არაფერი იცოდა. მთავარეპისკოპოსმა მაშინ თქვა, რომ მონაზონი თბილისში მის დაუკითხავად დაესწრო პეტრე ცაავას მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციას. ამგვარი „პოლიტიკოსის და ენჯეოშნიკის” მსგავსი ქცევა მონაზონს არ შეეფერებაო - ასე ახსნა მაშინ ეპისკოპოსმა თავისი გადაწყვეტილება. მონაზონი სოსანა სხვა ტაძარმა შეიფარა, მაგრამ ჭყონდიდის ეპარქიაში რჩება. არც დანარჩენ დასჯილებს დაუტოვებიათ სენაკები.
ჭყონდიდის ეპარქიაში, სასულიერო პირებს შორის დაპირისპირება 2019 წლიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც ეპარქიის ყოფილი წინამძღვარი პეტრე ცაავა საპატრიარქომ მღვდელმთავრობიდან გაათავისუფლა. პეტრე ცაავას მხარდამჭერები უარს ამბობენ დაემორჩილონ საპატრიარქოს მიერ მივლენილ ეპისკოპოსს, ვიდრე არ შესრულდება მათი მთავარი მოთხოვნა - საერთო კრებაზე განიხილონ პატრიარქის მისამართით პეტრე ცაავას მიერ გამოთქმული ბრალდებები ჰომოსექსუალურ კავშირებსა და სექსუალურ ძალადობასთან დაკავშირებით.
საპატრიარქო სინოდის სხდომაზე „ცრუ ბრალდების“ განხილვაზე უარს ამბობს და დაპირისპირებულ ბერებს „ცრუ პეტრეს“ მომხრეებს უწოდებს.
ასევე ნახეთ მიტროპოლიტმა სტეფანემ ეკლესიიდან განკვეთა 6 „ამბოხებული“ სასულიერო პირი ასევე ნახეთ ჭყონდიდის ეპარქიაში სასულიერო პირები და მოქალაქეები ერთმანეთს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ ასევე ნახეთ „ეკლესიის პასუხი ამბოხებულებს” - რატომ სჯის ყველას ეპისკოპოსი სტეფანე?