8 ნოემბერს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს საგარეო უწყებას მიმართა ოფიციალური შეტყობინებით, რომელშიც ხაზგასმულია, რომ მიხეილ სააკაშვილის სასჯელაღსრულების სამედიცინო დაწესებულებაში დატოვება ქმნის დამატებით საფრთხეებს და დაძაბულობას, რისი თავიდან არიდებაც შესაძლებელია ჰუმანიტარული მოსაზრებებით მოქმედების შემთხვევაში.
ასევე ნახეთ უკრაინას სააკაშვილის გამო საქართველოში გაგზავნილი ნოტის დადებითად განხილვის იმედი აქვსმანამდე, უკრაინის პარლამენტის, ვერხოვნა რადის დეპუტატთა ჯგუფმა შეიმუშავა ერთობლივი მიმართვის ტექსტი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილისა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სახელზე, რომელშიც უკრაინელი დეპუტატები მოუწოდებდნენ საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველეყოთ რუსთავის საპატიმროში მყოფი მიხეილ სააკაშვილი შესაბამისი დონის სამედიცინო, საადვოკატო და საკონსულო მომსახურებით, გადაეყვანათ იგი სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც ყველა საშუალება იქნებოდა საჭირო სამედიცინო დახმარების გასაწევად.
ასევე ნახეთ იევჰენია კრავჩუკი: უნდა გამოიძებნოს გზა მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დასაბრუნებლადთუმცა, უკრაინის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელთა მიმართვის მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლებამ საქართველოს მესამე პრეზიდენტი და უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სააკაშვილი, 9 ნოემბერს გლდანის მე-18 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, მისი ნების საწინააღმდეგოდ და მოტყუებით გადაიყვანა, რასაც საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან მკაცრი კრიტიკა მოჰყვა. საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაცია „ამნესტი ინტერნეიშენალმა“ სააკაშვილის მიმართ ასეთ მოპყრობას არა მხოლოდ შერჩევითი სამართალი, არამედ აშკარად პოლიტიკური შურისძიება უწოდა.
„ექსპრეზიდენტი სააკაშვილი (შიმშილობის მეხუთე კვირას) ძალადობრივად გადაყვანილ იქნა ციხის საავადმყოფოში; არის ცნობები, რომ მას დაემუქრნენ, შეულახეს ღირსება, პირადი სივრცე და ადეკვატური სამედიცინო დახმარების [მიღების უფლება]. ესაა არა მხოლოდ შერჩევითი სამართალი, არამედ აშკარა პოლიტიკური შურისძიება“, - ნათქვამია „ამნესტი ინტერნეიშენალის“ მიერ ტვიტერში გავრცელებულ განცხადებაში.
ასევე ნახეთ ამნესტი ინტერნეიშენალი სააკაშვილზე: არა მხოლოდ შერჩევითი სამართალი, არამედ აშკარა პოლიტიკური შურისძიებამიუხედავად ასეთი მწვავე საერთაშორისო რეაქციისა, საქართველოს ხელისუფლება უსაფრთხოების რისკების მომიზეზებით არ აპირებს მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანას ან მის უკრაინაში დაბრუნებას, როგორც ამას თავის მიმართვაში უკრაინის ვერხოვნა რადის დეპუტატთა ნაწილი ითხოვს. ამ მოსაზრებას იზიარებს უკრაინელი პარლამენტარი ოლექსი ჰონჩარენკო, რომელიც მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს საზღვრის არალეგალურად გადაკვეთამ პრობლემები შექმნა ორი ქვეყნის ურთიერთობაში. შექმნილი ვითარებიდან შესაძლო საუკეთესო გამოსავლად კი ჰონჩარენკო მიხეილ სააკაშვილის საქმეების საერთაშორისო სასამართლოს მიერ გამოძიებას მიიჩნევს. ხოლო ექსპერტები ფიქრობენ, რომ საქართველოს საზღვრის არალეგალური გადაკვეთით მიხეილ სააკაშვილმა საკმაოდ რთული პრობლემის წინაშე დააყენა უკრაინის ხელისუფლება, რომელსაც სურს, საკუთარი მოქალაქის უკან დაბრუნების პრობლემა ისე გადაჭრას, რომ უკრაინა-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა არ დაზიანდეს.
ოლექსი ჰონჩარენკო: სააკაშვილმა იცოდა, რაზეც მიდიოდა
ოლექსი ჰონჩარენკო ვერხოვნა რადაში, ფრაქცია „ევროპული სოლიდარობის“ წევრია. იგი 2014 წლის აგვისტოდან 2014 წლის ნოემბრამდე იყო ოდესის საოლქო საბჭოს თავმჯდომარე. ჰონჩარენკო ასევე ცნობილია იმ მკაცრი განცხადებებით, რომლებსაც უკრაინელი პარლამენტარი რუსეთის მისამართით ხშირად გამოთქვამს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კედლებში.
კობა ლიკლიკაძე: უკრაინის ვერხოვნა რადის დეპუტატთა ნაწილმა განცხადებით მიმართა საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს, რათა აღმოუჩინონ სათანადო სამედიცინო დახმარება სააკაშვილს და გამოიძებნოს გზა, რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის უკან, უკრაინაში დასაბრუნებლად. თქვენ თუ მოაწერეთ ხელი ამ განცხადებას? და რას ფიქრობთ მიხეილ სააკაშვილის შემდგომ ბედზე?
ოლექსი ჰონჩარენკო: მე ამ განცხადებაზე ხელი არ მომიწერია. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის ბედს, მე, რა თქმა უნდა, ვთვლი, რომ ის არის უკრაინის მოქალაქე და უკრაინა უნდა შეეცადოს, რომ დაეხმაროს თავის ნებისმიერ მოქალაქეს, მათ შორის - მიხეილ სააკაშვილს. სხვა საქმეა, რომ მიხეილ სააკაშვილმა თავადაც კარგად იცოდა, თუ რაზე მიდიოდა, როდესაც არალეგალურად დატოვა უკრაინა და არალეგალურად გადაკვეთა საქართველოს საზღვარი. ეს იყო მისი პირადი არჩევანი. აშკარაა, რომ ეს ართულებს დღევანდელ დღეს ურთიერთობას უკრაინასა და საქართველოს შორის, და ის არაფერს ჰმატებს ჩვენი ორი ქვეყნის ურთიერთობას, მაგრამ როცა ასეთ გადაწყვეტილებას იღებდა, მან (სააკაშვილმა) იცოდა, თუ რაზე მიდიოდა.
კობა ლიკლიკაძე: როგორ ფიქრობთ, რატომ გადაწყვიტა სააკაშვილმა საქართველოში ასე არალეგალურად დაბრუნება და იცოდა თუ არა ამის შესახებ უკრაინის მთავრობამ და თავად უკრაინის პრეზიდენტმა, რომელმაც დანიშნა იგი (სააკაშვილი) ამ თანამდებობაზე?
ოლექსი ჰონჩარენკო: პრეზიდენტმა უკვე გააკეთა კომენტარი, რომ მან არაფერი იცოდა ამ გადაწყვეტილების შესახებ და ეს ყველაფერი მისთვისაც მოულოდნელობა აღმოჩნდა. მაგრამ ეს ყველაფერი, ცხადია, უცნაურად გამოიყურება, როდესაც პრეზიდენტის მრჩეველი არალეგალურად კვეთს სხვა ქვეყნის საზღვარს, რაც, მთლიანობაში, ძალიან ცუდია. რატომ გააკეთა ეს სააკაშვილმა? გასაგებია, რომ ეს მოხდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ და მას იმედი ჰქონდა, რომ ამ ნაბიჯით შეცვლიდა საქართველოში პოლიტიკურ სიტუაციას. მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ არჩევნები ჩატარდა და მისი შედეგები ნამდვილად არ არის ისეთი, როგორსაც, სავარაუდოდ, მოელოდნენ მიხეილ სააკაშვილი და მისი მომხრეები. რა თქმა უნდა, როგორც ადამიანი, მე განვიცდი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას. რადგან მან გამოაცხადა შიმშილობა, რაც მრავალი დღის განმავლობაში გრძელდება და რაც საფრთხის ქვეშ აყენებს მის ჯანმრთელობას. ყველაზე ცუდი სცენარი მოვლენათა განვითარებისა არის ის, თუ ამ ყველაფერს მძიმე შედეგები ექნება მისი ჯანმრთელობისთვის. ამიტომ, ვიმედოვნებ, რომ საქართველოს ხელისუფლება გამონახავს გარკვეულ კომპრომისს მასთან, რათა დაიცვან მისი (სააკაშვილის) ჯანმრთელობა.
კობა ლიკლიკაძე: თქვენც ემხრობით იდეას, რომ სააკაშვილი, როგორც უკრაინის მოქალაქე, უკრაინაში უნდა დაბრუნდეს. მაგრამ საქმე ისაა, რომ თავად სააკაშვილმა რამდენჯერმე განაცხადა (მისი წერილები ხშირად ხვდება ქართულ პრესაში), რომ მას სურს არა კიევში ექსტრადირება, არამედ ის, რომ იგი ქართველმა ხალხმა გაათავისუფლოს. არ ფიქრობთ, რომ ეს ქმნის ჩიხურ სიტუაციას სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყნებს შორის - ერთი მხრივ, სააკაშვილის საქციელისა და, მეორე მხრივ, საქართველოს ხელისუფლების პოზიციის გამო, რომ მან 6-წლიანი სასჯელის ვადა აუცილებლად უნდა მოიხადოს საქართველოში?
ოლექსი ჰონჩარენკო: რა თქმა უნდა, ეს ქმნის ჩიხურ ვითარებას. სიტუაცია მართლაც რთულია და სწორედ ეს არის პრობლემა. მე იურისტი არ ვარ და, მით უფრო, არ ვიცნობ საქართველოს კანონმდებლობას, მაგრამ შესაძლოა გამოსავალი იყოს ევროპელი, საერთაშორისო მოსამართლეებისგან გარკვეული საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნა, რომელიც განიხილავდა და თავის ვერდიქტს გამოიტანდა იმ საქმეებზე, რომლებზეც სააკაშვილი ამჟამად არის მსჯავრდებული. ანუ ეს უნდა იყოს არა საქართველოს სასამართლო, არამედ საერთაშორისო, ევროპული სასამართლო, რომელსაც ასპროცენტიანი რეპუტაცია ექნებოდა.
„უკრაინა სააკაშვილის გამო მსხვერპლად არ გაიღებს საქართველოსთან სტრატეგიულ პარტნიორობას“
კონსენსუსის გზით მიხეილ სააკაშვილის გარშემო განვითარებული მოვლენების გადაჭრის მომხრეა საერთაშორისო პოლიტიკის უკრაინელი ექსპერტი ევჰენ მაგდა. თუმცა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან ასეთი დუმილი მას აფიქრებინებს, რომ კიევში ჯერ კიდევ არ იციან, თუ როგორ დაიცვან უკრაინის მოქალაქის ინტერესები ისე, რომ ამას არ შეეწიროს საქართველო-უკრაინის სტრატეგიული პარტნიორობა.
„სინამდვილეში ეს არის სერიოზული საკითხი. სააკაშვილი ისე გაემგზავრა საქართველოში, რომ არ გასულა უკრაინის მოქალაქეობიდან. ანუ მან დიდწილად უგულებელყო უკრაინის სტუმართმოყვარეობა და წავიდა პოლიტიკურ ავანტიურაზე საქართველოში. მისი შეღწევა საქართველოში გათვლილი იყო იმაზე, რომ მას ძალიან სწრაფად ვერ აღმოაჩენდნენ და შეძლებდა მომხრეების კონსოლიდირებას თავის გარშემო. ეს არ მოხდა და ის საკმაოდ ოპერატიულად იქნა დაკავებული საქართველოს პოლიციის მიერ. ამიტომ, ჩემი აზრით, უკრაინამ უნდა დაიცვას მისი (სააკაშვილის), როგორც უკრაინის მოქალაქის ინტერესები. მაგრამ, ამასთან, მას (უკრაინას) არ შეუძლია, მსხვერპლად გაიღოს საქართველოსთან სტრატეგიული ურთიერთობები, რადგან ჩვენ გაერთიანებული ვართ ასოცირებულ ტრიოში და საერთო ამბიციურ მიზნებს ვისახავთ“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ევჰენ მაგდამ, კიევის „მსოფლიო პოლიტიკის ინსტიტუტის“ დირექტორმა.
ჩვენ შევეცადეთ, მიხეილ სააკაშვილის გარშემო განვითარებული მოვლენების თაობაზე დავკავშირებოდით უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციას, მაგრამ საერთაშორისო ურთიერთობების საკითხში პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის აპარატის უფროსის მოადგილემ, იჰორ ჟოვკოვმა, ინტერვიუზე უარი თქვა.
მთელი დღე მიუწვდომელი იყო უკრაინის ომბუდსმენი, ლიუდმილა დენისოვა, რომელმაც 9 ნოემბერს მკაცრად დაგმო უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სააკაშვილის იძულებით გადაყვანა გლდანის მე-18 სასჯელაღსრულების დაწესებულების სამედიცინო ცენტრში და მოუწოდა უცხოეთის სახელმწიფოებსა და ორგანიზაციებს, რათა უკრაინის მოქალაქის უფლებების აღდგენის მიზნით დაუყოვნებლად მოახდინონ რეაგირება საქართველოს ხელისუფლების ასეთ მოქმედებაზე.
ასევე ნახეთ უკრაინის ომბუდსმენი „გადაჭრით გმობს“ მიხეილ სააკაშვილის უფლებების სისტემატურ და უხეშ დარღვევასსამაგიეროდ, 10 ნოემბერს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოთქვა იმედი, რომ მიხეილ სააკაშვილის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის გაგზავნილი ნოტა დადებითად იქნება განხილული. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიკოლა ტოჩიცკიმ განაცხადა საქართველოს ელჩთან, გიორგი ზაქარაშვილთან შეხვედრისას.
ასევე ნახეთ უკრაინას სააკაშვილის გამო საქართველოში გაგზავნილი ნოტის დადებითად განხილვის იმედი აქვსუცნობია, თუ რას ეყრდნობა ეს უწყებრივი იმედი. ოფიციალურ ცნობაში მხოლოდ ისაა ნათქვამი, რომ 9 ნოემბერს გამართულ შეხვედრაზე, საქართველოს ელჩმა მინისტრის მოადგილეს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია გლდანის პენიტენციურ სამედიცინო დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის გარემოებების შესახებ.
8 ნოემბერს, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნოტა გაუგზავნა და განაცხადა, რომ იმედგაცრუებულია უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის გადაყვანით გლდანის მე-18 პენიტენციურ, სამკურნალო დაწესებულებაში და იმით, რომ უკრაინული მხარე ამის შესახებ ინფორმირებული არ იყო. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქართულ მხარეს მოუწოდა, მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ გადაიყვანონ სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებაში, რომელსაც აქვს შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის ყველა შესაძლებლობა.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პირველი ოქტომბრიდან, დაკავების დღიდან, უკვე 41-ე დღეა შიმშილობს. საქართველოს მთავრობა ამ დრომდე უარს აცხადებს სააკაშვილის სამოქალაქო ტიპის საავადმყოფოში გადაყვანაზე და მას კვლავაც შეზღუდული აქვს სატელეფონო საუბრის უფლება.
- მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ამჟამად უკრაინის მოქალაქეა, 2018 წელს, საქართველოში დაუსწრებლად გაასამართლეს სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების გამო მსჯავრდებულთა შეწყალების და პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე. სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი ორივე საქმეზე დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და ბოროტად გამოყენებაში. მას 6 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი. სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის კიდევ რამდენიმე საქმე, მათ შორის, 2007 წლის ნოემბერში, ოპოზიციის აქციის ძალის გამოყენებით დაშლის და ტელეკომპანია „იმედში“ სპეცრაზმის შეჭრის ფაქტებზე. მიხეილ სააკაშვილი მის წინააღმდეგ აღძრულ ყველა საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს.
- 2021 წლის 20 ოქტომბერს, საქართველოს პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილს წაუყენა კიდევ ერთი ბრალი - სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთა. გამოძიების ინფორმაციით, სექტემბრის ბოლოს, სააკაშვილი უკრაინიდან საქართველოში ფარულად დაბრუნდა რძის პროდუქტებით დატვირთული ტრაილერით, რომელიც გემით ჩამოვიდა უკრაინის ჩერნომორსკის პორტიდან ფოთის ნავსადგურში. მძიმე დანაშაულის დაფარვის და საზღვრის უკანონოდ კვეთაში დახმარების მუხლებით ბრალდებულია ტრაილერის მფლობელი, ელგუჯა ცომაია. 1 ოქტომბერს პოლიციამ მიხეილ სააკაშვილი თბილისში, ცომაიას ბინაში დააკავა. ამავე საქმეზე, დანაშაულის დაფარვის მუხლით ბრალდებულია კიდევ 3 პირი.