68 წლის ონისე გათენაშვილი ახალგორის საავადმყოფოს ქირურგი იყო. ცოტა ხნის წინ იგი კორონავირუსით დაინფიცირდა. ოჯახმა მისი თბილისში გადაყვანა მოითხოვა, თუმცა დე ფაქტო ხელისუფლებამ იგი თბილისის ნაცვლად ცხინვალში გადაიყვანა,სადაც მისი მდგომარეობა უფრო დამძიმდა. ამის შემდეგ ცხინვალელმა ექიმებმა მისი თბილისში გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღეს, მაგრამ ონისე გათენაშვილი გზაში გარდაიცვალა. ამ ფაქტის შესახებ სოციალურ ქსელ ფეისბუკში სამოქალაქო აქტივისტმა თამარ მეარაყიშვილმა პოსტი გამოაქვეყნა.
„ასე მოგვისაჯეს 14 თვის წინ 62 კმ და 4 მთა. უნდა გადავიაროთ საშინელი ხვეულები, რომ ჩავიდეთ ცხინვალში. იქ ჯანდაცვის სამინისტრო უნდა დავარწმუნოთ, რომ არ ვსიმულიანტობთ ინსულტს მაგალითად.
ყველა გარდაცვლილი, ჩემდა სამარცხვინოდ ვაღიარებ, მაიმედებს რომ ქართული მხარე აი, ამას ნამდვილად აღარ აპატიებს. ასევე- ოსური მხარე დაფიქრდება - მოდი, მძიმე პაციენტი მაინც არ ავიყვანო მძევლად, რომ არ შემომაკვდეს.
ვცდები ყოველ ჯერზე - ქართული მხარე გარდაცვლილთა რაოდენობას ითვლის და აშკარად მოსწონს ზრდა. თუმცა რეალურ ციფრებს მინიმუმ ერთი ათეულით ჩამორჩებიან - აი, ასე ვაინტერესებთ - არ იციან რამდენი შეეწირა "წნელისის კრიზისს".
ერთადერთი ძალა ჩვენ ვართ - ოჯახებმა უნდა იყოჩაღონ და მიმართონ ყველაზე რადიკალურ ზომებს, რომ ცოცხალი მოხვდეს იმ ტერიტორიაზე, სადაც მათ სურთ. უნდა ვიყოჩაღოთ ყველამ ვიდრე ჩვენი ახლობლების და ჩვენი ჯერი დადგება. უნდა ვაიძულოთ ბიბილოვი, ქაღალდების "მოწესრიგება" ადამიანის სიცოცხლეზე მაღლა დააყენოს.“ - წერს თამარ მეარაყიშვილი.
ონისე გათენაშვილის ოჯახი გზის ჩაკეტვის გამო ორად იყო გაყოფილი. შვილები საქართველოს კონტროლირებულ ტერიტორიაზე ცხოვრობენ, თვითონ მეუღლესთან ერთად ახალგორში იყო და დაბას არ ტოვებდა. ახლა მისი ცხედარი წეროვნის დევნილთა დასახლებაშია დასვენებული. გარდაცვლილის შვილი, მაკა გათენაშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ თბილისში მამის გადმოყვანა უფრო ადრე უნდოდათ, მაგრამ ეს დროულად ვერ მოხერხდა.
„ვირუსის დადასტურების შემდეგ, მალევე დამძიმდა, სუნთქვის უკმარისობა ჰქონდა. გადაიყვანეს ცხინვალში და შემდეგ წითელი ჯვრის მეშვეობით აქეთ (თბილისისკენ) გადმოგვყავდა და გზაში ორჯერ გაუჩერდა გული. სასწრაფო რეანიმაციული ღონისძიებები მაშინვე ჩაუტარეს, მაგრამ ვეღარ უშველეს. აქ, წეროვანში გვყავს დასვენებული. აქვე დავკრძალავთ. დედაჩემი დაბაშია, გვინდა, რომ გადმოვიდეს, მაგრამ რამდენად მოხერხდება ჯერ არ ვიცი. გვინდოდა მამა უფრო ადრე გადმოგვეყვანა, მაგრამ ვერ მოხერხდა. რაღაც საბუთების მოწესრიგებას დრო უნდოდა. ვიდრე მოაწესრიგეს, სანამ ერთმანეთს დაუკავშირდნენ ეს ყველაფერი დროსთან იყო დაკავშირებული.“ - გვითხრა მაკა გათენაშვილმა.
ასევე ნახეთ ახალგორში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდებასამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ დაბაში ვითარება მძიმდება და ეს გამოწვეულია როგორც მოქალაქეების, ისე ექიმების გულგრილობით. მისი დაკვირვებით, ინფიცირებულები თვითიზოლაციის რეჟიმს არ იცავენ და ხშირად ჩნდებიან ისეთ ადგილებში, სადაც სხვების დაინფიცირების რისკი დიდია. თამარ მეარაყიშვილი ადგილობრივი ადმინისტრაციისა და სამართალდამცავების ქცევითაც გაკვირვებულია. მისი თქმით, პანდემიის პირველ დღეებში საკარანტინო რეჟიმს უფრო მეტი ყურადღება ექცეოდა. სამართალდამცავები მოსახლეობას საფრთხის შესახებ აფრთხილებდნენ და დაწესებული შეზღუდვების შესრულებისკენ მოუწოდებდნენ, დაუმორჩილებელი მოქალაქეები კი სავალდებულო კარანტინში გადაჰყავდათ. მორიგეობდნენ საავადმყოფოსთან, რომ იქიდან არავინ გაქცეულიყო. ახლა კი ვითარება თვითდინებაზეა მიშვებული და მილიციელებსაც პრევენციული ღონისძიებების გატარების მიმართ ინტერესი დაკარგული აქვთ.
დაბა ახალგორი, 1 წელი და 2 თვეა, რაც დე ფაქტო ხელისუფლების მიერ ჩაკეტილია. იზოლაციაში დარჩენილი პენსიონრებისთვის გზა თბილისისკენ მხოლოდ ერთხელ გაიხსნა. პერიოდულად წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტსაც გადმოჰყავს ხოლმე მძიმე ავადმყოფები. დაბის სრულ იზოლაციამდე იქ არც მედიკამენტების დეფიციტი იყო და თბილისიდან შესული წამალი ცხინვალის აფთიაქებშიც ხვდებოდა. გარდა ამისა, ავადმყოფებს თბილისის კლინიკებში ჯანდაცვის სერვისების მიღება დაუბრკოლებლად შეეძლოთ. ახლა ახალგორში სხვა რეალობაა, ჰუმანიტარული კრიზისია და დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი ამ რეალობის შეცვლას ჩორჩანა-წნელისის კრიზისის მოგვარებამდე არ აპირებს. საქართველოს სახელმწიფო უწყებების ცნობით, მას შემდეგ რაც ბიბილოვის ხელისუფლებამ ახალგორი სრულ იზოლაციაში მოაქცია, 16 ადამიანი იმის გამო დაიღუპა, რომ ვერ მიიღო კვალიფიციური სამედიცინო დახმარება თბილისის კლინიკებში. რადიო თავისუფლების ახალგორელი წყაროები კი აცხადებენ, რომ დაღუპულთა რაოდენობა ორ ათეულზე მეტია.