1 თებერვლის მდგომარეობით, საპენსიო ფონდში შეგროვილი თანხა თითქმის 29 მილიონ ლარს შეადგენს. როგორც საპენსიო სააგანტოს დირექტორმა, ლევან სურგულაძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, თანხა სწრაფად იზრდება და წინასწარი ინფორმაციით, თვეში 35-40 მილიონი ლარის მობილიზებაა შესაძლებელი.
მომდევნო ორი წლის განმავლობაში საპენსიო ფონდში 1,5 მლრდ ლარის მობილიზებას ელოდებიან. რაც შეეხება კომპანიებისა და ინდივიდების რიცხვს, სააგენტოს ხელმძღვანელის თქმით:
- სახელმწიფომ წარმოადგინა დაახლოებით 270 000-კაციანი სია, რომელშიც სახელმწიფო კომპანიებში დასაქმებულები შედიან;
- 30 ათასმა კერძო კომპანიამ უკვე გააკეთა განაცხადი ახალ საპენსიო სისტემაში ჩართვის თაობაზე;
- სააგენტოსთვის ჯერჯერობით უცნობია, კერძო სექტორში დასაქმებული რამდენი ადამიანი უერთდება საპენსიო სისტემას, რადგანაც დეკლარაციების დახურვის პროცესი ჯერ არ დასრულებულა.
ასევე ნახეთ დაგროვებითი პენსია - რა უნდა ვიცოდეთ
ჯერჯერობით ვერ ხერხდება ინფორმაციის დამუშავება ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით. სააგენტოში ჯერ არ იციან, სისტემაში ჩართულთა შორის რამდენ ადამიანს შეუსრულდა 40 წელი 2018 წლის 6 აგვისტომდე.
- ეს სწორედ ის კატეგორიაა, რომელსაც სამთვიანი სავალდებულო გადახდის შემდეგ, შეუძლია გამოეთიშოს საპენსიო სისტემას;
- ამისათვის, საჭიროა საპენსიო სააგენტოს სახელზე შესაბამისი განცხადების დაწერა 1 აპრილიდან 31 მაისამდე.
- თუკი ბევრმა მოინდომა გასვლა, ეკონომისტების აზრით, შესაძლოა, საპენსიო სისტემა მნიშვნელოვნად დაზარალდეს.
საპენსიო ფონდის დირექტორი ლევან სურგულაძე იმედოვნებს, რომ 40-წელზე უფროსი ასაკის ადამიანების დიდი ნაწილი არ დახურავს პირად ანგარიშს საპენსიო ფონდში.
ასევე ნახეთ დაგროვებითი პენსია: შესაძლოა რეფორმა შეჩერდეს
„არა მგონია, რომ ბევრი გამოეთიშოს, რადგან ჩვენ მაქსიმალურად მივაწოდებთ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ეს ძალიან კარგია მათთვის. იმედი გვაქვს, რომ ცოტა ადამიანი წავა“, - უთხრა სურგულაძემ რადიო თავისუფლებას.
საპენსიო თანხების დაგროვების პირველი თვის, იანვრის, ზუსტ მაჩვენებლებს სააგენტო 10-15 თებერვლისთვის შეაჯამებს.