დაარღვია თუ არა "ლელომ" "შარლ მიშელის შეთანხმება"

საქართველოს პარლამენტმა 28 ივლისს „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების კანონპროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცა.

„შარლ მიშელის შეთანხმებით“ გათვალისწინებულ კანონპროექტს მხარი 86-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ კი ხმა 3-მა დეპუტატმა მისცა. საარჩევნო კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებს მხარი არ დაუჭირეს ფრაქციებმა „ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია“ და „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“. მათგან „ლელო საქართველოსთვის“ „შარლ მიშელის შეთანხმების“ ხელმომწერი პოლიტიკური სუბიექტია და, შესაბამისად, საზოგადოების ნაწილის, განსაკუთრებით კი მმართველი პარტიის შეფასებებში გაჩნდა პირდაპირი ბრალდება იმის შესახებ, რომ პარტიამ შეთანხმება დაარღვია. ამ ბრალდების საწინააღმდეგო ერთ-ერთ არგუმენტად პარტიაში ასახელებენ იმას, რომ საპარლამენტო ფრაქციას „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, რაც ერთგვარი პოლიტიკური ჟესტი იყო. ანუ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირეს, თუმცა არც მის წინააღმდეგ მიუციათ ხმა.

„არც მწვანე, არც წითელი“, - ანა ნაცვლიშვილის განმარტება

არც მწვანე, არც წითელი - ასე დაახასიათა ფრაქციის „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ მხრიდან კანონპროექტის მხარდაჭერასთან შექმნილი ვითარება ფრაქციის წევრმა ანა ნაცვლიშვილმა რადიო თავისუფლებასთან საუბარში. მისი თქმით, პარტიის ეს პოზიცია არანაირად არ ნიშნავს „შარლ მიშელის შეთანხმების“ დარღვევას. ვხედავთ კარგსაც და ცუდსაც, განმარტავს იგი და აღნიშნავს, რომ საარჩევნო კოდექსის ცვლილებების კანონპროექტზე მუშაობისას, მათ შორის „ლელოს“ მონაწილეობით, გარკვეული პროგრესი სახეზეა, თუმცა იყო „შუქ-ჩრდილებიც“, რაზეც ფრაქციას შესაბამისი რეაქცია ჰქონდა.

ანა ნაცვლიშვილი

„პირველ მოსმენაზე ჩვენ მხარი დავუჭირეთ ამ კოდექსს რამდენიმე მნიშვნელოვანი დათქმით. მთელი ამ პროცესის განმავლობაში არა მარტო ვაკრიტიკებდით არსებულ კოდექსს, არამედ ძალიან კონკრეტული გამოსავლები შევთავაზეთ ამ პროცესში, რომელთა ნაწილი იქნა გაზიარებული. პირველი მოსმენიდან მეორე მოსმენამდე დოკუმენტი გაიგზავნა ვენეციის კომისიაში. კომისიიდან ჩამოვიდა მთელი რიგი რეკომენდაციები. ამ დროს რეკომენდაციების მნიშვნელოვანი ნაწილი მეორე მოსმენის რეჟიმში გათვალისწინებული უკვე აღარ იყო. ასევე დაემატა მეორე ტურები და 40-პროცენტიანი ბარიერი, რომელმაც ფართო ოპოზიციური სპექტრის მხარდაჭერა ვერ მოიპოვა. ამას დაემატა ის, რომ არ შეიცვალა ცესკოში წევრის დანიშვნის წესი და ერთი კონკრეტული პარტია დაისაჯა, წაერთვა მას ცესკოში წევრის ყოლის უფლება, ცუდი სტანდარტის მაჩვენებელი იყო კვოტის საკითხიც“, - აღნიშნავს ანა ნაცვლიშვილი. იგი ამბობს, რომ რეპრესიული და პრობლემური მუხლების გათვალისწინებით „ქართულმა ოცნებამ“ თავად დაჩრდილა ის პროგრესი, რომელიც ერთობლივად იყო მიღწეული.

„"ლელო" აღიარებს იმ წინ გადადგმულ ნაბიჯებს, რომლის თანამონაწილეც სხვა პარტიებთან ერთად თავად ვიყავით. ამიტომ არ დავაჭირეთ წითელ ღილაკს, ანუ წინააღმდეგ არ მივეცით ხმა, მაგრამ ვინაიდან "ქართულმა ოცნებამ" სიხისტე და არასწორი, უსამართლო პოზიცია გამოიჩინა მთელ რიგ სხვა საკითხებთან მიმართებაში, ამიტომ არც მხარდაჭერა მიიღო ჩვენგან ამ კოდექსმა საბოლოოდ“, - აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა. იგი ამბობს, რომ „შარლ მიშელის დოკუმენტით“ პარტიამ საპარლამენტო საქმიანობაში, სისტემური რეფორმების გასატარებლად მონაწილეობის ვალდებულება აიღო, რაც არ ნიშნავს იმას, რომ „ქართული ოცნების“ მიერ ჩაწერილ ცუდ მუხლებზე, მათ შორის „საარჩევნო კოდექსის“ ცვლილებების პროექტში, პასუხისმგებლობა აიღოს.

„მიშელის შეთანხმება არ გულისხმობს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ რაც უნდა ცუდი და უსამართლო მუხლები თუ ცალკეული კანონები მიიღოს, ჩვენ მათ უნდა დავეთანხმოთ. ჩვენ უნდა დავეთანხმოთ იმის შესრულებას, რაც წერია შეთანხმებაში და არანაირი ვალდებულება არა გვაქვს, თვალი დავხუჭოთ იმ არასწორ მოქმედებებზე, რომელსაც "ოცნება" ახორციელებს, თუნდაც მიშელის შეთანხმების სახელით. ცოტათი მანიპულაციურია "ქართული ოცნების" მხრიდან“, - აღნიშნავს ანა ნაცვლიშვილი.

ასევე ნახეთ პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში ცვლილებები მიიღო

რატომ არ დაუჭირა „ლელომ“ მხარი „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების კანონპროექტს

„ლელო საქართველოსთვის“ საქართველოს პარლამენტში შექმნილი სპეციალური საარჩევნო ჯგუფის საქმიანობაში აქტიურად იყო ჩართული და „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციური სპექტრის პარტიებთან ერთად მონაწილეობდა „შარლ მიშელის დოკუმენტით“ გათვალისწინებულ საარჩევნო რეფორმაზე მუშაობაში. როგორც თავისუფლების „დილის საუბრებში“ „ლელო საქართველოსთვის“ წევრმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გიორგი სიორიძემ განაცხადა, „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო კოდექსის ცვლილებების პროექტში პოზიტიურ ცვლილებებთან ერთად ბევრი ისეთი „ნაღმი“ ჩადო, რომლებიც პრინციპულად მიუღებელი აღმოჩნდა „ლელოსთვის“.

კერძოდ, „ლელოსთვის“ მიუღებელი აღმოჩნდა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში წევრის დანიშვნის ის წესი, რომლის თანახმადაც, ცესკოში წევრის გარეშე აღმოჩნდნენ ის პარტიები, რომლებმაც უარი თქვეს საპარლამენტო მუშაობაზე და, შესაბამისად, არ იღებენ დაფინანსებას ბიუჯეტიდან.

„მიუღებელია პატარა პარტიების დასჯა, - განმარტა ამასთან დაკავშირებით პარტიის ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ, - ხომ წარმოუდგენელია, რომ მამუკა ხაზარაძე "ლეიბორისტული პარტიის" ინტერესებს იცავს, მაგრამ ასეა სამართლიანობა და არ აქვს მნიშვნელობა ჩვენს პოლიტიკურ შეხედულებებს. ამიტომ გადავწყვიტეთ, სიურპრიზების გამო არ ვყოფილიყავით უბრალოდ ხელის მომწერები და შევიკავეთ თავი“. მისივე განმარტებით, „ლელოსთვის“ მიუღებელი აღმოჩნდა ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე 40%-იანი ბარიერის დაწესება მაჟორიტარი კანდიდატებისთვის. „ლელო“ არ ეთანხმება ასევე თვითმმართველობის არჩევნებზე პარტიულ სიებში გენდერული კვოტირების წესის შეცვლას, რომლის თანახმადაც, განსხვავებული სქესის ყოველი მეორის ნაცვლად, ყოველი მესამე უნდა იყოს.

დაირღვა თუ არა „შარლ მიშელის დოკუმენტი“? მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა არგუმენტები

საარჩევნო კოდექსის ცვლილებების კანონპროექტისთვის მხარდაჭერაზე უარის მიუხედავად, მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ „ლელო საქართველოსთვის“ ზედმიწევნით მიჰყვება „შარლ მიშელის დოკუმენტს“ და ამას ითხოვს ყველასგან. არსებული ვითარების ამგვარად განმარტება მიუღებელია „ქართული ოცნებისთვის“. დეპუტატი შალვა პაპუაშვილი, მაგალითად, ამბობს, რომ „ლელოს“ მხრიდან „საარჩევნო კოდექსის“ ცვლილებები პრაქტიკულად ჩავარდნილია. ეს შალვა პაპუაშვილის შეფასებით ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ ისინი არღვევენ 19 აპრილის შეთანხმებას, რასაც თავისი პოლიტიკური ფასი აუცილებლად ექნება. მისივე შეფასებით, თავისი გადაწყვეტილებით „ლელო“ თავს „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის ნაწილად აფორმებს. პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით კი, ვინც მხარს არ უჭერს ამ კანონპროექტს, ის პირდაპირ ეწინააღმდეგება და არღვევს „შარლ მიშელის შეთანხმებას.

„საარჩევნო კოდექსის“ ცვლილებების კანონპროექტის მიღებას და „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ლელო საქართველოსთვის“ მიერ კანონპროექტის კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარის თქმას, თავის მხრივ, გამოეხმაურა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი. ამერიკის ელჩის შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ საარჩევნო კანონმდებლობის შემუშავების პროცესი ინკლუზიურად წარიმართა და მასში ჩართულები იყვნენ როგორც მმართველი პარტია, ისე ოპოზიციური პარტიები და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები. მისი თქმით, ბუნებრივი პროცესია ის, რომ კანონპროექტს დაემატა საკითხები, რომლებიც ასახული არ ყოფილა „შარლ მიშელის დოკუმენტში“.

„ზოგიერთი პოლიტიკური პარტია არ დაეთანხმა ამ ახალ დამატებებს, თუმცა, როგორც აღვნიშნე, ეს ბუნებრივი პროცესია და ასეც უნდა ხდებოდეს პარლამენტში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროცესი იყოს ინკლუზიური და მასში ჩართული იყოს ყველა და არ ხდებოდეს მხოლოდ ცალმხრივად რაღაც გადაწყვეტილებების შემუშავება“, - განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა.

თავის მხრივ, ფრაქცია „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის“ თავმჯდომარის მოადგილემ პაატა მანჯგალაძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ „ლელომ“ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა, რისი უფლებაც მას ჰქონდა, თუმცა, სამაგიეროდ, 19 აპრილის შეთანხმების სხვა ხელმომწერებმა პასუხისმგებლობა აიღეს თავის თავზე, დაუჭირეს კანონპროექტს მხარი და „ქართულ ოცნებას“ დამატებითი სპეკულაციის საფუძველი არ მისცეს.

პარლამენტის მიერ 28 ივნისს მიღებული კანონპროექტი „საარჩევნო კოდექსში ცვლილებების“ შესახებ ითვალისწინებს ცვლილებებს საარჩევნო სისტემის, საარჩევნო ადმინისტრაციის, წინასაარჩევნო კამპანიის, არჩევნების პროცესის, მისი შეჯამების და საარჩევნო დავების მიმართულებით.

Your browser doesn’t support HTML5

გიორგი სიორიძე საარჩევნო რეფორმაზე - "სამართლიანობისა და სამართლებრივი გამართულობის სტანდარტი ამ პროექტმა სამწუხაროდ არ დაიცვა"

ცვლილებების მიხედვით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში წევრების რაოდენობა 12-დან 17-მდე იზრდება. „შარლ მიშელის შეთანხმების“ თანახმად, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში „8 პროფესიული და 9 პარტიული წევრი“ უნდა ყოფილიყო და ეს შესწორებაშიც ასე აისახა. არჩევნებზე შემთხვევითი შერჩევის საფუძველზე ავტომატურად გადაითვლიან უბნების 10%-ს.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს პარლამენტი ირჩევს 5 წლის ვადით, პრეზიდენტის წარდგინებით, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედი. იცვლება ასევე საოლქო და საუბნო კომისიების დაკომპლექტების წესიც და ამასთან დაკავშირებით ცესკო გადაწყვეტილებებს ხმათა 2/3-ით მიიღებს. მაგრამ თვითმმართველობის არჩევნებისთვის ცესკოს შემადგენლობა მთლიანად არ იცვლება. კერძოდ, მომავალი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია და პროფესიული ნიშნით არჩეული 5 წევრი თანამდებობას კონსტიტუციური ვადის ამოწურვამდე შეინარჩუნებენ.